კიკნაძის ჩაწერილებში სააღდგომო კვერცხების ქართული წარმომავლობა მოვიძიე, ამბავი ძმებისა, დიდი მარხვის პირველ კვირაში კვერცხებს ცეცხლზე რომ შედგამენ და ორმოცი დღით ჩაეძინებათ, გაღვიძებულზე კი აღმოაჩენენ, რომ კვერცხები წითლად შებრაწულიყვნენ. მე არ ვარ იუნგი მითებისგან არქეტიპები რომ შევქმნა და არც ლევი სტროსი, არქეტიპებს შევეწინააღმდეგო და ისინი სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტში განვიხილო, მაგრამ როგორც მოყვარული კომპარატივისტი, ამ პროფესიის განსაზღვრებას საყვარელ წინამორბედს დავესესხები: ნაკლებადაა ჩემი ინტერესის სფერო კერძოდ სამოთხე ან კერძოდ ჯოჯოხეთი, არამედ, მათი ურთიერთმიმართება, – ამიტომ ასე დუალისტურად მაღფრთოვანებენ მითები, რომელთა გაგებისთვის დამატებითი თქმულებებია საჭირო, იქნება ეს წითელ კვერცხებზე ამბების დაკრეფა თუ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის ერთმანეთით ჩანაცვლება.
ამიტომ დავხატე გოლუმის გარეგნობის მქონე ნოე, რომელმაც ათი საუკუნე განვლო და ქედივით თეთრწვეროსან კაცად ვეღარ წარმოვიდგინე; წმინდა გიორგი, რომელსაც ჰარი პოტერის ჯადოსნური შუბი აქვს და სამძიმირის ნაცვლად ჰერმიონას იხსნის გველისგან. (ინსტაგრამი) გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მსურდა ქრისტიანობის შეურაცჰყოფა, პირიქით, ქრისტიანობის პოპ კულტურასთან ადაპტირება. ავხსნი: ეკლესიისა და მრევლის სიჭარბის მიუხედავად, იმ სივრცეში სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, იქნება ეს სამეზობლო წრე, სამუშაო ადგილი, სანათესაო თუ სამეგობრო, ათეიზმი უკვე კომფორმიზმია და თუ როდისმე ვნახავ ადამიანს, ვინც ტაძარში წაყოლას მთხოვს, ჩემთვის საკმაოდ უცხო, მასისგან გამორჩეული ნაბიჯი იქნება. მაგრამ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად საუბრობს რელიგიის ზღაპრულობაზე უარყოფითი კუთხით, როდესაც ფენტეზი მათი საყვარელი ჟანრია ეს ორმაგი სტანდარტები კი ისეთივე ალოგიკური მგონია, როგორც ბერიკაობის მომხრეთაგან ჰელოუინის კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ აქვს ეროვნული ფუძე. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე რიტუალი მკვდრების ერთი მიმართულებით აღდგენას ეხმიანება. პირადად მე, იმდენად მხიბლავს კოსტუმირებული წვეულებები, თანაც თუ ჰორორის ფონზე მიმდინარეობს, რომ შემიძლია ნებისმიერ აქტივობას შევუერთდე, მითუმეტეს, თუ გადაცმული საღამოები დასაშურებელია საქართველოში. ხოლო როდესაც ვუყურებ ამ ჩემს ქვეყანას ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც მაგია არ აინტერესებთ, სანახევროდ ადამიანებს და სანახევროდ მაგებს და მაგებს; მაგებს ანუ მრევლს რომლებიც უკვე თავის მხრივ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად. მე ხომ არ მაინტერესებს ტოლკინის, როულინგის და სხვა ფანტაზიორთა სამყარო რამდენად არსებობს და ისე მხიბლავს, შესაბამისად, თომას, იოანეს და სხვა მოციქულთა ამბების სინამდვილე ნაკლები ინტერესის საგანია.
აღდგომა ვახსენე და დღესასწაულებისადმი პროტესტის მიუხედავად, ჩემი საყვარელი დღე სულთმოფენობაა. ის, რაც დავითაშვილთან არის აღწერილი, მჭედლების გრდემლზე დაკვრა სწორედ ამ მოძრავ თარიღთანაა დაკავშირებული. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი მჭედლიძეობის გამო სისხლის ყივილს ვგრძნობ; ან მთიულეთში ხშირი ქეიფის გამო, როცა ნებისმიერი ვახშმის დროს, როგორც გურულებს აქვთ მშვიდობის სადღეგრძელო პირველ ადგილზე, ჩვენთან იძახიან “მივაგებოთ”-ს, “მათ ხელთ ყოფს” და სვამენ; ქორწილის რიტუალებშიც კი წინაპრების სულების მოგონებითაა სუფრა გაჭედილი და კაი სინტოელივით ტაძრის ნაცვლად გვარის სალოცავებში ლოცულობენ, გენეტიკაა ორივესთვის მთავარი ღმერთი და სულთმოფენობა ვეგანური დღესასწაული, ბუნების ზეიმი. ამიტომ მიკვირს ხალხისგან, ვისაც სინტოისტური ფილოსოფია ხიბლავს, ჩვენთან აღნიშნულ წინაპართა და მცენარეთა დღეს რომ ვერ ამჩნევენ. დღეს, როცა ყვავილების დაჭერისას ვლოცულობთ, თაიგულებს ერთმანეთს ვუნაწილებთ და სხეულს ამ მცენარეებისგან ვიბანთ, მერე ჩვენთან შერწყმულ ყვავილების ნახარშს ბუნებას ვუბრუნებთ და მცენარეებს მოვრწყამთ, ჩვენს სხეულებთან ერთად რომ ამოიზარდონ. ქრისტიანობამ თუ ადამიანი მიწა-ბუნებას მოაშორა, მზისა და ზეცისკენ სწრაფვა მისცა, სულთმოფენობაზე გამონაკლისი დაუშვა და გაამიწიერა. პატრიარქს აკრიტიკებენ, რომ მაგიური რიტუალებისკენ მოწოდება დაიწყო, ბოლო დროინდელი ქადაგების გარდა, მანამდე ისაუბრა თანადროული სიტყვების აღვლენაზე და სხვა. მაგრამ ჩახედულმა პირმა იცის, რომ მაგიას აქვს განხრაც, როგორც წრეებში უწოდებენ “საეკლესიო მაგია”. მაგალითად, ნალოცავი სანთლის ტაძრიდან სახლამდე მიყვანა და კარის ჯვარის ფორმით ამოწვა. და თუ კლასიკურ განსაზღვრებას დავეშურებით რელიგიისა და მაგიის განსხვავებებზე, რომ რელიგიისას ადამიანი მიიწევს ღვთაებრივისკენ და მაგიისას ღთაებრივი მოიწევს ადამიანისკენ, სულთმოფენობა ორივეს ნაზავია, ბუნებრივისა და ადამიანის ნაზავია. მე კი ძალიან მწყდება გული, ამ დღესასწაულის არასათანადოდ დაფასების გამო. ვწუხვარ იმიტომ, რომ ამ დღეს მე არავინ მაჩუქებს მინდვრის ყვავილების თაიგულს და არავინ მეტყვის რომ შევერწყა ჩემს წინაპარ ბუნებას.
Tag Archives: დედამიწა
რატომ ვკითხულობთ წინასწარმეტყველურ რომანებს? ავრორას მაგალითი
გუდრდსში ერთი კალუსტროფობიული ავტორი გავიცანი ჯ.ს. ჯენსენი, რომელმაც “ავრორას აღზევების” (“aurora rising”) ტრილოგიის მეორე წიგნი “თავბრუსხვევა” (“vertigo”) რამდენიმე კვირაა რაც გამოსცა ასევე პატარა სივრცის მოშიშარი მკითხველებისთვის, ხოლო პირველი ნაწილი “starshine” სადღაც ნახევარი წელია არსებობს.
თუ პეიზაჟის თემა რომანში შევიწროვდა, კოსმოსის აღწერა ჯერაც აქტუალურია. მითუმეტეს ჩემთვის, რადგან ვარსკვლავების დათვლა მესიამოვნება. ტრილოგია წარმოადგენს სამეცნიერო ფანტასტიკის წინასწარმეტყველურ ჟანრს და რძიანი გზის კოლონიზაციას, როგორც მე ვიტყოდი, კაკაოდ ქცევის ვარიანტია. ავტორი ჯერ გვთავაზობს რუკას და მთელი რომანების მანძილზე ნახაზებზე ცვლილებების შეტანას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნები მომეწონა, ვისურვებდი მეტი ფუტურისტული ფრაზის, თუნდაც პროფესიული სლენგის წაკითხვას. ასეთი სნობი ვარ. ხოლო მიზეზი, რატომაც წიგნებმა ჩამითრიეს, გახლდათ მუდმივი შიშის ქვეშ ყოფნა, რომ ისედაც ომიანობის დროს იცი, რომ შენ თვალწინ გადაიჩეხებიან შავ ხვრელში უცხოპლანეტელები და ადამიანები, რა მოხდება თუ დედამიწის, მთვარისა და მარსის მასა გაერთიანდება, თან როგორ დასრულდება საიდუმლო პორტალის ძიება – ანუ შინაარსი. შინაარსი კი ნოვატორული იმდენად არ არის, რამდენადაც დაფუძნებულია სხვადასხვა ვიდეო თამაშებზე. მაგრამ ძალიან ბევრი ინფორმაციაა შეკრებილი, რაც უკვე შემეცნებითია.
წიგნის ზოგადი შინაარსი:
2300-იან წლებამდე დედამიწა გავიდა კოსმოსში და საკუთარი ალიანსი (Earth Allience) შექმნა სენექანის ფედერაციისა (Senecan federation) და დამოუკიდებლებს (independents) შორის. მთავარ როლშია ა) ხომალდის მძღოლი და კოსმოსის მზვერავი ალექს სოლოვი, რომელიც წარმოადგენს დედამიწას, არის მებრძოლი ოჯახიდან; ბ) სენექანის რესპუბლიკის საგანგებო ოპერაციების ინფორმატორი აგენტი ქალებ მარანო. ისინი ბრალდებულნი არიან ტერორისტული აქტისთვის და ქვაკუთხედად ნებულას პორტალის გახსნას ისახავენ, რომელიც თავის თავში კაცობრიობის წარსულსა და მომავალს მოიცავს.
ამაზე გამახსენდა, რომ ავტორის ბლოგინგიდან, სადაც რომანებს პოსტებს მოაყოლებს, გამოაქვეყნა სტატია თუ რა ისწავლა ტრილოგიის წერისგან. ამ და საკუთარი მკითხველობითი ლეველიდან გიზიარებთ:
1. თუნდაც მთელი დღე გუგლის ყოველი ნახვრეტის ხმარებაში გაატარო, ეფბიაის კარებზე არ მოგაყენებს (და ალბათ არც ნასას), რათა ლაზერული იარაღების გამოცდაზე მოგიყვნენ ან ჰაკერულ უნი ვირუსებზე. აქ ავტორს იმედი აქვს, რომ ეფბიაი მის კართან მართლაც არ მივა ამდენი ასაფეთქებლის დაგუგვლის გამო.
2. მკითხველთა ნაწილს არ მოეწონა ფინალი ე.წ. მაგნიტური სტილით. არა და ეს ხერხი სერიული წიგნების შემთხვევაში მომდევნო ნაწილის გაყიდვაში უკეთ ეხმარება, ხოლო ავტორს უყვარს მაგნიტური სტილით დამწყვდეული ტიპები და მადლობას უხდის მათ.
3. ჩემთვის სამწუხაროდ, ვისაც დიალოგებიც კი სამეცნიერო ლიტერატურაში ნერვებს უშლის, პეიზაჟებად ჩართული ურთიერთობების გარჩევები მაღიზიანებს და “ლოუ ტექის” კატეგორიაში გამყავს, და ამის თვალსაჩინო მაგალითი ჩემთვის ლათინური საი ფაი სერიალი “კიდობანი” იყო (პირველ სეზონში თუ კიდობანი ოკეანედ ქცეულ დედამიწაზე თევზების სხვადასხვა სახეობას გვაცნობდნენ, მეორე სეზონში “დედაჩემს რატომ უღალატე” გარჩევები დაიწყო), – ავტორი სწავლობს, რომ რამდენი კიბერნეტიკული პოზიციაც არ უნდა აღწეროს, პერსონაჟს დიდი მნიშვნელობა აქვს და ნეტა არ ესწავლა. იმდენი გამოუსადეგარი პერსონაჟი გვხვდება თუ “იარაღი”, რომლებსაც “არ გაუსვრიათ” ან მესამე ნაწილისთვის ინახავენ თავებს.
4. აღარაა საჭირო ტრადიციული გამომცემლობა პოპულარობისთვის, ყოველთვის გამოჩნდებიან სამეცნიერო ფანტასტიკის ნერდები დასავლეთ ნებრასკაზეც კი, აქვე არსებობს იმედი, რომ “სტარშაინმა” ადამიანი ლოთობისგან იხსნას.
მართლაც, რომელი ოცდამეერთელი არ ისურვებდა სასიყვარულო თავგადასავალს გალაქტიკურ წვიმებში, ბოლო-ბოლო მთვარის შუქი ხომ შეყვარებულთა ფეტიშია, მაგრამ შთაბეჭდილება მექმნება, რომ მწერლისთვის ურთიერთობებზე წერა გაცილებით ადვილად გამოსდის და პროფესიული სლენგის უქონლობის ორმოს ამოავსებს.
მიუხედავად ამისა, გუდრიდსში რომანებს მაღალი შეფასება მივეცი, რამდენიმე მიზეზის გამო:
1. სუბიექტური მიზეზია. ვიცი, რომ დიდი ხანია კოსმოსური ფანტაზიით არ მიცხოვრია და უფრო დიდი ხანია ასეთი აღფრთოვანებით წიგნი არ წამიკითხავს. თუმცა გუდრიდსში მონიშნული ასტრონომ-ასტროლოგიის დოკუმენტური წიგნებით ვასკვნი, რომ, მართლაც, კოსმოსი ჩემი ფეტიშია.
2. როგორც ავტორის ქმარი აკომენტარებს,”ომი და მშვიდობაზე” ადვილად მაინც იკითხება ეს წინასწარმეტყველური ჟანრიო.
3. ეს ქალი მართლა ბევრს შრომობდა, თუნდაც საკუთარი სახელების შერჩევაში. შრომის დაფასებასთან ერთად ამან თამაშის აზარტი გამიჩინა და კითხვის კვალდაკვალ ვგუგლავდი ამ კერძო სახელებს – იქნება სიმბოლოების ახსნისგან სპოილერი მიმეღო. ასევე დამიგროვდა ვერსიები ტრილოგიის მესამე ნაწილთან დაკავშირებით.
4. გადმოსცა ის, რისი თქმაც უნდოდა, რა ფაქტორიც, ყველაზე მნიშვნელოვანია მწერლისთვის.
ერთხელ ერთმა ნაცნობმა დაასკვნა, რომ ფანტასტიკურ ნოველებს, მხოლოდ უპრობლემო ადამიანები კითხულობენ და ჩემი ჩართულობაც პირადული ცხოვრების არ ქონის გამო მოხდა. მაგრამ თუ უფრო ღრმად დავფიქრდებით, რატომ აინტერესებთ ადამიანებს წინასწარმეტყველება და ამისთვის თუნდაც ყავაში იხედებიან? ან რა სარგებლობა მოაქვთ ადამიანებს, რომლებიც მომავლის დაგეგმარებაზე წერენ? ჯ.ს. ჯენსენი ასეთ პასუხს იძლევა: we need someone to dream.
ნუთუ მხოლოდ ამიტომ? რაც შეიძლება მეტი რეალობა უნდა შეიქმნას, რაც მომავლის მომზადებაში, დაგეგმარებაში დაგვეხმარება. როგორც, თუნდაც, თითქოს არაფრის მომცემი, მკითხაობებიდან მოვლენების შესაძლო განვითარების წარმოდგენებთან გვაქვს საქმე, შანსი, რომ სხვადასხვა ვარიანტზე ვიფიქროთ. თუ ისტორია, ცნობილი გამოთქმის მიხედვით, არის “რა მოხდა”, ხოლო ხელოვნება “რა შეიძლება მომხდარიყო”, ფანტასტიკური ხელოვნება წარმოადგენს თუ “რა შეიძლება რომ მოხდეს”. და ჩვენ მართლაც გვჭირდება ამბიცია, რომ ვიოცნებოთ. უნდა ვკითხულობდეთ, რომ მოხდეს.
ვარსკვლავთგოგონა, რომელშიც ვცხოვრობ
ინდოელი ბრაჰმანები სურნელოვან ფლაკონებს ატარებდნენ, როდესაც რამე სასიამოვნო შეემთხვეოდათ, რომელიმეს იპკურებდნენ. გადიოდა ხანი და ძველი სიამოვნების ხელახლა განსაცდელად, იგივე სურნელს იყნოსავდნენ. მაგრამ მე არა მაქვს სუნამოები.
სამაგიეროდ, თმა ისევ ცის ფერად გავიფერადე, კოჭებამდე კაბის ტარებას ვერაფრით გადავეჩვიე. ისევ მეშინია ფეხების. ისევ არ ვდგავარ პოლუს ქვემოთ მყარად.
მეტეორის ნამსხვრევი გამომიგზავნეს, დოკუმენტებით და ვარდნის ისტორიით. რა უნდა მექნა, ქვა გულზე დავიკიდე. იქნებ რომელიმე ღამით მოხეტიალე წყვილმა დაინახა ვარდნისას და, – ნახე, ვარსკვლავი ჩამოვარდაო. ჩემი დაკიდების ისტორია კი მეგობრის შეკითხვით დაიწყო: ”რა გინდა გაჩუქო?” ვარსკვლავი მაჩუქე მეთქი. მინდოდა, მე თუ არ წავიდოდი კოსმოსი მოსულიყო ჩემთან.
არის ასეთი მდინარე აღმოსავლეთში – იორი – მას ძველი ადამიანები მცირე ალაზანს ეძახდნენ. დამბის უკან, ივრის არხში ტანსაცმლითვე ჩავწექი, ქვა დინებით წავათამაშე, ასე მოვნათლე. იმ მდინარეში შამაია გაწყვეტილა. ზედაპირზე იკვებებოდა და კაბის ირგვლივ ვხედავდი ხოლმე. ხანდახან ბადეში გახვეული თეთრეულაც მინახავს. შეიძლება ასე არ ჰქვია, პატარა ზომის შამაიებს ვეძახი. ჯიბის დანით აუცილებლად ვჭრიდი ბადეს თევზთა გათავისუფლებისთვის.
ვერაფრით ვისწავლე ცურვა. თავდაცვისთვის ლოდებს და ბალახებს ვეჭიდები. ამჯერად, ციოდა, ბალახი არ იყო. მინდოდა თევზები მოსულიყვნენ და ქვისთვის ეკოცნათ. ადამიანებო, გაწყდა თევზები. მეგონა, გავცივდებოდი. ვსაუბრობდი ივრის კანიონზე ჯიხოსთან, კანიონზე, რომელსაც ცისარტყელას ფერები ჰქონდა და ჩემგან ახლოს იყო. ტალღები გულზე მცემდნენ, ქვას ასე ვაბანავებდი.
საბურთალოს ქუჩაზე გავიზარდე: ყოველ დილით პიჟამოიანი ვხედავდი, როგორ ამოდიოდა მზე აღმოსავლეთ საირმის გორიდან და იპოდრომის დასავლეთში ჩაესვენებოდა. მე ადამიანივით, რომელიც მზესუმზირის მუტაციით შეიქმნა, მზესუმზირით, რომელიც კატასავით ქლესაა მცენარეთა გვარში, აღმოსავლეთ ოთახიდან საღამოთი დასავლეთში გადავინაცვლებდი.
მზის საძებნელად თუ წავალ, იპოდრომზე მივალ. მიუხედავად იმისა, რომ დოღები აღარ იმართება, სახლეები და ბაღები ააშენეს, შევუშვერ სახეს, თვალებს მოვჭუტავ, გულს გადავიხსნი, ქვას გამოვაჩენ. ახლა მე შუა იპოდრომიდან, სადაც მზე საშუადღეო ეგზალტირებას განიცდის, აღწევს, ჩემი ქვა მაწევს.
ჩემი ამჟამინდელი სამსახური, როგორც წინა უმეტესობა, მიწის ქვეშაა განლაგებული. ამის გამო სახეზე მზეთუნახავის ფერი მაქვს და ნელი სისხლი. გული გამუდმებით მიმდის და, სიმართლე ვთქვა, დედამიწის სიღრმეში ყოფნა ისევე მერომანტიკულება, როგორც დაქანცული ცხოვრების მერე ლოგინის ღრუში ჩაცურება.
რაც მთავარია, ჩემი ქვა (რატომ იკიდებენ ადამიანები გულზე ქვებს, ლოდებს?) მიწის ღრუში მოვითავსე, ქვიშითა და აგურებით დავმუხტე. თიხა და ცემენტი შევიზილეთ. როცა სარკეში ვიხედები და საღებავის ძირში ჭაღარები მიჩანს, მომეწონა. იმდენად მიმიზიდა, თმას აღარ შევიღებავ მეთქი.
ქვა ჰაერით როგორ უნდა დავმუხტო მეთქი და პარაპლანით გავფრინდი. ღრუბლებზე მაღლა ვერ ვიყავი, მაგრამ ფრენამ მხოლოდ დაცემა მასწავლა. უფრო სწორად, გამაგებინა, რომ დაცემა არ ვიცი. აქამდე თვითმფრინავითაც კი არ გავფრენილვარ და წლის გეგმა შევასრულე. მაგრამ როცა ჟურნალისტი მეკითხებოდა, რატომ გადავწყვიტე, უბრალოდ, ფრენა მინდოდა მეთქი.
თან სულ დავფრინავ, ყველაზე დაბნეული გოგო სამეგობროში.
აწი, როცა მომინდება ჩემი ცხოვრების ოთხი საინტერესო თემა გავიხსენო, ქვას გავიკეთებ. სამკაულებსაც აქვთ ისტორია.
შეიწვება თუ არა კარტოფილი კოსმოსში?
-რატომ იყო საბჭოელი ბავშვი გონებაჩლუნგი?
– იმიტომ რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერული თამაშები.
ამას წინათ ბიბისიზე სტატია მომივიდა თავისი ტუტორიალებით კოსმიური კულინარიის შესახებ, რამდენად იყო შესაძლებელი ნულოვანი გრავიტაციისას ისედაც შხეფიან ზეთზე კარტოფილის დაყრა, რაც ჩემთვისაც პრობლემატურია. აღმოჩნდა, რომ მარსის გზაზე, მთვარეზე ბაღის მოწყობაზე და 2050 წელს დაგეგმილი კოსმიური ბავშვის დაბადებამდე, კოსმიური კულინარია მნიშვნელოვან ადგილს იკავებს უგრავიტაციობის შესწავლაში. მეტიც, ნასა სათანადო სემინარებს ატარებს და აცხადებს, რომ ასტრონავტებს კოსმოსში მზარეულებს გააყოლებენ, მხოლოდ პურზე და წებოვან თაფლზე რომ არ იყვნენ. ისიც ცნობილია, რომ აქამდე სივრცეში გაჭრილები ვიტამინებითა და პაკეტში ჩაყრილი მინერალებით არსებობდნენ.
თეორიული სივრცის მხრივ ჩემთვის ნაყოფიერი სეზონია ზამთარი, როცა ზაფხულის თავგადასავლები უარეს შემთხვევაში დათვურ ძილს მთავაზობს, ხოლო პირიქით – ინტროვერტულ სეირნობას მიწყობს და წიგნებს მაკითხებს. მაგალითად, რაც ნასამ სფეისშიპის “მართვის მოწმობების” გაკვეთილები ონლაინში გამოიტანა, მას შემდეგ წავიკითხე ჯოზეპ ჩამპერსის ნაშრომი “ფრენის მოდელირება“, სადაც ნაჩვენებია 1920 წლიდან დღემდე მფრინავი მანქანების ევოლუცია და ერთგვარ ლექსიკონს წარმოადგენს ფიზიკის, მფრინავი-ინჟინერის საბაზისო მცოდნე სტუდენტებისთვის. ეს ლექსიკონი საჭიროებს სულ ცოტა პროფესიული ინგლისურის ლექსიკონს მაინც. იმ მწირეთაგან მთავარი, რაც ნაშრომიდან გავარკვიე პროგრამებისა და ნაწილების პრიორიტეტების ჩვენებაა, რაც ევოლუციის გზაზე გამოიყოფა, რომლებიც მათ მაწარმოებელ თანამშრომლებს შეესაბამებიან. ასევე გამიტაცა ხელისგულისოდენა მფრინავმა მოდელებმა და ექსპერიმენტის ჩატარების აკადემიური ენით აღწერილმა თავგადასავლებმა.
მფრინავი ობიექტების გარდა კოსმიური არგონავტები თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ მარკ დ. ბოუელსის “აერონავტების აპოლო“. მასში აღწერილია კოსმოსში გადაყრილი საბიუჯეტო ამბებიდან ჩამოსულთა შოკურ თერაპიამდე. ენა საინჟინრო ნაშრომთა შედარებით მეტად ჰუმანიტარულია და ისტორიის მოყვარულთათვის ნატურალისტურად აღწერილი ფაქტებით გამოირჩევა. კოსმოსზე წიგნებიდან საკმაოდ ცოტა მაქვს წაკითხული, თუმცა მათ შორის იმით გამოირჩევა, რომ ყურადღება ინჟინერიადან ინჟინერებზე, მათი შემოქმედების მეთოდებზე მახვილდება.
ამასობაში, მხატვრული ლიტერატურის კითხვა გაცილებით მიჭირს, დოკუმენტური პროზა ჩემზე იმდენად მოქმედებს, რამდენადაც, თავის დროზე, საკუთრივ პროზამ იმოქმედა პოეზიაზე. ეს მოხდა ბაკალავრიატში სწავლისას, როცა მოდის ინდუსტრიაზე წიგნებს ვათვალიერებდი, ამიტომ არ არის გასაკვირი, რისი წაკითხვაც მინდა მოვასწრო დღესასწაულებზე. ეს არის დენის ჯენკინსის წიგნი კოსმიურ ჩაცმულობაზე, იმ მნიშვნელოვან ატრიბუტზე, ხომალდის ინჟინერიასთან ერთად, ადამიანსაც რომ გაიყვანს, წაიყვანს, გადაკარგავს.
ჩრდილოეთის ნახევარსფეროს კალენდარი, 2014
აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ ახალი 2014 წლის ასტრონომიური კალენდარი, რომელიც შეიცავს მთვარის ფაზებს, მეტეორების ცვენას, მაგნიტური და სხვა დღეების აღნიშვნას. მალე დედამიწა დანიშნულების ადგილამდე მივა და აღვნიშნავთ. აქაო და, ცხენის წელი მოდისო, ხეტიალი უყვარსო, გაგარინიც მშვილდოსანი იყო და სახლში ვერ გააჩერებდიო. მაგრამ მთავარი ყოველ წლიურად მიმატებული დღის მეოთხედია. ყოველ ოთხ წელში თებერვალს რომ აიძულებს კალენდარში 29 რიცხვის დამატებას. ვერც მასობრივმა მონდომებამ დაძრა დედამიწა და მთელი მასშტაბით ჩატარებული საერთო რიტუალის მიუხედავად, ახალ თარიღთან ექვსი საათით აცდენა ხდება. საყვარელი დაბადების დღის მილოცვაც კი უბრალო თარიღია და არა დედამიწის განლაგება მზესთან ზუსტი პოზიციით ღერძთან მიმართებაში. თუ კათოლიკეები დაბადებას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ხოლო მართლმადიდებლები კალენდარში ცდომილებას აბრალებენ და 7 იანვარს, ასტრონომიულად თარიღი მოძრავია და მზის არაბუნიაობის, მზის კულტის ჩასანაცვლებად გამოიყენება. თუმცა ასტრონომიულადაც საინტერესოა ეს პერიოდი, მზის სითბო ჩრდილოეთი ნახევარსფეროდან სამხრეთში ინაცვლებს და სამხრეთში გაზაფხული დგება.
ერთხელ პატარა ანნა ბლუმი დედამ პირველად წაიყვანა დაკრძალვაზე. ბევრი ვიტირე თუ ცოტა ვიტირე, სევდა სხვა სტუმრებზე მეტი გამომივიდა. მიზეზი რომ მკითხეს, ვუპასუხე: მატყუებდით, რომ სიკვდილის მერე ცაში ხვდებიან, მიწაში ჩადიან მეთქი. მერე ყოველ ღამე რომ არ მეტირა, დედა შთამაგონებდა, რომ განსაკუთრებული ვიქნებოდი და ცაში წავიდოდი. ჩემი წლის გეგმა მხოლოდ ერთია: თვითმფრინავით მაინც წავიდე.
მკრთალი ლურჯი წერტილი
ღრმა კოსმოსიდან ათინათის მტვერში დაკიდული მკრთალი ლურჯი წერტილი მოჩანს. ეს აქ არის. სახლია. ჩვენ ვართ. ერთადერთი სახლი, რაც ვიცით, – ალბათ გეცნობათ კარლ საგანის მოხსენება “მთელი კაცობრიობის ისტორია ამ პაწაწინა პიქსელში ჩაეტია” კორნელის უნივერსიტეტში. შემდგომში მოხსენებითი წიგნიც უძღვნა 1990 წლის “ვოიაჟერ1”-ის (Voyager 1) მიერ 3.7 ბილიონი მილით (6 ბილიონი კმ-ით) დაცილებულ დედამიწას მკრთალი ლურჯი წერტილი: მომავალი კაცობრიობის სურათები კოსმოსში (Pale Blue Dot: A Vision of the Human Future in Space ). იმის შემდეგ დედამიწის ბევრი ფოტო გვექნება, მაგალითად: დედამიწა სატურნის ბეჭედში (2006), რომელსაც პნევმონიის გამო თავად ვერ მოესწრება, მაგრამ თაყვანისმცემლებმა წერილების ბლოგი შეუქმნეს, საუბრობენ მისი ფანტაზიები ფაქტები თუ როგორ ხდება ან მისი ნაშრომების კითხვისას იმპრესიებს გამოთქვამენ.
უმეტესობას, კარლ საგანი მხ. ფილმიდან “კონტაქტი” (contact) ეცნობა, რომელსაც ასევე ვერ მოესწრო. ფილმში ჰოკინგისა და არტურ კლარკის თანამედროვე ფუტურისტი, ასტრონომი და კოსმოლოგი სცენარის ავტორი იყო: შინაარსი ეხებოდა კოსმოსის კვლევის ფონზე ათეისტი და მორწმუნე ადამიანების კვეთას. ნასამ ორი წლის წინ გამოაქვეყნა იმ ფილმების სია მომავალს ყველაზე რეალისტურად რომ გადმოსცემს და “კონტაქტი” მეორე ადგილზე გაიყვანა “გატაკას” შემდეგ. ყველაზე ცუდად გადმოცემულ რეალობაში მაშინ ფილმმა “2012”- იმ გაიმარჯვა. ერთგან კარლ საგანი წერდა: კოსმოსმა ადამიანი თავისი მსგავსი შექმნა, რადგან თავი შეეცნოო.
პირადად მე, როცა პაწაწინა დედამიწას ვუყურებ, ბიძგს მაძლევს, იქნებ ყოფითი პრობლემების არე შევამცირო, იქვე კი ასტროლოგიაში გამოთქმული აზრი მახსენდება, რომ პლანეტების ზოდიაქალურ სახლებში განხილვისას, დედამიწა მუდამ განზეა. კულისებში თითქოს დედამიწას ვენერას ნაცვლად კუროს ზოდიაქოს პატრონად განიხილავენ, ამ დროს შედარებით ეგზალტირებული მაგნიტური ველის თუ სხვა მიზეზების და გამო. ჩემთვის კი დედამიწა იმ ადამიანურობის და ინდივიდუალობის მომცემია, იმ ფონზეც რომ სხვათა მაგნიტური ველები ჩარჩოში სვამენ. რაც არ უნდა იყოს დედამიწა მზესა და მთვარესთან ერთად ის პლანეტაა, რომელის გავლენაც ადამიანიაზე ასტროლოგიაში არამორწმუნე ადამიანსაც სჯერა.
წინა კვირას მეგობარს ქორწილის გადაღებაში დავეხმარე, ჯვრისწერა არ იყო, პროტესტანტი კაცისა და ათეისტი ქალის მხოლოდ ხელის მოწერა, შემდეგ სტუდიაში გადავინაცვლეთ, სუფრის გარეშე. ქორწილის მუსიკოსების არ იყოს, ქორწილის ფოტოგრაფია ნაკლებად ელიტარული ხელობაა, მაგრამ საათნახევარში 150 ლარი მინდა. განცხადება: შვებულება ავიღე, ფული უნდა შევაგროვო, ათასი ლარიდან იწყება, ექსტრა ზუმის ობიექტივი უნდა ვიყიდო კოსმოსისთვის. ჯანმრთელობის გამო მე არავინ წამიყვანს ბილიონი კილომეტრებით შორს, ჩავიდე აბასთუმაში და ვიღო და ვიღო სახლიდან.
კარტის პრინციპი
იქნებ რასაც ვეძებ, პარალელური მდებარეობა აქვს.
მაგალითად, არჩევნის წინაშე დადგომისას, ჩვენი მეები ყველა შესაძლო ვარიანტზე იქსაქსებიან და პარალელური სამყაროები იქმნება.
დროთა განმავლობაში ტოტები შეიძლება გადაიკვეთოს და სხვადასხვა მხრიდან მისულ მწვერვალზე შევვერთდეთ.
სიკვდილის მერე პარალელურ სამყაროში გავნაგრძოთ, ჩვეულებრივი ცხოვრება, ისევე, როგორც დაბადებამდე.
მისტიკას რომ თავი დავანებოთ და დედამიწა გავთხაროთ, მეორე ნახევარსფეროზე ამოვყოფთ თავს.
მიწის სივრცე რომ ჩავფუშოთ და შევკუმშოთ, ჩვენი ფეხები ერთმანეთს მიეკვრება კარტის პრინციპით.
აქეთ–იქით – ფეხები, შუაში – მიწა.
აქ ათასგვარი წარმოდგენა შეიძლება:
დგახარ, აბაკუნებ ფეხებს და ამ დროს შეიძლება “ენერგოტალღური” სისტემით “იმას” სიწყნარე უნდა.
ან სულაც “იქით” სასაფლაოა.
შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ და თქვენი სახლის პარალელურ ადგილას, ადამიანი არ იყოს. ოკეანე.
ამ დროს რჩები კითხის ნიშნის ქვეშ: მე რომ წყალი ვიყო..
რომ გამერკვია, რაა ჩემი პარალელური, გუგლის დედამიწა გამოვიყენე.
შედეგი საიდუმლოა. 🙂