31

happy-birthday-ecard-birthday-e-card-new-birthday-free-birthday-cards-funny-birthday-greeting-cards-happy-birthday-boss-ecard-funnyბავშვობაში როცა ტორტზე სანთლებს ვაქრობდი ან ნებისმიერი აქტივობის დროს სადაც კი სურვილის ჩაფიქრება შემეძლო ყოველთვის ერთ ოცნებას ჩავიფიქრებდი ხოლმე – ლამაზი  ვყოფილიყავი. ლამაზი, აი, სტანდარტული გაგებით ლამაზი, როცა სახის და სხეულის ნაკვთები ერთმანეთთან სიმეტრიულადაა განლაგებული. ვდგებოდი სარკის წინ და ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, ოღონდ ლამაზი ვიყო და რასაც გინდა შეგისრულებ მეთქი, პლუს, მამაო ჩვენო. და ახლა იცით რას მივხვდი? ის პერიოდი, როცა ორგანიზმმა სილამაზის მაქსიმუმი გამოწურა უკვე განვლიე და ახლა ის-ღა დამრჩენია არსებული შევინარჩუნო. ანუ იმაზე ლამაზი ვიდრე ახლა ვარ, აღარასდროს ვიქნები, და უკეთეს შემთხვევაში, სიმეტრია მალე არ დამერღვევა.

ვორლდომეტერსის სტატისტიკით, საქართველოში საშუალო ასაკი 72 წელია. ანუ საშუალო ცხოვრების ზუსტად ნახევარი დამრჩა არასიმეტრიული სხეულით. პირველი ნახევარი სხეულის კონტროლს სწავლობ და მეორე ნახევარი უყურებ სხეულზე კონტროლი როგორ გენგრევა. სამაგიეროდ, ანალიტიკის უნარი მოიმატებს, ისიც სავარაუდოდ და ბევრი ბლაბლა, მაგრამ სხეულის სილამაზესთან დამშვიდობება მიჭირს.

დაბადების დღე გოგირდის აბანოში გადავიხადე მეგობრებთან ერთად. ტორტის ნაცვლად ალუბლის მურაბა გვქონდა, ღვინის მაგივრად – ჩაი. მეგობარს ვეუბნები რომ ტანზე ერთი ღერი თეთრი თმა ამომივიდა. თავზე კი არა, უკვე ტანზე. ამომივიდა და მერე გამიქრა. მე კიდევ თეთრი თმა ცხვირში გამომივიდაო. დიდხანს ვიცინოდით ერთმანეთზე. ასაკთან ერთად ინტერესებიც გვიქრება. მაგალითად, დალევა აღარ გვაინტერესებს, უფრო სპორტულები ვართ. სპორტულები რა, ჩავწვებით ხოლმე ცხელ აუზში და ერთმანეთს ვაქებთ: “რა ნაზი კანი გაქვს”, “გახდი ხო შენ?”

პირადი ცხოვრების ურბანული ეგზისტენციალიზმი

შეყვარებული ვარ ერთ მუდო თამაშზე, რომელიც თავის დროზე ანა კორძაიასგან ვისწავლე, მაგრამ ჯერ ვერავისთვის მომიწონებია. ერთი მონაწილე იფიქრებს რამე რენდომ თარიღს და თითოული მონაწილე იხსენებს რას აკეთებდა მოცემულ დროს. მაგალითად, წინა კვირას ან ვარდების რევოლუციის დღეს.

ამჯერად, ლიკას დაბადების დღეზე გოგოები შევიკრიბეთ და იუბილარმა რომ იკითხა, საკუთარ დაბადების დღეებზე მოყევით, რომელიც დასამახსოვრებლად გაგიტარებიათო, თამაში ზედაპირზე ამომიტივტივდა და ერთ შვიდ ნოემბერზე მოვყევი. დედამ წინა ხელფასისგან შეკოწიწებული ფულისგან ლამაზი ტორტი რომ მიყიდა, მეგობრების დაპატიჟება არ მოგერიდოსო, მაგრამ არავინ მოვიდა, რადგან იმ დღეს აქცია ხელკეტებითა და ცრემლსადენებით დაურბევიათ. მაშინ პატარა გოგო ვიყავი და ხალხის ცემაზე მეტად ტორტი და მეგობრებისგან იზოლაცია მადარდებდა. ამბის თხრობა რომ დავასრულე, მივხვდი, რომ თამაშმა პოლიტიკური სახე მიიღო და რენდომ თარიღების ნაცლად აქციებს ვიხსენებდით.

სჩვევია ამ თამაშს დაკარგული მახსოვრობა პოლიტიკური ნიშნით გაიხსენო. რუსეთისგან განსხვავებით, სადაც პოლიტიკოსები ავტორიტეტს ატარებენ მათი სივრცული ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო მოკლე ქვეყანაა და ყოველი კანონ-პროექტი უშუალოდ ჩვენს პირად ცხოვრებაზე ტარდება.

მაგალითად, სსრკს საქართველოში მამაჩემმა ლამის თანამდებობა დაკარგა, როცა ვიბადებოდი, რადგან საშვიდნოემბრო პარადზე არ მივიდა. დამოუკიდებელ საქართველოში შსსში მუშაობდა და ეს აქციები ჩვენს ოჯახში იმდენად შემოვიდა, რომ თურმე იმის გახსენებაც შემიძლია წყნეთში სხვის ბინებში ჩასახლებულ ლტოლვილებს რომ პოლიცია ასახლებდა სასამართლოს გარეშე ან ზვიადისტები რომ რუსთაველზე სამემორიალო აქციებს მართავდნენ, რას ვაკეთებდი. და ჩემს ასაკში ყველას შეუძლია ითამაშოს თამაში “აქციის დროს რას აკეთებდი?”

ამჟამად, ორ წელზე მეტია მიგრძელდება საკუთრებრივი დავა სასამართლოში, რადგან ჩასახლებულ მდგმურს ჩემი კანონიერი სახლიდან არც წასვლა უნდა მესამე წელია და არც ქირის გადახდა. რადგან ამჟამინდელი პოლიტიკის თანახმად, ხალხი არ უნდა რჩებოდეს უბინაოდ და სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლობის უფლება შეუძლიათ პროცესის გასაჭიმად გამოიყენონ. ხანდახან მგონია, რომ ჩემი ბრალია, პატარა გოგო რომ ვიჯექი ტელევიზორთან და უბინაოდ დარჩენილი ხალხი მეცოდებოდა გამოსახლების პროცესში. ცხოვრებამ აქციის მეორე მხარეს გადამამისამართა.

 

მე მიხარია შენი დაბადების დღე!

768b919fa22206ad0360afc9e99e9a8e

TRUE FRIENDSHIP: Walking into a persons house and your wifi connects automatically.

ერთხელ წამოსცდა, ნეტა, ოდესმე ვინმეს ისე თუ შევუყვარდები, რომ ჩემთან ერთად სიარული მოუნდესო. მე კიდევ პირველად ვნახე გეოგრაფიული კრეტინიზმით დაავადებული პირი ამდენს მოგზაურობდეს ეულად. მოიკიდებს ხოლმე ჩემოდანს და თვეობით ქრება ქვეყნიდან და ჰენგაუთიდან.

აი, ისეთი მეგობარია, ვისი ჩანთიდანაც შემიძლია ფოტო მოვიპარო, რომ მერე ჩუმად დავუბრუნო. “წერილის” კონცერტზეც კი მხიარული ვიჯდე თუ გვერდით მყავს. შეუძლია უეცრად სამსახურში მომაკითხოს და ოთხნაირი კერძი მომიტანოს სადილად და მერე ხორციანები თვითონ შემიჭამოს. დავემუქრო, რომ მის საიდუმლოებებს გავცემ თუ სურვილებს არ შემისრულებს და აკურატულად მიმანიშნოს, რომ თვითონაც იცის ჩემზე კანფეტები, და საერთოდაც, ჩემი ბლოგის მისამართს მიაგნო. როგორ მახსოვს შემთხვევით მის მონიტორზე რომ მოვკარი მერც ანნას საიტს თვალი. ამიტომ სხვა გზა არ დაგვრჩა, უნდა ვიმეგობროთ საიდუმლო ამბების ხათრით. მაგრამ მეგობრობის მე კიდევ ერთი მიზეზი მაქვს.

შარშან აღდგომა მის ოჯახში გავატარე შემთხვევით. შემთხვევით რა, ზრდილობის ხათრით დაპატიჟებულზე დავთანხმდი. პასკები და ნამცხვრები ერთმანეთს ენაცვლებოდა, კარტი ვითამაშეთ, დილით ცხელი კაკაოთი გამიმასპინძლდა, კვერცხები დავამტვრიეთ. თავი ნამდვილ აღდგომაში მეგონა, აი, ამერიკულ ფილმებში როა, სადღესასწაულოდ ოჯახი რომ ერთად იკრიბება და ვიღაც ურჯულო რომ შეუერთდება გარედან. მისთვის არასდროს მითქვამს რომ გამათბო იმ ორმა დღემ.

მომწონს რომ გარემოს შეცვლა საკუთარი ტრანსფორმაციით დაიწყო. ამით მენიშნა, რომ თავს საზოგადოებრივი კოლექტივის ნაწილად გრძნობს და გამოყოფის ამბიცია არ აქვს. მომწონს მის მაღალ ხუმრობებს სეკულარიზმსა და კაპიტალიზმზე შავი სექსისტური ხუმრობები რომ ენაცვლება. წიპა, How many economists does it take to change a light bulb? None. The darkness will cause the light bulb to change by itself. და ის იცი? Behind every angry woman is a man who has absolutely no idea what he did wrong. რაღაც ასეთები.

და როგორ უიმედოდ ცდილობს აბსტრაქტული რჩევის გაცემაში რომ გამომწვრთნას. მაგრამ ყველაზე მეტად მისი სახე მომწონს საერთო ნაცნობებთან რომ ეკლებით მტოვებს, შემთხვევით მასზე რამე არ წამომცდეს. ბლოგს რომ შიშით სტუმრობდა მასზე კომენტარში რამე ზედმეტი არ წამომცდენოდა. არ უთხრათ, რომ მორიელს მიყვარს ეს მერწყული და მის ამბებს (თფუ-თფუ, კაკ-კუკ) დაშორების მერეც გავუფრთხილდები, იყოს, მემეგობროს.

დაბადების დღე და 30-ის კრიზისი

7 ნოემბერი ვიღაცისთვის შეიძლება სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან ასოცირდებოდეს, ან წითელ საბჭოთა რევოლუციასთან. მაგრამ ჩემთვის ჩემი დაბადების დღეა.
მგონია, რომ თვლას ბავშვებს იმიტომ ასწავლიან, რომ უხერხულია შენს ასაკზე ნაკლები რიცხვები იცოდეს შენი ოჯახის ბავშვმა.
ქართველებს ილუზიური ტაქტიკა გვაქვს, რომ ოცდა-თი იწყებოდეს ოცდაერთიცა და ოცდაცხრამეტიც.
“რამდენი წლის გახდი?”- მეკითხება ნიკოლა. “ოცდაათის”. “მე კიდევ სამის ვარ”. “იცი, რამდენია ოცდაათი?”- ვერ წარმოიდგენთ როგორ გავბრაზდი, როცა ვერ დაითვალა.
პ.ს. ანა, შენ თუ ამ პოსტს კითხულობ, მაქვს მოსაყოლი ჩემი “13 წლის გოგოობის” ამბები.

დაბადების დღე 2011
დაბადების დღე 2012
დაბადების დღე 2014
დაბადების დღე 2016

 

საიუბილეო იდენტიფიცირება

full

როცა შენში არსებულ პიროვნებას სახელს არქმევ, ცალკე რესპუბლიკად აღიარებ. თუმცა ისტორია ჩიხში მაშინ შედის, როცა ამ სახელით სხვებიც მოგმართავენ. როცა შენში არსებულ მეორე პიროვნებასაც არქმევ სახელს და ამ მეორე სახელითაც მოგმართავენ სხვები..

სოციალური ქსელები გაორებას ლეგიტიმაციას უწევს. ბუნებრივია რამდენიმე პიროვნებად ქცევა ისე რომ თეთრ კედლებს გაექცე.

მე თინათინი მქვია. ჯერ ჩემში არსებულ ბავშვს თაი დავარქვი, მერე ჩემში არსებულ თევზს – ანნა. ისე მოხდა, რომ ნამდვილ სახელს აღარავინ მეძახის და მენატრება. დიახ, თევზს. თუმცა ეს ცალკე ისტორიაა.

გუშინ დაბადების დღე მქონდა. ჯერ მარტო ვიჯექი “მოზაიკაში”, თაფლიან და საფერავიან ყველს სანთელი ჩავარჭე, ბაქტერიები შემოვაფხიკე, მშრალ ღვინოს ვწრუპავდი და ვათვალიერებდი საჩუქრებს ჩემს თავს რომ ვაჩუქე, – ჯემპრს ლიკვიდაციური მაღაზიიდან და ბუკინისტების წიგნს სოლომონის ბეჭედზე.

ვფიქრობდი, ცხოვრებაში სამი გარდატეხა მქონდა. მესამე ტრანსფორმაციისას დაბადებული ადამიანი უსახელოა. ანნამ თებერვალში გადაიჭრა ჭიპლარი, ჩემგან განსხვავებით მერწყულია, თაია – თხის რქა, დეკემბრის ბოლოს. სამივე ცივი სეზონის ქალები ვართ. ეტყობა არასდროს მიგრძვნია ჩემში კაცი.

ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა სხვადასხვა სახელით გაცნობილი მეგობრები ერთმანეთისთვის გამეცნო. აი, სკოლის მეგობრები, კურსელები, თანამშრომლები, მეზობლები, ინტერნეტ გაცნობილები. აი, ყველა ჩემი მე ერთ ოთახში შემეკრიბა და მეთქვა: “სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ჰმ ერთმანეთისთვის”.

მაგრამ იმ დღეს ათიოდე ადამიანმა თუ მომილოცა, ანუ გაახსენდა და მოუნდა დარეკვა ან გაახსენდა და მიცემული მქონდა მისთვის ნომერი (სადღაც 20 ადამიანამდეა ვისაც ჩემი ნომერი აქვს). ასე რომ გეგმა მომავლისთვის გადავდე და ყველს შევუბერე სული.

პ.ს. ყველი ყველის ვაჭრების გამო, ტრადიციის თანახმად ეგენი სულ იციანიან ხოლმე, კრემის ჭამა კი სევდიან ადამიანებთან ასოცირდება. პ.ს.ს. ვგიჟდები ჩემს აიდი ფოტოებზე, ვაიდენტიფიცირებ თავს.

ფიქრი ჭაობის პირას

ჩემთვის ზამთარი არის: მახსოვდეს გაზმიჭერილი მანქანიდან გადაყოფილი ხელების, თმის, რომელიც შეტაკებული ქარისგან ათ წუთში საუკუნის დასაბანივით გამოიყურება, ცოტა ხანში კი ფანჯრიდან გადაზიდული მთლიანი სხეულის დაბუჟების განცდა. ვიხსენებდე, როცა ლოგინზე აივნიდან შემოსული წვრილი მზის სხივის ქვეშ მოვიკუნტები. და როცა მზე დასავლეთით გადაიწევა, სხვა ოთახის აივანთან მოვიკუნტო. მაგრამ საბოლოო ჯამში ვიცვამ თბილად და ყინვაშიც ვსეირნობ.

ქავთარაძეზე ვიყავი შუა მაისში, მეთქი აქედან ლისის ტბაზე ფეხით ავისეირნებ. თმა ავიკაპიწე, ზურგზე საგზალი მოვიკიდე. ტბაში რომ გედებია, იმათ სკოლამდელი გოგონა ეთამაშებოდა თუ აჭმევდა. კამერაში ელემენტი არ მქონდა, ვერაფრით ვიშოვნე 2CR5, თორემ გადავუღებდი. ამ გოგოს გიშრის ფერი, ხუჭუჭა და სხეულზე შემოხვეული თმა ჰქონდა, კადრი იყო ზღაპრების ილუსტრაციიდან. უცებ ჟღალი გოგოების ჯგუფი “როლიკებით” მოსრიალდა, ფერადი კაბები ეცვათ და ნაყინებით გრილდებოდნენ. ბებია-ბაბუები წყლის პისტოლეტებით წუწაობდნენ, სანამ მათი შვილიშვილები ხიდან ხეზე ხტუნავდნენ. შეყვარებულები დაჭერობანას თამაშობდნენ. მოკლედ, ტრადიციული მაისის შაბათი იდგა.

მეორე პატარა ტბასთან თუ ჭაობთან გადავედი, თვალსაწიერში არავინ იყო. დავფიქრდი, რომ მშვენიერი კანი მაქვს, მადლობელი ვარ იმიტომ, რომ უხეში არ არის, მკვრივია, ბატონები არ მაქვს გადატანილი, რომ ნაწიბურები დამრჩენოდა, სისხლიც ისეთი მაქვს, უალერგიო. მაგრამ ჩემზე 3 წლით პატარებსაც ძალიან ნორჩი კანი აქვთ, თითქოს შუბლიდან ლოყებზე რძე ჩამოსდით, კაპილარები ზედაპირებზე ებჯინებათ და ემოციებზე უფრო რეაგირებენ. ვერც იმას იტყვი, რომ ვიზუალურობას მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი გამოცდილება, პოტენციურად მოსათხრობი ამბებია. აი, გაიცნობ ვინმეს, ვინც უკვე მუშაობს, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს, სათქმელს დინჯად ჩამოგიყალიბებს, შეხედავ მის პირადობას და 90-იანების ბოლოს ან 2000-იანებშია დაბადებული. ანუ უფრო მეტს აკეთებს ვიდრე ჩემი 80-იანების თაობა აკეთებდა მათ ასაკში. ბუნებრივია შემშურდა, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს თაობა. სისხლი უდუღთ, ზამთარშიც კი არ სცივათ. ისინი ხომ ჩვენს შეცდომებზე სწავლობენ. 

ეს ფოტოები სადღაც იანვარში გადავიღე იქ. წამო ნუში დავკრიფოთო, აიტეხა თამარამ, კანს უხდებაო. ამ ზამთარში ნუშს რა უნდაო, ერჩოდნენ, მაგრამ იყო.

346

890
345

457

რექტიფიკაცია დაკარგული დროის ძიებაში

timthumb

ალბათ შეუძლებელია რექტიფიკაცია გიტაცებდეს დეტექტივობანას გარეშე. არის ამაში რაღაც შერლოკ ჰოლსმური, როცა იმის ნაცვლად, რომ დაბადების დროის მიხედვით ადამიანი გაიცნო, პირიქით, მიზნად დაბადების დროის გაგებაა ადამიანის ცხოვრების მიხედვით. რექტიფიკაცია, ძირითადად, დაბადების ზუსტი საათის არ ცოდნის შემთხვევაში გამოიყენება და, ვფიქრობ, სპორტული მოსაზრებითაც საინტერესო უნდა იყოს.
მაგალითად, თუ დაბადების საათი ვიცით სადღაც ორი საათის სხვაობით, რუკაზე მათ საშუალო საათს ვაყენებთ; ვიცით, რომ ადამიანთა თვისებებზე, ძირითადად, პირველი რვა სახლი/ნიშანი მოქმედებს; ბავშვობაში მამის აღმზრდელობით დანაკლისზე მზე, პლუტონი ან სატურნი მეთორმეტე სახლში მიუთითებს; სისხლთან (ქირურგია, სამხედრო საქმე) დაკავშირებული პროფესიისას ემცესთან მყოფი მარსი მოვნიშნოთ და სხვა.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი მაინც ქორწინებაა, მითუმეტეს ქორწინებამდე ქალწული წყვილის შემთხვევაში და შვილების გაჩენა განსაკუთრებით ქალის ჰოროსკოპის შედგენისთვის, და უფრო განსაკუთრებით პირმშოსი. თუ განქორწინებაზე მიუთითებს ტრანზიტული სატურნისა ან პლუტონის ნათალურ მეშვიდე სახლში გავლის პერიოდი, დაბადების საათი მის პარალელურ საათზე მოინიშნება.
ზოგადად, რექტიფიკაციისას განსაკუთრებით აკვირდებიან სატურნის პოზიციას და თვლიან, რომ განსაკუთრებით მათ გამოსდით მათი გამოკვლევა ან მათ რუკაზე სათანადო წერტილების დასმა, როცა ჰოროსკოპში ეს პლანეტა ძლიერი გავლენითაა. თუ ვინმემ მოყვა, რომ თავისზე მაღალ სოც. საფეხურზე მდგარი კაცი გაიცნო, შეიძლება ტრანზიტული იუპიტერის დესცედენტთან გავლის შემთხვევა მოვნიშნოთ ან პლუტონის შესვლა დაბადების საათის მომენტში, – გააჩნია მათ შორის დაწყებული ურთიერთობის ხასიათს. ამ მიდგომებით დაისმევა სიმბოლოები რუკაზე და საბოლოოდ დაბადების მომენტში დახაზულ ზეცას მივიღებთ.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ ასტროლოგიური სახლების გამოთვლის სისტემა.
აქედან შეგიძლიათ წაიკითხოთ რექტიფიკაციის წესები რუსულ ენაზე: Agafonov-Rektifikaciya.
აქედან შეგიძლიათ ჩაიტაროთ ტესტი: წაიკითხეთ ინსტრუქცია, საათის არ ცოდნის შემთხვევაში მონიშნეთ +-12, ჩამოწერეთ მნიშვნელოვანი თარიღები და პროგრამა მიახლოებით დააანგარიშებს.

 timthumb (1)

როცა ვიბადებოდი

დიდი დიღომი მართლა დიდი იქნება. გლდანზე დიდი, ფოთზე და გორზეც. ჯერ აქ პირველი და მეორე მიკრორაიონები შენდება, მალე მესამეშიც დაიწყება საცხოვრებელი კორპუსების დამონტაჟება. მესამე და მეოთხე მიკრორაიონებში მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწყობენ, – ჟურნალისტი ცდილობს მხატვრულად გადმოსცეს კომუნისტური ევოლუციის სცენა და სამშენებლო სტატიის წერას იწყებს ფრაზით: “ცრის”… გლდანისხევზე მეტად გავფართოვდებითო, ხეს რომ მოჭრი და მის ადვილზე სახლს ააშენებ, იმ ხეს უნდა ჯობდეს, თუ არა და, ხეს რას ერჩიო, – ბოლო დროინდელი ჰობია, შემთხვევითობის პრინციპით ავარჩიო თარიღი და იმ დროის ყველა პრესას გავეცნო. ამჯერად ვადგები ეროვნულ ბიბლიოთეკას და კატალოგში  ’87 წლის 7 ნოემბერს ვეძებ.
მსოფლიოში ცნობილმა ამერიკულმა კინოფირმა “კენონმა” შეისყიდაო “მონანიება” ყველა კონტინენტზე ჩვენების უფლებით. ამ დროისთვის კინოთეატრებში “ხარება და გოგია” გამოსულა, ფოტუჟურნალისტებისთვის კი გამოფენა მოეწყო. ის ცნობილი სახეები, ფოტოებით რომ გვახსოვს, სწორედ მაშინ, აი, ბალანჩივაძის, მამედოვის, დუმბაძის.
შავ–თეთრი გაზეთები წითელი პირველი გვერდით იბეჭდებოდა. რევოლუციიდან სამოცდამეათე წლისთავს აღნიშნავდნენ. სახელმწიფო პრემიები მიენიჭათ მშრომელებს. მილიციელები განსაკუთრებით აღნიშნავდნენ დღეს. დღე ორიენტაციის შემოწმების თარიღად გამოცხადებულიყო, რამდენად სწორი იყო რევოლუციის მიერ განვლილი გზა. თან ქართველ კლასიკოსებზე წუხდნენ, რომლებსაც არ მიეღოთ ევოლუცია. გაზეთები სისტემატიურად აღწერდნენ ურბანულ თუ სოფლის ცხოვრების წესებს. მკაცრ ფერებში ხატავდნენ ოჯახების არასტაბილურობას და  კეთილდღეობას, რითიც მნახველებს ანახებდნენ სულიერად გათიშული ოჯახის წევრებით დასახლებულ, ფორმალურად არსებული, შინაგანად დანგრეული ოჯახების კატასტროფულობას. არა მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის, ერისთვის. გამოაქვეყნეს ნახატი “დახვრეტა აგურის კედელთან”, სადაც გაუცხოების პრობლემა ჩანდა. იქვე რობერტ სტურუა საუბრობდა ახალ გახსნილ თეატრზე, რამაზ ჩხიკვაძის “მეფე ლირზე”. იდგა დედა ენის პრობლემა. იმ წუთებში სპორტული გადაცემა გადიოდა თურმე: “გოლი” ერქვა, ცოტა ხანში “ზღაპრის გუდა” დაიწყებოდა.
პატარა რომ ვიყავი

პრინცესა რომის ბაჭია

ერთ სოფელში ცხოვრობდა პატარა ბაჭია, რომელიც ძალიან მსუნაგი იყო. კომბოსტოსა და სტაფილოსთვის ბოსტანში გადაძვრა, ბოსტნეული დაღრნა და გასუქდა, ისე გასუქდა, რომ ღობეში უკან ვეღარ გამოეტია: თავი ეტეოდა, მუცელი კი ვერაფრით გაკვეხა. იდარდა პატარა ბაჭიამ, დიასახლისი რომ წაასწრებდა და დაკლავდა. ო, როგორ იდარდა. ბევრი ეწვალა, როგორ–ღა არ მიუდგა, თუმცა მუცელი კომბოსტოსავით გაბერვოდა. სად იყო და სად არა, დედა დაინახა, ფათხა–ფუთხით  მისკენ რომ მორბოდა, შეუმჩნევია შვილის არ ყოფნა და მოიწყინა. საშველად ღობეში თვითონაც გადაძვრა, უკნიდან ზურგით მიაწვა და გამოაძვრინა. ამ ზღაპარს ორი დასასრული ჰქონდა: დედა ღობის იქითა მხარეს რჩება და კლავენ, – მაგრამ ეს ვარიანტი მარტო ერთხელ გავიგე, ისე კი ბედნიერი დასასრული აქვს.

პატარა რომ ვიყავი, ბაჭიაზე ზღაპარს მამა მიყვებოდა ხოლმე. იცოდა, მამიკოს გოგო რომ უფრო ვიყავი და ცდილობდა დედა შემეყვარა.  როცა ეგონა, რომ მეძინა, დედა მამას ეფერებოდა და ეუბნებოდა: – აღარ ვიცი როგორ დავიმეგობრო, – ამაზე კი მამა ეუბნებოდა: – აცალე, – მერე ჩემთან მოდიოდა, მე კისერს დაბლა გადავწევდი, – ძველი ჩვევაა დღემდე გამოყოლილი და მიღუტუნებდა. მერე მუცელზე შემისვამდა, საოცარია, მაშინ მუცელზე ვეტეოდი. მე კი ვითომ ვერ ვხვდებოდი რატომ მოვიდა: – მამა, ის ზღაპარი მომიყევი რა შენ რომ გამოიგონე! – სულ მგონია რომ გამოიგონა. ტელევიზორში მაშინ მულტსერიალი გადიოდა და თავის პრინცესა რომს მეძახდა. მაფიცებდა, რომ სიგარეტს არ მოვწევდი და არასდროს გავთხოვდებოდი.

ამჯერად, აღარ გავათენებ ღამეს, რომ ვიგრძნო, ყოველდღიურად როგორ მეზრდება ხერხემალი და სიმაღლეში ისე გავიწევი, რომ საბნიდან ფეხებს გამოვყოფდი, თავს კი საწოლის კიდეს მივარტყამდი. ამჯერად, მამაზე მეტად დედა უფრო მიყვარს და არც საიუბილეო გეგმებისთვის მიმიღწევია: ისევ არასდროს გამიბერავს კევი, არც ბუშტი გამიბერავს, არც მეგობრებთან მიჩხუბია როდისმე, არც არასდროს ჩამოვსულვარ გაჩერებაზე “ელ–დეპო”, არ მომიწევია და არც ლუდი დამილევია. არც კი ვიცი შემდეგ იუბილემდე ამდენს თუ მოვასწრებ. მაგრამ რაღაცა მაინც შეიცვალა.

გამთენიისას სარკეს მივუვარდები, რომელიც თვალებს არ დაუჯერებს როგორ გავიზარდე: სამ დღეში ჩემი დაბადების დღეა. საიუბილეო სანთლების ნაცვლად სამსახურში გავიქცევი და იქიდან შუა ღამეს მოვალ, თუმცა თვალსისხლიანი, ღობეში გაკვეხილი ბაჭიასავით დაქანცული თვალები მექნება, მაგრამ სარკეს მაინც გაუკვირდება და თვალებს არ დაუჯერებს, იტყვის: ერთ ღამეში აუყრია ტანი.

გილოცავ დაბადების დღეს!

შენ ავანტგარდული სიცილი გაქვს
და რეტრო სახე, წვრილი და უსახური.
მეუბნებიან, 33 წლის რომ გახდები, –
მოკვდები, –
მე მაინც გივლი.
და დილაობით გიკეთებ მასაჟს.
შენ რეტრო ზურგი გაქვს
და ხერხემლის ავანტგარდული მიმიკა.
ამბობენ, რომ შენ უნდა მოგვკლა.
მე კიდევ შენთან ვფსიქოლოგობ არმაგედონზე.
ავანტგარდული აქცენტი გაქვს.
მე მომწონს 🙂