შიშველი მაიმუნი და ადამიანთა ზოოპარკი

ბიბლიაში არის იგავი თუ როგორ გაჩნდა ადამიანებში კლასობრივი განსხვავება, ბატონებად და მსახურებად დაყოფა. იგავის თანახმად, მთვრალ ნოეს სიშიშვლის გამო ქამმა დასცინა თუ სხეული დაუთვალიერა. ნაბახუსევზე ნოემ ქამი დაწყევლა და მის შთამომავლობას მუდმივი მსახურება უსურვა. ბიბლიაში სიშიშვლეს დიდი მნიშვნელობა აქვს, თვითშეცნობის ნაყოფის გასინჯვისას პირველი ადამიანები პირველ რიგში სიშიშვლეს მალავენ, და კლასობრივი განსხვავებაც სიშიშვლის ყურებისგან მოდის.

16973426._SX540_

ნატურიზმის წარმომადგენელ ზოოლოგ დესმონდ მორისს ნაშრომში “შიშველი მაიმუნი” (‘Naked Ape’) ადამიანი განხილული ჰყავს ეტოლოგიის კუთხით. ეტოლოგია ზოოლოგიის განხრაა, რომელიც შეისწავლის ჩვევებსა და ინსტინქტებს. ტექსტი იწყება მაიმუნთა სახეების გაცნობით: მაიმუნებს თმით დაფარული კანი აქვთ, გამონაკლისი კი ადამიანია, რაც მის სხეულს შიშვლად წარმოაჩენს. მთლიანი ტექსტის მანძილზე ზოოლოგი გაურბის ადამიანის ხსენებას და შიშველ მაიმუნად მოიხსენიებს, რომელმაც სიტყვა “მუშაობა” სიტყვა “ნადირობას” ჩაუნაცვლა, განაყოფიერების აქტი ორგანიზებული გახადა და ღამის საათები შეუფარდა , მკერდის განვითარებამ კი პოზიციები მოამრავლა და პარტნიორები აქტისას სახე პირისპირ დააყენა.

ავტორი სვამს კითხვებს: როგორ ახდენს გავლენას ამ შიშველი ცხოველის ქცევა ავტოგადარჩენასა და შთამომავლობის დატოვებაზე? რა განაპირობებს თავად ქცევას? როგორ იცვლება ქცევა დროსთან ერთად ოთნოგენეზისას, ანუ ინდივიდუალური განვითარებისას? რა მსგავსი უნარებითაა აღჭურვილი ერთი რომელიმე სახეობა, თუნდაც ეს შიშველი მაიმუნი? პასუხები გაცემულია: პალეონტოლოგიის მიხედვით და ექსპერიმენტული დაკვირვებებით. მაგალითად, რომ სტატისტიკურად ასაკის მატებასთან ერთად მდედრებს უფრო ეშინიათ თმიანი ცხოველების/ქვეწარმავლების. მკვლევარი ასკვნის, რომ ობობის შიშიც კი თმიანობის შიშისგან მომდინარეობს, ვინაიდან ობობის გრძელი და წვრილი ფეხები თმებს წააგავს.

ცხოველებისადმი ინტერესი ასაკობრივ კატეგორიას საზღვრავს: საწყის ეტაპზე ბავშვს იტაცებს დიდი ცხოველები, ვინაიდან სიდიდეებს უფროსების მზრუნველობასთან ასოცირებს. ამ სტერეოტიპის დარღვევის შემთხვევაში, დიდი შანსია ბავშვის რეაქცია განიხილებოდეს უფროსების მტრებად მოსაზრებით ანუ მშობლებთან პრობლემური ურთიერთობებით. შემდეგ ეტაპზე ბავშვისთვის საინტერესო ცხოველები მცირე ზომის ხდება. ამ ეტაპს ცნობისმოყვარეობის პერიოდში ვხვდებით, როცა გვაინტერესებს ბაყაყების გაბერვები, ტარაკნების შეგროვებები ანუ ჩვენთვის მისაღწევი ექსპერიმენტები რომ ჩავატაროთ. შემდეგ ეტაპზე სქესობრივი ცხოვრება იწევს წინა ინტერესში ანუ ჩვენნაირი ცხოველები. ამ დროს ცხოველები ისევ ბრუნდებიან ჩვენს ცხოვრებაში ბავშვების სახით, კი არა და ბავშვებისთვის შერჩეული შინაური ცხოველების სახით. საბოლოოდ, როცა შვილები მოგვცილდებიან “გადასარჩენი” ცხოველებით ვინტერესდებით. ეს პერიოდი ადამიანს შეიძლება ადრეც დაუდგეს, როდესაც ფსიქოლოგიური თუ სხვა წნეხის გამო თავს “გადასარჩენად” აღიქვამს.

220px-Humanzoodes

დესმონდ მორისის მეორე წიგნი “ადამიანთა ზოოპარკი” (‘The Human Zoo’) მოგვითხრობს ადამიანთა ჩვევებს არქიტექტურაში. არქიტექტურა შედარებულია ჯუნგლების გაქვავებასთან. ნაშრომი რეცენზენტის სიტყვებით იწყება, რომ ამ წიგნს არ კითხულობენ განათლებისთვის, არამედ ჩაფიქრებისთვის უნდა წავიკითხოთ. მასში კონტემპორარული მსოფლიო განხილულია როგორც გალიები ანუ ქალაქები (Cities). შიშველი მაიმუნი კი იძულებულია რომელიმე გალიაში ანუ ლიმიტურ სფეროში დარჩეს სოციალური იზოლაციის შიშით.

ზოოლოგის თვალით დანახულ მეგაპოლისების გამოქვაბულებში გამყინვარების პერიოდიდან დროის მანქანით მოტაცებული ახალშობილები იზრდებიან. სტატუსი აღიქმება როგორც მოსანადირებელი ცხოველი. თუ მე ერთი მონიტორის შეძენა შემიძლია, მაგრამ ვყიდულობ ორს, ერთი მონიტორის მქონის თანასწორი ვარ, მაგრამ სტატუსით ვმაღლდები.

სტატუებიანი ქალაქის განხილვა კი სუიციდის გარეშე შეუძლებელია. თუ ცხოველი მტერს ვერაფერს უშავებს, ის საკუთარ ტყავს ან საკუთარ ნაშიერს გლეჯს, ოღონდ მხოლოდ ნაწილებს გლეჯს სიკვდილამდე მიყვანის გარეშე. თვითმკვლელობა მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. მითუმეტეს, თუ ის მოშორებულია ცხოველურს, ანუ სოფელს და დიდ ქალაქში ცხოვრობს, სტატისტიკურად სუიციდის შანსი იმატებს. ავტოდესტრუქციის აქტი განხილულია როგორც მიზანმიუმართავი აგრესია ანუ მკვლელობის შედარებით გაკულტურებული ფორმა. მკვლევარის აზრით, უმეტესად არავინ იკლავს თავს, თუ სხვისი მოკვლის სურვილი არ აქვს. თეორიას ამტკიცებს ომიანობის ხანაში ჩადენილი თვითმკვლელობის დაბალი სტატისტიკა. რა საჭიროა ავტოდესტრუქცია სხვისი დესტრუქციის შესაძლებლობისას. სტატუსის მონადირების სურვილი კი ქალთა ემანსიპაციისკენ სწრაფვის ხანაში ქალებს მეტად სუიციდურს ხდის. თანამედროვე სამყაროში ცხოველებს ოთხი მიზეზით ვხოცავთ: საკვების თუ სამოსის მოპოვებისთვის, სამეცნიერო კვლევისთვის, მავნე პარაზიტების გაწყვეტისთვის ან სიამოვნებისთვის.

რა საბოლოო დასკვნას გვთავაზობს ორივე წიგნის ერთი ავტორი და – პოლიტიკოსი უნდა იყოს ბიოლოგი. წიგნების წაკითხვა შეგიძლიათ უფასოდ: შიშველი მაიმუნი და ურბანული ცხოველი.

თმა, როგორც სქესის მსაზღვრელი

ქალები თაობებს ვტოვებთ იმ ბიოლოგიური მიზეზის გამო, რომ იგრეკი კონკურენციის გარეშე გადაეცემა მემკვიდრეობას, იქსებს შორის კი რეცესიულისა და დომინანტურის გამოვლენაა საჭირო. ანუ მე, როგორც ქალი, შეიძლება ბებიის პირდაპირი შვილიშვილი არ ვიყო, მაგრამ ჩემი ძმა ბაბუის პირდაპირი შთამომავალია. აქედან შეიძლება აიხსნას გვარის გადაცემის სისტემა მამიდან შვილზე, და გამონაკლისად ებრაელთა პოლიტიკა აღვიქვათ – მუდმივი ომიანობის გამო გაუპატიურების მერე ჩასახული ბავშვების მამობაზე უნდობლობის გამოცხადება.
რთული სათქმელია ბიოლოგიურმა პროცესებმა გამოიწვიეს პატრიარქატული პროცესი თუ პატრიარქატულმა სისტემამ განიცადა ევოლუცია ბიოლოგიაში, პირველობაზე ქათმისა და კვერცხის, სხეულისა და სულის პრეტენზიას ჰგავს. მაგრამ მამაკაცს შეიძლება მრავალი იქსი ქრომოსომა ჰქონდეს და ერთი იგრეკი, – მისი სქესი მაინც მამრობითია. ანუ, გარდა იმისა, რომ მამრის ჩასახვა უფრო მარტივია იგრეკის პატარა ზომის ანუ ნაკლები წონის ანუ სისწრაფის გამო, სქესსაც იგრეკ ქრომოსომა განსაზღვრავს.
სასქესო ორგანოების სხვაობის გარდა მნიშვნელოვანი განმასხვავებელი უხეში თმით დაფარული სახეა. მამაკაცის გამელოტების გენი იგივე ქრომოსომაზე მდებარეობს, რაც ქალის საკვერცხეებს განსაზღვრავს, დაზიანების შემთხვევაში კი ქალებში გამელოტების ნაცვლად, პირიქით, ჭარბთმიანობას, უნაყოფობას იწვევს. შეიძლება ფიქრი მელოტი და ჭარბთმიანი ქალის შეუწყვილებლობაზე, კაცების გამელოტებაში მათი დედების დადანაშაულებაზე ან სიმპათიის გაჩენის ვიზუალურ როლზე, რადგან პარტნიორის სასიამოვნო გარეგნობას ავტომატურად ჯანსაღი მემკვიდრეობისკენ მივყავართ.
თუ იურულ პერიოდში თერომორფებისგან მოყოლებული სხეულზე თმა პრიმატს ყინვისგან დასაცავად სჭირდებოდა, ნადირობის ხანაში საშოვარზე მოხეტიალე მამრმა გამოქვაბულში ჩათბუნებულ ქალზე მეტი თმა დაიჭირვა. ტანსაცმლის გამოგონებასთან ერთად თმიანობა შემცირდა და დღეს სიცხისგან დასაცავად გვჭირდება. ამით აიხსნება სამხრეთულ ქვეყნებში მოჭარბებული თმიანობა. რაც ხშირად კურიოზის მიზეზი გამხდარა სლავეთში მოგზაური კავკასიელი ქალებისთვის, საჭირო გამხდარა საცხოვრებელი კლიმატური პირობების ახსნა, მათთვის ჰორმონალური დისფუნქცია რომ არ მიეწერათ. შეიძლება ჩვენთვის სექსისტურად ეხუმრათ, თუ არ გინდათ თმა გქონდეთ სხეულზე, თმა უნდა გქონდეთ სხეულშიო და სექსისკენ ებიძგათ.
არა მხოლოდ ქალებმა, ფემინიზმის განვითარებაში წვლილი კაცებმაც შეეტანეს, რომლებიც ინდი თამაშებში და კომიქსებში დაიმალნენ. ზრდასრული კაცებისგან თავის მობავშვება ერთგვარ ტრენდად იქცა. პლიუს ორივე სქესისგან თმის მოშორების ისტერია. სოციუმისთვის ინდივიდის თმიანობას რამდენიმე ლინკი აქვს: მასკულინურობის (მამაკაცური ჰორმონების) გარდა ასაკს წარმოაჩენს, რადგან უთმოები არიან უმცროსები. ასაკი კი სტერეოტიპულად სიბრძნესა და გამოცდილებას ლინკავს, როცა უთმობა ქალურობასთან და უმცროსობასთან ასოცირდება.
დღევანდელობა შეიძლება მატრიარქატულ, შემგროვებლურ ეპოქად განისაზღვროს, სადაც ფიზიკური ძალა ნადირთან შესაჭიდებლად ნაკლებად პრიორიტეტულია და ყოფა გონებრივი შრომით იმართება. შესაბამისად, მაღალი რანგის წარმომადგენლები ცდილობენ სუფთად გაპარსული წვერითა (მოვლილით, შემცირებულით მაინც) და სხეულზე მინიმალური თმიანობით წარდგნენ სოციუმის წინაშე. რითიც ფემინურობის მიღებას ლინკავენ, სტერეოტიპულად ნაკლებად აგრესიულობის, ნაკლებად დომინანტურობის, სანდოობის იმიჯს იღებენ. თუ ეს მაღალი რანგის წარმომადგენელი რაიმე რიტუალს არ განასახიერებს, მაგალითად, სასულიერო პირია, შოუ ბიზნესშია.
დასკვნისას, მწუხარებას გამოვთქვავ ქალებისა და ეპილაციის მიმართ, რადგან მგონია, ჭარბი თმის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ ექიმს მიზეზის მკურნალობისთვის და არა შედეგის მოსაცილებლად. თან ჭარბ თმას, ავადმყოფობის კი არა, შეიძლება დამცველის ფუნქციაც ჰქონდეს. ეპოქაში, სადაც დაავადებებს შორის ქალის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკერდის და საშოს კიბოები სამეულში ერთმანეთს ენაცვლება, ლაზერის სისტემატური, თვიური გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს. როგორც ესთეტიკის ცენტრებში საუბრობენ, ლაზერი ორგანიზმს ზიანს არ აყენებს, თუ დასასხივებული ადგილი უკვე არაა პრობლემური. არა და მხოლოდ პაპილომა ვირუსით ქალთა 70%-ია ავად.

უდაბნოს ფენომენი ფსიქოგეოგრაფიაში

ქუჩებში მოარული თავისუფალი ინტერნეტი ალბათ იმ ადამიანებმა გამოიგონეს, რომლებსაც არაპუნქტუალური საახლობლო წრე ჰყავდათ. ამჯერად, თბილისის ცენტრალურ სკვერში ველოდები მეგობარს, მუხლებზე ტაბლეტი შემოვიჯინე, კლავიატურა გადმოვუშალე და ინსტაგრამელთა ფოტოებს ვათვალიერებ. ფოტოებს, რომლებიც სტრატეგიული ჟანრის თამაშისმაგვარად სუბიექტის მიერ ხილულ რუკას ქმნის. რუკას, რომელსაც ფიზიკურ თუ სოციალურ გეოგრაფიაზე მეტად ინდივიდის მნიშვნელობა აქვს, რასაც ფსიქოგეოგრაფიამდე მივყავართ. სვამს კითხვას: თუ უდაბნო განხილული იყო როგორც მონოთეისტური ადგილი, შეიძლება იმდენად დისორიენტირებული, რომ ათეიზმად ჩაგვეთვალა, რამდენად შესაძლებელია მისი ტერიტორიის კონცეპტუალური ღირებულებებით დაყოფა?!
dorothy-dehner-new-cityფსიქოგეოგრაფია ერთგვარი განხრაა გეოგრაფიის საგანში, სადაც შეიძლება დაინგრეს ობიექტური მასშტაბები, ამიტომ ცხრა მთას იქითა ქალაქი უფრო ახლობელი იყოს სუბიექტური ორიენტაციით ვიდრე ობიექტურად ყურის ძირში არსებული, რაც ინდივიდუალურ აღქმებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, გეოგრაფები, რომლებიც ჩემთვის არტისტები არიან, ტერიტორიებზე პირადი ფოტოებით, ნახატებით, ინსტალაციებით თუ ნოუთებით გვანებივრებენ. მაგალითად, როგორც ინსტაგრამის შემთხვევაში მოხდა, ოღონდ აქ რეალური მასშტაბებია დაცული. მე შემიძლია კედელზე დავიხატო ჩემი ყოველდღიური გადაადგილების რუკა მაშინაც, როდესაც არ მახსოვს ქუჩათა სახელები, ხოლო ადგილებზე ჭიკარტებით ჩანაწერთა დასტები მივამაგრო: კლუბი ა, სადაც პირველად მოვწიე, კაფე, სადაც კარამელი მომეწონა და სხვა. ეს უკვე ტოფოგრაფიაში ჰუმანიტარულად მიმზიდველია.
675678ფსიქოლოგიისთვის ნებისმიერი მეცნიერული მიმართულება შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად, სტუდენტობისას შევადგინე სივი, რომელსაც პოტენციური დამქირავებლის შუქი არ მიუღია, მისი დანიშნულება მხოლოდ შექმნის პროცესისგან მიღებული სიამოვნება იყო. ანუ დავხაზე ჰომოსაპიენსის ტვინი, სადაც სხვადასხვა აქტივობებზე პასუხისმგებელი ტერიტორია შესაბამისი ინფორმაციით დავტვირთე. მაგალითად, მეტყველებაზე პასუხისმგებელ ნაწილში მივუთითე ჩემთვის ცნობილი ენები საფეხურებით. ეს უკვე არის ფსიქობიოლოგია. როდესაც სხეულის (ან სხეულის ნაწილის) ხაზვისას ემოციებსა და ინტერესებს წინა პლანზე წამოსწევ. როგორც ჩანს, ნებისმიერი მეცნიერული განხრის მიმართ შეიძლება არტისტული აღქმის მორგება. განსაკუთრებით, როცა თავისუფლების პრაქტიკიზაცია დახურულ სივრცეში ხდება, იგი ოცნებაში დაჭკნება, საკუთარი თავის გუბურად იქცევა, როგორც თავის დროზე ფსაიქო ავანტგარდები ამბობდნენ, სუბიექტურობისა და ობიექტურობის პირველადობაა საკითხავი.
amd-map-1თანამედროვე ხელოვნებაში აღსანიშნია ემოციის გამომწვევი მოვლენის მათემატიზირება. მაგალითად, ემოციის გამომწვევი მზის ჩასვლის რაციონალურად დიაგრამული აღწერა ან სქესობრივ პარტნიორთა სტატისტიკის შექმნა სივრცისა და დროის ანუ ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების გამოყენებით და სხვა და სხვა. პირადად მე, გენეალოგიურ ხეს მსუბუქი დამუშავების შემთხვევაში საკუთარი თავის ფსიქოისტორიად მივიჩნევ. განსაკუთრებით თუ გამჭირვალე ქაღალდებზე იხატება და ქრონოლოგიურად ისე დავაწყობთ, რომ ბოლო წარმომადგენლის სახეს ვიღებდეთ. ხოლო ფსიქოგეოგრაფიის შესწავლისთვის ბავშვების მიერ დახატული ეზოები გამოდგება, უნდა ათვალიერო და ათვალიერო. პირადად მე, ერთი სული მაქვს სამოგზაუროდ როდის წავალ, რომ სუბიექტური რუკით დავბრუნდე, დავტვირთო მაინც საკუთარი ინსტაგრამული სივრცე ახალი ქალაქებითა და ქვეყნებით, კედელზე გაკრული რუკა ჭიკარტებით დავჩხვლიტო მაინც. და რაც მთავარია, შევძლო უდაბნოს ტერიტორიის კონცეპტუალურ სივრცეებად დაყოფა.