რომელიღაც გაზეთში ამოიკითხა: მეორე კლასელ ნიკუშას სასწრაფოდ ესაჭიროვება სამეფო გვარის სისხლიო და ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, დაასკვნა:
იმაზე უსამართლო არაფერია, სამართლიანად კვდებოდეო.
“ბულგაკოვსკი წაგიკითხავთ, სერ? ნუ ღელავთ, ქალბატონო, სისხლი რომელიც დაღვრილია, დიდი ხანია მიწაში გაიჟღინთა და იქიდან ვაზი ამოიზარდაო. ის მომენტი გახსოვთ? ეშმაკს დოსტოევსკი რომ გაუგია და თავს ასაღებს მე ვარო. კი, მაგრამ ის ხომ გარდაიცვალაო? და ამან: დოსტოევსკ ბეზ სმერწენ”, – ეროვნული აქცენტით თავს იწონებდა.
ლიტერატურაზე საუბარი გავნაგრძეთ და ანა ბლუმს მივადექით:
“ანა ბლუმ! ანა ბლოსსამ! გაყვავების პერიოდში მდგარი არარეალური მუზაა გასული საუკუნის რობოტული რომანტიკისა”.
“ალბათ თეთრი სახე და წითელი ლოყები ჰქონდა,”– ჩუმად ისიც ვიფიქრე, რომ განსაკუთრებით მიზიდავდნენ დაბალი ჰემოგლობინის მქონე ქალები, ფერმკრთალი ლოყებითა და ტუჩებით. შემატყო და შვილივით მომეფერა:
“ძალიან თეთრი ხარ, ანა ბლუმ, ანა ბლოსსამ!”
****
საკუთარი ხელით ამოჩიჩქნა გორები, მიცვალებული მიწას კი არ მიაბარა, დათესა.
მისნაირებზე იტყოდნენ, ისტორიაში კი არ შევიდა, ჩავარდაო. ჰოდა, იმდენი ამოჩიჩნა, ფეხი მოუცურდა და ჩავარდა.
მერე ყველანი დავცინოდით და ვაკოცე.
დიდხანს ამოგვყვავდა.
****
ჩახუტების არ სწამდა, ბრძენ ხალხთა ნათქვემებს ამეორებდა, არაფერი ისე არ ზღუდავს თავისუფლებას, როგორც ჩახუტებაო და ჩახუტებისას თვალებს ვერ ვხედავ და შეიძლება დანა დამარტყასო.
უკარება მოხუცი იყო, ფასკუნჯიზე ზღაპრები იცოდა, ადრე ცოლი ჰყავდა, ახლა დიდი ხანია შოკოლადზე გადავიდა.
ხელი და ფეხი არ ჰქონდა, ჩამოთალესო თითქოს მარცხენა მხრიდან.
სადღაც ისე ჩაეხლართა ცხოვრება, რომ ვეღარ გაეგო, უსაქმურობით დროს კლავდა თუ დრო კლავდა. ეგ მგონი ცხოვრებას ჯოჯოხეთში მოსახვედრ შესამზადებელ პერიოდად აღიქვამდა.
ამას წინათ დამკვირვებელთა აზრი გაგვიმეორა:
“სადგურს უფრო მეტი კოცნა ახსოვს, ვიდრე – ქორწინების სახლს, ხოლო საავადმყოფოს – ეკლესიებზე მეტი ლოცვაო.”
****
ქალს მუცელზე გამოუჩნდა სახე, რომელიც ჩაბერვისას ქვემოთ ჩაიწია, შვილისგან ამოჩიჩქნილი გორებივით მაღლა რომ აშვერილიყო, თეთრმა ქალმა კი ჭიპებით გაჰყო.
როცა ზოგიერთები ცხოვრების ხანმოკლეობაზე წუწუნებდნენ, ამან დაამთქნარა: ამიერიდან, ერთი ცხოვრება გაქვს, მაგრამ ყოველდღეო.
ისე გემრიელად დაამთქნარა, მეგონა დღეები მიყოლებით შთანთქა.
მერე სხვებიც მთქნარებაში აყვნენ და აყვნენ.
მთელი ოჯახი სამშობიაროში იდგა, მკურნალებზე და სამკურნალოებზე მეტნი იყვნენ.
ღმერთმა გამრავლოთო.
****
საზეიმო ლენტასავით გადაჭრილი ჭიპლარი სანაგვეში ერთჯერადი მოხმარების ნივთებთან ეგდო.
ეს მისი დიდი დაშორება იყო.
თიბვისას ერთხელაც ისე მოიქნია ნამგალი, ჯერ ხელ–ფეხი წაიჭრა. ის ნამგალი სათონეში ახლაც მიყუდებულია.
****
“ისევ?”
“ერთხელაც”.
“დუმილის უფლება გაქვთ, რასაც იტყვით ღმერთი თქვენს წინააღმდეგ გამოიყენებს.”
****
მანამდე საკუთარი სხეულის ნაწილაკი გამოჰყო და დასამუშავებლად ქალს მისცა, რომელიც ჭრელი ფონიდან წინა რიგში გამოარჩია. ისინიც მთელი ცხოვრება აჯერებდნენ ერთმანეთს, რატომ უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი სხვების ფონად, ბოლოს კი დაინახეს რას ჰგავდა მათი ურთიერთობა:
ქალს მუცელზე გამოუჩნდა სახე, რომელიც ჩაბერვისას ქვემოთ ჩამოიწია, მამისგან ამოჩიჩქნილი გორებივით მაღლა რომ აშვერილიყო, თეთრმა ქალმა კი ჭიპებით გაჰყო.
ეს მისი დიდი დაშორება იყო.
იმ სამშობიაროში მთელი ოჯახი მკურნალები და სამკურნალოები იყვნენ.
დაშორება ისე ეწყინა, ფონში აითქვიფა, ვერავინ გამოჰყო და ნამგალი მოიქნია.
ის ოჯახი სამშობიაროდ აღარ წასულა.
ეს უფრო დიდი დაშორება იყო.
****
– დებილი ადამიანი იცი ვინ არის? ვისაც გვარი არა აქვს, გენეტიკაში გაწყდა და სისხლი წინაპართა გამოცდილებას აღარ აგრძელებს, ახლიდან იწყებსო, – მიყვებოდა ხოლმე მისი უშვილ–ტომო შვილიშვილი, – უცხო–უცხო მკვლევარები იყვნენ, ცხოველებზე ჩაუტარებიათ ცდა, პირმშოებს თუ ეცოდინებოდათ სად იყო დამალული ნივთები, რომლებიც მათმა მშობლებმა იცოდნენ და მაგრამ მკვლევარები მხოლოდ იმას მიხვდნენ, რომ ვერ მიხვდნენ. ფოთოლი რომ გასცვდივდება, ვაზი მაშინ უნდა მოსხლა.
ღვინოს მაწოდებს, წინაპართაგან ამოსული სისხლი დავლიოთო. დალევამდე სურვილი წარმოთქვი და ამ სისხლის პატრონები შეგისრულებენო.
– სტატისტიკა იცი? დამერწმუნე, შობადობის რიცხვი იკლებდა, ადამიანები რომ არ თვრებოდნენ.
ჯერ კიდევ თეთრი ხარო, უსისხლოდ. თეთრი და ნელი.
– ხანდახან მგონია, რომ გვარი არა მაქვს, რაც შეიძლება მეტი ღვინო უნდა დავლიო, რომ მქონდეს.