ბოშა ქალი

4-Gypsy

“რეალური ზღაპრების” პირველ ლექციაზე, ქვე-სათაურით “აურა”, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ საშუალო კლასზე ისაუბრა, რომელიც კვირაში ერთხელ ფაბრიკასა და ბასიანზე გართობის ფუფუნებით კმაყოფილდება და კოპი-ფეისთ წრეს ქმნის. რომ გალაკტიონი იმდენად დაფიქსირდა ქართულ რეალობაში, რომ სუიციდის აქტით ხელოვნების მკვლელად იქცა, როგორც შოთა რუსთაველი იყო შუა საუკუნეების ქართული მწერლობისთვის. რომ სქესობრივ აქტში ფულის გადამხდელი კაცი აფიქსირებს არა იმდენად უფასო სითბოს უქონლობას, არამედ სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის მატერიალური წარმოჩენის უნარს. რომ ლუვრში ორიგინალი ჯოკონდას ღიმილისთვის ჩასულ ტურისტებს ძეგლი ზურგიდან აქვთ ნანახი, სელფის ჯოხებთან ფრონტალური კონტაქტის გამო. რომ კოკა-კოლა ამერიკაში დემოკრატიის სიმბოლო არის, ყველა სოციალური ფენის ადამიანი განურჩევლად რომ სვამს. რომ მარტოობა არის ერთჯერადობის გამოვლენა, როცა ადამიანი კოლექტიურ კვალს არ უერთდება.

ლექცია დაიწყო აურაზე თეოსოფოსების წარმოდგენით და მოდერნისტული თეორიით გაგრძელდა, სადაც დიუშანის მზა პისუარის კოპირაიტის გარეშე გამოფენა პლაგიატის აქტი არ გვგონია და პოსტ მოდერნიზმში უორჰოლმა კონსერვის ქილების გადამრავლებით რაოდენობა ხარისხზე წინ დააყენა. აურის ბენიამინისეული გაგებით თანამედროვეობაში აურა დაიკარგა, რადგან აურის მატარებელი მხოლოდ ორიგინალი შეიძლება იყოს. როგორც წესი, მიმბაძველი ადამიანი საშუალო ფენის წარმომადგენელია, რომელიც თავს ნიმუშის ასლით ტკბობის საშუალებას აძლევს, რადგან ორიგინალის ფუფუნება არ აქვს. ლექცია ერთგვარი მოწოდება იყო მარტოობისკენ, რომელიც კოლექტიური ცნობიერების ინდივიდუალური ცნობიერებით ჩანაცვლებით მიიღწეოდა. ნამდვილად სახასიათო ღიმილი აქვს ამ ლექციის ლექტორს, ვინც შეხვედრილხართ, დამეთანხმებით ალბათ.

gypsy-tv-show-on-netflix-cancelled-or-renewed-590x218

ამ ზაფხულსვე Netflix-მა ახალი სერიალი გამოუშვა დამწყები მწერლის ლაიზა რუბინის ავტორობით Gypsy. “ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს?” – სერიალის სლოგანია და დასმულია საკითხი – თუ პიროვნება სინამდვილეში მიმბაძველია, მისგან ინდივიდუალური ცხოვრების ქონის მოთხოვნა რამდენად ეთიკურია, ანუ მიმბაძველი ტიპაჟი სხვების მიბაძვის გარეშე პიროვნულობას თუ კარგავს. სერიალის მთავარი პერსონაჟი ფსიქოლოგ-თერაპევტი ჯინ ჰოლოუეია. მას შემდეგ რაც ქვეცნობიერის კვლევა დაიწყო, თავისუფალი ნების არ სჯერა. როგორც იქნა ოცნების მამაკაცს მოანდომებს მასთან მონოგამიურ ცხოვრებას, გაუჩენს ჯანმრთელ და ჭკვიან გოგონას, ფსიქოლოგიის კათედრის კოლეგებში ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ პერმანენტულად მაქციური სურვილები იპყრობს. იგი არ მუშაობს მხოლოდ პაციენტებისგან მონაყოლი ინფორმაციით, არ სჯერდება სხვების აღქმას, პირიქით, შენიღბული იდენტობით და პაციენტების ცხოვრებაში დასადგურებით ცდილობს მათ შველას.

მაგალითად, ჰყავს პაციენტი ნარკოდამოკიდებულებით და მის დასახმარებლად ნარკოტიკი ჯერ საკუთარ ტყავზე უნდა გამოსცადოს, მერე საცხოვრებელი სახლი დაუთმოს. ჰყავს პაციენტი ქალი, რომელიც მოჭარბებული დედობრივი ინსტინქტისგან იტანჯება და რახან შვილს გასაქანს არ აძლევს, შვილისთვის იგი უინტერესოა. ჯინი პაციენტის შვილს ვითომ შემთხვევით უმეგობრდება, პირველწყაროდან იგებს თუ რატომ უკეთებს დედამისს იგნორს და შემდგომ თერაპიის კათედრაში მისულ პაციენტს ადეკვატურ რჩევებს აძლევს. ჰყავს პაციენტი ბიჭი, ვისაც დაშორების გადატანა უწევს თავზეხელაღებულ გოგოსთან. იმისთვის, რომ ამ ბიჭის განცდები აღიქვას, ამ გოგოსთან გააბავს რომანტიკულ კავშირს. როგორც ყველა სუპერგმირს, გადაქცევის რიტუალი სჭირდება. მაგალითად, კლარკ კენტი სუპერკაცად გადაქცევისთვის სათვალეს იხსნის და თმას უკან იწევს. ჯინი თმას ისწორებს, N4 შანელის სუნამოს ისხამს და ვისკის სვამს ღვინის ნაცვლად.

ჩემი აზრით, იყო ორიგინალის ასლი, ჰგავს განტევების ვაცად ქცეულ პაიკს შაჰმათში. The Veritas-ის სერიაში ასლი რომ უნდა მოკვდეს ორიგინალისთვის. ამიტომ გვაწვდიან რარიტეტული წიგნების დაქსეროქსებულ ვარიანტებს ბიბლიოთეკებში. იყო ასლი ნიშნავს განვითარდე, რადგან ბავშვს მიბაძვით შეუძლია ლაპარაკის და ქცევების სწავლა. ბნელ ოთახში უკონტაქტოდ გამოკეტვის ალტერნატივაში უკონტაქტო ბნელ ოთახს მიბაძავს. უნიკალურობაზე ფიქრი კი მეამიტობაა როგორც თავისუფლებაზე საუბარი ქვეცნობიერთან ერთად. ერთხელ ცხოვრება დიდ მარკეტს შეადარეს, სადაც მუდმივად გიწევს ყოფნა და მზა პროდუქტების არჩევა, აღარ მახსოვს ავტორი. ჩემი აზრით, ეს ბაშაობა, მრავალი ნაციის და რელიგიის მატარებლობა პოსტმოდერნიზმის სიმბოლოა. სიმბოლო, რომ ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა კი არა, საკუთარი თავის შექმნაა. ხოლო პარასკევობით, როცა კლუბში თავს უჯრედად გრძნობ კოლექტივიდან, როცა ცეკვავ იმის ნაცვლად რომ მუსიკა დაწერო, როცა არემიქსებ იმის ნაცვლად, რომ გამოიგონო, შენ ამით ორიგინალს იცავ. იქნებ შენც, კაძუო იშიგუროს Never Let Me Go-ს პერსონაჟივით, ეროტიკულ ჟურნალებს ორიგილანის საპოვნელად ფურცლავ. ორიგინალის სტატუსით მოღვაწეობ, მაგრამ როცა მარტო რჩები, ჩემსავით ბოშა ხარ.

რა არის თანამედროვე ხელოვნება?!

SERGEY SHABOHIN

როცა იცი, რომ აღიარებული მხატვრის ტილოს უყურებ, ხშირად არ ჩნდება კითხვა: ეს ხელოვნებაა? მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ არტისტი ჯერ აღიარებული არაა.
არტ საიტებზე შესულს უამრავი პოტენციური ხელოვნების ნიმუში გხვდება და შენც არჩევ რომელი დააფასო. ხალხის რჩეული ხელოვნის ტიტულს ირგებს. არტ სამყარო თავად წყვეტს მათ სფეროს ვინ შეემატება. კრიტერიუმები? აქ გადამწყვეტია ნაცნობობა, გავლენა და თავის წარმოჩენა. სხვა კრიტერიუმები პირობითია. ზოგს ემოციური გაღიზიანება აფასებინებს, ზოგს – დეჰუმანური განწყობა. იქმნება მაფიოზური კლანი. ეს პოსტმოდერნია.
ბორის გროისი ნაშრომში „რა არის თანამედროვე ხელოვნება“ განიხილავს ხელოვნების რაობას ახლანდელ დროსა და სივრცეში, წერს, რომ ფილოსოფიურ პარადიგმებს მორგებული არტი თავად საუბრობს საკუთარ არსებობასა და მეთოდებზე. თუ ადრე ხელოვნება არახელოვნებისგან ხელოვნურობით, ნახელოვნობით გამოირჩეოდა, ახლა მას არ დარჩა ზუსტი კრიტერიუმები შეფასებისთვის. ხელოვნება ბერძნულად “ტეხნეა”, ანუ უპირველეს ყოვლისა, ბუნებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ადამიანის ხელითაა ნაკეთები. ხოლო, როცა 1917 წელს, როცა დუშანმა პისიუარი გამოფინა როგორც ხელოვნების ნიმუში ამით აღნიშნა, რომ ხელოვნების ნიმუში, შეიძლება სულაც არ იყოს ხელნაკეთი და ამით ერთგვარი ნულოვანი შემოქმედებითი აქტი “ჩაიდინა”. ეს მზა პროდუქტია. და ის არ იყო ხელოვნების ნაწარმოები მანამ, სანამ ეს არ ითქვა. ასე რომ, სიტყვებმა განსაზღვრა საგნის მნიშვნელობა. 50–60 წლებიდან არტისტები ხელოვნების ნიმუშებს მაღაზიებიდან, სახლში აღმოჩენილი ძველი ნივთებიდან თუ სანაგვეებიდან პოულობდნენ. ანუ მატერიალური კრიტერიუმები ხელოვნება – არახელოვნების შორის არ გვაქვს.
ისმევა კითხვა: რით გავარჩიოთ ხელოვნება არა ხელოვნებისგან თუ არ გაგვაჩნია ამისთვის მატერიალური კრიტეტიუმები.

„როგორ უნდა ამოვიცნოთ ქრისტეში ქრისტე, ანუ, როგორ შეგვიძლია ადამიანში ღმერთი ამოვიცნოთ და იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყო, რადგან არ გაგვაჩნია შესაბამისი კრიტერიუმები. გვაქვს კრიტერიუმები ადამიანში ადამიანის, მაგრამ არა ღმერთის ამოსაცნობად. „

გროისის აზრით, ხელოვნების აღქმა ისევე ინდივიდუალურია როგორც ქერა ქალი მოგწონს თუ შავგვრემანი. აღარ არსებობს გენიალური არტისტი, რადგან სისტემა თავად შექმნილია გენიალურად. გროისი წერს, რომ „ყველაფერი დაშვებულია“, ეს კი ღმერთის სიკვდილს ნიშნავს. და უფლება, რომელიც ყველაფერის ესთეტირების საშუალებას იძლევა, შლის ამ სხვაობას.

„ჯერ კიდევ XVIII-XIX საუკუნეში, მაგალითად, კოლექციონერი მხოლოდ იმას ყიდულობდა, რაც მოსწონა, თავისი გემოვნებიდან გამომდინარე. ახლა კი ეს შეუძლებელია. თანამედროვე კოლექციონერი ხელოვნების ნაწარმოების შეძენისას თავისი გემოვნებით არ ხელმძღვანელობს. იგი ყიდულობს იმის მიხედვით, თუ რა სტატუსი აქვს (ან ექნება) ამა თუ იმ ქმნილებას, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თანამედროვე კოლექციონერი ხელოვნების ნაწარმოებს მემკვიდრეობაზე გადასახადებისგან და საერთოდ, გადასახადებისგან თავის დასაღწევად ყიდულობს.“

თუმცა ეს მომენტი საქართველოს არ ეხება. იგი შედარებით განვითარებული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.
ქრისტიანობა, როგორც რელიგია, ღმერთის სიკვდილით დაიწყო, მისი ჯვარცმითა და სიკვდილით. თანამედროვე ხელოვნების ნიმუში ჯვარცმულის ქრისტესთვის მეტაფორას წარმოადგენს. ანუ ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოები აღარაფერს წარმოადგენს გარდა ხელოვნების სიკვდილისა. ეს ეპოქაა, სადაც შავი კვადრატის დახატვაც ჭირს, როგორც მისი გამოფენა. რჩება ცარიელი კედლები მინიმალისტური ინსტალაციებით. ხელოვნება ესაა საკუთარი სიკვდილის ინსცენირება.
ხელოვნებას ადამიანი არ აინტერესებს, არც მისი სიცოცხლე/სიკვდილი. ადამიანი მასობრივ კულტურას აინტერესებს. ღმერთის სიკვდილიც იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც შეიძლება მისი ინსცენირება. ანუ ხელოვნება თავად შობს თავს. ჩვენ კი ვიცით სიტყვის ძალა: „პირველად იყო სიტყვა.“