ლოდინის თაობა

ლოდინი არის აგროვო ისტორიები სიკვდილამდე, – ბუკოვსკი.

ყველა ორგანიზაციას აქვს მოსაცდელი ოთახი, – რონალდ ბარტი.

 წინა კვირას წიგნის ფესტივალის ფარგლებში გამახსენდა, თუ როგორ ვარჩევ ლიტერატურას. თემატიკას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია თვითონ ტექსტი მინიმალური დიალოგებით შედგებოდეს და გამომცემლობის რომელიმე სერიული გამოცემის ნაწილი არ იყოს. შეიძლება ითქვას, დიალოგების ფობია მაქვს, თუ არსებობს მსგავსი შიში ან უბრალოდ ფანტაზიის ნაკლებობა მაქვს და მონოლოგური თხრობა უფრო დამაჯერებლად მიმაჩნია. სერიული გამოცემები კი ეტყობა მომავალზე მაფიქრებს ამ უფანტაზიო მკითხველს გაუცნობიერებლად. მეთქი, აი, მომავალ წელს ახალი სერია უნდა გამოვიდეს. მერე მომდევნო 5 წელი წლის ამ დროს სერიების შენაძენს უნდა ვაკეთებდე. იქნებ აღარ მომინდეს, გავკოტრდე და ფული არ მქონდეს ან წიგნის შესანახი თარო ან აპოკალიფსი დაიწყოს. მგონი უფანტაზიო კი არა, ჭარბად ფანტაზიორი ვარ. მოკლედ, მომავალი ბურუსში იფარება და სერიული წიგნის შეძენას ვუფრთხი ისე, როგორც ბანკიდან კრედიტის აღებას ან უარესი, დიოდიმდე სახის კანის გაპარსვას.

  არა და სერიულობით გამოწვეული ლოდინი თუ ლოდინი გამოხატული სერიულობით პოსტმოდერნიზმის მთავარი ხიბლია. დაუმთავრებელი ნაწარმოებების ტენდენცია, როცა მკითხველს თავად შეუძლია თხრობა დაასრულოს, მე-19 საუკუნიდან იწყება, თუმცა, ჩემი აზრით, ჩანასახი იმ პირველ ამბავში უნდა ვეძიოთ, სადაც მთხრობელმა პერსონაჟები არ გაჟლიტა, რომელიმე დაენანა და ცოცხალი დატოვა. ჩვენ კი სერიულობის თაობა ვართ, სადაც ფილმებზე მეტად სერიალებს უყურებენ და ფილმებზე მეტად სერიალებს ქმნიან. ბლოგიც კი პოპულარულია, როცა განგრძობითი ამბავი ანონსდება. თითქოს ლოდინი არ გვიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში ხშირად ხელოვნურად ვიქმნით ლოდინს. სერიალები შეყვარებულების მესიჯობანას ჰგავს, როცა დარეკვაში ჩატეულ ხუთ წუთს გირჩევნია შეტყობინებები გზავნო მთელი საღამო. ან კოცნის პრელუდიას, როცა შეხებამდე მისასვლელ მანძილს წელავ. ესაა ლოდინის ესთეტიკა სერიალებშიც, კოლექტიური ლოდინის განცდა.

 მომლოდინე თუ განასახიერებს უსუსურობას, მალოდინებელი წარმოაჩენს თავის ძალაუფლებას, პრეროგატივას. ლოდინი ნიშნავს, რომ ვიღაც ჩვენ წინ არის რიგში ან ჩამოგვრჩება უკან, რადგან შეხვედრაზე დროულად არ მოვიდა. ანუ ლოდინი არათანხვედრაა, დეცენტრივიზმი, რაზეც არის აგებული მოდერნისტული კულტურა. ალოდინო სხვას, ნიშნავს გქონდეს პრივილეგია, ალოდინო თანაკურსელებს შენი გვიანი გამოჩენით ნიშნავს იყო ინდივიდი ბრბოში, რომელმაც ვერ მოიფიქრა სხვა ეფექტური საშუალება ყოფილიყო ინდივიდი. ალოდინო საყვარელს პაემანზე ნიშნავს აგრძნობინო მას თავი შეყვარებულად, რადგან დალოდებით ილინკება ღირებულება. აქ ჩანს მალოდინებელის კომპლექსი თავის ღირებულად გრძნობაში. ალოდინო ქვეშემრდომები თათბირზე ნიშნავს იგრძნო თავი მათზე უპირატესად. რაც ბუნებრივია, იმიტომ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა მხოლოდ მაშინ, როცა ახალშობილი კვდები სამშობიაროში, როგორც ჩემი სერიალის გმირი იტყოდა. თან რაც უფრო მოკლდება ცხოვრება, უფრო ველით. გვჭირდება ლოდინი, რომ ცხოვრება გადავაგოროთ. თავი რომ არ მოვიკლათ მხოლოდ ორი რამაა საკმარისი, გვქონდეს იმედი და ცნობისმოყვარეობა. და თუ ეს მიზანი ცხოვრების ბუნებრივად შეგვიმცირდება, ჰბო ან მსგავსი ორგანიზაციები თავს შემდეგ სეზონამდე გაგვატანინებენ.