გაყრა

მთელი დღეა, სციოდა. როცა ავტობუსში ფანჯრები დახურა, ხალხმა პანიკა მორთო დაკარგული ყლუპი ჰაერის გამო, ისედაც ათეულ მგზავრს რომ უნდა ჰყოფნოდა. ლურჯი ხელის გულებით გაყინული მხრები გაიხურა, რადიოში კი გამოაცხადეს, რომ ტემპერატურა პლიუს ორმოციდან ორმოცდაათ გრადუსამდე მერყეობდა. დაახლოებით იმდენზე, რამდენსაც ერთხელ ფეხდადგმული უცებ ფეხაშველბული ნაღმი გამოჰყოფს.

ხანდახან ფიქრობდა, რომ ნაღმზე დაიბადა. თესლი მწერებმა შეაკოწიწეს და გაზის გროვით შეკრულ საგანზე წამოაჯინეს, იმდენად დიდი ხანი გავიდა, რაც ფეხი შედგა. მაშინ ახალი შემოსული იყო ჯინსების და ბოტასების მოდა, მცენარეთა შორის ფეხი რომ ჩადგა და ნაღმზე გაშეშდა, – აქეთ სარეველა მცენარე იყო, კარტოფილს მოხვეოდა და სარას ეგონა, მოსავალი ნაადრევად ამოსულიყო.

ისტორია, თუ ფეხდაშვებით დაიწყო, ფეხაშვებით უფრო მალე დასრულდებოდა, ჩარლის რომ არ შეენიშნა სავარაუდო კარტოფილის ფარფლები. იმასაც ჯინსი და ბოტასები ეცვა. სხვა გზის არქონის გამო დისნაირად ცდილობდა ჩაცმას. ერთმანეთის სარკედ ქცეულიყვნენ და ქსეროქსულობა საჭიროც იყო. მერე სარამ ფეხი ნაღმზე შედგა და ჩარლის არც უფიქრია მისი მიტოვება მიწეპებული თავების გამო.

ასე უმშობიარიათ, საკეისრო კვეთით ერთდროულად ამოიყვანეს და მიწეპებული თავებით აკვანში ჩამარხეს. როცა წამოიზარდნენ, მცენარეულ გზას დაადგნენ და სარამ ნაღმზე შედგა ფეხი. სადგურის კიდეებთან ახალნაყიდი ბოტასებით და ცხოვრება ნაღმზე დაიწყო. საათში ერთხელ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. ჯერ სარას ედო ბოტასი ნაღმზე, ჩარლი მაშინ შედგებოდა, როცა სარა იღლებოდა და ისვენებდა. საუბრობდნენ საკაცობრიო პრობლემებზე პირადულ ჭრილში და ნამდადებულ კარტოფილს ჭამდნენ.

ყოველი შემთხვევისთვის, მესამე პირში ვწერ, იქნებ პერსონაჟის მოკვლა მომინდეს.

გათავისუფლება გადაწყვიტეს. თავისუფლება კონფლიქტმა წარმოშვა, ბორბლის მსგავსად შეზღუდულ სივრცეში მოძრაობის და გაყრის დასკვნამდე მივიდნენ. გაყრამდე უნდა გაჭრილიყვნენ, ქლიბი აეღოთ და მოექლიბათ კანი მათ შორის.  ჩარლიმ სისხლი გაყო და იქ, სადაც ორი და გაიყო, როგორც ხდება, ინდივიდუალური ამბები შექმნეს.

სარამ ფეხი შეანაცვლა ჩარლის და აფეთქდა, როცა ჩარლი გაიქცა მაშველთა მოსაყვანად, მაგრამ სარა მაშველამდე აფეთქდა. დის თვალწინ სისხლიანი თავითა და ბოტასებიანი ფეხებით. ჩარლი გაეშურა ოქროსფერი სიმინდებისკენ და გახეულ თავზე ფოჩები დაიმაგრა. მიუსწრო ჩამომავალ ავტობუსს და ავტობუსის ფანჯრები დახურა. ამიტომ ებევრებოდა ყლუპი ჰაერი.

”ძვირფასო სარა,” – მომართვის მრავალჯერადი წაშლის შემდეგ.. ”ძვირფასო ჩარლი, ვინახავ ფოტოსურათებს”, – წერილები მას შემდეგ დაიწერა. ხალხო, ჩემი ბრალი არაა, კარტოფილით ხელში მფარველი ანგელოზი ამიფეთქდა. თუ ანგელოზის პერსონაჟული ხატი. მეორე დამრჩა.

ისტორია გასაყარისა

ინდური ზღაპრის მოტივზე, სიამაყით აღვნიშნავ, რომ მე პირველი ვარ სამი ამოსუნთქვითა და ამდენიმე კივილით. თუმცა პირველობას ჩემი და იბრალებს, – ერთმანეთს ვგავართ, – ავერეოდითო. ერთდროულად არც კი ვახველებთ. ოჯახს უტანსაცმლოდ მივუწვენივართ და ერთმანეთს დავაგლიჯეთ ღინღილა თმები. ხელების შეგვეშინდა და რაც მეტად გვეშინოდა, მეტად ვაგლეჯდით.
– გოგო რომ გაჩნდეს? – ისე ეშინოდა ოჯახს, მშიშარას არ მოუგვიანდესო და ორი გოგო გავჩნდით, ორი ისტორიკოსი. თუ ვიცით, რომ ისტორია ერის შერცხვენაა, ოჯახურ ჭრილში მშობლები იმიტომ აჩენენ ბავშვებს, რომ თაობიდან თაობას გადაეცეს ოჯახის შერცხვენის ისტორიები. გოგოს დაბადებას კი იმიტომ შიშობენ, რომ შერცხვენის ამბავი დახურული სივრციდან სხვა ოჯახში გავა. ხოლო თუ დაბადების გაუგებრობას რელიგის მასშტაბით ვნახავთ, დედას სიცოცხლისთვის კი არ უნდა ვუთხრათ მადლობა, არამედ სიკვდილისთვის, მომაკვდავობა რომ გვაჩუქა.
საჩუქარზე გამახსენდა, დედაჩემი მამაჩემის იუბილეზე მოკვდა. ტორტი გამოუცხო და სანამ გაჭრიდნენ, შიგნით ჰაერი აღარ ეყო და გაიგუდა. ისედაც მზითვი იყო. ნამდვილი მზითვი. თავის დას მიჰყოლია ბატონების ოჯახში. მანამდე, სიამაყით აღვნიშნავ, რომ მსოფლიოში ყველაზე ძველ ხელობას მისდევდა.
სამაგიეროდ, ოჯახში მუდამ სიყვარული და დემოკრატია სუფევდა. ყური მომიკრავს, დემოკრატია ისაა, დიქტატორს შენი ნებით რომ ირჩევო. სიყვარული კი თავად მივხვდი, ბულვარში მეყვავილეს ყვავილები რომ გაასაღებინო, შემდგომ სახლის გასაღების გამო, ბოლოს მწვანილები შენზე რომ გაასაღოს.
ერთხელაც დას ყმაწვილი შეუყვარდა. ვიღაც ვიგინდარა, თანაც ლოთი. ბიჭი პირად გრძნობებზე მიჯაჭვული იყო, ეგოისტებს რომ ეძახით. ისეთი, ვნებასა და სიყვარულს, მხოლოდ ონანიზმისას რომ აერთიანებს. სამაგიეროდ, დამახასიათებელი ნაკვთები ჰქონდა. თუმცა მეტროთი მგზავრობისას მისი სახეც პასპორტის ფოტოს ჰგავდა.
დები გავიყავით, გუდა-ნაბადი ავიკიდეთ და აბრიან გზაჯვარედინთან დავდექით: ”იქით – სიკვდილი, აქეთ – ჩამოხრჩობა”. იქ, სადაც დები იყოფიან, ინდივიდუალურ ზღაპრებს ქმნიან.
ფული არც ერთს გვყოფნიდა: ორი ადამიანისას ვჭამდით და ვმუშაობდით ნახევარ-ნახევარ განაკვეთზე, მასში არასდროს ჩაგვიდია მთელი გული. ჩვენ ის ვართ, ვისზეც მასწავლებელი ამბობდა, უნიჭოები არიან, მაგრამ არა ზარმაცებიო. ხალხთან ორგულნი არ ვყოფილვართ, უბრალოდ გული ნახევარ-ნახევარი გვქონდა. ერთმანეთის დადებულ პირობებს ვარღვევდით და მათ აქეთ ვადანაშაულებდით: თუ ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევივართ, ჩვენი ღირსი არა ხართ მეთქი. ამიტომ მეგობრები თითქმის არ გვყავდა და როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, საკუთარი გაყრის ისტორიებს ვყვებოდით. ხალხს კი ეგონა, საკუთარ თავთან ვსაუბრობდი.
წარმოდგენა არ მაქვს ისტორია როგორ დავამთავრო. პირველ პირში არ ვწერდე, თავს მოვიკლავდი.

ქორწილისთვის მზადება

ეს ის პერიოდი იყო, პოდიუმზე ბრწყინავ სამოსში გამოწყობილ გოგონებს ფინალში საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გოგონა რომ ცვლიდა.
უმეტესად, ხალიჩაზე დიზაინერთან ერთად გამოდიოდნენ.
მაშინ ლაგერფილდი შეეცადა შავი კაბის საქორწინოდ დაგეგმვას. აი, ისეთის, პანაშვიდზეც რომ გამოიყენებ. ამით ქორწინების სიკვდილთან კავშირს ხაზი გაუსვა.
მას სიკვდილზეც ჰქონდა თავისი შეხედულება. არ მინდა სიკვდილის მერე ვინმემ მნახოს, რადგან გარეგნობას ვეღარ გავაკონტროლებო, – წასცდა ინტერვიუში, ამით ეგზისტენციალურ საკითხებს სხეულზე აკავშირებდა.
ეს ის პერიოდი იყო, როცა მარი გავიცანი, – ლექციაზე დამაგვიანდა და დერეფანში გავისაუბრეთ, გზაზე კაბა ამირფიალდა და ამის გამო დღემდე დამცინის.
სახლში მივიწვიე, ჩემმა ძმამ კი ნომერი ჩაიწერა და მერე აკოცა.
არ მახსოვს, მაგრამ მითქვამს: თუ მარის აწყენინებ, არ გაპატიებ.
მარი სიფრიფანა გოგო იყო. სწორედ ეს სიტყვა შეეფერება მისი ტანის გოგონას.
თხელი ძვალი აქვს, ვამპირივით თეთრი კანი, ცისფერი თვალები და ქერა თმა, თითქმის ისეთი, დილით რომ არ ჩანს.
ირაკლი გაცილებით მაღალია, ოღონდ შტატივის ტარებისგან წელში მოხრილი.
ჯერ ირაკლი იყო თბილი და ყურადღებიანი. მერე მარი გახდა თბილი და ყურადღებიანი. როგორც ხდება ხოლმე.
იუბილეზე ჯერ იყო და ტელეფონი დაალომბარდა (მაშინ არ მუშაობდა) და აღებული თანხით გლობუსი უყიდა: დედამიწას გჩუქნიო.
მეორე წელს საცვლები აჩუქა. მესამე წელს კი მუშაობა დაიწყო, გლობუსის არეალი გააფართოვა და სასტუმროში წაიყვანა.
ამბობდა, ხელიდან იმიტომ არ ვუშვებ, რომ ერთადერთია, რომელიც მიცნობსო.
ხანდახან კვირობით იკარგებოდა, მაგრამ ჩემი სახელით ფარულად ისევ მას წერდა.
ხანდახან როცა ირაკლი არ იყო სახლში, მარი მაინც მოდიოდა ჩვენთან და რჩებოდა. დედაჩემთან ერთადაც ეძინა და ნელ-ნელა ეგუებოდა ოჯახს.
მესამე წელს იჩხუბეს. ისე იჩხუბეს, მარი იმ ადგილას წავიდა, სადაც ირაკლისთან სეირნობდა ხოლმე.
ირაკლიც იმ ადგილას მივიდა და ასე შერიდგნენ.
მეოთხე წელს ისე იჩხუბეს, ირაკლიმ რომ ჰკითხა, სად მიდიხარო, მარიმ უპასუხა, სახლშიო.
შენი სახლი, თბილისის მეორე მხარეზე უთხრა, იქ არისო და ჩვენთან წამოიყვანა.
დედა დაიბნა, თეფში უნდა დავუდოთო? მამამ, არ გინდაო. ის კი მოვიფიქრე, საქორწინო მარში ჩავურთე.
დედა მხოლოდ იმაზე წუხდა, მძიმე მარხვაში რომ მოუნდათ გაპარვა.
მამა ამბობდა, ისევ სპონტანურად თუ იზამდით, თორემ გეგმებით იწელებაო.
ირაკლი უკვე აღარ წევს ჩემს ოთახში, არც სამუშაოდან დაბრუნებული მირეკავს და მეკითხება: რა წამოვიღოო.
სამაგიეროდ, ესთეტიკური ოცნება მქონდა, – ყოველთვის მინდოდა მყოლოდა და: წვეულებაზე მისი კაბები ჩამეცვა და ღვინის და ყავის ლაქებით დამესვარა, ამაზე შეწუხებულიყო და სანაცვლოდ, ჩემი კაბებიც დაესვარა.
ვერც ერთი ვჩხუბობთ.
ხანდახან მგონია, რომ მარი მგავს. ორივე ჩხუბის დროსაც კი ვიღიმებით და ხანდახან ერთმანეთს ვკბენთ, ტრადიციააო ასე, მაგრამ ვერასდროს ავაწყეთ ჩხუბი.
ხანდახან რძალს ვეკითხები: ” ბედნიერი ხარ?”
”კი. ძალიან.”
ირაკლი და მარი ბინას ეძებენ.
მარის ბავშვი უნდა.
ირაკლი ამბობს, რომ არ უნ-და!
მარი ამბობს, რომ ნუ ამბობს, რომ არ უნდა, თქვას, რომ ჯერ არ აპირებს.
ირაკლი ამბობს, რომ არ უნ-და!
ქუჩაში ეკლესიასთან ჩავლისას მარი ყოველთვის იწერს პირჯვარს და ხატს ღიმილით კოცნის.
ირაკლი ჩათქმულ სურვილს ხვდება და ამბობს: არ მინ-და!
მარის ეღიმება და უკვირს, რა კარგად იცნობს მისი ქმა-რი (ეს სიტყვა აუცილებლად დამარცვლით).
ბოლოს ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ გოგო უნდა, დაკორა უნდა დაარქვას და ის თვითმფრინავში უნდა გაჩნდეს: ბავშვი ასე მოქალაქეობას გადაურჩება.
ოღონდ ცხრა თვის ორსულს თვითმფრინავს არავინ გააკარებს და შვიდ თვიანს ამშობიარებს.
დედა ამბობს, რომ საშიშია, სტუარდესებმა როგორ უნდა ამშობიარონ.
მამა უფრო სასაცილოდ კითხულობს: მაგრამ ბავშვი მანამდეც რომ გაჩნდეს?
მე ვიცინი, – შევეჩვიე ირაკლის ენას.
ირაკლის უნდა, რომ ქორწილი რესტორანში არ გადაიხადონ. არმაზის ხევში ერთი სახლი ვნახეთ, რომ ქირავდება. სახლი არა, კოშკი.
მარის არ უნდა ქორწილის გადახდა, ხალხი არ უყვარს და ყოფნა ყურადღების ცენტრში.
ირაკლის უნდა, რომ მის ქორწილში იყოს აუზი, საბილიარდო და კინო დარბაზი.
მე მინდა, რომ ორგანიზება მე გავაკეთო.
მთელი ჩემი რომანტიკული ენერგია დავფილტრო.
რა ცუდია, როცა მული გყავს და იმ მულს ბლოგი აქვს.
შემდეგ სიახლემდე.

სანამ გეძინა

თუ დაკვირვებიხართ, შენობების არქიტექტურა ისეა მოწყობილი, რომ ზამთარში ოთახები გაცილებით დიდია. ცდილობ საკუთარი კუნჭული შექმნა. ან შეიძლება ზაფხულობით კანია ფართო. მეტი ჰაერი რომ შევიდეს ფუღუროები იშლება და იწელება. მცივა.

ისე ცივა, საბნისგან კარავი შევქმენი. დიდხანს იწუწუნა, რომ ქარია, გამათბობელი აქამდეც უნდა ჩაგვერთო. ჩავეხუტე და ისე დაეძინა. ბავშვობაში რომ ვიწექით, ბალიშის ჩემს მხარეს გადმოწოლილიყო და ხმამაღლა სუნთქავდა. ხშირად დავცინოდი ცხვირზე კეხის გამო, თვითონ კი იმაზე, ცხვირი ზედმეტად გაქვს აპრეხილიო. ბოლოს შევთანხმდით, დიდურ თემებზე გვესაუბრა.

ავუხსენი, რომ ყველა და ერთმანეთის მეტოქეა. მე კი არასდროს მყოლია და, ეს რომ მეფიქრა. ის კი ამ დანაკლისს მინაზღაურებდა. მშობლებს უნდოდათ გვემეგობრა. ბავშვები კი არ მეგობრობენ მათთან, ვისაც მშობლები ურჩევენ. ჩვევაა ასეთი. ახლა კი ჩემს გვერდზე იწვა, მუცელი სიცივისგან დახორკლოდა და ვუთბობდი, მშობელივით ვზრუნავდი. მესმოდა, როგორ ჩხუბობდნენ მეზობლები ბავშვისთვის წამლის ფულის გამო, როგორ აკეთებდნენ რემონტს აბაზანაში და დაძინებას ვცდილობდი. ვათვალიერებდი სკამზე გადაკიდებულ კაბებს და შემოდგომის ფერებიან შარფს. ხვალ გიოსთან რომ წავალ, მომიხდება.

გიოს ყინულივით ცხელი ხელები ექნება და შარფს კისრიდან ნაკუწებად მომხსნის. ალბათ გამიჭირდება ეს პროცესი პრაქტიკულად ავხსნა. მეტიც, თავად არ მქონია ნებისყოფა დამეგლიჯა ტანსაცმელი ანუ ჩვენამდე მისასვლელი მანძილი. რამდენჯერმე ვცადე პერანგის ღილების აწყვეტით გახსნა, თავადაც მიკვირდა, როგორ გავბედე. ხოლო როცა დაიძინებდა, ათგზის დაფანტულ ღილებს იატაკიდან ვკრეფდი და უკანვე ვუკერებდი პერანგს. ერთხელ წამასწრო და  თითების ბალიშები ათგზის დამიკოცნა.

 კისერთან ფრჩხილებით მოვიდოდა და სასუნთ გზებს იოტისოდენა მიკარებებით იქამდე შეამჭიდროვებდა, სანამ მთელი ოთახის ჰაერს გადავყლაპავდი. იმ ოთახის, არქიტექტურა ისეა მოწყობილი, რომ ცხელი ტემპერატურისას, ჩემს ჯინაზე დაიწყებდა შემჭიდროვებას. ჯერ ლოგინის ზომას მიიღებდა, მერე კი ჩვენს ზომაზე დაიწყებდა კუმშვას. ბოლოს უნებურად გავაგრძელებდით ფორიაქს არ არსებული ჰაერის გამო. ჩვილი ბავშვივით ნაჭრის შემოჭიდვა რომ სიამოვნებს.

– ჩვენ არასდროს გვეყოლება ბავშვი, – შარშან ლამისაა ექსელში რომ ვითვლიდი თვიურამდე დღეებს, წელს ხელ და ორგანიზმ ჩაქნეული მოთხრობებს დავწერ. სულ ვამბობდი, ჩემი ჟანრის მოთხრობის დასაწერად საჭიროა ლექსიკონის ბისკვიტი და სიყვარული გემოვნებით. ცოტა ხანში ორგაზმზეც ჩავიქნიე ხელი. შეიძლება რუტინული ცხოვრების წესის ბრალია.

– რა იცი? – ეგონება, რომ ექიმთან ვიზიტის დროს უშვილობა გამომიწერეს და დაფლეთილ ნაჭრებს ჩემს მუცელზე შეაკოწიწებს.  მე ჰალსტუხს ჩამოვკიდებ პერანგზე და ვეტყვი: ნიჭი მაქვს დროში მოგზაურობის. მას გადააქვს თემა და ამბობს: (მიყ)ვარ(და)ხარ. მიყ-ვარ-ს, აქ მარტო მე ვარ, უშენოდ.

– ბევრ ენაში ნიჭი და საჩუქარი სინონიმებია. იცი, მე ნიჭი მაქვს. იცი, ადამიანი, რომელიც წარსული ცხოვრებით ცხოვრობს, მაინც მომავალში ცხოვრობს. თურმე არ არსებობს სვლა უკან.

– მეოცნებე ადამიანი კი ცხოვრებას სულაც არ არის მოწყვეტილი, არამედ პარალელურ სამყაროშია დატვირთული?

– დროში გავიჭედე.

მე მართლა გავიჭედე დროში. არაჩვეულებრივი ნიჭი მაქვს დაბერების. იმის ნიჭი, რასაც შევეხო დავაბერო, იმიტომ, რომ შეუდარებელი ნიჭი მაქვს უკვდავი არ ვიყო. ნიჭი, ცხოვრების თავიდან გავლის. ვეტყვი:

– იმიტომ, რომ მინდა დაიმახსოვრო, ეს კონიაკი აღარ დალიო. პერანგს ღილები დავუკერე, ჩაიცვი. გახსოვს, რომ გაგიცანი, მეცნობიო მითხარი. მაგრამ სანამ გავიცნობდით, მანამდეც მითხარი. წლების წინ გნახე. დღევანდელ დღეს ვნება წავიდა, მე კი საათი გადავწიე უკან და მას მერე დროში დავდივარ. გხვდები მაშინ, როცა პირველად შეგხვდი და ცხოვრების სხვადასხვა ვარიანტს ვცდილობ. მაგრამ მაინც ამ დღეს მოვდივართ და ვნება მიგდის. ამ დღიდან ისევ პირველ შეხვედრას ვუბრუნდები და ცხოვრებას ხელახლა ვცდილობთ. გამოდის, შენი მომავალი იმაზე უკეთ ვიცი, ვიდრე საკუთარი წარსული იცი. დღეს ოთახიდან გახვალ, შენს ძმას ბრმანაწლავი ასტკივდება, ხვალ ბანკიდან სესხს გამოიტან, ზეგ სამსახურში ახალ პროექტს შემოგთავაზებენ.

დაო, მარტო რომ დავრჩები, დროის გადაწევა აღარ მომინდება. ნიჭზე საუბრით იქნებ ახლიდან დავაინტერესო. დაო, ის ვარ ჯერ დასასრულს რომ ხედავს და წერს, შემდეგ იქამდე მისასვლელ მანძილებს. დაო,  გამათბობელი აქამდეც რომ ჩაგვერთო, პატარა ხანძარი გაჩნდებოდა. დაო, უკვდავება სივრცის შებოჭვას ნიშნავს.

დასასრული აქ 

ტყუპები

– დე, მე წავალ, კაი?

ოთახი, – უფანჯარო სიმაგრე.

სანტიმეტრი გადააგდე. გთხოვ.

რამდენი სიტყვა დაეტევა, იმით გაზომე!

თაროზე ხელისგულებით ვერ დაიჭერ ფანარმინათებულ მტვერს.

სულში გილაგდებიან ბოჭკოებში და შეკუმშულ ხვრელებს გიმუქებენ.

აწონე!

– დე, მე წავალ, კაი?

ზალაში მამას სძინავს.

ეს მისი ჰაერის სუნი გცემს.

წავალ, სანამ თვლემს.

მე და შენ გამოვაგდეთ საძინებლიდან და ახლა ჩვენ ვთვლემთ დედის სხეულთან მოკაკვულნი, მუცლის ღრუსთან დაპატარავებულნი და მიკრულნი ჩვენ.

აბაზანაში სიცივისგან შემჭიდროებულ სხეულზე ისხურებ წყალს და 30 კბილით ცახცახებ.

მე წყალს ვუსხამ საკუთარ პირის ღრუს.

ვაყოვნებ.

სისხლს ვუღვრი ონკანს და ვწურავ კბილის უგემურ პასტას.

კისერთან ნაგრძნობი სითბო სუნთქვისგან ნიკაპისკენ მოახლოებით.

– დე, მაკოცეს!

– დე, წავალ, კაი?

დაგიტოვებ საკუთარ განმეორებას.

ცოტა ხნით.

აუნთებელ სივრცეში.

შენ მაინც თვლემ..

13.03.11.

შავი კარკასი


რასაც არ ვიტყვი, ჩემ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
ვდუმვარ. მაკერებენ თვისებებს, რომლებიც არ მაქვს. და როცა აღმოაჩენენ, რომ არ მაქვს, როლი გაქვსო, და მიდიან.
საყიდლებმაც ვერ მიშველა. მიკვირს. მიკვირს? ვეღარ.
დახურული სივრცე არ მიყვარს, როცა მოძრაობს. როცა დგას, მაშინ რეაქცია არ მაქვს. მოკლე და ვიწრო ტრანსპორტებს ვერ ვეგუები. მგონია წავიქცევი, არა და ვზივარ. იშვიათად დავდივარ მარშუტკით. ზოგჯერ კილომეტრებს გავდივარ ფეხით. ფეხით სიარული მიყვარს. როგორც საკუთარი თმა მიყვარდა ერთ დროს. მერე შეიღება.
სულს ვუბერავ ჰაერს და ასე ვერთობი საღამომდე. საღამოს ადრე დავიძინებ ჰაერისგან გამოფიტული.
ხანდახან ციტრუსს ვიწურავ ტუჩებზე. ხელებს საპნით დღეს მერამდენედ ვიბან. ერთ წერტილს ვუყურებ და ვხვდები, როგორ დიდდებიან საღებავის ფოსოები და შიგნით შავი კარკასი მხვდება. საინტერესო საქმიანობაა და წარმოიდგინეთ, – შემეცნებითი.
გინახავთ პიანინოს ჩონჩხი? სიმებაცლილი ხმოვანი სისტემა? დავშალე.
დრო სწრაფად გადის. კიდევ დღე ცხვირსახოცების სვრაში და მათ რეცხვაში ვატარებ. სანამ შრებიან, – ვისვენებ.
ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ ერთით მეტი კბილი მაქვს. უცნაურია, აქამდე არ შემიმჩნევია. სხვამ მითხრა. ექიმმა. მერე იმან სხვა ექიმს დაუძახა და ერთად იცინოდნენ. რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს. ჯერ ოღროჩოღროა. მერე სუსტია და ემალაცლილი.
სტომატოლოგებთან დედასაც არ აქვს კარგი ისტორია. სამაგიეროდ მამისგან სუსტი თირკმელი მაქვს. მამას ერთი საერთოდ არ აქვს, მე – ორი, მაგრამ ავადმყოფი. ამას არ ვეუბნები მათ, ვისთანაც ვსვამ ან ვისთანაც პოტენციაშია, რომ უნდა დავლიო. ანუ იციან ჩემმა მშობლებმა და ძმამ.
ვმკურნალობ. თითქოს დიეტაც. საღამოვდება. ადრე ვიძინებ. დედა შეეცდება ჩემს გამხიარულებას. მომიწვება და მომიყვება ზღაპრებს, რომელსაც დააბოლოვებს: „ყველაფერი კარგად იქნება“. მე კი დაველოდები ზარს, რომელსაც მთელი კვირაა ველი.

მე მსურს

(სანამ ახალი წელი მოვა)

ჩემ შესახებ? ყველაფერი ისე არ არის.
არა, ყველაფერი ისეა, როგორც სხვებთან, მაგრამ არა ისე, როგორც მინდა.
მე მინდა,,
მე ვიცი რა ჩავუთქვა ასანთს, მაგრამ ხანგრძლივობა ექნება მოკლე.
მინდა ჯადოსნური ღეროები გამრავლდეს და მახსოვდეს სად დავდე.
გალამაზდეს საკუთარი ანატომია.
მინდა ფსიქიკა ქვეცნობიერთან გაერთიანდეს.
და სხვა.

ჩემ თავს უჭირს შეჩერება ერთ ემოციაზე, მას ყოველთვის ზედმეტი შეგრძნება სჭირს, იმდენი, რომ ქაოტური მდგომარეობები ქაოტურ სამყაროში არ მილაგდება.
ყოფილხართ ერთ წამს სამ ციფრიანი ემოციებით დატვირთულნი? ჰაჰა და არც იცით არსებობს თუ არა ეს ემოციები. და მერე უკვირთ, დაბნეულიო. ერთდროულად მოგდომებიათ ცხელი და ცივი წყლის მიღება? ორივე ტემპერატურის წყალს ისხამთ პირში ორი ჭიქით და გრძნობთ როგორ გტკივდებათ ოცდარაღაცა რაოდენობის კბილი. გადაამრავლეთ ეს შეგრძნება რამდენიმეჯერ და მიიღებთ ჩემს გულს. როგორ იტევს? ორგული ვარ. გულსაც ვუბრძანებ. როგორ? მე ყოველთვის ვმართავ ემოციებს. ოღონდ არა ემოციური მდგომარეობისას. ყველა ემოციას ვამჟღავნებ, სანამ არ დაბერდებიან და დასუსტდებიან. და მერე ვმართავ. მარტივია.
ვგრძნობ. იცით რას?
როცა სიკვდილი მოკვდა, სიცოცხლე დაიბადა.
შვილი მომიკვდა.
არ ვიცი არსებობდა თუ არა, მაგრამ მომიკვდა. სხეულით არ ვგულისხმობ.
ყველანი ერთად მოკვდით ბარემ თუ კვდებით. ხალხი ყოველთვის მიდის. მაგრამ ზოგჯერ ხალხში მე ვარ.
დაო, ფერმკრთალდები და ქრები. სანამ გაქრები, უნდა მოვასწოთ არაფერი.

 

(2010)

 

ჩარლი

მე და ის ვარსებობდით სამივე დროში თანადროულად განმეორებადი მეტასტაზებით. მერე შენობით ფორმაზე გადავედი. მერე ჩარლი გამოვიგონეთ.

როცა ჩარლი გავიცანი, ქაღალდის თვითმფრინავებს აწყობდა და ამბობდა: „მე მფრინავი ვარ“. მერე ის გაფრინდა. ოდესღაც, როცა გაიზარდა აზიაში გაფრენილმა ხომალდმა წაიყვანა.  დალაი ლამასთან წერილები გავატანე, მეგონა თოვლის ბაბუა იყო და დაწერილ სურვილს ამისრულებდა. „გადავცემ“, – მიპასუხა მან.

მე და ჩარლიმ კითხვა ერთად ვისწავლეთ. ასოების მნიშვნელობა რომ არ ვიცოდით, ბგერებს ვიგონებდით და ისე ვყვებდით. გამოვიგონეთ ამბავი ძაღლიან მაწანწალაზე, კანალიზაციის წყალში თავი რომ დაიხრჩო და ჩვენ მას ხურდები ჩავუყარეთ.

ტუჩს ზემოთ ღინღლების გამო მე და ჩემი და ჩარლის ვეძახდით.

„ჩარლი, მომწერე ხოლმე და ბგერები გამოვიგონოთ“.
ხელს მიქნევდა.

პატარაობაში ბუშტით და სილით სავსე ხელისგულებით მივრბოდი მასთან. მეზობელ ბიჭებს ერთად ვუწევდით ხელებს, გვიხაროდა, – ბავშვობაში გოგონები ბიჭებს ვერევით.

მტვრიან ასფალტებს ნაბიჯებით ვასუფთავებდით. მერე აზიაში გაფრინდა. კარგა ხანს გემო დამიტოვა  პირში უჰაერობის, თითქოს დასრისესო ჰაერი და დაიჭყლიტა.

„ძვირფასო ჩარლი, ხანდახან მგონია იჭმუჭნება ტროტუარი და ასფალტი ფეხებქვეშ მიდნება, ჩამოცვენილი ფოთლები აგურებივით მეცემა მხრებზე და გადაყვლეფილ სხეულზე მკოცნი, დაამების ნაცვლად, მტკივდება. მჭირდები, რომ არ ვიყო გიჟი“.

„ძვირფასო ჩარლი, შენ ჩემი სიამის ტყუპისცალი ხარ, როგორ მოეწყვე? ვინახავ ფოტოსურათებს“.

ერთ ფოტოზე ჩარლი იღიმება, ყურში ჩამღიმის და შეგრძნებაა, რომ მიმატოვებს.

როცა სიმშვიდე მოვიდა, მე ხელში ჯოხი მეჭირა, ვღრიალებდი და გავაგდე. ჩუმად იყავიო, ჩარლიმ. მერე ერთად ვითამაშეთ დამალობანა, ისე დაიმალა, ვეღარ ვიპოვნე. მერე მითხრა, რომ ამ თამაშს აღარ ვითამაშებდით.

გამივლის. თოვლის ბაბუების აღარ მჯერა და არც ჩარლის.

ის გაქრა. დარჩა მხოლოდ ჩემი ტყუპისცალი და დავრჩი მე. არ გვენატრება.