შეიძლება ითქვას, ჩემი ფობია მოდილიანებს უკავშირდება, ანუ რეალური შიში მაქვს იმ ხალხის, თავებს გარსია-მოდილიანის გამგრძელებლად რომ აღიქვამენ და ბოჰემურ რაფსოდიას შემოქმედებითი ნატურით ამართლებენ. აი, შევხვდები ადამიანს და საყვარელ მხატვრად დევისის ფილმის ყურების მერე უმუშევარი, ნარკომანი და შიშველი ქალების მხატვარი მოდილიანი ჰყავს. სავარაუდოდ, მის რამდენიმე ნახატს დაგუგლავს და საღამოობით ფილმის ცნობილ საუნდტრეკს მოუსმენს. მე თუ მკითხავთ, ფილმში ხატვის მუსიკალურ გაფორმებაზე ემოციური ეპიზოდი დასაწყისში მშობიარობის თემაა, ორსულის ლოგინზე ავეჯს რომ შედგამენ და ამ სცენით, თითქოს ბავშვის ცხოვრება სამუდამოდ გაიწირა შებრალებისთვის. ხოლო ჩემთვის ემოციის გამომწვევი პერსონაჟია სნობი პიკასო, რომელიც ფილმის ბოლოს, მოქიშპისამი დაგროვილი ბოღმის მიუხედავად, ეს ბულინგის მსხვერპლი პირველია ვინც მჩაგვრელს ტაშს დაუკრავს. ეს არის სამართლიანობის ის მაღალი აქტი, როცა მონაწილე ობიექტური ჟიური ხდება. შეიძლება ითქვას, პიკასო ჩემთვის ფილმის მთავარი პერსონაჟია, რომლის სიღრმესაც ფილმი სინამდვილეში ეძღვნება.
სხვა საქმეა უმუშევარ ნარკომანებზე შეყვარებული ქალები, რომლებიც სრულ დამცირებას განიცდიან და კაცები მთლიან კომპლექსებს მათზე ანთხევენ, რადგან იციან, რომ ეს ქალები საკუთარ ცხოვრებას პარტნიორის ნაწილად აღიქვამენ და მათ გარდა სხვა ინტერესი არ აქვთ, ამ ყველაფერს კი სიყვარულით ხსნიან. სუიციდის აქტი კი პატრიარქატული წყობის ის მწვავე გამოვნილებაა, როცა ქალწული პირველი პარტნიორის მერე მიჯნურს სარკოფაგში უნდა ჩააყოლო. ბუნებრივია, რომ ათი წლის წინ გამოსული ფილმით ქართველების დაინტერესება მოჰყვა, რადგან სიუჟეტის დრო ჩემი თაობის ჩამოყალიბების შინაარსობრივ ეტაპთანაა ახლოს, თავისი საომარი მზადყოფნებით, გაჭირვებითა თუ დისკრიმინაციით. შეიძლება დედაჩემის მშობიარობაზე ლოგინზე ავეჯი არ შეგვიწყვია, მაგრამ მამაჩემი ექიმებს ავტომატით ედგა, როგორც იხსენებს, ექიმების ანარქისტულობის გამო, ზედაპირულად მოპყრობის, ბავშვებით ვაჭრობის შიშით. მე კი ძალიან მეშინია დღევანდელი მოდილიანების, რომლებიც საკუთარ კომპლექსებში არიან დარჩენილები და ყოფითი პასუხისმგებლობის აღება უჭირთ; ქალების, თავიანთი მინიმალისტური მოთხოვნილებებით, რომლებიც უპასუხისმგებლო კაცების გავრცელებას ამართლებენ. ხოლო პიკასოს სახით მაქვს სტიმული, შიშის ობიექტებშიც კი ვხედავდე პოზიტიურს, რადგან ნეგატივმა არ შემიწიროს.