სხეული, როგორც ანტიდეპრესანტი

– როდესაც ხუთი ათასი მეტრის სიმაღლეზე იმყოფები და ფილტვებში სუნთქვა აღარ მიგეწოდება, მხოლოდ ზოგიერთი ადამიანი გახსენდება, – ჩემი მეგობარი კულტურულ სნობს მეძახის, ვინაიდან თუ სადმე მივდივარ, ბუნების ან არქიტექტურის დათვალიერება მსიამოვნებს. ვერ გაგიგია, ბოდიალშიაო სიამოვნება, არა იმაში, რა დაგხვდებაო.
მიუხედავად იმისა, რომ მე მეკამათება, მისი მჯერა. სულ მინდება რომ ბლოგი გააკეთოს, რამე სოც ქსელში მაინც დარეგისტრირდეს, ტელეფონი მაინც ჰქონდეს, რადგან იშვიათად შემხვედრია მასზე მაქსიმალისტი ქალი, რომელსაც შეუძლია დაცემამდე იაროს. ერთხელაც გამომიტყდა, რომ სიკვდილის ძიებაში იყო, დაინვალიდების ძიებაში მაინც.
და დავფიქრდი, მოგზაურ ადამიანებში რამდენია თავისთვის შარის ამტეხველები, დეპრესიულები და თავგადასავლით სიკვდილის მსურველები. ჯანდაბა, რატომ გარბიან ადამიანები ადგილიდან ადგილზე და როდესაც სიარული უკვე მანიასავით ექცევათ, ტრიერის ჯოსავით ცახცახს აუტანიათ.
სექსი, როგორც ანტიდეპრესანტი.
სასმელი, როგორც ანტიდეპრესანტი.
კვება, როგორც ანტიდეპრესანტი.
ვარჯიში, როგორც ანტიდეპრესანტი.
სიარული, როგორც ანტიდეპრესანტი.
ზოგადად, სხეული, როგორც სამშვინველის ანტიდეპრესანტი.
ჩემგან ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა. ნეტა იმ ქვეყანაში ვიყო, სადაც ჩემი ერის ხალხი არ დამხვდებაო. დიდი რუკა ვიყიდო და სხვადასხვა ფერის ჭიკარტებით მგზავრობები აღვნიშნოო.
მაგრამ როდესაც ჩემთვის საინტერესო ქალაქისკენ ბილეთი უნდა შემეძინა, ისე დამეზარა, როგორც პურის ამოსატანად მაღაზიაში ჩასაგზავნი ჩემი თავი. მანამდე თვეში სამი ავარია მოხდა, რამაც თავის ტკივილები დამიტოვა და ფეხზე შრამი, თითქოს ტონობით მომატებული თავის წონა ფეხებს დააწვა და ვფიქრობ:
გამართულად სიარული რომ ვერ შევძლო, ქალაქი რომ ფეხით ვეღარასდროს შემოვიარო, მთებზე უფრო მეტად რომ ვეღარ ავცოცდე, ის–ღა დამრჩეს, რომ სხვათა სალაშქრო ჩანაწერები ვიკითხო და ჩემთან მოსული მეგობრები ვეღარ გავაგდო, ალბათ ისეთი შეგრძნება იქნება, როგორც ჩაის სახლის საპირფარეშოს სარკეში ხელახლა აღმოჩენილი ძარღვები რომ დავინახე ფეხებზე.
მოდი, შეიარეთ, ლიმნიანი ნამცხვარი აიღეთ, სარკეში შიშველ ფეხებს დააკვირდით და თუ ლურჯ ზოლებს იპოვნით, მიხვდებით. კიდევ უფრო უნდა მეტკინოს, რომ მქონდეს შანსი, სიარული ახლიდან ვისწავლო.

 dont-miss-the-train_1242

ბნელი

tumblr_mcaqjdnWNQ1qzpypso1_500ჩემი სახლიდან რამდენიმე მეტრში სამხედრო წვრთნები მიდის. იქვე ახლოს ბნელი ადგილია, საღამოობით საკითხავად ავდივარ ხოლმე.
ბრიტანულ ხასიათზე ვარ, ალბათ იმიტომ, რომ “მდინარის კუნძულის” შავი კაბა მაცვია, ინგლისური კბილები მაქვს ან ჩაის ლიქიორს ვსვამ, განზრახ არა, დაემთხვა.
ემოციურია როგორ დასტირიან ყვავები ძმას და ჩხავილი მინდა.
საკუთარ მანკიერებებზე რუტინული წრის დარტყმა ძაძებში და ჩხავილი.
ერთხელაც დავიტირებ.

– ასე მგონია გამვლელებს იმდენი პრობლემა აქვთ, რომ მოეხვიო, ატირდებიან”.
– მაკოცე.
სამსახურიდან დავეთხოვე, ცხვირსახოცები ვიყიდე და ოთახი ვიქირავე.
ფარდებს შორის ღარიდან, თუ მოღრუბლული არ არის, სხივი ძლივს აღწევს.
ოთახში იმდენი ფერი იყო, ბნელოდა.
ისეთი სიჩუმე იყო, ყვიროდა. სიჩუმე, რომელსაც იმდენი ეძახეს ოქრო ხარო რომ ოქროს ჩიტივით ხორხში გაება.
აბაზანაში წოლისგან კანი მძვრება.

ძილისგან თავი მტკივა.
ვიღებ ტელეფონს და ვწერ: “გამოდი”.
დღესაც არ პასუხობს.
ღმერთო, იყოს როგორც შენ გინდა. მაგრამ იქნებ მოვიდეს ხვალ.
ვერ ვენდობი და ვერ ვაპატიებ, მაგრამ მოვიდეს.
– ადამიანი მცენარე უნდა იყოს, ქოთანში.

ღრუ

მაგიდის კიდესთან იჯდა, მე კი მაინც ვატყობდი, მის თმაში მომრავლებულ ჭაღარას, თავად რომ უკეთებდა აქცენტს. თითებს თმაში ნაოჭიანი შუბლიდან იყოფდა და ქვემოდან მაკვირდებოდა. სულ მეშინოდა, ჩემს პიურეში სადმე ჩადებული ცელოფანი არ შეემჩნია. შევრცხვები მეთქი და გამალებით ვღეჭავდი, თან ყოველი შემთხვევისთვის, პირთან ხელებს ვიფარებდი.
ხალხი მეგობრებთან რატომ დადისო. განტვირთვისთვის მეთქი, ვუპასუხე და აქედან დაიწყო ჩვენი კონტაქტიც. ვისაუბრეთ, თუ შეუძლიათ ადამიანებს ყურადღების გადატანა. აი, რომ დარდობ რამეზე და კომედიას ჩართავ, სასმელში ან სამსახურში ჩაახშობ, მეგობრებს აეკიდები ან მუსიკას მოუსმენ. სულ მიკვირდა, ზოგს ეს როგორ შველიდა. შეიძლება თავის მოტყუებაა, მაგრამ მთლად ამასაც ვერ ვუწოდებ. ალბათ ზედმეტად გახსნილები არიან გარე სამყაროს მიმართ. აბა მე რა მჭირს მეთქი, თუ რამე ამეკვიატა, ნებისმიერ საქმეს უძღვის ფონად.
ისე ჩუმად მისმენდა, ლუკმა ლამის გადამცდა. მიმოვიხედე, მხედავენ მეთქი და ნამცხვარი გვერდზე გადავდე. ველოდებოდი მისგან თემის კრიტიკას.
ისე არ გაიგოთ, დეპრესია მაქვს. ხანდახან ისე მომდომებია მისი აკიდება, – ბოლომდე ჩართვა თუნდაც რამე უარყოფითში, მისივე განტვირთვის მიზნით, – მაგრამ ადამიანს, რომელსაც გაორება აქვს, დეპრესია არ ემართება. სულ არსებობს მოცინარი ”მე”, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს საქმის თუ თავის წინაშე და ზღვარს ვერ გადადის.
აი, ვერასდროს გადავდიოდი ზღვარს. სიტუაციებს იმდენად ვაბალანსებდი, რომ თვით ცნება ”დაბალანსებაშიც” არ ვიყავი რადიკალური.
გაორების გარდა, ამ ბოლო დროს, პარანოია დამჩემდა. აი, ახლაც მგონია მაგიდის კიდესთან პაზოლინი მიზის და ჩვეული ნატურალიზმით ცდილობს გადმომცეს. თავი მის სცენარში მგონია და ვუყურებ საკუთარ კინოს. აი, ახლაც, მედეას კივილით საკუთარ სამარეს ვთხრი, თეორემაში რომ ჩავწვები და მიწას ზემოდან ვიყრი. გვამიც არ ვრჩები, უკეთეს შემთხვევაში სასუქი, კარტოფილს რომ ანოყიერებს. შემდეგ შედის კაფეში და ითხოვს: ”კარტოფილის პიურე, თუ შეიძლება”. მე კი თავს მის ლუკმად ვგრძნობ.

ცარიელ გვერდებზე

“და როცა იქცა დომინანტურ სახელმწიფოდ, აიტაცა თავისი ფესვები და დაეფნა ჩანთაზე. კატა ფარდაზე ცეკვავს. კოქტეილის გემოში ქოლგა ჩავარდა. კოშკი ნამცხვარია ბათო ყაენთან. ხოლო შემდეგ მიაღწია ბათო ყაენის რეზიდენციას და აიძულეს რა გამწმენდ კოცონს შორის გაევლო მეფის რეზიდენტს. ყაენმა წერილი წაიკითხა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია, როცა იქ ცერემონიალი მიმდინარეობდა. მისი ბერი ნამდვილი ელჩების გამოგზავნას ურჩევდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაყვება ლუი IX–ს შვილიშვილი 1288 წელს ელჩს ეგვიპტეშიო,” –

სასემინარო ნაწერი ვიპოვნო, სადაც გადასამეორებელი ლიტერატურა და ჩემი ლექცია ერთმანეთში იყო ათქვეფილი, ათქვეფილი იყო  ისტორია და აწმყო. თუ იმჟამინდელ ხმებს გავითვალისწინებთ, გარემოც მიწყობდა ხელს. სამხედრო შტაბთან გვიწევდა სწავლა და იქვე სამხედროები იარაღებს ცდიდნენ. გაცრეცილ პალტოიანი ლექტორის ხმა ისევე ესაბამებოდა სროლის ხმას, როგორც ფაშისტურ ფილმებშია. დავფიქრდი, რა განსხვავებაა დრამასა და ცხოვრებას შორის –  მაკიაჟი. ფილმებში დეპრესიულ ხალხს, გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ ცხოვრებას მიხედონ, ოთახიდან ცხვირი გამოყონ და მოსცილდნენ ფუმფულა ბალიშებს. ცხოვრებაში კი ფუმფულა ბალიში გაყვითლებულ არარაობად იქცევა, რომელსაც შენი ოფლის სუნი ასდის და არც ომში ტყვედჩავარდნილ ქალებს პარსავენ ფეხებს. სამწუხაროა.

იმ დღეებში დიდ დეპრესიაზე მქონდა ლექცია. ლუკმისთვის რიგებზე და შეგუებულ ორგანიზმზე: თუ არ გშია, ე.ი. გუშინ ჭამე. და რიგში ლოზუნგად ქცეულ ჭეშმარიტებაზე: “თითოეული საკუთარი თავისთვის და ეშმაკსაც წაუღია უკან მდგომი.” ეს კი როცა აქციები იყიდეს, გაყიდეს, იყიდეს, გაყიდეს, იყიდეს, გაკოტრდნენ. როცა გაკოტრებული მოსახლეობა გაკოტრებულ ბანკებს შესცქერს, ისინი კი, თავის მხრივ, მოსახლეობაზე ამყარებს იმედს. “შავი ხუთშაბათი”. “საშინელი სამშაბათი.” მასობრივი თავის მკვლელობები. ’29 წელი. არავის ელაპარაკები, იმიტომ, რომ არავინ გისმენს. არავინ გისმენს, იმიტომ, რომ მოკვდი. თურმე ბრაიან ო’ქალაგანი წამიკითხავს მაშინ: ნიუ–იორკი. შენობიდან შუა ხნის კაცი ასულა. ხალხი დაბლა შექუჩებულა. ოთახიდან გაბედული პოლიციელი აწყნარებდა, რომ არ გადახტეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. ის კი გაკვირვებული უყურებს, გადახტომას არ ვაპირებ, ფანჯრის მწმენდავი ვარო.

 იმ პერიოდში ჩემი სტუდენტობა რომ მთავრდება, კონსპექტების გადათვალიერება ნატურალურად მოხდა. რვეულის კიდურებში მიმიწერია ფრაზები: “გარეგნობა ყველაფერი არ არის,”–თქვა პინოქიომ და სარკეს მოშორდა” ან “ფული მთავარი არ არის”, – თქვა რძალმა და ჭერს ჯამი მიუდგა”. თურმე მოთხრობის დაწერას ვაპირებდი ბოლო იმპერიაზე, სადაც საფრთხე იყო წითელი, თხელი შიდა კედლებით, რომლებსაც ყურები ჰქონდათ, იმ ბოლო იმპერიაზე, როცა მე ვიბადებოდი. ბავშვობისდროინდელ “რუსკოე სლოვოზე”, მერე მის ალტერნატიულ ვერსიაზე,  “ფოლადის გონებაზე”. მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, ერთმანეთთან როგორ დამეკავშირა. მერე როგორც მოსემ მოატარა უდაბნო ებრაელებს 40 წელი, ისე გაგვატარებენ პრეზიდენტები წრეზე, უკანასკნელ საბჭოელსაც ასე მოკლავენ და აღთქმულ მიწას მივიღებთ. მაგრამ ეს ტკივილიანი ილუზიაა, სადაც მამის სიკვდილი ამნეზიის დამართვას ნიშნავს, თვალის დახუჭვაა სამყაროს ციკლურობაზე.

მეორე ნოველის დაწერასაც ვაპირებდი, დეტექტივი იქნებოდა, რაღაც ამგვარი:

“ხომ იცი, რაც ებედა, არ ასცდებოდა, უბრალოდ დაემთხვა, რომ მე ვესროლე,”– შეიშმუშნა იგი და მრ. ჰომლსს სიგარა გაუწოდა.

“ვოთსონ, ბედი ხომ არ დაგვეკითხა?”

“დიახ, მრ. ჰომლს”, – მიუგო და ოთახში სკამი შემოიტანა.

“აი, ძვირფასო პრეზიდენტო, თქვენი კოლეგა – მრ. ბედი. სერ ბედო, გაიცანით მბრალდებელი,”– მრ. ჰომლსმა სიგარის ნამწვავი სავარძელზე დააგდო.

“ეს ჩემი საყვარელი სავარძელი იყო, როგორ–ღა ვიპრეზიდენტო?” – წამოვარდა პრეზიდენტი ქოშინით.

“ბედმა ქნა მისტერ.”

იმ საღამოს ეჭვმიტანილი გამოტყდა დანაშაულში და ყველანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ მორიგი არჩევნები არ მოეწყო.”

როცა ამას ვწერდი, შემოდიოდნენ ლექტორები და საუბრობდნენ, რას გვიშვრებოდა ცივილიზაცია. ვფიქრობ, დასკვნების გამოტანის ორი ვარიანტია: მთელი ცხოვრება ეწირება ადამ–ევასეული სტატუს–ქვოს აღდგენის შედეგიან თუ უშედეგო მცდელობებს ან მთელი ცხოვრება ეწირება ახალი სტატუსის შექმნას გავლენის სფეროების მოსაპოვებლად  წარსულისგან დამოუკიდებლად.

სტიმსონს შევეხეთ . 1932 წელი. ვენის კონგრესზე. მიმიწერია, რომ უარს ვამბობდი აზრებზე, რომლებიც მოგახვიეთ, გახვევთ და რვეულის (თუ ბლოგის) ბოლომდე გავაგრძელებ. უარს ვაცხადებ ჩემს აზრებზე, რომლისაც მჯერა. დაიტოვეთ, ულვაშები მიახატეთ და რქები. დააწერეთ ზურგებზე: “kick me” ან დახიეთ. და რადგანაც სტიმსონზე ვთქვი, უარს ვაცხადებ იმ აზრებზე, როლმებიც წაგართვით. მეტს აღარ ვიზამ.

ქარაფშუტა

 

 1#.  როგორ მენგრევა ცხოვრება?!

გამომიმუშავდა, რომ, როცა პრობლემა მაქვს, ცხოვრებას მაყურებლის სავარძლიდან ვუყურო. იმ ფილმივით, სადაც ეკრანია შავ-თეთრი, დიალოგები ტექსტებით მომეწოდება და რაც მთავარია, ჩქარი კადრებით ინაცვლებს. მე ვუყურებ, როგორ მისხლტება ფეხი  ტექნო მუსიკის ფონზე. ვიღიმი. იმ ძირითად ინსტინქტებს შორის, რომლებიც ადამიანს აქვს, თავდაცვის, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის მე არ მაქვს.

წყენას გულში არასდროს ვიდებდი. კამიუს იმ ლიტერატურულ პერსნაჟს ვგავდი, ტრანსპორტში მგზავრებს ადგილს რომ უთმობს და თბილად უღიმის მათაც, ვინც აწყენინა, არა იმიტომ, რომ კეთილშობილია, უბრალოდ არ ახსოვს. მერე გადავწყვიტე ძალით დამემახსოვრა, ხალხს უთავმოყვარეო არ ვეგონე მეთქი და გაბრაზებულ სახეს ვიღებდი. თავიდან მეღიმებოდა, მერე შევეგუე. ბოლოს კი, როგორც ხდება ხოლმე, როლი იმდენად შევითვისე, ჩემი ნამდვილი სახე ვიპოვნე.

 ვიხსენებ, რამდენი დაბადება მქონია. მეები მუდამ კვდებიან და იბადებიან. არ ვიცი, ვიღაც წერდა, მთელი ჩვენი ცხოვრება მკურნალობაა დაბადების შოკიდანო. ჰო, დაბადებები სწრაფად ხდება, მაგრამ წინაპირობებიც აქვს. ზოგი მე ისახება, ზოგი კი სპერმასავით კვდება და თხევად სითხედ გამოდის. მე გამოვდივარ სცენაზე და ვყვირი: ”ღმერთი მოკვდა, გაუმარჯოს ღმერთს!” მათრევენ კულისებში და მეუბნებიან, ქარაფშუტა ვარ.

ვიჯერებ და სათანადოდ ვიცვამ. თან ვიცი, რომ იცვლება პირობები, მაგრამ მე მე ვარ. არ იკარგება არასდროს, მაშინაც კი, როცა გაორებაზე ვსაუბრობ. ალბათ შეუძლებელიც კია, ის დაიკარგოს. მას უბრალოდ უპირისპირდებიან სტატუს-ქვოსთვის საზღვართან. მე ვცდილობ მაყურებლის როლს ფილმისთვის ”როგორ მენგრევა ცხოვრება”. გადავწყვიტე დავნგრიო სხვები.

2#. როგორ გავხდი დონ კიხოტი?!

ადვილი ასახსნელია, გაცილებით რთულია, რატომ? ჩემი ცხოვრება ტრადიციული გზით წავიდა, – ცხოვრება წიგნებში ვისწავლე. როცა დრო მოვიდა, გადავწყვიტე საკუთარი პერსონაჟი შემექმნა და რვეული ავიღე, მზიურის წინ რომ მიწისქვეშა გზაა, იქ რომ ვიყიდე. იმისთვის, რომ რამე დამეწერა, ცხოვრება უნდა მქონოდა. ბოლოს გადავწყვიტე ისევ წიგნებზე მეწერა. კრიტიკოსი გამოვედი. ჩემ ირგვლივ ბევრი მზა წიგნი იყო. მათ შორის მოსიარულენი და მოლაპარაკენი. ადამიანები უკვე შექმნილი ხელოვნების პროდუქტები იყვნენ და მეც ვარჩევდი იმისთვის, რომ წაკითხვის ნება მოეცათ, ამისთვის თავი უნდა მომეწონებინა.

აქ კი უკვე ინდივიდუალური სცენარი იქმნებოდა. პერსონაჟთა ათქვეფას, ანუ მათი თვისებები ერთში გაერთიანებას ცოდვად მივიჩნევდი. ჩვევა მქონდა მათი გამოგონებისაც. საკუთარი თავიც გავიხადე მუზად და ისევე არ ვურევდი მეებს ერთმანეთში, როგორც ადამიანებს.

როგორც ავტორი ხშირად მოქმედებებში ვირეოდი. საკენკს ჩავყრიდი ხოლმე და მერე დამოუკიდებლად მიდიოდნენ. მსვლელობას კი საკუთარი ემოციურობით ვცვლიდი: გამოხტომებით. რაზე ვწერდი? ვერ ვიტანდი ღალატს და ეგოიზმს. თუ შევნიშნავდი ვინმეს ამ საქციელით, ვახმოვანებდი. მერე ისევ მე მომხვდა, მეუღლეებსაც ერჩივნათ სიჩუმე და ყველა თავის ვაის აქებდა. ერთ-ერთი ასეთი სიუჟეტის მერე საკუთარი ნაწერები გავანადგურე. ჩავიკეტე.

თავი დამანებეთ, – ვეუბნებოდი ყოველ შემხვედრს: მე არ დავწერ თქვენზე. ხელოვნებაში რომ დაფარული ქვეცნობიერი ყველაზე მეტად ჩანს, არ ვეთანხმები, რადგან ის თვითრეალიზაციის საშუალებაა. მასში ჩანს არა მხოლოდ თავი, არამედ საზოგადოების ინტერესი და სხვა.

მირეკავდნენ რეალური პერსონაჟები, წერა გავაგრძელოთო. ტელეფონს ხმას ვუწევდი ან ვთიშავდი. თავად მაშინ არ ვწყვეტ ხოლმე რეკვას, თუ იმ ადამიანის სურვილს პატივს არ ვცემ.მეუბნებიან, რომ ჩემზე დაწერეს, მე კი სულ მავიწყდება თუ მეზარება რომ ვნახო. ან რაში მაინტერესებს.

3#. როგორი ვარ კონფორმისტი?!

ქუჩაში გიცდიდი.
როცა ზამთარია, საშინელი სანახავი ვარ, უფრო სწორედ, უჩინარი: თვალებამდე ჩამოფხატული ქუდით და აჩაჩული კაშნეთი. რომელი საათიაო, მკითხა. თეთრი გოგონა იყო, დასამახსოვრებელი. ჩემზე ოდნავ დაბალი. ხალისიანი ხმა ჰქონდა და მეც ხალისიანად მივუგე.
”ხუთი ხდება”.
”არ მიყვარს ლოდინი”.
რთული იქნებოდა ჩემგან სიმართლის თქმა: მე მიყვარს ლოდინი. ანუ არაფრის კეთება. მიყვარს, როცა დროს ვკარგავ. თან მარტოობის შეგრძნებაც იშვიათად მაწუხებს. ასე რომ, ვერავინ დამაბრალებს დაგვიანების გამო რომ ვუსაყვედურე. სინამდვილეში, თავიდანაც ხშირად ვიგვიანებ და არც მინდა უსამართლო ვიყო.
თვითონ ვიღაც ბიჭს ელოდებოდა, მე – გოგოს. ის ბიჭი არ მოსწონდა, უბრალოდ ხვდებოდა. ასე მითხრა. როგორც გვალოდინებენ, ჩვენც ისე ვალოდინოთო და კაფეში წავედით. მე ყველას ვუთმობ.

4#.  დეპრესიის სკალა 

თითქოს დეპრესია არ მაქვს. იმდენნაირი ემოცია მაქვს, ჩემნაირ ადამიანებს ეგ არ სჭირთ. მაგრამ წინა კვირას ტესტი მაინც ჩავიტარე. საპირისპირო აჩვენა და თავიდან დავფიქრდი. ეს ტ. ი. ბალაშოვის ტესტია ნარკოლოგიური განყოფილებისთვის. ტესტების არასდროს მჯეროდა, მაგრამ მაინც სცადეთ. მასში მონაწილეობა ასე ხდება: ვუპასუხოთ დებულებებს შემდეგი ქულებით:

*არასდროს, იშვიათად = 1 ქულა

*ზოგჯერ = 2 ქულა

*ხშირად = 3 ქულა

* სულ, ყოველთვის = 4 ქულა

გაითვალისწინეთ, რომ

დდ= E(პირდაპირ)+E(პირუკუ).

სადაც, E(პირდაპირ) არის გახაზული ციფრების ჯამი: N1,3,4,7,8,9,10,13,15,19 პირდაპირ დებულებებზე, ხოლო E(უკუ) არის შემდეგი ციფრების ჯამი:  N2,5,6,11,12,14,16,17,18,20 უკუ დებულებებზე. მაგალითად, თუ N2 დებულებაში გახაზულია 1, მაშინ 4 ქულას ვიწერთ.

1. თავს ვგრძნობ ახლა უგუნებოდ, დათრგუნულად.

2. დილით ყველაზე უკეთ ვარ.

3. მაქვს ხოლმე ტირილის ან აცრემლებიც პერიოდი.

4. ღამით ცუდ სიზმრებს ვხედავ.

5. ცუდი მადა არ მაქვს.

6. მსიამოვნებს კაცთან (ქალთან) ყოფნა, ყურება, საუბარი.

7. ვკარგავ წონას.

8. ჩაკეტილობა მაღელვებს.

9. ვიღლები ყოველგვარ მიზეზგარეშე.

10. გული მიცემს ჩქარა.

11. ვაზროვნებ საღად, როგორც ყოველთვის.

12. მიადვილდება იმის კეთება, რისი გაკეთებაც შემიძლია.

13. მოუსვენრობას ვგრძნობ, ვერ ვჩერდები ადგილზე.

14. მაქვს მომავლის იმედი.

15. ახლა უფრო გაღიზიანებული ვარ, ვიდრე ჩვეულებრივ.

16. იოლად ვღებულობ გადაწყვეტილებას.

17. ვგრძნობ, რომ საჭირო და აუცილებელი ვარ.

18. სრულყოფილი ცხოვრებით ვცხოვრობ.

19. სხვა ადამიანები უკეთ იგრძნობდნენ თავს, მე თუ მოვკვდები.

20. მე დღემდე მახარებს ის, რაც ყოველთვის მახარებდა.

მაშასადამე, 50 ქულამდე – თქვენ დეპრესია არ გაქვთ.

50-59 ქულა – სიტუაციური ან ნევროზული გენეზის  მსუბუქი დეპრესია.

60-69 ქულა – სუბდეპრესიული მდგომარეობა ან მდგომარეობა ან ფარული იდეა

70 ქულაზე მეტი – ჭეშმარიტი დეპრესია.

გისურვებთ წარმატებას! 

იქ, სადაც

უფუნქციო ნივთად ვიქეცი.
ვადა ჩემს ჩაისაც გაუვიდა, ხელებთან რომ მიდევს.
მეზარება მისი აწევა, დალევა და სხვ.
ცივი ვარ მისავით.
ხელებს ვიფარებ სახეზე, რომ გავთბე.
დამებლანდოს თვალები სინათლისგან შეუჩვევლობით.
მხოლოდ ვფიქრობ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე
ქუჩების ქაოსში.
მივდივარ დასკვნამდე, რომ მოძრაობა მიჭირს.
დავდივარ დასკვნამდე, რომ
სიყვარული სისასტიკის გარეშე რა სენტიმენტალურს მხდის.
ზედმეტ ენერგიას ვგრძნობდი და იმდენად არ ვავარჯიშე,
რომ ჭიქის აწევა მეზარება და სხვ.
შეიძლება არსებობს ბედნიერება
იქ, სადაც ნერვები იყრიან თავს.

მეებში

ვიღრიალე. ვიღრიალე. ვიღრიალე.

ვიღრიალე. ვიღრიალე. ვიღრიალე.

ვიღრიალე. ვიღრიალე. ვიღრიალე.

ვიღრიალე. ვიღრიალე. ვიღრიალე.

ვიღრიალე. ვიღრიალე. ვიღრიალე.

ვიღრიალე. ვიღრიალე. ვიღრიალე.

დაგროვილი დუმილიდან, სიჩუმიდან,

მოუთმენელი დეპრესიებიდან, სიწყნარიდან,

სიბნელიდან ვამბობ: დავმშვიდდი!

დაგროვებული ემოციებიდან, მიზნებიდან,

მოთმენილი ჩახუტებებიდან, სინაზიდან,

წყენებიდან ვამბობ: დავმშვიდდი!

(ტრისტან ტცარას)

ზაზუნას დღე

”ჭეშმარიტად ეს იყო თავიდან ერთი ადამიანი. არ იყო სხვა არაფერი…. მან გაიფიქრა: ” ახლა მე შევქმნი სამყაროებს”…. მან შექმნა სამყაროები…. მან გაიფიქრა: ”აი, სამყაროები, ახლა მე შევქმნი სამყაროს მცველებს”.
(უპანაშვიდები)

მერე ადამიანმა თავად შექმნა სამყაროები და დაუდგინა მათ სამყაროს მცველები.

” რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი. ”
(ეკლესიასტე)

მყავდა ადამიანი, რომელიც აღარ მიყვარს. მაგრამ შეგრძნება მაქვს, რომ დაუსრულებელი საქმე მაქვს მასთან. როგორც იმ ფილმშია, ყველაფერი წრეზე ტრიალებს, მხოლოდ სახელები იცვლება. ალბათ წარსული შეცდომათა გამოსწორების შანსს იძლევა. სტერეოტიპული მოქმედებათა წრე ჩიხამდე მიდის. ფიქსირებული აწმყოს დანახვით ვხედავ მომავალს. მე ვარ.

”სამხრეთისაკენ მიჰქრის ქარი, გაბრუნდება ჩრდილოეთისკენ; ბრუნავს, ბრუნავს ქარი და უბრუნდება ისევ თავის წრეს.”

(ეკლესიასტე)

პირველად დაიბადა განწყობა. განწყობა ატრიალებს სამყაროს. ცარიელი, საგნობრივი შინაარსისგან დაცლილი მოთხოვნილება ვერ შემცვლის. განწყობამ დინამიურობა მოიშორა. ესაა პირველი გზა დეპრესიისკენ. მანამდე მაინც, სანამ ახალ იდეას მოვიპოვებდე, მორიგი განწყობის დასამზადებლად. თუ კაცობრიობა ვითარდება სპირალის მსგავსად, კონკრეტული ინდივიდის სვლაც ამ გზით ხდება.

ერთიანი სიცოცხლე თავისი მრავალფეროვანი ვიბრაციებით, როგორც არსებობის ჩანასახი, მოცემულია მინერალში, მცენარეში – როგორც ჩანასახი მგრძნობიარობისა, ცხოველში – როგორც ჩანასახი აზრისა, ადამიანში – როგორც ჩანასახი სულისა.
ალ. კლიზოვსკი