როცა მეგობარი ქალები დარდობენ

“გარეთ ხარ?” – დავაკვირდი, რომ ყველაზე ხშირად გამოგზავნილი შეტყობინებაა ჩემს ტელეფონში.  აი, “როგორ ხარ?”-ს რომ იკითხავ და პასუხს აღარ მოისმენ, რეაქციას ვარაუდობ, ისეთი.

ჩემი დილა წინა ღამის ანალიზით, შესაბამისად, ახალი დღის დაგეგმით იწყება: ორიოდე მეგობარი მყავს, ვისაც ჩემნაირად უყვარს სამსახურამდე ფეხით გასეირნება. ჰო, კაი, გზის რაღაც ნაწილის მაინც. გზაში კი ერთმანეთს შემართებით ვმუხტავთ. რამდენი მეგობარიც გყავს, იმდენი სამსახური გაქვსო, ვიტყოდი. იწყებ მათი სამუშაო პროცესების აღქმას. ბუნებრივია, მაინც პროლეტარიულია ჩემი სამეგობრო წრე. შეიძლება რომელიმეს სამსახურთან ახლოს სკვერში ან კაფეში სასაუზმოდ ჩამოვსხდეთ, რომ დღის გეგმა ისე დეტალურად განვიხილოთ, თითქოს უკვე მომხდარ ისტორიებს ვთხრობდეთ. მათ შორის ისიც ითქმება, რომ შესვენებაზე განვიხილავთ გეგმა როგორ მიმდინარეობს: “გარეთ ხარ?” – წვნიანისა და ჭიქა ღვინის ფონზე, კამერით – დედა ენის სკვერში, დანკინში – ვრაპით. ისევე როგორც საღამოს: “მოზაიკაში” ვარ და შენ გარეთ ხარ?”

იშვიათად, სადღაც წელიწადში ორჯერ, ჩემი ცხოვრება ვინტაჟით იფარება და ბავშვობის მეგობრებსაც ვხვდები. გაუცხოების გარეშე ექვსი თვის წინანდელზე იუმორით ვკითხულობთ: “რაზე გავჩერდით?” და მერე, სიტყვაზე, ჰო და ჩემს ნინიკოს კბილი რომ ასტკივდა, ეგ დავუპლომბეთ, ამოღებისთვის შეგვეცოდა ბავშვი და ბლაბლა, – აი, ხუთივეს გვახსოვს სად გაჩერდა წინა თემა. აი, თითქოს ისევ ყმაწვილი გოგოები ვიყოთ, ჯეელი, ერთმანეთის სახლის ტელეფონის ნომრები ახლაც კი ზეპირად გვახსოვს. იმ დღეს ვიხსენებდით, და მე, სკოლაში ან სადმე რომ მივდიოდით, მაშინაც “სან სეტთან” ვხვდებოდით, მაშინ ვინც აგვიანებდა, ახლაც იმან დააგვიანა მეთქი, და მერე მოვაყოლეთ ნომრებზე.

ეგ “სან სეტი” ეროტიკულად ლამაზი თეთრეულის მაღაზია იყო, მგონი შევარდნაძის დროს, სადღაც ვაჟაზე ასათიანის კუთხეში სანამ აუხვევდი. ნაწარმით სადღაც “ვიქტორიასა” და ჰიპსტერულ “ურბანს” შორის იყო. იმ ადვილას ახლა ვისკი იყიდება თუ რაღაც მსგავსი. ერთმანეთს რომ დავურეკავდით, გამოდი, შევიკრიბოთო, უთქმელად ვიცოდით, რომ სან სეტთან შევხვდებოდით, ვინაიდან ჩვენი საცხოვრებელი ადგილების, პლიუს-მინუს, შუა წერტილი გახლდათ. მერე სასაუბროდ რომელიმეს სახლში წავიდოდით, მაშინ სახლებში ვსაუბრობდით ხოლმე, შინ.

ამ შეხვედრებით ისე შემოგვეზარდა ერთმანეთი, რომ თითქოს მათ ნაცვლად შეცდომებსაც მე ვუშვებ, ხოლო ჩემი შეცდომები მათი კუთვნილებაა. ამ უკონტაქტო წლების მანძილზეც თითქოს ერთად ვაცდენდით სადიპლომოებს, თითქოს ერთად ვინგრევდით ჯანმრთელობას უბედური შემთხვევებით, თითქოს ერთად ვატყუებდით ერს მედიით, თითქოს ერთად გვღალატობდნენ ქმრები, ერთმანეთის კაცებს ვიყოფდით ან სხვებს ვურევდით ოჯახებს, თითქოს ერთად მოგვიკვდა შვილი, თითქოს ერთად დაგვაკავეს ფსიქიატრიულში, თითქოს ერთად გვიკითხავდნენ კვეთებულს, თითქოს ერთად ვარღვევდით კანონს, თითქოს ერთად ვიღებდით ვალებს.

და, აი, ახლაც, როცა “ეტამში” შევხვდით, თითქოს პატარა გოგოები ვიყოთ, თასმებიანი ჩულქები რომ პირველად ნახა და მაქმანებიანი ტრუსიკები. აი, მაჯაზე რომ საკონტროლო წერის “შპარგალკა” უწერია და თან ცდილობს კონსულტანტს თავი უფროსად მოაჩვენოს. აი, ტანსაცმელს რომ მშობლები მხოლოდ სემესტრის დასაწყისში ან დღესასწაულებზე ყიდულობენ, ზოგ ჩვენთაგანს კერტები რომ დაებერა, მაგრამ თვიური ჯერ არ წამოსვლია; შეკოწიწებული ფულით რომ ვიყიდეთ “ანჟელიკა” ლიფები, პიჟამოების ქვეშ ჩუმად ჩასაცმელი. დღეს სამსახურში თეთრეულის ხაზი ჩამომაქვს, სათხრობ ხაზებთან ერთად შუბლზე ნაოჭის ხაზები იმატებს, ხანდახან ვფიქრობ, რომ მეგობრობა ისევ შემიძლია. ხანდახან თავს ქალად აღვიქვამ. ხანდახან მგონია, რომ შინ ვარ.

სულით ავადმყოფთა მხატვრობაზე

ამ თემაზე წიგნი ჩამივარდა ხელში თავისი ილუსტრაციებით. განსაკუთრებით ერთი ნახატი მომეწონა: კაცი ზურგით იდგა, მოძრაობაში ჩანდა და შებმული ცხვარი გასაყიდად მიჰყავდა. წარმოვიდგინე, რომ ამ ნახატის ავტორსაც მოექცნენ ასე. ან გონია, რომ გაყიდეს. ნახატებით ხელში ავადმყოფები საცდელი ზაზუნები იყვნენ და პოდიუმზე საკუთარ თავს წარადგენდნენ. ჩემს გვერდით ბიჭი  იჯდა, რომელიც ხატავდა. ვიფიქრე გამოველაპარაკებოდი, მაგრამ ბავშვობის კომპლექსია, უცნობ ადამიანებს არ ველაპარაკები და არც მათ მოწოდებულ კანფეტებს ვჭამ. სამაგიეროდ, ჩუმად ვაკვირდებოდი როგორ ავლებდა სწორ ხაზებს და მათ მუქად აფერადებდა.

თუ ისტერიას არ მივიღებთ მხედველობაში, რომელსაც სიახლის განცდის მანია აქვს, დანარჩენ სულით ავადმყოფთა განწყობას სტაბილურობა ახასიათებს. ერთხელ ფიქსირებულს რამდენჯერმე იმეორებს. ახდენს ერთი აზრის რეალიზაციას. მაგალითად, ხატვის დროს შიზოფრენიით, პარანოიით დაავადებულებს ხშირი გამეორება ახასიათებთ. უღრმავდებიან რომელიმე დეტალს და მას მკვეთრად აფერადებენ. ტენდენცია აქვთ ძველისკენ მიბრუნების. ფიქსირებული განწყობითაა განსაზღვრული ერთი და იმავე შინაარსის გამეორება. თუმცა ერთი ექიმი წერდა, ცნობიერებას არ შეუძლია გაიაროს ორჯერ ერთიდაიგივე მდგომარეობა, მას მეხსიერება აქვსო. თვითნებული ფიქრი წარსულზე დაავადებათა პირველადი სიმფტომია.

გამოდიან შეშლილები და ხატავენ. ძირითადად ეროტიზმის შესახებ და ძირითადად დისპროპორციით. ხშირად მათი პერსონაჟები უფორმონი არიან. ამაზე ექიმებმა  ივარაუდეს, ხვდებიან მიმართებას მახინჯ სხეულში რომ მახინჯი სულიაო. ექიმებმა შიზოფრენიის სიმფტომებიც ჩამოწერეს: ემოციური სფეროს დაკლება, პიროვნების თანდათან შეცვლა, ქცევაში უცნაურობები, ზემქმედების ბოდვა, ნებითი სფეროს შესამჩნევი შესუსტება და პიროვნების გახლეჩვა.

მხატვრები ამ წიგნიდან შუქ-ჩრდილებს არღვევენ. სიღრმეს სიბრტყედ აღიქვამენ და ასეც ხატავენ. მომრგვალების გარეშე, მესამე განზომილებას რომ კარგავს. გადავხედე ჩემგან მარჯვნივ მჯდომის ნახატს და ქაღალდზე მიტყეპილი კუბო ვნახე. თავიდან სახლი მეგონა. მერე დავაკვირდი და ჯვარი ესვა. ბავშვივით ხატავდა. თუმცა ავადმყოფის ბავშვთან გაიგივება არ შეიძლება. თუ ერთი პირველადი მატერიაა, მეორე გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანი და მათი მსგავსება მხოლოდ ზედაპირულ დონეზეა აღსანიშნი.

დავუბრუნდი წიგნს, სადაც ავადმყოფებზე ეწერა ხატვა აჯანმრთელებსო. თურმე ეპილეფსიით დაავადებული შეტევამდე ნელა, მაგრამ არითმულად ავლებს ხაზებს, იმდენად მკვეთრად, რომ ნახატს ხევს. სიუჟეტი დინამიკურია, მაგრამ ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა უჭირთ. მათ სურათებში წითელი ჭარბობს. გულყრის წინ აურას სწორედ წითლად ნახულობენო. გადავხედე გვერდით მჯდომს. გემს აგებდა.

ავადმყოფები ხატავენ ბევრ რამეს. მათ შორის მედ. პერსონალს, მაგრამ ძირითადად ხატავენ თვალებს, გამოკვეთილად და ისე, სასხვათაშორისო ფონად რომ უძღვის მთლიანი სახე. ხატავენ მიმიკებს. შეიძლება ჰგონიათ, რომ თვალები მართლა სარკეა და პირისგან განსხვავებით ტყუილი არ შეუძლიათ. ჰმმ. მე შემიძლია. უბრალოდ არა დროულად.

დროის განცდის შეფასება სივრცით შეიძლება. მარცხნივ დახატული წარსულს უდრის, ცენტრში – აწმყოს, მარჯვნივ – მომავალს.  შიზოფრენიით დაავადებულები ფერებს აქცევენ ყურადღებასო, დეპრესიით ავადმყოფები – ფორმებს. ხატავენ კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს ან უბრალოდ ერთმანეთს უხამებენ ფერებს. დეკადენტური მხატვრობაც ხომ მსგავსია. შეშლილის მხრიდან შეცნობილი სამყარო მეტად რეალური, სურეალური ეჩვენათ.

და სურეალისტები ბოდავენ. ბოდვა კი მით უფრო კარგადაა გამოხატული და მით მეტად ძლიერია მასში დარწმუნებლობის განცდა, რაც უფრო კარგადაა შენახული აზროვნება. რაც შემეხება მე, ავად არ ვარ, პირიქით, ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს, არ ვბოდავ, არც ვიჩემებ მოდერნისტული შეშლილის იმიჯს, მაგრამ რაღაც ცხოვრებაში დამიხატავს. ეს ჩემი ჩანახატებია. დღიურისთვის, ისე..

მეტის ნახვა სრულიადში