23 გზა როგორ უნდა მოკლა წმინდანი

post-20-1412578822

როცა შვებულება ცხრა მთისა და ცხრა მდინარის მიღმა გავატარე, თავი “ნაციონალური გეოგრაფიის” წევრად წარმოვიდგინე, მაინტერესებდა ფულის გარეშე როგორ ვიცხოვრებდი, კამერა გადავტენე, საგზალი მოვიკიდე ტყეები გადავლახე, მწვერვალები დავიპყარი, ღამე კარავში აღმოჩენილ მორიელთან გავატარე, მესმოდა როგორ ყმუოდნენ ცხოველები, მოგზაურის დღიურების წერა დავიწყე, მაზოლებიანი, დაჩეხილი დავბრუნდი ჩემთა ამბავთა გასაზვიადებლად, როგორ შევებრძოლე ღამით წვიმას ფოთლების ჩრდილით და როგორ ვარჩევდი კარაბადინებით სასარგებლო მცენარეებს შხამიანისგან და როგორ არ მეშინოდა ათგზის ჩაცმულ გოგონას ზაფხულში ყინულოვან მთებზე სიარულისას და როცა ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ნათესავები, გამვლელები ამ ჰეროიკულ ამბებს ისმენდნენ, უჩნდებოდათ ერთადერთი შეკითხვა: – არ გეშინოდა, რომ ვინმეს გაეუპატიურებინე?
და მე ვუპასუხე, რომ არა, რატომღაც არა. მსგავსი კითხვების დროს მახსენდება, რომ სამყაროს სიყვარული, ანუ სქესობრივი კონტაქტები ამოძრავებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა ხდება ჩემს უნივერსიტეტში, ეზოში, სამსახურში, სამეგობროში, ეტყობა განვითარებით ჯერ კიდევ იმ ინფანტილურ საფეხურზე ვარ, როცა თავი ჩემივე სცენარის მთავარი გმირი მგონია და ვფიქრობ, სიკვდილი არ დამიგეგმავს. ალბათ სხვებიც ასე ფიქრობდნენ, რომ სუპერ გმირები იყვნენ, ფერად კოსტუმებს ჩაიცვამდნენ, ნარკომან მშობლებს ცხოვრებისკენ მოაბრუნებდნენ, ეჭვიან მეუღლეებს სიყვარულით რწმენას გაუჩენდნენ, მასწავლებლები აღარ გვეჩხუბებოდნენ და ქვეყანაც აშენდებოდა. ალბათ ჩემში ისევაა ღმერთის კომპლექსი.
შენებისას კი ხშირად საუბრობენ ქალთა უფლებებზე, როგორც ადამიანის უფლებებისგან დამოუკიდებელ წესებზე, რაც იმდენად თვითირონიული მგონია, რამდენადაც ფემინისტებისგან მოძალადე ქმრების დედებისადმი გაჟღერებული გინება. სწორედ ეს გინებაა ყველაზე სექსისტური ანეგდოტი რომელიც მომისმენია. სწორედ ეს გინებაა ყველაზე თვითგამომრიცხავი ფემინიზმი რომელიც მაშინებს. ხოლო თანასწორობამდე იმდენი ნაბიჯია დარჩენილი, რამდენჯერაც გავამახვილებთ ყურადღებას კაცისგან ქალის მკვლელობაზე, ვუგულველყოფთ ინფორმაციას იგივე პერიოდში ცოლისგან ქმრის მკვლელობაზე, კაცების ერთმანეთში ჩხუბზე ანუ ინფორმაციას სქესის მიხედვით გამოვარჩევთ. რატომ არიან მკვდარი ქალები უფრო საცოდავები ვიდრე მკვდარი კაცები ისევე არ მესმის, როგორც თეორია, რომ გაუპატიურებული კაცები ქალებზე მეტად დარდობენ. იმას ჰგავს, აპროტესტებდე ქალის პორნოგრაფიულ აღქმას და ღამის კლუბში ქალთა უფასო შესვლა გსიამოვნებდეს.
ამჯერად, საპატრიარქოს მიერ გამოცემულ დაბადებათა განმარტებანს ვეცნობი: ქალმა დაამტკიცა, რომ სუსტია, მალე ცდუნდება. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორები არიან, სხვადასხვა შესაძლებლობები აქვთ. ამიტომ უბრძანა ღმერთმა დამორჩილებოდა ქმარს, – ხელი აწიეთ ვისაც გინახავთ პირიქით, კაცისგან ნაცდუნები ქალი. არ მჯერა, რომ ღმერთი ფიქრობს რომ ეს იშვიათი ამბავია. სხვა საქმეა, რომ მარიამს დედობრივი მზრუნველობა აკლდა, მხოლოდ მეორე დღის მგზავრობისას შეამჩნია, რომ პატარა იესო მოსალოცად დარჩენილიყო მამამისის სახლში (ვფიქრობ, მწერალს ამის გახსენებისთვის არა მხოლოდ იმის თქმა უნდოდა, რომ იესო თავიდანვე დამოუკიდებელი და მამის მოყვარე იყო, იმისიც, რომ მარიამს ყველანაირი ეგრეთ წოდებული ქალური ინსტინქტები მოაკლო.), მთავარია, რომ ღვთისმშობელმა საკუთარ სხეულში ღმერთის დატევით ქალიც გააწმინდანა.
და რაც არ უნდა გაგკვიკვირდეს, საქართველო მატრიარქატული წყობის ქვეყანაა, მიწათმოქმედი, გეორგიანული, ფემინური, სადაც რადიკალური მატრიარქატის დამსხვრევაც ქალის ხელით მოხდა (მითი ამირანის დედაზე), კაცის სანადიროდ გასვლაც კი უსუსურ აქტს წარმოადგენდა ამორძალი დალის გარეშე. სადაც იდეალური სახელმწიფო ფორმის მეფე ქალი გვყავდა, იდეალური რელიგიის გამავრცელებელიც მდედრობითი სქესია, ხოლო ღვთისმშობელი წილ-ნაყრობს და გვიფარავს. აგერ, სახელმწიფოებრივობა მოვიპოვეთ ახლახანს და, სტატისტიკის თვალიერებისას გამოვტყდეთ, უმუშევარი კაცების ფონზე ეკონომიკა მეორე სქესზე ცხოვრობს. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში, სადაც ქალი წმინდანის საფეხურამდეა აყვანილი, მით უფრო დაკნინებულია მისი ადამიანური უფლებები. ამიტომ გვიჭირს დედების პორნოგრაფიული თვალით განხილვა, ცოლებისგან მფარველობას ვითხოვთ, რომ ისინი სწორ საკვებს და ჩასაცმელს აგვირჩევენ. ამიტომ გვიჭირს მათი სხვაგან გაშვება, რადგან ტრაგედიაა გაღმერთებული ადამიანის წასვლა, აღმოჩენა, რომ წმინდანსაც შეუძლია დაიგროვოს წყენა, არა მარტო წყენა, ღალატი. ამიტომ ვკლავთ. და ყოველ ჯერზე, როცა კაცები ქალებს ვკლავთ, სადღაც, სტერეოტიპთა სიღრმეში აქტი აღმოჩენას წარმოადგენს, რომ წმინდანი ადამიანია.
კაცებო, ყოველ ჯერზე როცა ერთმანეთს დედებს ვაგინებთ, ერთმანეთის წმინდანებს ვაგინებთ.
ქალებო, ყოველ ჯერზე როცა კაცებს დედებს ვაგინებთ, როგორც გვგონია, ეს არაა ჩვენი მოპოვებული თანასწორობის აქტი, ჩვენივე სქესს იმაზე მეტადაც ვკლავთ, აბორტის ლეგალიზაციით ფემინისტებმა რომ მოგვკლეს. ესაა მითი ამირანის დედაზე ხელახლა.
აი, ამიტომ არ ვიგინები.
ამ დღეებში საბოდიალოდ ისევე წავალ, და როცა ამბები დამიგროვდება, ძალიან მინდა უსქესო მსმენელი დამხვდეს, რომელიც მკითხავს, რას ვგრძნობდი ზღვის დონიდან ძალიან მაღლა, უდაბურ ტყეებში როგორი სოკოები ვნახე და როგორ გავაჩაღე ცეცხლი ნაფოტებით და ის ცეცხლი აბელზე მაღლა ავიდა, და თან წუხდეს დაღუპული კაცების და ქალების გამო თანაბრად.