ღრუ

მაგიდის კიდესთან იჯდა, მე კი მაინც ვატყობდი, მის თმაში მომრავლებულ ჭაღარას, თავად რომ უკეთებდა აქცენტს. თითებს თმაში ნაოჭიანი შუბლიდან იყოფდა და ქვემოდან მაკვირდებოდა. სულ მეშინოდა, ჩემს პიურეში სადმე ჩადებული ცელოფანი არ შეემჩნია. შევრცხვები მეთქი და გამალებით ვღეჭავდი, თან ყოველი შემთხვევისთვის, პირთან ხელებს ვიფარებდი.
ხალხი მეგობრებთან რატომ დადისო. განტვირთვისთვის მეთქი, ვუპასუხე და აქედან დაიწყო ჩვენი კონტაქტიც. ვისაუბრეთ, თუ შეუძლიათ ადამიანებს ყურადღების გადატანა. აი, რომ დარდობ რამეზე და კომედიას ჩართავ, სასმელში ან სამსახურში ჩაახშობ, მეგობრებს აეკიდები ან მუსიკას მოუსმენ. სულ მიკვირდა, ზოგს ეს როგორ შველიდა. შეიძლება თავის მოტყუებაა, მაგრამ მთლად ამასაც ვერ ვუწოდებ. ალბათ ზედმეტად გახსნილები არიან გარე სამყაროს მიმართ. აბა მე რა მჭირს მეთქი, თუ რამე ამეკვიატა, ნებისმიერ საქმეს უძღვის ფონად.
ისე ჩუმად მისმენდა, ლუკმა ლამის გადამცდა. მიმოვიხედე, მხედავენ მეთქი და ნამცხვარი გვერდზე გადავდე. ველოდებოდი მისგან თემის კრიტიკას.
ისე არ გაიგოთ, დეპრესია მაქვს. ხანდახან ისე მომდომებია მისი აკიდება, – ბოლომდე ჩართვა თუნდაც რამე უარყოფითში, მისივე განტვირთვის მიზნით, – მაგრამ ადამიანს, რომელსაც გაორება აქვს, დეპრესია არ ემართება. სულ არსებობს მოცინარი ”მე”, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს საქმის თუ თავის წინაშე და ზღვარს ვერ გადადის.
აი, ვერასდროს გადავდიოდი ზღვარს. სიტუაციებს იმდენად ვაბალანსებდი, რომ თვით ცნება ”დაბალანსებაშიც” არ ვიყავი რადიკალური.
გაორების გარდა, ამ ბოლო დროს, პარანოია დამჩემდა. აი, ახლაც მგონია მაგიდის კიდესთან პაზოლინი მიზის და ჩვეული ნატურალიზმით ცდილობს გადმომცეს. თავი მის სცენარში მგონია და ვუყურებ საკუთარ კინოს. აი, ახლაც, მედეას კივილით საკუთარ სამარეს ვთხრი, თეორემაში რომ ჩავწვები და მიწას ზემოდან ვიყრი. გვამიც არ ვრჩები, უკეთეს შემთხვევაში სასუქი, კარტოფილს რომ ანოყიერებს. შემდეგ შედის კაფეში და ითხოვს: ”კარტოფილის პიურე, თუ შეიძლება”. მე კი თავს მის ლუკმად ვგრძნობ.

რინგი ერთი პიროვნებისთვის

შინ დაბრუნებულს ჩემს მეზობელს იმ ნაწილისგან, რომელიც არ აღემატება მისი ცნობიერის საზღვარს, წერილი დახვდა:

ბავშვობაში მეგონა, რომ ”მესთან” გამარჯვება პლიუსად მეთვლებოდა და სამყაროს წინაშე გამარჯვებულად აღვიქვებოდი, სამყაროს, რომელიც, ჩემ წინაშე, არც ისეთი პატარა არის. მერე გავიზარდე, ვიბრძოლე და მივხვდი: ”მეს” კი არ უნდა მოერიო, რა სიამოვნებასაც არ უნდა განიჭებდეს პროცესი, უნდა ითანამშრომლო.

ნებისმიერი პირადი ”მეს” საკუთარ მბრძანებლობაში მოქცევა, მისი ტრანსფორმაცია, და არა მასთან ომი, გაცილებით რთული და შრომატევადია. თუ ნებისმიერი არასასურველი თვისების მეორე მხრიდან დანახვას შევძლებთ, მის პირველად მხარეს შევურწყამთ, მივიღებთ მესამე სრულქმნილს. აქ მთავარია უკიდურესი წერტილების გაერთიანების ნიჭი.

მაგალითად, თუ სიზარმაცე ”მეს” უარყოფით თვისებად აღიქმება, სხვა მხრიდან ჭეშმარიტების მაძიებლის მიმთიდებლად გვესახება. მისი მეშვეობით ვხვდებით, პიროვნებას ცხოვრების დანიშნულებას, საით წარიმართოს ძალები, აიძულებს უარი თქვას მისთვის იმ დროს არასაინტერესო საქმიანობაზე: დაანებოს წერას თავი და ხატვა დაიწყოს, დაანებოს ჭამას თავი და ღვინის დეგუსტატორი გახდეს და სხვა..

ნებისმიერი სახის სექსუალური თუ სიკვდილის გამანადგურებელი ენერგია, რომელიც დამღუპველი ხდება სხვისთვის თუ თავისთვის, შეიძლება გამოვიყენოთ მასზე ბრძოლის გარეშე, დადებითად მიმართული ტრანსფორმაციით. აქ თავისთავად გამოირიცხება ცნება: შეუძლებელია. თუ არსებობს იდეა, მისი ხორცშესხმაც საფუძველშივე დაიშვა. თუ რა თქმა უნდა, სუპს ხმამაღლა არ ხვრიპავთ. ამას არაფერი ეშველება.

ვამბობ, თვისება არ შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, ისევე, როგორც ადამიანი არ არის ორი უკიდურესობა, თითოეულის ბედიც ნეიტრალურია, მთავარია მისი გამოყენების ცოდნა, მიმართულების მიცემა, წარმართვა იქ, სადაც გვიღირს გამოვლენა.

ამ ლოგიკით, ”მესთან” ბრძოლა არა მხოლოდ თავის მოტყუებაა, ტყუილისთვის ფაქტის შექმნაა. წასვლაა საკუთარი არსების წინააღმდეგ. შენ ”მე” მართლა უცხოპლანეტელი ”სხვა” ხომ არ გგონია? ეს შენ ხარ.

კონფლიქტი, თუნდაც სხვადასხვა ადამიანებს შორის, წარმოიქმნება ენის არქონით. ნუ დაკარგავთ ენას საკუთარ ”მეებთან”, სიღრმეებში ჩაეძიეთ, შეიცანით, შეწვდით. მოკლედ, ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ ”მეები” ხლიჩო და აბოქსავო, როცა შეგიძლია შეკრა და დააბალანსო. მანამდე აწყობით მიიღო ის სიამოვნება, რასაც შემეცნება გაძლევს.

გაორების გარეშე სამყაროს მარტო ცალმხრივად შევიმეცნებთ. ცხოვრება ხანმოკლეა შესწირო ომს, მითუმეტეს საკუთარ თავთან, როცა წინ ამხელა სამყარო გაქვს. იყავი როგორც დამკვირვებელი, შორიდან მმზერი.

პიროვნების გაორება ნიშნავს არა ომს გაყოფილ მხარეთა შორის, არამედ დაკარგული ნაწილის შინაურულად პოვნას. გახსოვდეს, რომ წყალიც შეიძლება დაინაყოს და არასასურველი ”მეც” დაამარცხო, მაგრამ ეს შენი სუიციდი იქნება, მკვლელო!