ნიფილიმები, გოლიათები, დევები და ათასი უბედურება, ჯანდაბა!

exlibrisclip

“ახალი რასა აღმოაჩენს ჩვენს ნაკვალევს და იტყვის: “რამხელა ფეხები ჰქონიათ.”
მე, 2010

ვინაიდან დედაჩემი, თუ ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, სპეტაკი თბილისელი ექიმების შთამომავალია, ბოლშევიზმის პერიოდში უპირატესობა რომ დაკარგა, მაგრამ ლამის დაჩისთან ერთად დააარსა ქალაქი; ხოლო მამაჩემი, თუ ასევე ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, გნომისა და დევის ჰიბრიდი გახლავთ, შეიძლება ითქვას, რომ მეტად ჩახლართული გენი მაქვს. თუ ამავე წყაროებს დავუჯერებთ, მდინარეს სათავისკენ ავყვებით, დედაჩემის ხეები მარცხნივ რომ გადავდოთ, გიამბობთ, რომ ჩემი პირველი მამობრივი წინაპარი ჭინკაა, სახელად შაშა, ნაწარმოებია შაშვიდან, პატარა ჯუჯა კაცუნა, რომელმაც დევებისგან რკინის გამოჭედვა ისწავლა და ხანდახან იმით ცუღლუტობდა, რომ შვიდწვერა მთიდან სოფლებს რკინის სეტყვებს უშენდა. მიზეზი დევთა გაცამტვერება გახლდათ და მე დღემდე მჯერა, მამა-პაპური დევების პარალელი გადის ებრაული ზღაპრების ნიფილიმებთან, სადაც ბაბუაჩემი შაშა ბიბლიური დავითის ალეგორიაა, დევი – გოლიათის, გოლიათი – ნიფილიმის, ხოლო მთელი ეს რკინის სეტყვები სოდომი და გომორის ინტერპრეტაციაა დაცემულ ანგელოზთა გასანადგურებლად. ამიტომ გამიტაცა შუმერულმა და ებრაულმა ზღაპრებმა.

არის ერთი გრაფიკული მოთხრობა “გოლიათი”, სადაც დიდი კაცი რაღაც ჰოდორის მსგავსი წარმონაქმნია, ძლიერი, მაგრამ ალალი, რაც, თავისთავად, წინააღმდეგობას ქმნის, იმდენად, რომ შურდულიც კი ამარცხებს. მახსოვს, რომ ჩასჩიჩინებენ, ამხელა ჯარისკაცი ხარო, ვინმე უნდა მოკლაო, კარგიო. მართლაო? არაო. ისეთი ჰუმანური წიგნია, როგორც ერთი თანამედროვე ქართველის ზღაპარი, დევი რომ ადამიანებთან მიდის და ემუდარება, დამიბრუნეთ ჩემი შვილიო. ანცი ბიჭუნაა ეს გოლიათის თვალით დანახული დავითი, თავის გამოჩენას მოწადინებული. თვალებით ელვას უშვებსო, შიშველი ხელებით აქლემი მოკლაო, ლოდებს მიირთმევსო, დიდი აქვსო გოლიათს. სინამდვილეში წიგნების კითხვა ჰყვარებია და ღამის მდინარეზე კენჭების შეგროვება. რამდენადაც გოლიათის მესმის, იმდენად არ მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. ნიჭი ეს ხომ საჩუქარია, მიღებული უშრომველად, ეს ხომ ნიშნავს იცხოვრო მშობლების ხარჯზე, რადგან ოდესღაც რაღაცა იშრომეს, იწვალეს, შეიძლება წვალებისგან შედეგი ვერ მიიღეს, მაგრამ შვილებს გადასცეს, რითიც დამოუკიდებელი არჩევანის უფლება შეუზღუდეს. ეს ნიჭი იმ ლამაზფეხება ქალს ჰგავს, რომელიც თეძოებს ნარნარით ამოძრავებს, მაგრამ ქალიშვილი კვდება. ეს ნიჭი დაბადების დღეზე მიღებულ ტიგროვი შარფს ჰგავს, რომლის გამოც მეგობარს დავშორდი და როცა კონტაქტს ცდილობს, ვუყვირი, რატომ მაჩუქე მეთქი. შეიძლება ჩემი გოლიათი ვენერული კუროა, უკან დატრიალებული მარსით. სისხლში მაქვს გამჯდარი, რომ დევები უნდა მიყვარდნენ, დევებიც და გნომებიც, მაგრამ ხანდახან, როდესაც მზის სხივებს მთვარისა სჭარბობს, ოქროს ნაცვლად ვერცხლის საყურეები მიკიდია, დედის მხრიდან ადამიანებიც მიყვარდებიან.

შეჯამებისთვის, მაშინ როცა ნიფილიმები ადამიანებთან დაეცნენ, აქტი არათუ მამისადმი დაუმორჩილებლობას, არამედ გაყრილი ძმების მიქაელისა და სამაელისგან განდგომასაც წარმოადგენდა. მოიყვანეს ანგელოზებმა ადამიანთა ასულები და მათ სხვადასხვა ხელობა ასწავლეს. მაგალითად, ქარგვა, მჭედლობა, ცეკვა თუ სიმღერა, რომელსაც დღეს ეკლესიაც იყენებს. ამ ზღაპრების თანახმად, სოდომისა და გომორის აღსასრული გოლიათების გამო მომხდარა (ცეცხლის ჩამომტანი ამირანი და ცეცხლის წვიმა). ამ ზღაპრების თანახმად, გოლიათი უნდა მომკვდარიყო, რათა დავითის შთამომავლობას ქრისტე დაებადა. ჩემმა საყვარელმა გრაფიკოსმაც, რომელმაც “მოკლე ამბები” დაწერა (სიტუაცია გამომცემლობაში: “გამოაქვეყნებთ ჩემს “მოკლე ამბებს”? “არა”. მოკლე ამბის დასასრული), მიუხედავად იმისა, რომ გოლიათის ბოლო ვიცოდი, რამდენი დღე გადაბმით მატირა თავისი მინიმალისტური გრაფიკით, ბავშვური მინაჯღაპნებითა და იუმორით. წიგნი გამოვწერე ამერიკის ბიბლიოთეკიდან, უფრო იაფი დამიჯდა და ვისაც გინდათ, გათხოვებთ. თორემ ამ პატარა კომიქსში იმხელა აზრი ჩავდე, ავტორს უნდა დავუკავშირდე და გავაგებინო, რა იცის რაში გამოადგება.
ისე დიდი მართლა ჰქონდა?

ჩინური ადამ და ევა

ვინც ჩინურ მაღაზიაში შესულა და იქიდან ყურში ზინზილაკების ხმით გამოსულა, მონდომებია, თავისითაც აეწყო გამოუსადეგარი ნითებითაც ნივთები. ყოველ შემთხვევაში, თავად მომდომებია და მომწონებია მინიატურული ადამიანების ნდომა, სამყაროში არაფერი იკარგებოდეს.
ლოცვაც კი პრაქტიკული აქვთ: ღმერთო, შვილი დამიბრუნე ავადმყოფობისგან და სამაგიეროდ, მე მინდორს შეგწირავო. წლების მერე კი აგრძელებენ: შვილი მაინც მომიკვდა და მინდორს ხომ ვერ დამიბრუნებდიო. ამაზე ძველქართული დაკრძალვის ტრადიცია მახსენდება. ცოლის სიკვდილის შემთხვევაში მამას მზითვებს რომ უბრუნებდნენ: ამან მაინც გაგამხნევოსო.
ან სხვა რა უნდა ქნან, ანეგდოტის არ იყოს, რაც რეზინა ჰქონდათ კეტებში დახარჯეს და გამრავლდნენ. დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირება კი დროისა და სივრცის ჭიდილად მიმაჩნია. ისაო ესაო და მათი ფილოსოფიაც დუალიზმის წერტილს ეფუძვნება, უკიდურესობის გადაფსკვნა რომ ხდება და რომ არაფერია სამყაროში შეურეველი სახით. ხალხებს ლამაზ აკვარიუმებში მოთავსებულ ახალი ჯიშის თევზებს აჩვენებდნენო. ჩინელები კი ინდივიდუალობაზე მეტად პირველად ჯერ აკვარიუმს ამჩნევენო.
არა, ყველაფერი დაიწყო ღმერთიდანო. საინტერესოა გენეზისის თეორიები. იცით, ფუ-სი და ნიუ-ვას შესახებ? – ასე ერქვათ ჩინელ ადამ და ევას. მანამდე კი ღმერთი გაკეთდა, გაიპო და იქიდან ინი და იანი შვა.  იყო და არა იყო რა.

ბიოპანკი ლიტერატურაში

სამეცნიერო ფანტასტიკას ის მიზანიც აქვს, ნებისმიერი ფანტაზია მეცნიერულად გაამართლოს. კონკრეტულად ბიოპანკის შემთხვევაში თვალს ვადევნებთ მიწისქვეშეთის ბიოლოგიურ ექსპერიმენტებს. ბიოპანკი ეს ამბავია გენურ ინჟინერიასა და ბიოლოგიურ ძიებებზე. მოვლენების სათანადო განვითარებისას ზოგჯერ შედის საშინელებათა ჟანრში. მაგალითად ნაჩვენებია, მეცნიერთა ხელში ადამიანთა სასურველად გადაკეთების, კლონირების ვერსიები, როგორ ქმნიან მოძალადე მუტანტს. ან მიმართავს საერთაშორისო პოლიტიკას, როცა ატომურ იარაღზე საშიში ხელოვნურად გამოწვეული დაავადებებია. ის მოედება არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნის ტერიტორიას, არამედ მის ფარგლებს გარეთ გავა. ცდილობენ გენური ინჟინერია გამოიყენონ, რათა დაბადებული ადამიანები მონაცემებით თავიდანვე იყვნენ დაგეგმარებულნი. (გათაკა.1997) ამ დროს მწერალი უნდა ერკვეოდეს ბიოტექნოლოგიებში, თანამედროვე ბიოლოგიის მიღწევებში.

ბიოპანკი სამ. ფანტასტიკის მიმართულებებში ჩემთვის იმდენად საინტერესოა, რამდენადაც სურვილი,  ვფლობდე, პირველ რიგში, საკუთარ თუ სხვათა სხეულს. მისი მეშვეობით, ათეიზმს ადამიანის ეგოცენტრულობა ენაცვლება და საკუთარ თავს ზილავს თიხის ”ნავაროჩენი” ვარიანტისგან სასურველი ფორმის მისაღებად. სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის ჟანრს შორის კი ის განსხვავებაა, რომ ამ უკანასკნელში პარანორმალური სხეულები ნატურალური მოვლენაა, პირველში კი აღწერილია გზა, ხელოვნურად თუ როგორ მივიღოთ ის. ეს ისე, შესავლისთვის. ამჯერად კი ჩემი ბიოპანკის ბიბლიოთეკიდან სამ ძირითად თემაზე გავამახვილებ ყურადღებას:

  1. პლასტიკური ქირურგიის პლიუს-მინუსებზე, ანუ იდეალური სილამაზითა და მის შესაბამისად სიმშვიდით  განთქმულ სამყაროზე;
  2. კლონირების პრობლემაზე ანუ რამდენად არის ფიზიკური სხეულის იდენტურობა გონებისთვის გადამწყვეტი;
  3. დესტრუქციასა და გენეზისზე.

”მახინჯები” სკოტ უესტერფილდის ავტორობით დაწერილი ახალგაზრდული რომანია, ფანტასტიკის ჟანრს რომ მიეკუთვნება და იმავე მწერლისგან სერიებსაც ქმნის. ეს წიგნები ერთად რომ ავთქვიფოთ, მოქმედება ანტიუტოპიურ მომავალში მიმდინარეობს. რომანის მთავარი, ფუტურისტულ ქალაქში მცხოვრები პერსონაჟი, 15 წლის ტელი იანგბლადია, რომელიც ხელსაყრელ ასაკს ელოდება პლასტიკური ქირურგიის წყალობით სხეული რომ გაილამაზოს. სამყარო, რომელშიც ის ცხოვრობს ლამაზია. შეიძლება იმიტომ, რომ 16 წლის ასაკიდან პლასტიკური ქირურგია მასისთვის ხელმისაწვდომი და პოპულარულია. ამაზე კი ცნობილი ფრაზა მახსენდება: ”ყველა ქალი ლამაზია, მადლობა ფოტოშოპს”.

მაგრამ დედამიწა დაჟანგდა. მეტსახელიც შეურჩიეს: ”ჟანგიანი მსოფლიო”. ადამიანებმა იმდენი მეტალი გამოიყენეს, რომ მიწა წახდა და დაჟანგდა. ნივთიერებათა ცვლა მოხდა, ოქსიგენებთან რაღაც (არ მახსოვს) შეერთო და აალდა. სამაგიეროდ, ყველა ლამაზი და სუპერმოდელია. არიოლის მანათობელი ეფექტი (halo effect) კი ძალადობას ამცირებს. თანასწორობის შემთხვევაში სილამაზე თავის მნიშვნელობას კარგავს, ეს ადგილია, სადაც არავინაა ლამაზი და არც არავინ მახინჯი, თანასწორობა კი საამურობის გარანტიაა. თან საამურობის მოთხოვნილება მათში იმდენად დიდია, რომ სათანადო შედეგებისთვის ტვინის უსარგებლო ქსოვილების განადგურება უწევთ. ამით ადამიანის სხეული საერთაშორისო პოლიტიკის მწარმოებლის როლში გვევლინება. ჩემი ფრაზაა, რომ ცხოვრება ფოტოაპარატს ჰგავს, სადაც სინათლე სიჩქარის პროპორციულია და პირიქით, ანუ სასურველი ფოტოს მისაღწევად სასურველი ფოტო უნდა დათმო. ვისაც კამერასთან ჰქონია შეხება, მიმიხვდება.

მაგრამ საკვანძო მომენტები სისტემასთან რამდენიმე აჯანყებული პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება. თუ დაკვირვებიხართ, პლატონისეურად ყოველთვის გამოერევა ერთი-ორი ღვთისგან მოცემულ სიმახინჯეს ადამიანისგან შექმნილ სილამაზეზე მეტად რომ არჩევს. მოკლედ რომ ვთქვა, მთელი კითხვის მანძილზე მწერლის მორალი დამყვება, რომ მთავარია პერსონალური აზრები და არა გარეგნული ბრჭყვიალებები. ვიცი, რომ რომანის მიხედვით შარშან ფილმიც გადაიღეს. ისიც გავიგე, მწერალს მოზარდებისგან წერილები მისდიოდა, რომ დიეტას აღარ იცავდნენ და მკერდის ოპერაციებს აღარ იკეთებენ. <გადმოსაწერი ლინკი>

”არასდროს გამიშვა” კაზუო იშიგუროს ავტორობით შექმნილი ბიოლოგიურ მიღწევებზე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანტიუტოპიაა. სიუჟეტი კაცობრიობის გადარჩენისთვის შექმნილ ადამიანთა კლონებს ეხება და მოგვითხრობს ლაბორატორიაში აღზრდილ ბავშვებზე, რომელთა მომავალიც ორიგინალთა ჯანმრთელობით განისაზღვრება.

წიგნის ამოცანაა უარყოს ან დადგინდეს კლონთა იდენტურობა საკუთარ თავებთან, აქვთ თუ არა თავისუფალი ნება თუ ორიგინალთა ნაწილნი არიან და მათში სულის არსებობის შესაძლებლობა. ბუნდოვანია მიზანი ადამიანთა გადარჩენაა ავადმყოფობებისგან თუ კლონების გადარჩენაა ადამიანების გადარჩენისგან. მიზანი მიიღწევა არტ-ექსპერიმენტით, ანუ აღმზრდელები ცდილობენ გაიგონ, ბავშვებს რამდენად შეუძლიათ შექმნან დამოუკიდებელი ხელოვნების ნიმუშები.

კაზუო იშიგურო კი წიგნის იდეას წარმოგვიჩენს კლონთა ცხოვრების აღწერით: ბავშვობიდან დაწყებული, როდესაც ისინი პირველად აცნობიერებენ სამყაროს და უჩნდებათ ეჭვები და ემოციები, მოზარდული პრობლემების გავლით დონორობით დამთავრებული, როცა ორგანოების ტრანსპლატაციაზე მიდიან. სასიყვარულო სამკუთხედით შექმნილი სევდიანი ისტორიაა, თან ადამიანური და კლონური სიყვარულის დაპირისპირებით პარალელი ივლება ორ არსებულ სამყაროს შორის. <გადმოსაწერი ლინკი>

 პოსტმოდერნისტებისთვის ძველის დანგრევა და ახლის შენება, ეს მიდგომა აპოკალიფსური დრომოჭმული არსებობის და ახალ, ვირტუალურ, ოცნებათა ახდენის სამყაროში შესვლაა. სიცოცხლეზე, ნორმაა. სურთ გათავისუფლება დრომოჭმული არსებობისგან და ახალი, ვირტუალური, ოცნებათა ახდენის სამყაროში შესვლა. 

ოქტავია ბატლერის ტრილოგია ”ქსენოგენეზისი” ცდაა ახალი სამყაროს შექმნის. წიგნის თანახმად, კაცობრიობამ გაუთავებელი ომებით და ატომური იარაღებით გაინადგურა თავი. სიტუაცია კი ერთადერთი გადარჩენელი ქალის – ლილიტის, როგორც პირველსაწყისი ქალის – ირგვლივ მიმდინარეობს. მან ახალ რასას უნდა ჩაუყაროს საფუძველი. აქვს კონტაქტი უცხოპლანეტელებთან, რომლებიც დედამიწას თავიანთი ექსპერიმენტებით ქმნიან. მანამდე კი ლილიტზე ექსპერიმენტებს ატარებენ.

თავად ტრილოგიის მხოლოდ პირველი ნაწილი წავიკითხე და მასვე ეხებოდა ჩემი სამაგისტრო თემაც. ჭორის დონეზე გავიგე, რომ ბოლო თავებში იუდას შობას ლილიტს აწერენ. ტრილოგიას სხვაგვარად ”ლილიტის გუნდსაც” ეძახიან. იგი სამი ნაწილისგან შედგება: ”დაბლა”, ”ყმაწვილობის წესები” და ”იმაგო”. მწერალი ერთგვარად ცდილობს ბუნებასთან დაბრუნების იდეა შემოგვაწოდოს. ამას ასრულებს დანგრეული ცხოვრების ჩვენებით და ალტერნატიული გზების მოძიებით თუ გამეორებით. ატაცებული აქვს რუსოს, ჰიპთა თეორიები. შავკანიანი მწერალია პოსტკოლონიურ პერიოდში. ამ დროს კი ამბობენ, ქრისტე შავია, პირველი ქალი შავია. ბედნიერ კითხვას გისურვებთ. <გადმოწერა>