Tag Archives: ეკლესია
კინტომდე მისასვლელი გზა
პრეთბილისში ე.წ. ოფიციალური სამადლო ადგილები ვიცით ორგან: ერთი კუკიას მიმდებარე ტერიტორიაზე, ევროპელი სტუმრებისგან გახსნილი; და მეორე ავლაბარში, სავარაუდოდ, ერეკლე მეფის შემწეობით გახსნილი, ოღონდ კორუფციული ადგილი. მათ შექმნას წინ უძღოდა 1873 წლის ქიზიყელთა შიმშილობა. ისედაც, ბარის სოფლებში რა გაჭირვებაც იყო, მთის სოფლებში არ დაისიზმრებდათ, და როცა თბილისში მოწყალებისთვის უამრავი ქიზიყი ჩამოსახლდა, სად წასულიყვნენ და დასახლდნენ ავლაბარში. როგორც დღეს ქურთი მათხოვრებისადმი აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება, ქიზიყელთა რეპუტაციაც იგივე დონეზე იდგა. თან ბალახს ჭამენო ეგენი. მათ დასახმარებლად თბილისში გაზეთ “დროების” შემწეობით კომიტეტი დაარსდა, ფულის მოგროვება დაიწყეს. მთელი საქართველოდან 600მ. შეიკრიბა, მარტო “მშაკის” რედაქციამ 10 მ. შესწირა. თან ის პერიოდი დაემთხვა სამარაში რომ შიმშილობა იყო და 5000 მ-ობით იგზავებოდა თბილისიდან. ქიზიყელები იძულებულნი იყვნენ დაღესტნის ლეკებს დაკავშირებოდნენ და ისლამი მიიღეს. ასე განსრულდა მათი წამება.
კუკიას სამადლოს კვირაში ერთხელ ჭურჭლით ესტუმრებოდნენ ხოლმე და აქედამ მიჰქონდათ ფქვილი, სიმინდი, ლობიო, ზეთი და ნიგოზი. ხანდახან ხორციც. სამადლოს ორი გამგებელი ჰყავდა. ისინი განაგებდნენ გაჭირვებულთა აღწერას. მეორე სამადლო 1830 წლამდე იყო და გლახებს ეძლეოდათ სამარხვო ლობიო, მახოხი, პური, ხორცი და ღვინო. კუკიის სახლი გაუქმებულა 1795 წელს, რადგან აღარ ჰყავდა ზურგი. კულვარებში ამბობდნენ, რომ კათოლიკე ბერებისგან ხდებოდა დაფინანსება. პატრები ღატაკებს ფულსაც აძლევდნენ და ცოცხალ ცხოველსაც. რაც არ უნდა ღატაკი და შიშველი ყოფილიყო გლახა, ჭერი მაინც ჰქონდა, სადაც თავს შეაფარებდა, თუ არ ჰქონდა, მეფისგან მიიღებდა. სახლის ქირაობა შემდგომი მიღწევაა, ჭიჭინაძის ცნობით, რუსებისგან გვისწავლია ქართველებს.
საინტერესო იყო, მათხოვრების აღმნიშვნელი ძველი ტერმინი საკუთრივ მათხოვარი, რომელიც უკვე პროფესიით მათხოვარ ადამიანს ნიშნდავდა, და გლახა, რომელიც არაფრის მაქნისს, უვარგისს გამოხატავდა. ერთგვარი სტერეოტიპიც ჰქონდათ, რომ სანამ დედებს არ გაუჭირდებოდათ, ქართველები მათხოვრობას არ დაიწყებდნენ. ამავე დროს ტანსაცმელი ისეთი ძვირი იყო, მათი დედები შიშვლები დადიოდნენ, ქუდი და ფეხსაცმელი ხომ რას ამბობ, არ დაესიზმრებოდათ, მითუმეტეს, ბავშვებისთვის ტანსაცმელი ენანებოდათ, მთელ თბილისში ტიტველი ქალები და კაცები დაიარებოდნენ. ამ დროის ცნობებია შემორჩენილი ბატონები ყმებს ან ნათესავები ერთმანეთს ხალათზე როგორ ცვლიდნენ. ჩავიდოდნენ სამხრეთის მეზობლებთან და ადამიანებს იაფფასიან ხალათებზე ყიდიდნენ. მაგრამ ჯვრისწერისთვის ქალს ტანსაცმელი მაინც უნდა სცმოდა კაცს რომ წაეყვანა. რა დროს “ვეფხისტყაოსანია” და თუ ჯვრისწერის კაბის გარდა სხვა სამოსიც გამოჰყვებოდა, საქებარი ამბავი იყო. სიღარიბის გამო სიშიშვლის ფაქტი აიძულებდა ადამიანებს სახლებში ჩაკეტილიყვნენ, რაც მათ სამუშაო უნარიანობას აქვეითებდა და კიდევ უფრო ღატაკდებოდნენ.
თავად მათხოვრები კატეგორიებად იყოფოდნენ. იყო ასეთი სახეობა – მონასტრის მათხოვრები. საბჭოური ლიტერატურა რომ წავიკითხოთ, ბერების და ეკლესიების შენახვაზე მეტი იხარჯებოდა. მაგრამ ცალკე ეკლესია-მონასტერიც იყო პასუხისმგებელი გაჭირვებულებზე და მათი გამოკვების იმედი სამადლოსთან ერთად ჰქონდა გლახას. თან მიღებული იყო ცხვრის შეწირვა ეკლესიისთვის. ქვეკატეგორია, ეგრეთ წოდებული “ატოცის გლახები” ატოცის წმინდა გიორგის კომუნადან დადიოდნენ სამათხოვროდ. ისინი პრესტიჟულ მათხოვრებად ითვლებოდნენ თბილისში. შესაბამისად, დიდ თანხასაც შოულობდნენ ხოლმე. მაგრამ მაინც არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ვინმე არა ატოცელ გლახას თავი ატოცელად გაესაღებინა, რადგან ფიქრობდნენ, რომ სიცრუისთვის წმინდა გიორგი დასჯიდა. განსაკუთრებით პატივსაცემნი იყვნენ ატოცის გლახა დედაკაცები. მივიდოდნენ კართან და უხმოდ იდგნენ სანამ მასპინძელი თავად არ დაუწყებდა საუბარს. აქედან წამოვიდა გამოთქმა, რა ატოცის გლახასავით ატუზულხარო. გვყავდა სახელგანთქმული მათხოვრებიც. მაგალითად, ქვეკატეგორიაში სიონის გლახა განთქმული იყო ვინმე ხონელი.
სხვა კატეგორია იყო ე.წ. კარის გლახები, – დადიოდნენ ჯოხითა და ტომრით. მათ გამო წამოსულა გამოთქმა, გასწი დაიკარგე შე კარის გლახავო. ისინი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ცოლ-ქმრობა არ ჰქონდათ და დღიური საზრდოსთვის დადიოდნენ, არაფერს ინახავდნენ. მათი ცხოვრება შინაური კარის ძაღლთან იყო შედარებული. იშვიათად აძლევდა ვინმე შესაწირს, რადგან ქართველებს, ზოგადად, უჭირდათ, განსაკუთრებით, აზნაურობის გადავარდნის მერე. მანეთი რომ აეღო სესხად, ყოველ წელს პური უნდა გადაეხადა. ისედაც, თუ ღარიბის ოჯახს დავათვალიერებდით, მთლიანი ქონება მანეთს არ აღემატებოდა ხოლმე. გარდა იმისა, რომ ტანსაცმელი ატყავებს, ქართლელი და კახელი გლეხი ისე დაბერდებოდა, რომ აბანოში ერთხელ არ წავიდოდა. იშვიათად იცოდნენ სახლში ბანაობა, ისიც უსაპნოდ და ისიც ცივ წყალში ზაფხულობით გასაგრილებლად. აღწერილია, რომ ლოგინში ისეთი სუნი იდგა, ვერ მიუახლოვდებოდი. ჭუჭყიანი მხალი და ლობიო. ღორის ქონში დამცხვარი შავი ქადა. ხორცი აღდგომასა და შობას. გადატანილი ზამთრები უშეშოდ. დაპნეული ხორბლის აღება შედარებულია ქათმების კენკვასთან.
“შაფათის გლახა” შაბათობით მათხოვრობდა. ყველა კატეგორიის ღატაკს მოიცავდა. ისეთსაც, თბილისშიც და სოფელშიც სახლი რომ ჰქონდა ცხოველებით. დახმარება საზოგადო სამათხოვრო სახლიდანაც ეძლეოდათ. 1805 წლამდე მოისპო თბილისის სამოწყალო სახლები. “სიონის გლახასგან” განსხვავებით “დიდებაზე მოსიარულენი” – შეძლებული ოჯახებიდანაც იყვნენ, პროტესტის მქონე ბავშვები, რომლებმაც დატოვეს სახლი, მკითხაობით ირჩენდნენ თავს ან ავადმყოფთა შემწედ დგებოდნენ. ფული იშვიათად იცოდნენ, ნიგოზს, ბამბას, სანთელს, შაქარს აგროვებდნენ ეკლესიაში წასაღებად და შესაწირად. მე-19საუკუნემ გაუსწრო მკითხავებით ცნობილ მე-18 საუკუნეს. როცა ქართველებს ნეკრესის ეპისკოპოსმა ნეკრესელმაც მიაქცია ყურადღება და კახეთის სამღვდელოებას მიწერა, რომ ქადაგებით ებრძოლათ ქვეყანაში მკითხავების წინააღმდეგ და ეკლესიებშივე ქადაგებდნენ. მკითხავებით მდიდარი კახელები და ქიზიყელები იყვნენ. ხშირად ორი-სამი მანეთის გარდა 10-15 მანეთამდე დღეში. ამის გარდა პროდუქტები. ამ ფულით ხატში მიდიოდნენ და სწირავდნენ. ეს იმ ხანაში, როცა უკანასკნელი ქვაბიც დაუგირავებიათ ფულისთვის.
განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა იყო შრომას შეუჩვეველ აზნაურებში. ბაქოს საროსკიპოებში იმერლებზე მეტად არა, მაგრამ თბილისელი ქალებიც მუშაობდნენ. ქართველი კაცები კი სომეხ კინტოებს ჩაენაცვლნენ. ანუ კინტო საროსკიპოდ წასული ქალის ანალოგიად, მათგან განსხვავებით, ვინც შრომას შეეჩვია და მჭედლობას თუ დურგალობას მიჰყო ხელი. გაკინტოების მიზეზებზე კითხვა შეურაცჰყოფად ითვლებოდა და გინება მოჰყვებოდა, სანამ არ დაუმეგობრდებოდი და გულღია საუბრის ხასიათზე თავად არ მოვიდოდა. დიდება კი ერთი ვერცხლის ქამარი და თაბახი იყო. ჩვეულებრივ, კინტოს მიკიტნის დუქნებში ეძინა და 50 წლამდე ვერ აღწევდა. ძმა-ბიჭების გატანა იცოდა და არა ოჯახის. მიტოვებული ჰყავდა ცოლ-შვილი, მშობელი, ნათესავი და შეგროვებული ფულით არ ეხმარებოდა. არის ერთი მოგონება კინტოზე, რომელიც ცხოვრების ბოლოს სახლში მიდის და მშობლებს ხელებში აკვდება. კინტო ამბობს: “ოხ, დედა, რა შვილი გიკვდები”, დედა კი პასუხობს: “მაგდენიც არაფერი”.
გეორგია როგორც ჰოგვარტსი და ყვავილების შხაპი
კიკნაძის ჩაწერილებში სააღდგომო კვერცხების ქართული წარმომავლობა მოვიძიე, ამბავი ძმებისა, დიდი მარხვის პირველ კვირაში კვერცხებს ცეცხლზე რომ შედგამენ და ორმოცი დღით ჩაეძინებათ, გაღვიძებულზე კი აღმოაჩენენ, რომ კვერცხები წითლად შებრაწულიყვნენ. მე არ ვარ იუნგი მითებისგან არქეტიპები რომ შევქმნა და არც ლევი სტროსი, არქეტიპებს შევეწინააღმდეგო და ისინი სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტში განვიხილო, მაგრამ როგორც მოყვარული კომპარატივისტი, ამ პროფესიის განსაზღვრებას საყვარელ წინამორბედს დავესესხები: ნაკლებადაა ჩემი ინტერესის სფერო კერძოდ სამოთხე ან კერძოდ ჯოჯოხეთი, არამედ, მათი ურთიერთმიმართება, – ამიტომ ასე დუალისტურად მაღფრთოვანებენ მითები, რომელთა გაგებისთვის დამატებითი თქმულებებია საჭირო, იქნება ეს წითელ კვერცხებზე ამბების დაკრეფა თუ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის ერთმანეთით ჩანაცვლება.
ამიტომ დავხატე გოლუმის გარეგნობის მქონე ნოე, რომელმაც ათი საუკუნე განვლო და ქედივით თეთრწვეროსან კაცად ვეღარ წარმოვიდგინე; წმინდა გიორგი, რომელსაც ჰარი პოტერის ჯადოსნური შუბი აქვს და სამძიმირის ნაცვლად ჰერმიონას იხსნის გველისგან. (ინსტაგრამი) გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მსურდა ქრისტიანობის შეურაცჰყოფა, პირიქით, ქრისტიანობის პოპ კულტურასთან ადაპტირება. ავხსნი: ეკლესიისა და მრევლის სიჭარბის მიუხედავად, იმ სივრცეში სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, იქნება ეს სამეზობლო წრე, სამუშაო ადგილი, სანათესაო თუ სამეგობრო, ათეიზმი უკვე კომფორმიზმია და თუ როდისმე ვნახავ ადამიანს, ვინც ტაძარში წაყოლას მთხოვს, ჩემთვის საკმაოდ უცხო, მასისგან გამორჩეული ნაბიჯი იქნება. მაგრამ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად საუბრობს რელიგიის ზღაპრულობაზე უარყოფითი კუთხით, როდესაც ფენტეზი მათი საყვარელი ჟანრია ეს ორმაგი სტანდარტები კი ისეთივე ალოგიკური მგონია, როგორც ბერიკაობის მომხრეთაგან ჰელოუინის კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ აქვს ეროვნული ფუძე. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე რიტუალი მკვდრების ერთი მიმართულებით აღდგენას ეხმიანება. პირადად მე, იმდენად მხიბლავს კოსტუმირებული წვეულებები, თანაც თუ ჰორორის ფონზე მიმდინარეობს, რომ შემიძლია ნებისმიერ აქტივობას შევუერთდე, მითუმეტეს, თუ გადაცმული საღამოები დასაშურებელია საქართველოში. ხოლო როდესაც ვუყურებ ამ ჩემს ქვეყანას ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც მაგია არ აინტერესებთ, სანახევროდ ადამიანებს და სანახევროდ მაგებს და მაგებს; მაგებს ანუ მრევლს რომლებიც უკვე თავის მხრივ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად. მე ხომ არ მაინტერესებს ტოლკინის, როულინგის და სხვა ფანტაზიორთა სამყარო რამდენად არსებობს და ისე მხიბლავს, შესაბამისად, თომას, იოანეს და სხვა მოციქულთა ამბების სინამდვილე ნაკლები ინტერესის საგანია.
აღდგომა ვახსენე და დღესასწაულებისადმი პროტესტის მიუხედავად, ჩემი საყვარელი დღე სულთმოფენობაა. ის, რაც დავითაშვილთან არის აღწერილი, მჭედლების გრდემლზე დაკვრა სწორედ ამ მოძრავ თარიღთანაა დაკავშირებული. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი მჭედლიძეობის გამო სისხლის ყივილს ვგრძნობ; ან მთიულეთში ხშირი ქეიფის გამო, როცა ნებისმიერი ვახშმის დროს, როგორც გურულებს აქვთ მშვიდობის სადღეგრძელო პირველ ადგილზე, ჩვენთან იძახიან “მივაგებოთ”-ს, “მათ ხელთ ყოფს” და სვამენ; ქორწილის რიტუალებშიც კი წინაპრების სულების მოგონებითაა სუფრა გაჭედილი და კაი სინტოელივით ტაძრის ნაცვლად გვარის სალოცავებში ლოცულობენ, გენეტიკაა ორივესთვის მთავარი ღმერთი და სულთმოფენობა ვეგანური დღესასწაული, ბუნების ზეიმი. ამიტომ მიკვირს ხალხისგან, ვისაც სინტოისტური ფილოსოფია ხიბლავს, ჩვენთან აღნიშნულ წინაპართა და მცენარეთა დღეს რომ ვერ ამჩნევენ. დღეს, როცა ყვავილების დაჭერისას ვლოცულობთ, თაიგულებს ერთმანეთს ვუნაწილებთ და სხეულს ამ მცენარეებისგან ვიბანთ, მერე ჩვენთან შერწყმულ ყვავილების ნახარშს ბუნებას ვუბრუნებთ და მცენარეებს მოვრწყამთ, ჩვენს სხეულებთან ერთად რომ ამოიზარდონ. ქრისტიანობამ თუ ადამიანი მიწა-ბუნებას მოაშორა, მზისა და ზეცისკენ სწრაფვა მისცა, სულთმოფენობაზე გამონაკლისი დაუშვა და გაამიწიერა. პატრიარქს აკრიტიკებენ, რომ მაგიური რიტუალებისკენ მოწოდება დაიწყო, ბოლო დროინდელი ქადაგების გარდა, მანამდე ისაუბრა თანადროული სიტყვების აღვლენაზე და სხვა. მაგრამ ჩახედულმა პირმა იცის, რომ მაგიას აქვს განხრაც, როგორც წრეებში უწოდებენ “საეკლესიო მაგია”. მაგალითად, ნალოცავი სანთლის ტაძრიდან სახლამდე მიყვანა და კარის ჯვარის ფორმით ამოწვა. და თუ კლასიკურ განსაზღვრებას დავეშურებით რელიგიისა და მაგიის განსხვავებებზე, რომ რელიგიისას ადამიანი მიიწევს ღვთაებრივისკენ და მაგიისას ღთაებრივი მოიწევს ადამიანისკენ, სულთმოფენობა ორივეს ნაზავია, ბუნებრივისა და ადამიანის ნაზავია. მე კი ძალიან მწყდება გული, ამ დღესასწაულის არასათანადოდ დაფასების გამო. ვწუხვარ იმიტომ, რომ ამ დღეს მე არავინ მაჩუქებს მინდვრის ყვავილების თაიგულს და არავინ მეტყვის რომ შევერწყა ჩემს წინაპარ ბუნებას.
სინტოისტური საკურთხეველი ანიმეების მიხედვით
იქნება ეს მიაძაკის თუ სხვა სინტოელთა ანიმეები, შეიძლება თვალი მოვკრათ პატარა ხის სახლს, რომელზეც არის გამოსახული დრაკონები, ჩინური ფენიქსები, კიდია სარკე და სხვა მისტიური ნივთებია განლაგებული. მითოლოგიის თანახმად, სწორედ ეს არის კლასიკური იაპონელის სალოცავი ადგილი და, ძირითადად, ჭურჭელთან ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ბაზრობებზე იყიდება.
1. 標縄・注連縄・七五三縄 სიმენავა ანუ ბრინჯის მცენარისგან დაწნული თოკი, რომელსაც ზიგზაგისებურად აკრავს თეთრი ქაღალდი – სიდე 紙垂, 四手. რაც სიმბოლურად სუფთა სივრცეს განასახიერებს, კამის მყოფადობას ადგილზე.
2. იაპონური მარადმწვანე საკაკი 榊 თავის ჭურჭელთან ერთად. ითვლება, რომ ეს მცენარე ღმერთებს იზიდავს.
3. კაგამი 八咫鏡 ანუ წმინდა სარკე, რომელიც გვახსენებს გულისა და ფიქრების სიწმინდეს. მოკლედ, ამატერასუს 天照大神 , მზის ქალღმერთს განასახიერებს.
4. მიძუტამა 水玉「みずたま」 არის სავსე წყლით.
5. 皿「さら」სარა – ლამბაქი ბრინჯისთვის.
6. სარა – ლამბაქი მარილისთვის.
– ეს ორი ფიზიკური და მორალური ზრდისთვის გაღებულ მსხვერპლს განასახიერებს.
7. 瓶子「へいじ」ჰეიძი – ბოთლი საკეთი お神酒.
8. 灯籠、灯篭、燈籠、燈篭「とうろう」ტომიო, ტორო ანუ წმინდა გამწმენდი ცეცხლი.
9. 神殿「しんでん」სინდენი ანუ ღვთის სახლი.
ამის გარდა გვხვდება ო-ფუდა お札「おふだ」მფარველი ანგელოზების სიმბოლოები, სადაც ალაგებენ იარაღს, გარდაცვლილთა პორტრეტებს და მსგავს გადაუყრელ ნივთებს.
როგორც წესი, ეს სახლის მაკეტისმაგვარი საკურთხეველი სასტუმრო ოთახის კარების თავზე იკიდება და სინტოელს ტაძარში წასვლა აღარ ევალდებულება. ლოცვის წინ ჯერ ტაშს შემოკრავენ, რომ მიიზიდონ სულები, შემდეგ ჩუმად ლოცულობენ. ხმამაღლა ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირს შეუძლია. სხვა მსხვერპლშეწირული საკვები, ძირითადად, ქვირითი ან კვერცხია. ყოველ ტაძარს საკვების მომზადების და მირთმევის თავისებური გზა აქვს. ზოგადად, სინტო რიტუალებითაა აწყობილი.
მიმაჩნია, რომ სახლუკა კამიდანა ყველა იაპონიის მოყვარულმა უნდა იქონიოს, მიუხედავად იმისა, რომ სინტოს ეგოისტურად მხოლოდ იაპონელი ღმერთები ჰყავს.
შავ ხვრელამდე, დიდო დედაო, დემესთვის!
საინტერესო ოჯახში მოვხვდი, რამდენადაც რელიქვიური ქარქაში ვნახე სატურნისა და მთვარის ეზოთერული სიმბოლოებით. ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელი პლანეტები შეერთებაში იმყოფებოდნენ და გარშემო ოთხქიმიანი ვარსკვლავები ერტყათ წრიულად. პარალელურად ტელევიზიით მსოფლიო არქეოლოგი დასკვნას აკეთებდა: “ძვლებს ტყუილი არ შეუძლიათ”, – ჩონჩხით აღწერა რა გარდაცვლილის ფიზიკური ცხოვრება და ცოტა ემოციურიც. იქვე, როცა ტელევიზიით ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზებს ისმენ, მომავალში შესაძლო მისაღებ ტრავმებსა თუ გაჯანსაღებაზე /ფიზიკურ თუ მორალურ პლანში/, ხშირად ბარტის სიტყვები მახსენდება, თავის “მითოლოგიებში” ახსენა, სადაც თანამედროვე ყოფას სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა, მაგალითად, სარეცხი საშუალებების რეკლამებისთვის გამოყენებული სიღრმე და ქაფიანობა, სიღრმეზე ქვეცნობირად ღირსების და იდუმალების განცდას რომ გვიტოვებს, ხოლო ქაფიანობაზე მარკეტოლოგები ფუფუნების უჯრედებს გვიაქტიურებენ. “როგორც ჩანს, საფრანგეთში “მისნობისთვის” წლიური ბიუჯეტი დაახლოებით სამასი მილიარდი ფრანკია. ეს კი ღირს იმად, რომ თვალი გადავავლოთ კვირის ასტროლოგიურ კალენდარს…. მოლოდინის საწინააღმდეგოდ აქ არ გვხვდება რაღაც ფანტასტიკური სამყარო. პირიქით, აქ არის ზუსტი რეალისტური აღწერა იმ სოციალური გარემოსი, რომელსაც მიეკუთვნებიან ამ ჟურნალის მკითხველები,” – ასტროლოგია არ წინასწარმეტყველებს ცხოვრებას, არამედ – აღწერს, – როცა ხელში მთელი კვირის პროგნოზი გიჭირავს, მოცემულ სფეროებს ვერ შევაჯერებთ ერთმანეთთან, ვერ გავიაზრებთ ცხოვრების ტოტალურ გაუცხოებას. პატიმრები გადაჰყავთ ერთი კამერიდან მეორეში, მაგრამ ამ კამერებს ვერ შევადარებთ ერთმანეთს. ვარსკვლავები არასდროს იუწყებიან წესრიგის დარღვევას.
მაინც მგონია, რომ ასტროლოგია მისნობად ამგვარმა ჟურნალებმა აქცია, უარესი კი ის არის, რომ ჟურნალისტთა მსგავსად იქცევიან, არ დავასახელებ და, ცნობილი ასტროლოგებიც, ადამიანთა ნახვის, პირისპირ კონტაქტის, საცხოვრებელი სივრცის და დროის გათვალისწინების გარეშე, როგორც ინკუბატორში გამოყვანილ წიწილებზე იწყებენ მუშაობას. ცალკე საკითხია წითელი თუ მწვანე, ნეგატიური და პოზიტიური დღეების შესახებ. ერთხელ, როცა ერთ ასტროლოგს ტრანზიტულ რუკაში სიკვდილის ნიშნის შესახებ ვკითხე, როგორ ამომეცნო ზუსტი თარიღი და სივრცე, მიპასუხა: დიდი ხანია ვაკვირდები და იცი რა ვნახე? ადამიანები უფრო ხშირად პოზიტიური დღეებისას კვდებიან, – ანუ თითქოს ლატარიაში ჯეკპოტი უნდა მოიგო და კვდები. შესაბამისად, ზედმეტად სიმბოლურია კარგი და ცუდი, ვინაიდან, შეჯამებით რომ ვთქვათ, ტრანზიტული წითელი ხაზი ენერგიის დახარჯვას ემსახურება, ხოლო მწვანე ნიშანი პიროვნების მიმღეობაზე, მის პასიურობაზე მიუთითებს. ასე რომ ნეგატიური დღის შემთხვევაში, სახლიდან გასვლას ნუ შეშინდებით, სავსემთვარეობა არა მხოლოდ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას აღგიგზნებთ, თქვენში ჩადგმულ პოტენციას გამოამჟღავნებს და შეეცდება პასიური მკვდარი არ იყოთ.
სიკვდილზე ლირიკული ჭრილისთვის, ტელევიზიით ისიც გადმოსცეს, რომ ამ დღეებში ბავშვი დაიღუპა, – ფანჯრიდან გადავარდა და სასხვათაშორისოდ ახსენეს, რომ პატრიარქის ნათლული იყო. ადამიანის თვისებაა თავდაცვის ინსტინქტი, ვერ გამოტყდნენ რა მშობლის დაუდევრობაზე, მემკვიდრეობით ცოდვებს გადააბრალეს. პოსტმოდერნიზმი ხომ ის პერიოდია, სადაც უმაღლესი წესები არის ბუნების კანონები და მათი შემეცნება ჭეშმარიტებასთან მისასვლელი გზა, ხოლო მიდგომა “ათი მცნების” მიმართ უკვე ინდივიდუალურია. თანაც ისე, რომ ღმერთი კი არ დაკნინდეს, არამედ ყოვლისმომცველი სამყარო გახდეს, მისი პოვნა ერთდროულად მარსზეც შეიძლება და ხეებშიც. ვისაც რუნები დაუთლია, ნებისმიერი ხეც მოყვება შენს ისტორიას. ინფორმაცია ხომ მანამდე ინახება სანამ შავ ხვრელში მოხდება, ადამიანი კი მაშინაც აგრძელებს ცხოვრებას როცა მკვდარია, დამოკიდებულ მოღვაწეობას საფლავქვეშ და თანდათან ქვეწარმავლებში გარდაისახება, ისინი კი თავის მხრივ ფრინველებში და არაფერია ახალი, – მეტი რა არის რეინკარნაცია, ევოლუციის გზაზე ალქიმიაც ქიმია ხდება, ხოლო “სამეცნიერო ფანტასტიკა – სამეცნიერო ფაქტი”. შავი ხვრელი კი ერთხელ შექმნილი სამყაროს გარდასახვის, ნებისმიერი ტოტალური ენერგიის ანუ ტოტალური სულის განადგურებად წარმოგვიდგება, ანუ მორიელის ხანაში მცხოვრების (შავი მატერია ხომ მკვდარი მზეების შემდეგ შეიქმნა, აქ პარალელია “მზე დაცემულ” სასწორის ნიშანთან) ანუ შავი ხვრელის პირდაპირი თუ მითური გაგებით, სადაც ნებისმიერი გარდაცვალებით გაგრძელებული ცხოვრება შიგნით ატომების დონეზე ნადგურდება. ირონია კი იმაშია, რომ სამყარო შავი ხვრელიდან აფეთქდა.
სადღაც ერთი თვის წინ, სასაცილო სიტუაციაში აღვმოჩნდი, როცა ძველმა ჯგუფელმა, პირველად ლინგვისტიკის ლექციაზე რომ ვნახე და ახლა ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის, ჩაის სმისას შვილის მონათვლა მთხოვა. მორიდების გამო ყურადღება არ მიმიქცევია და თემა შემიცვლია. მაშინ არც მიფიქრია, რომ სწყინდა. ლამაზი ჯვარი ვიყიდე კიდეც და ერთი კვირის მერე ვნახე წერილი, რომ გადაიფიქრა. გადაიფიქრა? ნუ კაი. არც გავამხილე რომ ვიყიდე. დავივიწყე. მერე დამირეკა და მერე რაო, რა რომ ბავშვები არ მიყვარს, “პამპერსი” “ოლვეისის” მსგავსი მგონია და ბავშვის სქესი ყოველ ჯერზე მავიწყდება, ვიცი, რომ მისი ზოდიაქო მორიელია, და რახან კეთილი მეგობარი ვარ, ამიტომ ნათლია უნდა რომ ვიყო. ამბობენ, იყო მონათლული ეს საშვია სამოთხეში მოსახვედრად, იყო ნათლია კი შენთვისაც ერთგვარი სარეკომენდაციო წერილია. მე დემე მოვნათლე, ჩემი მეგობრის მეორე და დაუგეგმავი შვილი. ტაძარში, სადაც კვეთებულის მოსმენა ნორმაა, მაღლიდან თოლიების ცეკვას უყურებ და.. და ძვირია. იმხელა პასუხისმგებლობაა, რამდენადაც ჩემთვის შემდგარი სულის ხელახალი ყოფნა მორიელის ტრანსფორმირებული ნიშნით. მაგრამ არ ვიცი, შვილი თუ მეყოლება რამდენად მომინდება მისი მონათვლა, მითუმეტეს, ბავშვობაში და გაუაზრებლად. რასაც ყოველთვის ვეძებდი იმას, ანუ რიტუალებს მინდა მოვაკლო. მაგრამ ძილის წინ ქართული, მშობლიური ფოლკლორიდან წავუკითხავ უხმოდ ერთ პატარა ლოცვას, რომელიც საქართველოში “მამაო ჩვენოს” შემოსვლამდე არსებობდა:
ცაო მშვენიერო,
ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
მე უკვე ვიცი დემე როგორ აღვზარდო: ბღუჯა წიგნებს დავიჭერ თეოსოფიაზე, ანთროპოსოფიაზე, თორაზე, ბიბლიაზე, ყურანზე და როცა მეგობართან ჩაიზე გავალ, დემეს ვუკითხავ და ვეტყვი: “მასწავლე. ჯერ კიდევ შარშან მასთან იყავი. შენ უფრო გახსოვს რა არის ღმერთი”.
დირე
და გააჩინა ღმერთმა თვალი და უთხრა, რომ დაინახავდა მთელ სამყაროს, მაგრამ არა საკუთარ თავს.
სპირიდონ ტრიმიფუნტელი ცოლის სიკვდილის მერე სასწაულებს ახდენდა და ეშმაკებს დევნიდა. მის დროს კვეთებულს იშვიათად თუ ვინმე მიმართავდა. გადმოცემის თანახმად, მისი სხეული ჯერაც უხრწნელი და თბილია. ხოლო მისი ფაჩუჩები პერიოდულად ცვდება. დღეს ღამიდან რამდენიმე დღიანი ვიზიტის შემდეგ მისი ნეშტი საქართველოს დატოვებს. დღემდე მსურველებს შეეძლოთ მოელოცათ, ეამბორათ მისი მკლავისთვის, ფაჩუჩის ნაწილები ოჯახში წაეღოთ. ადამიანებს გვჩვევია კაცის ზებუნებრიობის რწმენა და ხიბლი. ბუდიზმიც კი, თითქოს უღმერთო რელიგია, ბუდას გაღმერთებით დაგვირგვინდა. სადაც წმინდანები არ არიან, წმინდანებს ყიდიანო.
დილით მე და დედა სიონის საკათედრო ტაძარში წავედით. მრევლი ერთმანეთს ასკდებოდა. ბავშვებს თავი კედელზე ეჭყლიტებოდათ. ვიფიქრე, რომ არაფერი შეცვლილა რესპუბლიკურის მერე. წლების მანძილზე იქ არსებულ პატარა ტაძარში დავდიოდით და ბინის შეცვლასთან ერთად წლებია არ დავსწრებივარ წირვას. ისევ იყო რიგში მოსასულიერებელი გოგონები ( ვიცი, არც მე ვარ ჯანმრთელი) და მაგინებელი ქალები. კიდევ იერუსალიმში აღდგომას რა მოხდებოდა მეთქი ვიფიქრე. მიზანს ხომ არ აქვს მნიშვნელობა, მადლის მოპოვებაშიც ეგოიზმი გვჩვევია. სამოთხეში ათეისტები უნდა ხვდებოდნენ, მხოლოდ მათ აქვთ უანგარო სიკეთის შანსი. ისე არავინ თმობს უფალთან მიახლოების ეგოისტურ საწყისს. ადამიანი რიგში მდგარი უნდა გამოსცადო.
მეოთხე საუკუნის ხატზე დაწერილია სპირიდონის არიოზთან ურთიერთობა.
ბოლმსახური
დასვენების დღეებში ისაო-ესაო, არტში კვამლი რა რომანტიკულიაო.
ჩვეულებრივი სამსახური მაქვს, სადღესასწაულო დღეებში ლოცვაზე წამსვლელებს ადრე რომ უშვებენ და მწეველებს დამატებითი შესვენებები აქვთ.
შესვენება? არაა, ამის გამოც არ დავიწყებ მოწევას. ყველას მაგივრადაც ვიმუშავებ.
მოწევის ნაცვლად არ მოწევა, ალბათ არა, კლავს.