ორსული დედის მუცელზე

875879

ხანდახან გამოღვიძების მიზეზებზე ვფიქრობ. აი, გუშინ ჩემი მაქცია ხელები, მთელი ღამე ბალიშად რომ იყვნენ ქცეულნი, ამტკივდა და ამიტომ გამეღვიძა. თვალებამდე აწეული ტომარა წელამდე ჩავიწიე, ძვლები გავიტკაცუნე, თანაკარველები დავათვალიერე. ღმერთებმა ნათლობისას ფხიზელი ძილი დამაწყევლეს, ხასიათი ბოლომდე ძილშიც კი არ გაგეთიშება, შენ ღრმა სამყაროში რა გესაქმებაო, ლევიატაციის პირველ სართულებზე დარაჯობა თუ გამოგივაო. სახლში დარჩენილი დედაჩვენები წუხდნენ, ვეფხვიო, აფთარიო. დედა მეთქი, მაქსის მგელი ჰყავს მოკლული თუ ნაცემი, ძლიერია მეთქი, კუნთიანი. არა და წვრილძვლიანი და ცხოველთმოყვარეა, ამიტომ თამუნამ: ჰა-ჰა-ჰაო.

75789

რადგან ღმერთებმა ფხიზელი ძილი დამაწყევლეს გემოვნებიანი უძილობით ვიცი, რომ წუხელ მაქსის ზურგზე ეძინა, თამუნა კი ჩემსავით ზედაპირულია, ძილზეც კი უჭირს კონცენტრირება და გვერდიდან გვერდზე ბრუნავდა. ვწრიალებდით ორნი კარავში, მაქსი კი: “ხფშშ..” – და კოღოს ნაკბენს იფხანდა. იმ კოღოს ნაკბენს, მე რომ კარავში შემოპარული ბუზი მეგონა და მაქსმა ძილში სწორედ მაშინ დაიფხანა ნაკბენი, როცა თამუნამ კოღოს კედელზე სისხლი გააფრთხობინა. თამუნა წიპა: “ეე, მაქსის სისხლი დავღვარე”. დაძინებამდე კი ნამცეცებმოგდებულ ჭიანჭველებს ტვირთის გადატანაში ეხმარებოდა, მიწოლითაც და მორალურადაც: “ასწიე, ჭიანჭველა ხარ თუ პროპკა”. მე და მაქსი: “ჰა-ჰა-ჰა”.

IMG_1250ტყეებში შეგიძლიათ იპოვნოთ გვირილები და ჩაი მოიხარშოთ, ნაყენი თავზე გადაივლოთ, დამამშვიდებსო, სახე გამისუფთავდებაო, თმა გამიღიავდებაო. გვედგა ქვაბი და ვხარშავდით, დაკრეფილი ტყემლით საწებელას ვამზადებდით,  სოკოს მოუხდებაო, ხეებში ამოსული ნორჩი მარწყვებიო, ათას ორასი წლის ხეო, თამარ მეფეს რომ დაუწყევლია, ამის ხელის მხლებსო ასე და ისეო, ვიღაცას დაუწვავსო, იქიდან აქლეტილი ქერქიც კი მოვხარშეთ, ბრძენი მცენარე დავლიოთო, თბილისიდან ჩატანილი ღვინოო. თამუნამ, თევზებმა დამკბინესო. თი-თიო, – თუ რაღაცა შეძახილით აფრთხობდა. მე კიდევ: “ჰა-ჰა-ჰა”.

თუ წყლისგან აჩქარებული გულით ხმელეთზე აბობღდები, მიწაზე პირქვე დაემხობი, ისეთი შეგრძნება გექნება, თითქოს დედამიწამ ჯერ ქვესკნელისკენ წაგიღო და მერე დაბლიდან მაღლა აგაგდო. ანუ შენი გულის ცემა იმდენად გიუცხოვდება, იბნევი და გგონია, შენ არა და, ასე დედამიწა სუნთქავს, დიადი მეძავის გაბერილ მუცელზე მოკალათებულხარ და უსმენ როგორ ხდება ფონი პორტრეტი. ისეთი ილუზიაა, მიმავალი მანქანიდან რომ გგონია, რომ ეს შენ კი არა, ხეები მიდიან. დედამიწა გავიგე მეთქი და ახლა თამუნამ და მაქსიმ: “ჰა-ჰა-ჰა”.

6986787

გვირილა

ქალები შეგროვილიყვნენ, ჩემთვის თმა რომ დაევარცხნათ. რიტუალად აქცევდნენ და მუდამ ხელში ეჭირათ. გრძელი თმა მქონდა, ხვეული და ქერა. ის დრო იყო, ჯერ სკოლაში რომ არ დავდიოდი და მათამამებდნენ: სულ წითლები მეცვა თავიდან ბოლომდე, ასე მაცმევდნენ.

”ქრისტინა” – წიგნს ერქვა, წაგიკითხავთ? მუხლებში ჩამიდებდა დედა და მიყვებოდა. პერსონაჟის თმას მამსგავსებდნენ, მაინტერესებდა და ვკითხულობდი. მერე სიბოროტე გავაკეთე, ყველაზე ცუდი მხრიდან ვუყვებოდი ხალხს მის შინაარს. მინდოდა არავის მოსწონებოდა.

მალე დადგა ჟამი თმის გადაპარსვისა. ჩემს უბანში ბავშვებს ასე ექცეოდნენ. შეიძლება სხვასაც. დედას შევეხვეწე, არ გინდა მეთქი. დამიჯერა. მხოლოდ შემჭრა. წამიყვანა და შემჭრა. ფეხებამდე ხუჭუჭა თმა აიღო ვიღაც ქალმა და მოჭრა.

მოკლე თმა სწორი გახდა, გამუქდა. გვირილა აღიავებსო, დედამ. ჩვენს სახლში ხშირად მზადდებოდა მისი ნახარში. ახლა თავად ვიღებავ შავად.

ოპტიმისტური მცენარეა. მისი ფურცლები ისეა მოწყობილი, რომ მუდამ უყვარხართ. მერე გავიგე, რომ სამკურნალოცაა. ხალხი სისხლდენის შესაჩერებლადაც იყენებს და ჭრილობათა მოსაშუშებლად. ჩემი პირველი დაინტერესება სახალხო მედიცინით მას და მელაკუდას უკავშირდება. მედეა მომწონდა არგონავტებიდან და ვბაძავდი: ჯადოქარი გამოვალ მეთქი, ვამბობდი.

გვირილა ორსქესიანია, იშვიათად ცოლსქესიანი. ჯამი არა აქვთ. მენსტრუაციის დროს ძველად საფენებთან ერთად იდებდნენ, ტკივილები რომ დაამებოდათ, ორგანიზმი გაესუფთავათ. ვკითხულობდი, რომ ხმარობდნენ ვაგინალური ინფექციისას და ძუძუსთავების ჭრილობებზე მისადებლად. თურმე ინდიელები აბორტის წამლებს რომ ამზადებდნენ, აბებში მათ ურევდნენ, ინფექცია რომ არ შეჭრილიყო. ყველა გვირილას არა, მედიცინაში იყენებენ მათ კარგად განვიტარებულ ვარიანტს ანუ როცა მათი ღერო 30-50 სმ-ია.

გვირილას ნაყენს დამამშვიდებელი ფუნქცია აქვს. როცა აფთიაქში ვყიდულობ, არ მშველის, მაგრამ როცა თავად ვამზადებ, მთენთავს. რიტუალი უწყობს ხელს რომ დამშვიდებისთვის მოვემზადო. ეტყობა. ალბათ ერთხელაც რამეს ავიკიდებ ან ალქიმიკოსი გამოვალ. გიფიქრიათ, როგორი სიკვდილი გაქვთ სანატრელი? ჰო, სიკვდილიც შეიძლება სანატრელი  იყოს. ყოველთვის მინდოდა ექსპერიმენტს მოვეკალი. დამეწვიეთ: