Villa Del Balbianello

 

ვილა დელ ბალბიანელოს ნაპირას ძაღლის რემნებით დაბმულ ნავში წამოვწექი და პირღია იხვის ჭუკებს ნუტელიან კრუასანებს ვაჭმევდი. დამამშვიდეთ, რომ არ მომიწამლავს. ვუყურებდი დაისის დროს როგორ ალდებოდა თოვლიანი ალპები, სადღაც უბუნტუს ფერებში, და ნერდი შეყვარებულები ერთმანეთთან საქორწინო ფიცს დებდნენ. ზუსტად იმ ადგილას, სადაც მწვანე ქამასოკოსებრი ხის ჩრდილში ანაკინ სქაივოლქერმა პირველად აკოცა თავის პოტენციურ მეუღლეს და ჯორჯ ლუკასი ზაფხულობით ისვენებს.

მწყემსებმა ცხვრები მწვანე მინდვრებიდან ჩამორეკეს, მოსახლეობამ ქათმები და მამალი საქათმეში შერეკა, პადრემ ბოლო საქორწინო რიტუალი დაასრულა, ბარმენმა კაპუჩინოს მარაგი ხვალინდელი დღისთვის შეინახა. ეს ნიშნავს, რომ გვიანია და მე ავტობუსზე მაგვიანდება. აბა თუ მაგარი ხარ, ლომბარდიში ნასადილევს კაპუჩინო მოითხოვე, ეგრევე შენზე ჭორაობას დაიწყებენ თან რომ გესმოდეს, ორალურადაც და ჟესტიკულაციით, ამას ახლა კუჭი აეშლებაო, დროშის ფერი სპაგეტი ტყუილად გაგვამზადებინაო, 5 წუთი მომზადებაზე და 20 წუთი გაფორმებაზე დამახარჯვინაო, მზარეულის რეკურსებზე ტყუილად მატარაო. და მოგართმევენ ცხელ ჩაის, თან პომიდვრისაც არა, ჩვეულებრივს, ერთჯერად შავს ან მწვანეს, როგორც დამცირების მეტაფორას. იტალიაში მხოლოდ ავადმყოფებს ასმევენ ჩაის. ჰო და ბარმენმა რძე შეინახა და მე გვერდითა სოფელში უნდა მოვასწრო არბენა ბოლო ავტობუსისთვის.

ბოლო ავტობუსამდე ასასვლელად მომლოცველი ხეების ტყე უნდა გამეარა. ასე ვეძახი წვრილტოტებწაჭრილ ხეებს იტალიაში პარიზული სკოლის ფუძემდებლებმა რომ გამოთალეს, ბუტაფორიის ენაზე რომ ვთქვათ, მაკრატელხელება ედუარდმა ჩახუტების ნაცვლად აკრიჭა. ბიჭებო, აუცილებლად გადააღებინეთ ფოტო იტალიელს და გპირდებით, რომ ფოტოზე დავითებად გამოჩნდებით, სპორტული პოზიციით, მუცელზე კუბიკებით და ისეთივე უსასრულო ნაკვთებით, რამდენი სერიაცაა ჩენტო ვეტრინას შესახებ.

პოზირებაში ისე გავერთე, რომ ბოლო ავტობუსმა გამასწრო და ქალაქში ავტოსტოპით დაბრუნებაზე დავფიქრდი. გიმგზავრიათ მარტოს უცხო ქვეყანაში ავტოსტოპით? მუსლიმურ ქვეყანაში ვიმგზავრე და მილანისკენ რისი უნდა მეშინოდეს მეთქი და ცერა თითი ავიშვირე. ძალიან გამიჭირდა მანქანის გაჩერება, ლომბარდია ხომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაიონია. ველოსიპედის გაჩერება ცოტა მომერიდა, მოტოციკლის – შემეშინდა, და საბოლოოდ, წითელმა ლამბორჯინმა გამიჩერა. ფეხბურთელი ვარო, ინგლისური არ იცოდა, გუგლის თრაინსლეითით მესაუბრა ანუ დამწყები ფეხბურთელი იქნებოდა. ისეთი კლაუსტროფილიური, წვრილი ორმხრივი სამანქანო გზა გავიარეთ, როგორიც თუშეთის გზაა, ოღონდ ასფალტით. ისეთი ხშირი წიწვოვანი გზა გავიარეთ, როგორც ბორჯომ-ბაკურიანის ელმავლის რეისზეა, ოღონდ ალპების ძირში.

ვილაში, სიმეტრიულ ბალახზე წოლისას, უკიდეგანო სიჩუმე იდგა და ვფიქრობდი, რომ უცხო ქვეყანაში ტურისტულმა ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა: მაგალითად, ა) აბაზანაში მინის კაბინა რომ თავზე დამემხო, მხრებიდან ფეხებამდე გამასისხლიანა და პლუს შიშველი ფეხებით მომიწია მეტრანახევარი ნამსხვრევებზე ისე გავლა, რომ სელფი არ გადამიღია. ვინანე, სამახსოვროდ უნდა გადამეღო; ბ) პირველად ვიყავი გიკ კლუბში და ბოარდ გეიმის შექმნაში მივიღე მონაწილეობა. ვორჰამერს თუ ვინმე ითამაშებს, მე გამიხსენოს; გ) პირველად ვიჯექი მოტოციკლზე და ვიდრიფტავე. იმდენად კარგად, რომ შედეგად ახალი სენტავიკები დავიმატე; დ) ვნახე თევზი, რომელიც მანდარინი მეგონა და მანდარინთევზა დავარქვი. თუმცა ექნება სხვა ორიგინალი სახელი; და ბოლოს ე) სილამაზე მართლაც სიმეტრიაა.

ტედი და ალეკსეი ციმბირში

675786o9

ამ ბოლო დროს ბევრი მარტოხელა კაცი მხვდება ცხოვრებასა თუ ფიქციაში, რომლებიც ცდილობენ ნადირობის ინსტინქტებში გაექცენ ცივილიზებულ სამყაროს წესრიგს. ეს ტესტესტერონული ინსტინქტები მატრიარქატული სამყაროს უგულვებელყოფის ფონზე ჯერ კიდევ შარშან მიმოვიხილე, თუნდაც In To The Wild-ის მაგალითზე, ხოლო ვისაც ამ ამბის ევროპული ვარიანტი დააინტერესებს, შეუძლია “ციმბირის ტყეებში”, Dans les forêts de Sibérie-ს გაეცნოს, მითუმეტეს, თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურას ქართველი მკითხველი საკმაოდ აფასებს. ეს ის შემთხვევაა, როცა გირჩევნიათ წიგნი ქაღალდიდან წაიკითხოთ ვიდრე ელ ვერსიით, რადგან ქინდლის ვერსია უფრო ძვირია.

ფილმი ფრანგი მწერალი-გეოპოლიტიკოსი-მოგზაურის ნახევრად ბიოგრაფიული წიგნის შედეგია. მანამდე ფესტივალის ფარგლებში ვიხილე პოლონური სურათი “ტყე შუაღამის ოთხზე”, Las, 4 rano, სადაც მარტოხელა კაცი საკუთარ მარტოსულობაში ხედავს კომფორტს, რადგან ხასიათში გამჯდარი ავობის გამო მარტო რჩება, ნადირივით შუა ტყეში მიწას ამოთხრის და იძინებს. შუაღამის 4 საათი ხომ ფიქციისთვის ისედაც მაგიური დროა, როცა არაფერი კარგი არ ხდება. ზღვიანი მანჩესტერის, Manchester By The Sea, პერსონაჟს მარტოხელობისთვის საზოგადოებისგან მოწყვეტა არ სჭირდება, ჩელსიში თუ სადღაც გადასახლებაც საკმარისია. The Passengers-მა ადამის მარტოობა დაგვანახა ევას გაჩენამდე. მაგრამ სილვიან ტესსონის ციმბირული ამბავი სხვა მარტოსული ამბებისგან განსხვავებულია, რამეთუ პერსონაჟისთვის კომფორტის მომტანია.

ქართველებს ეს ფილმი ნაცნობი ინვენტარითაც დაგვაინტერესებს: სოფელში ჩამოკიდებული უმივალნიკი, საბჭოური ვედრო, ემალაცლილი კრუშკა, 90-იანების ლამპიდან ფითილის ამოწევა, პირდაპირ ფეჩებზე გამომცხვარი ბლინები, დუბლიონკა და უშანკა, გრუზავიკი, კეტჩუბი და მაიონეზი ყველა კერძზე, – ბაიკალის არყით გატარებულ 6 თვეს რომ ფონად გასდევს. ფანჯარასთან ედვარდ მეიბრიჯის მოსაწონი ცხენის სტატუეტკა იდო, მოძრავ მდგომარეობაში გაყინული. ალეგორიულობა მომეწონა.

giphy

ეს არის შუა ტყეში ჩასხმული არაყივით ფილმი, – როგორც, არ მახსოვს ნაც გეომ თუ თაიმსა დააანონსა. ეს არის ფილმი მინიმალური დიალოგით და ემბიენტური ჟანრის მოყვარებულებს დააინტერესებთ, ვისთვისაც ადამიანი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელია ბუნების თავგადასავალში. ბაიკალის ტბაზე ტაიგას ტყეებში მარტოხელად ჩასახლებული ფრანგი ტედი, – “პუშისტი” ტიპად წარმოჩენისთვის ვისაც სახელიც კი თითქოს სიმბოლურად აქვს შერჩეული, – ციმბირში გადამალულ ალეკსეის გადააწყდება. მათ შორის ნამდვილი კაცური მეგობრება გაიზრდება: ნადირობა, ნანადირევის გაყოფა და სპირტი.

ალეკსეი ციმბირში მკვლელობის ჩადენის მერე გადაიხვეწება. მილიციელებმა უარი თქვეს ციმბირში მის პოვნაზე, ტყეს შეატოვეს, მკვდრად გამოაცხადეს და ძებნაც შეწყვიტეს. ამასობაში ალეკსეი ციმბირულ დროზე გადმოდის და სამხრეთში დაბრუნება აღარ შეუძლია. ციმბირის არაადამიანობას ერთი იმ იშვიათთაგანი დიალოგიც გამოხატავს. ალეკსეი ეკითხება ტედს: ვინაა რუსეთში მთავარი კაციო? პუტინიაო. ადრეც პუტინი იყო, არაფერი გამომიტოვებიაო, – პუტინის სადღეგრძელო დალიეს, – ამერიკის მთავარი კაცი ბოლო ვინ იციო? ბუშიო. მერე მაგისი შვილი იყოვო. ახლა ვინ არისო? ობამაო. ობამაც ბუშის ნათესავი  იქნებაო. არა, შავკანიანია ეგო, – ძლივს დაიჯერა და, – ამერიკას გაუმარჯოსო.

არსებობს ფილმები, რომლებიც გულს მტკენენ. ეს ფილმი მათ არ მიეკუთვნება, უფრო სხვა ადგილას ვიგრძენი ტკივილი. ფილმს 3 წლის ნიკოსთან ერთად ვუყურებდი, ის მომენტი იყო, როცა ტედი ბაიკალის ფირუზისფერ ყინულებზე გაზაფხულზე გავიდა, ფეხქვეშ ყინულები უტრიალდებოდა კაი ატრაქციონივით, ნიკომ მეამიტურად დაუყვირა: “ვაიმე, ბიჭო, სად მიდიხარ? გაცივდები, ყელი გეტკინება,” – მე კიდევ უკვე ვახველებდი.

 

მოწმის როლი დანაშაულში

1106982-_br90cdqbgk___kgrhgoh_emejllluimhbk_wc9nz5g___12

თუ დე სადისთვის ბუნება სტრიპტიზის მოცეკვავე ქალს ჰგავს, რომელიც თავის შესაძლებლობებს განახებს, მაგრამ პოტენციას გიზღუდავს აკრძალვით, ბუნება ჩვენთან დომინანტური როლით თამაშობს ბონდაჟს. მას შეუძლია მარტო ან ვიზუალისტების თვალწინ ადამიანი აწამოს და მოკლას ნეგატივის კანონზომიერების გამო. გვაჩვენოს ნეგატიური ვნებები, მაგრამ არ გამოგვაყენებინოს, პოტენცია შეგვიზღუდოს აკრძალვით, – ციც, მხოლოდ მე მაქვს შენი მეგობრის წამების უფლებაო.

არც ერთ სადისტ მეამბოხეს არ შეუძლია იერარქიას ასცდეს და ბუნებაზე მოიპოვოს დომინაცია. ქრისტე კი, როგორც დიადი მაზოხიზმის ფუძემდებელი, თავისი საქციელით გვითითებს საბმისივის როლზე დომინაციამდე. ჩემთვის მარკიზი ჰორორია, მწერალი, რომელიც უნდა შეგვეხორცა ლავკრაფტამდე, კინგამდე. ჩემთვის მარკიზი არის ქვეცნობიერის გათავისუფლება სანამ ფროიდის კათარზისს მივაღწევდით.

ლისის ტბასთან არის პატარა ჭაობი ვაშლიჯვრისკენ გადასასვლელ გორამდე. იმდენად ამომშრალი, რომ შორიდან გგონია შუა ზაფხულში, თბილისთან ახლოს, მწვანე მინდორში თეთრმა თოვლმა დაისადგურა. ბოლოს მარიამი ავიყვანე, მარტინი და ფრიგლის ჩიფსები წავიღეთ, მონოტონურად დარდიანი საუბრები გავაჩაღეთ, უკანა გზაზე უპატრონო ძაღლი ავიკიდეთ, დარჩენილი კარტოფილი გავუნაწილეთ.

მერე როგორც ხდება, შორ მანძილზე გვდია კუნტრუშით, ისე, რომ დავინახეთ, როგორ გაიტანა მანქანამ, – მძღოლმა ჯერ ზიგზაგისებურად სვლა შეანელა, მერე კი გაზს მიაწვა და დაარტყა. იმხელაზე გადაისროლა ძაღლი, რომ 112-მა ცოცხალს ვეღარ მოუსწრო და სადღაც გადაიყვანეს კრემაციისთვის. დამამახსოვრდა ძაღლის სახე დარტყმამდე, ძალიან ბედნიერი და მოკუნტრუშე იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიის პიკში.

უკანა გზაზე მოვდიოდით და ვფიქრობდით, სად გადანაწილდა ეს ენერგია, იქნებ ჩვენში? მანამდე თუ მონოტონურად დარდიანი საუბრები გვქონდა, ახლა შეგვეძლო გვეტირა, გვეყვირა, შურისძიებისთვის გამოძიება მოგვეთხოვა. ასე გვეგონა მძღოლის გარდა ჩვენი ბრალიც იყო, უენერგიო ადამიანებმა სხვისი სიკვდილის ხარჯზე მივიღეთ ძალა. შეიძლება ნარცისიზმია, მაგრამ, რა ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, იმით, რომ ტკივილმა დღიურ პიკს მიაღწია, კათარზისი გვქონდა.

ორსული დედის მუცელზე

875879

ხანდახან გამოღვიძების მიზეზებზე ვფიქრობ. აი, გუშინ ჩემი მაქცია ხელები, მთელი ღამე ბალიშად რომ იყვნენ ქცეულნი, ამტკივდა და ამიტომ გამეღვიძა. თვალებამდე აწეული ტომარა წელამდე ჩავიწიე, ძვლები გავიტკაცუნე, თანაკარველები დავათვალიერე. ღმერთებმა ნათლობისას ფხიზელი ძილი დამაწყევლეს, ხასიათი ბოლომდე ძილშიც კი არ გაგეთიშება, შენ ღრმა სამყაროში რა გესაქმებაო, ლევიატაციის პირველ სართულებზე დარაჯობა თუ გამოგივაო. სახლში დარჩენილი დედაჩვენები წუხდნენ, ვეფხვიო, აფთარიო. დედა მეთქი, მაქსის მგელი ჰყავს მოკლული თუ ნაცემი, ძლიერია მეთქი, კუნთიანი. არა და წვრილძვლიანი და ცხოველთმოყვარეა, ამიტომ თამუნამ: ჰა-ჰა-ჰაო.

75789

რადგან ღმერთებმა ფხიზელი ძილი დამაწყევლეს გემოვნებიანი უძილობით ვიცი, რომ წუხელ მაქსის ზურგზე ეძინა, თამუნა კი ჩემსავით ზედაპირულია, ძილზეც კი უჭირს კონცენტრირება და გვერდიდან გვერდზე ბრუნავდა. ვწრიალებდით ორნი კარავში, მაქსი კი: “ხფშშ..” – და კოღოს ნაკბენს იფხანდა. იმ კოღოს ნაკბენს, მე რომ კარავში შემოპარული ბუზი მეგონა და მაქსმა ძილში სწორედ მაშინ დაიფხანა ნაკბენი, როცა თამუნამ კოღოს კედელზე სისხლი გააფრთხობინა. თამუნა წიპა: “ეე, მაქსის სისხლი დავღვარე”. დაძინებამდე კი ნამცეცებმოგდებულ ჭიანჭველებს ტვირთის გადატანაში ეხმარებოდა, მიწოლითაც და მორალურადაც: “ასწიე, ჭიანჭველა ხარ თუ პროპკა”. მე და მაქსი: “ჰა-ჰა-ჰა”.

IMG_1250ტყეებში შეგიძლიათ იპოვნოთ გვირილები და ჩაი მოიხარშოთ, ნაყენი თავზე გადაივლოთ, დამამშვიდებსო, სახე გამისუფთავდებაო, თმა გამიღიავდებაო. გვედგა ქვაბი და ვხარშავდით, დაკრეფილი ტყემლით საწებელას ვამზადებდით,  სოკოს მოუხდებაო, ხეებში ამოსული ნორჩი მარწყვებიო, ათას ორასი წლის ხეო, თამარ მეფეს რომ დაუწყევლია, ამის ხელის მხლებსო ასე და ისეო, ვიღაცას დაუწვავსო, იქიდან აქლეტილი ქერქიც კი მოვხარშეთ, ბრძენი მცენარე დავლიოთო, თბილისიდან ჩატანილი ღვინოო. თამუნამ, თევზებმა დამკბინესო. თი-თიო, – თუ რაღაცა შეძახილით აფრთხობდა. მე კიდევ: “ჰა-ჰა-ჰა”.

თუ წყლისგან აჩქარებული გულით ხმელეთზე აბობღდები, მიწაზე პირქვე დაემხობი, ისეთი შეგრძნება გექნება, თითქოს დედამიწამ ჯერ ქვესკნელისკენ წაგიღო და მერე დაბლიდან მაღლა აგაგდო. ანუ შენი გულის ცემა იმდენად გიუცხოვდება, იბნევი და გგონია, შენ არა და, ასე დედამიწა სუნთქავს, დიადი მეძავის გაბერილ მუცელზე მოკალათებულხარ და უსმენ როგორ ხდება ფონი პორტრეტი. ისეთი ილუზიაა, მიმავალი მანქანიდან რომ გგონია, რომ ეს შენ კი არა, ხეები მიდიან. დედამიწა გავიგე მეთქი და ახლა თამუნამ და მაქსიმ: “ჰა-ჰა-ჰა”.

6986787

გეორგია როგორც ჰოგვარტსი და ყვავილების შხაპი

tumblr_mgnopnW5vO1r66km2o1_500

კიკნაძის ჩაწერილებში სააღდგომო კვერცხების ქართული წარმომავლობა მოვიძიე, ამბავი ძმებისა, დიდი მარხვის პირველ კვირაში კვერცხებს ცეცხლზე რომ შედგამენ და ორმოცი დღით ჩაეძინებათ, გაღვიძებულზე კი აღმოაჩენენ, რომ კვერცხები წითლად შებრაწულიყვნენ. მე არ ვარ იუნგი მითებისგან არქეტიპები რომ შევქმნა და არც ლევი სტროსი, არქეტიპებს შევეწინააღმდეგო და ისინი სინქრონიულ-დიაქრონიულ ასპექტში განვიხილო, მაგრამ როგორც მოყვარული კომპარატივისტი, ამ პროფესიის განსაზღვრებას საყვარელ წინამორბედს დავესესხები: ნაკლებადაა ჩემი ინტერესის სფერო კერძოდ სამოთხე ან კერძოდ ჯოჯოხეთი, არამედ, მათი ურთიერთმიმართება, – ამიტომ ასე დუალისტურად მაღფრთოვანებენ მითები, რომელთა გაგებისთვის დამატებითი თქმულებებია საჭირო, იქნება ეს წითელ კვერცხებზე ამბების დაკრეფა თუ სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულის ერთმანეთით ჩანაცვლება.
ამიტომ დავხატე გოლუმის გარეგნობის მქონე ნოე, რომელმაც ათი საუკუნე განვლო და ქედივით თეთრწვეროსან კაცად ვეღარ წარმოვიდგინე; წმინდა გიორგი, რომელსაც ჰარი პოტერის ჯადოსნური შუბი აქვს და სამძიმირის ნაცვლად ჰერმიონას იხსნის გველისგან. (ინსტაგრამი) გაგიკვირდებათ და მე სულაც არ მსურდა ქრისტიანობის შეურაცჰყოფა, პირიქით, ქრისტიანობის პოპ კულტურასთან ადაპტირება. ავხსნი: ეკლესიისა და მრევლის სიჭარბის მიუხედავად, იმ სივრცეში სადაც ყოველდღიურად მიწევს ცხოვრება, იქნება ეს სამეზობლო წრე, სამუშაო ადგილი, სანათესაო თუ სამეგობრო, ათეიზმი უკვე კომფორმიზმია და თუ როდისმე ვნახავ ადამიანს, ვინც ტაძარში წაყოლას მთხოვს, ჩემთვის საკმაოდ უცხო, მასისგან გამორჩეული ნაბიჯი იქნება. მაგრამ ჩემი საზოგადოების დიდი ნაწილი ხშირად საუბრობს რელიგიის ზღაპრულობაზე უარყოფითი კუთხით, როდესაც ფენტეზი მათი საყვარელი ჟანრიაjeromelim-277a3715  ეს ორმაგი სტანდარტები კი ისეთივე ალოგიკური მგონია, როგორც ბერიკაობის მომხრეთაგან ჰელოუინის კრიტიკა, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთს არ აქვს ეროვნული ფუძე. ეს კი იმის ფონზე, რომ ორივე რიტუალი მკვდრების ერთი მიმართულებით აღდგენას ეხმიანება. პირადად მე, იმდენად მხიბლავს კოსტუმირებული წვეულებები, თანაც თუ ჰორორის ფონზე მიმდინარეობს, რომ შემიძლია ნებისმიერ აქტივობას შევუერთდე, მითუმეტეს, თუ გადაცმული საღამოები დასაშურებელია საქართველოში. ხოლო როდესაც ვუყურებ ამ ჩემს ქვეყანას ვხედავ ადამიანებს, რომლებსაც მაგია არ აინტერესებთ, სანახევროდ ადამიანებს და სანახევროდ მაგებს და მაგებს; მაგებს ანუ მრევლს რომლებიც უკვე თავის მხრივ იყოფიან კეთილებად და ბოროტებად. მე ხომ არ მაინტერესებს ტოლკინის, როულინგის და სხვა ფანტაზიორთა სამყარო რამდენად არსებობს და ისე მხიბლავს, შესაბამისად, თომას, იოანეს და სხვა მოციქულთა ამბების სინამდვილე ნაკლები ინტერესის საგანია.
აღდგომა ვახსენე და დღესასწაულებისადმი პროტესტის მიუხედავად, ჩემი საყვარელი დღე სულთმოფენობაა. ის, რაც დავითაშვილთან არის აღწერილი, მჭედლების გრდემლზე დაკვრა სწორედ ამ მოძრავ თარიღთანაა დაკავშირებული. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი მჭედლიძეობის გამო სისხლის ყივილს ვგრძნობ; ან მთიულეთში ხშირი ქეიფის გამო, როცა ნებისმიერი ვახშმის დროს, როგორც გურულებს აქვთ მშვიდობის სადღეგრძელო პირველ ადგილზე, ჩვენთან იძახიან “მივაგებოთ”-ს, “მათ ხელთ ყოფს” და სვამენ; ქორწილის რიტუალებშიც კი წინაპრების სულების მოგონებითაა სუფრა გაჭედილი და კაი სინტოელივით ტაძრის ნაცვლად გვარის სალოცავებში ლოცულობენ, გენეტიკაა ორივესთვის მთავარი ღმერთი და სულთმოფენობა ვეგანური დღესასწაული, ბუნების ზეიმი. ამიტომ მიკვირს ხალხისგან, ვისაც სინტოისტური ფილოსოფია ხიბლავს, ჩვენთან აღნიშნულ წინაპართა და მცენარეთა დღეს რომ ვერ ამჩნევენ. დღეს, როცა ყვავილების დაჭერისას ვლოცულობთ, თაიგულებს ერთმანეთს ვუნაწილებთ და სხეულს ამ მცენარეებისგან ვიბანთ, მერე ჩვენთან შერწყმულ ყვავილების ნახარშს ბუნებას ვუბრუნებთ და მცენარეებს მოვრწყამთ, ჩვენს სხეულებთან ერთად რომ ამოიზარდონ. ქრისტიანობამ თუ ადამიანი მიწა-ბუნებას მოაშორა, მზისა და ზეცისკენ სწრაფვა მისცა, სულთმოფენობაზე გამონაკლისი დაუშვა და გაამიწიერა. პატრიარქს აკრიტიკებენ, რომ მაგიური რიტუალებისკენ მოწოდება დაიწყო, ბოლო დროინდელი ქადაგების გარდა, მანამდე ისაუბრა თანადროული სიტყვების აღვლენაზე და tumblr_inline_mrk9pelCCi1qz4rgpსხვა. მაგრამ ჩახედულმა პირმა იცის, რომ მაგიას აქვს განხრაც, როგორც წრეებში უწოდებენ “საეკლესიო მაგია”. მაგალითად, ნალოცავი სანთლის ტაძრიდან სახლამდე მიყვანა და კარის ჯვარის ფორმით ამოწვა. და თუ კლასიკურ განსაზღვრებას დავეშურებით რელიგიისა და მაგიის განსხვავებებზე, რომ რელიგიისას ადამიანი მიიწევს ღვთაებრივისკენ და მაგიისას ღთაებრივი მოიწევს ადამიანისკენ, სულთმოფენობა ორივეს ნაზავია, ბუნებრივისა და ადამიანის ნაზავია. მე კი ძალიან მწყდება გული, ამ დღესასწაულის არასათანადოდ დაფასების გამო. ვწუხვარ იმიტომ, რომ ამ დღეს მე არავინ მაჩუქებს მინდვრის ყვავილების თაიგულს და არავინ მეტყვის რომ შევერწყა ჩემს წინაპარ ბუნებას.

ლავკრაფტის “მეხსიერება”

01-510x710

                                                                      (თარგმანი)

ღამ-ღამობით ნის ხეობას ნარსი მთვარისგან გაჩხიკული სინათლე ადგება, რომელიც ვეებერთელა ანჩრის მკვდარი ფოთლების გავლით უნაყოფო ბილიკს კვეთს. ხეობის შიგნით, სადაც ნათელი აღარ ატანს, სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ჩანს. სასახლის ნანგრევებზე, გატეხილ სვეტებსა და უცნაურ მონოლითებს შორის, დაწყევლილი ვაზი და სხვა მცოცავი მცენარეები ბობღავენ. ერთ დროს ხელებმა რომ გააწვინეს ახლა მარმარილოს მოზაიკებზე მაღლა იწევიან. მაიმუნები იმ უზარმაზარ ხეებზე ხტუნაობენ, სასახლის ეზოში რომ იხრწნებიან, სანამ მიწაში დამალულ განძზე გველები და სხვა უსახელოები დაძრწიან. სივრცე რიყიანია და ნესტიანი ხავსით მოცული, სადაც ნაცრისფერი გომბეშოები საცხოვრებელს იშენებენ.

ხეობის ბოლოს გაწოლილია მდინარე ადრიანი, ჯაგლაგითა და შლამიანი წყლებით. თვალს მიფარებული ნაკადულიდან იღებს სათავეს და მიწისქვეშა მღვიმეებში ჩაედინება. ხეობის დემონმაც კი არ იცის მისი საზღვრები ან რატომაა ეს მდინარე ასეთი წითელი.

ჭინკა, რომელიც მთვარის შუქში ბინადრობს, დემონს ეუბნება: “ძალიან მოხუცი ვარ, აღარც კი მახსოვს ეს შენობა ვინ ააშენა, მიამბე მათი შესაქმის შესახებ, როგორ გამოიყურებოდნენ და გამანდე მათი სახელი”. დემონი პასუხობს: “თავად მეხსიერება ვარ და ბრძენი წარსულის ცოდნაში, მაგრამ იმდენად მოხუციც რომ ყველაფერი არ მახსოვდეს. ისინი გაუგებრობით ამ მდინარე ადრიანს გვანდნენ. აღარ მახსოვს მათი ცხოვრება, ალბათ ცოტა ხანი გაგრძელდა. მათ გარეგნობასაც ბუნდოვნად ვიხსენებ, მგონი ამ ტოტებზე მოხტუნავე მაიმუნებს წააგავდნენ რაღაცით. მე კარგად მხოლოდ ის მახსოვს რა ერქვათ, შეიძლება იმიტომ, რომ ამ მდინარის სახელივით წარმოითქმის: ადამიანი.”

ჭინკა მკრთალი მთვარისკენ გაფრინდა, ხოლო დემონი კიდევ დიდხანს უყურებდა როგორ ირწეოდა პატარა მაიმუნი იმ უზარმაზარ ხეებზე, სასახლის ეზოში რომ იხრწნებოდა.

nis_illustr_flatmemory__h_p__lovecraft_by_khalfrodod-d6s68gl