ბავშვობაში ანუ ჯერ კიდევ იმ დროს, როცა ტელევიზორი ხელით უნდა გადამეხვია და ეშმაკის მანქანებით დეციმეტრულს ვიჭერდით, ემტივიზე გადიოდა ვიდეო უდაბნოსკენ მიმავალ ტრასაზე, გოგონა იპარება ბენზინ გასამართ სადგურში და ონკანშივე იღებავს თმას. ეს იყო პირველი ესპანურენოვანი სიმღერა, რომელიც ტოპეულში შევიდა, მე კი ბიძაშვილის ჩვენთან დარჩენილი წიგნებიდან ესპანურს ვმეცადინეობდი. ამიტომ ეს მომენტი იმდენად ჩამრჩა, რამდენჯერაც ვყოფილვარ ზღვაზე, ქუთაისის მაკდონალდსში იმდენჯერ შევჩერებულვარ სახეზე წყლის შესასხმელად, კაბების გამოსაცვლელად და ვინ იცის უცაბედი პაემნის თუ სამსახურეობრივი გასაუბრების შემთხვევაში გამოცვლისთვის რამდენჯერ მიმიმართავს საჯარო ბიბლიოთეკისთვის. ამჯერად, რუნის პიცერიის ჯერი დადგა და დილაუთენია ჯოჯოხეთურად გრძელი მერცხლებიანი კაბა შოტლანდიური კაბით შეიცვალა. ხოლო წარმოსახვითი მუსიკის ფონზე სახალისო დემონსტრირებას ვახდენდი მამასთან, რომელსაც საოცრად ლამაზი ვეგონე. ამ სურათზე მანქანაში ვარ, მაცვია ჩემი ახალი შოტლანდიური კაბა და პიცა თანამშრომლებისთვის მიმაქვს. ერთხელაც, რომელიმე ავტოსტრადაზეც გავალთ, ძალიან ბევრს ვიტირებ, ფერად თმას შავად გავიფერადებ და უდაბნოში ლათინურად ვიცეკვებ ჩემი ლამაზი შოტლანდიური კაბით.
Tag Archives: ბიბლიოთეკა
თანამეწიგნეები და სხვები
ხომ არსებობენ სქულმეითები, სოულმეითები (რა კარგი სიტყვაა თანამესულეები), ასევე არსებობენ ბუქმეითები.
როგორც ყველა სოციალური ქსელის შემთხვევაში მოხდა, გუდრიდშიც გვიან დავრეგისტრირდი. ავიყოლიე ჩემი თანამშრომელი და ჩელენჯი მოვნიშნეთ ასამდე. საზიარო მაგიდაზე დავიწყეთ კითხვა და გამისწრო. არა, რაც არ უნდა გამიჭირდეს და ვაგებდე, რიცხვს მაინც არ შევცვლი. აღმოჩნდა, რომ ჩემი წასაკითხი წიგნები, ბევრი არაა დარეგისტრირებული. იმისთვის, რომ ატვირთვა შევძლო, უნდა წავიკითხო და იმისთვის, რომ წავიკითხო, უნდა ავტვირთო. ჰო და, ბოლო პერიოდია მე და ჩემი თანამშრომელი სტიმპანკურ რომანებს ვეცნობით. მაგალითად, მექანიკურ საათიან კონკიას. “სატახტო თამაშებიც” ვერ მივიყვანეთ ბოლომდე.
ზაფხულში შვებულება რომ მქონდა, ჩემი ციფრული მეს პარალელურად ხანდახან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ვერანდაში ჩავჯდებოდი და ბალახებმოსხმული კედლების ფონზე ვკითხულობდი. აქ შეიძლება გენახათ ლექტორები, რომლებიც ცდილობდენ სტუდენტებისთვის სისხლი გაეშროთ და რაც შეიძლება მეტი სცოდნოდათ; იყვნენ წვერმოშვებული ბიჭები სასულიერი სემინარიიდან, რომლებსაც სახარების ქვეშ ანთროპოსოფიური ლიტერატურა ეწყოთ; ბავშვები, რომლებიც ბაბუებმა მოიყვანეს და უცხოპლანეტელებზე აკითხებდნენ წიგნებს.
იმ დროს მე ბლავატსკაია ელენა მაინტერესებდა, შტაინერის მოძღვარი, იმ შტაინერის, რომელიც ტოლკინის პლატონური მოძღვარი გახლდათ. საბოლოო ჯამში მოსწავლე რომ განუდგა ელენას, აქაო და ქრისტე ნუ ჩამოაქვეითეო. საინტერესო ლოგო ჰქონდათ თეოსოფებს და ამან მიმიზიდა. ელენას კი ისეთი თვალები, ერთი ეგ დაგამახსოვრდებოდა და მეორე ის ავღანელი გოგონა, ნაციონალურმა გეოგრაფიამ ფოტო რომ გადაუღო. იყო ქალი, რომელიც პროლოგში დაწყებულ დრედებივით ჩახუჭუჭებულ წინადადებას ლამის წიგნის ბოლოს ამთავრებს. ვკითხულობდი, რომ ევულუცია ემბრიონის განვითარების ფორმებში უნდა ვეძიოთ და ერთმა ძველმა ფორუმელმა დამირეკა, წამოდი ნაფარაულზე პიცა ვჭამოთო. აქამდე მარტო ორჯერ მენახა და სიხარულით დავთანხმდი, რადგან უცნობებთან საუბარი მიყვარს: თითოეულზე მგონია, რომ ის ის არის, დაბალანსებურ თემებზე ვისაუბრებთ და მეგობრობის რადიკალიზმში არ გადავვარდებით. ადვილია.
სასაცილოა, მაგრამ თავიდან მამაჩემის გამო გამიცნო, პოლიციელის შვილები მიყვარსო და ერთად გადაღებულ საოჯახო ფოტოებს ვაჩვენებდი. თვითონაც თანამშრომელია. მოკლედ შეჭრილი თმიანი ქალი იარაღით. ორივე გამოეჭვიანებული ნატურაა, ერთი პერიოდი ვგეგმავდი, ერთმანეთს გავაცნობ მეთქი. სხვა ჩვენ რა საერთო უნდა გვქონოდა?! დის შვილთან ერთად მოვიდა და უხერხულობის დასაფარად, ბავშვს ვეფერებოდი. დაკარგულ მეგობრებზე ვჩიოდით. ბოლოს სიჩუმის დასარღვევად ვიკითხე: – კითხულობ რამეს?
– ბლავატსკაიას…არ გეცოდინება.
მე კი ჩემი წიგნი ამოვიღე ჩანთიდან: – მეც.
დამამახსოვრდა ის დღე.
ბოდვებზე და წიგნებზე
ტელეფონი უნდა გატყდეს.
ახლა საუკეთესო ვარიანტია შურისძიება საგანზე იდეის ნაცვლად.
ვხვდები გადაღეჭილ დებულებას, რომ მარტივად მსხვრევადია რწმენა ლოგიკის გარეშე და რა მარტივად შეიძლება დამზადდეს ლოგიკაც.
გთხოვთ, მომიტევოთ ჩემი წრიული მოძრაობა, ინსტინქტია ბავშვობიდან ღრმად ჩარჩენილი.
მომიტევეთ, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის ირონიული მნიშვნელობით, საკუთარი მეორე დაბადება.
პირველს არყოფნის რისკი დაემუქრა.
მომიტევეთ ჩემი გაორება ემოციურობის დაბალ ტონალობაში რომ შედგა.
მთავარია ტელეფონი გამორთული იყოს მიღებული ლოდინის ადვილად გადასატანად.
სარკის ეფექტს შეუძლია ნებისმიერი აზრის კოპირება.
ვდგავარ მის წინ და ვავარჯიშებ სავარცხლის სწორხაზოვან ბრუნვას.
ვფიქრობ, გულწრფელობას ჯერ არ მომიტევებს. არც ბოდვებს.
მეძინება საკმარისად, რომ არ დამეძინოს.
ასე ვიცი. ფიზიკურ ლტოლვას გონი არ მისრულებს.
ვიყოფი.
ვფიქრობ თავისუფლებაზე ნებისმიერი სახის მიჯაჭვულობისგან.
თუ ლოდინი არ მიყვარს, ტელეფონი უნდა გატყდეს.
****
ბიბლიოთეკაში ვაწყდები წიგნს ოკულტიზმზე.
”ფიქრების მიზანზე კონცენტრაციით, შესაძლებელია ნებისმიერს აიძულო დაკავშირება, შენი გავლენის ქვეშ მოქცევა.”
ჩემი სხვა მეუბნებოდა შემემოწმებინა, მითუმეტეს, მსგავსი ადრეც მიცდია.
გავითვალისწინე მწერლის მოთხოვნა და ჯერ მარტივი პროცედურით დავიწყე: ადგილობრივი მკითხველის კისერზე მივმართე მზერა და ფიქრი: ”ახლა მარჯვნივ მიიხედე”, ”ახლა მარცხნივ მიიხედე”, ”მინდა ჭერში აიხედო”..
წიგნში გაფრთხილება იყო, რომ საწყის სტადიაში შეიძლება არ გამოსულიყო, მაგრამ მგრძნობიარე ობიექტი აუცილებლად იგრძნობდა უჩვეულო ველს.
მე არ გამჭირვებია. ცდისპირი დამყოლი იყო.
საათიანი ვარჯიშის შემდეგ კონცენტრაცია მოვახდინე მაგიდაზე მიგდებულ ფუჭურ ტელეფონზე. სეანსს მაწყვეტინებს მესიჯი მობიფეისგან. 😦
მე მხოლოდ ამას თუ გამოვიწვევდი.
მერე ჩემი ცდის პირი მოდის და მეცნობა: ”შეიძლება თქვენთან დავჯდე? რა საინტერესო წიგნს კითხულობთ.”
მეღიმება: ”არა, გმადლობთ”.
და ვფიქრობ, სულაც არ მინდა, ტელეფონი გატყდეს. 🙂
****
ერთი საინტერესო სიზმარი ვნახე.
ცხოვრების მანძილზე სამი სახლი გამოვიცვალე. მათ შორის პირველში დიდი ხანი ვიცხოვრე.
სიზმარში არეულია სივრცის ობიექტური შეგრძნება და ჯერაც პირველ სახლში ვცხოვრობ, მგონია.
სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი. ერთი გაჩერების მერე უნდა ჩამოვსულიყავი. ოცნებამ გამიტაცა და ერთი გაჩერებით გავცდი.
სიზმარში არეულია სივრცის ობიექტური შეგრძნება და რუმინეთის ქალაქ მოლდოვაში ავღმოჩნდი.
ყველაფერი ყვითელი იყო: სახლები, ცა, მიწა. უბრალოდ ადამიანები იყვნენ დაგრუზულები.
უკან გზა გაცილებით შორი აღმოჩნდა, ბევრი თავგადასავალი გამოვიარე.
თან ვღელავდი ოჯახის წევრების ნერვიულობაზე. ბოლო-ბოლო ვალოდინებდი.
გამეღვიძა. ტელეფონი ვეღარ ჩავრთე, ბატარეა მოეშალა. მაინც არ მჭირდებოდა.
სამაგიეროდ, უბოტკინო სიყვითლის დადებითი განწყობა მაქვს.
ლოდინი არ მინდა, მოგზაურობა მინდა.
უფულოდ, მედიტაციით.
რა უდევს საფუძვლად დაუსრულებელი საქმისადმი მიბრუნების ტენდენციას?!
მინდა ამ ნაწერს ამინდი შევუსაბამო, მაგრამ არ მახსოვს. ჩვეულებრივი დილა იდგა. ბიბლიოთეკაში ვიჯექი, წიგნის თვალიერებისას ეს ფრაზა/სათაური/ რომ მომხვდა თვალში. ტექსტი აშკარად ჩემზე იყო და კიდევ იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიღაც შენობაში დაკვირვების ობიექტად რომ გაიხადეს თავი. ექსპერიმენტში დაუსრულებელ ნახატს აწყვეტინებდნენ და ახალ ფურცელზე აწყებინებდნენ ხატვას. კვლევამ აჩვენა, რომ ”ადამიანი ზაზუნები” შიგადაშიგ უბრუნდებოდნენ ძველს ან ახალ ფურცელზე ძველის აღდგენას შედეგით/უშედეგოდ ცდილობდნენ. სიმართლე ვთქვა, დასკვნა არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემს ტვინში აშკარად შეინიშნება უამრავი დაუსრულებელი საქმე, რომელის აღდგენისკენ ორგანულად მივილტვი. მეტიც, ეს ხდება ურთიერთობებშიც: ძველ ადამიანთა დანიშნულებებით ხშირად ახალ ადამიანებს ვტვირთავ და მაინც, საშინელი განცდა მრჩება იმის, რომ რაღაც დავტოვე. აქ მაგალითად მოვიყვანდი უზნაძის ბურთებს, რომელიც იტყოდა, რომ ემოციური განწყობა სამომავლო დაბრკოლებისა, მცდარ ინტუიციურ დასკვნებში გამოიხატება.
მგონია, დაუსრულებელ საქმეებს საკმაოდ მძაფრად აღვიქვამ. რისი გავლენითაც ცხოვრება მუდამ წარსულში მაბრუნებს და ვტრიალებ წრეზე, რომელსაც პირობითად ზაზუნას დღე დავარქვი. მაგრამ მაინც რა უდევს საფუძვლად დაუსრულებელი საქმისადმი მიბრუნების ტენდენციას? მოკლედ ვუპასუხებდი: წერტილი. წერტილი შეიძლება იყოს გეომეტრიული ნიშანი, სასვენი ნიშანი თუ დიაკრიტიკული ნიშანი. მათი განსაზღვრება შორს წაგვიყვანს, მე კი იმ ფსიქოლოგიურ დასასრულზე ვამბობ, რომლის მერეც საფუძველს ქმნი ახალი წინადადების დაწყებისთვის. პირველად ორი წლის წინ სიტყვა – fin – გამოვიყენე იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, რისკენაც მივილტვოდი. გავავსე სოციალური ქსელები და ნახატები ამ სიტყვით. მერე კი მივხვდი, რომ თუნდაც ფსიქიკური მორჩები, რა მაშტაბისაც არ უნდა იყოს, შეიძლება შეცვალო მძიმედ. და რომ სკოლაში ნასწავლ ცნებას: რაც იწყება, – დასასრულიც აქვს, რომ მხოლოდ დრო არ სრულდება, როგორც გალაკტიონის ”ლურჯა ცხენებშია”, – ალტერნატიული გამართლება მოვუძებნო.
1927 წელს ჯორჯ ლემეტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიშვა ერთი წერტილიდან, რომელსაც დრო და სივრცე არ ჰქონდა და ქროლოლოგიურად მატერიასთან ერთად წარმოიშვნენ. გამოკვლევებმა კი მეცნიერებისა და რელიგიის გახლეჩვამდე მიგვიყვანა. ხალხები უკიდურესობებში გაიყვნენ.
მოდი, თავიდანვე გავხსნი კარტებს: ავიღოთ, ევროპა და აზია. არ არსებობს ევროპა და აზია. არსებობს ევრაზია, ისიც კონტინენტური თვალსაზრისით. კონფლიქტი მეცნიერებასა და რელიგიას შორის ერთმანეთში ჩაუწვდენლობამ გამოიწვია. თუ ევროპაში ადამიანი მეტად ეგოცენტრუალია, თან ექსტრავერტი, აზიელი ინტროვერტია, რომლის მე-ს ფუნქცია უმნიშვნელოა. ვფიქრობ, გარემო და ინდივიდის გაყოფა, მითუმეტეს, ჭიდილი ულოგიკოა. ისინი ყოველთვის ერთიანდებიან, სადღაც წერტილში, იქ სადაც, თითქოს დასასრულია.
თუ სამყაროს ოდესღაც დასაწყისი ჰქონდა და ეს წერტილი იყო, მისი დასრულების, დასრულებული სახის, დუალიზმის თუ წერტილის /როგორც გინდათ ისე თქვით/ შემთხვევაშიც, პოტენციაა ახალი წინადადების ისევ წერტილიდან დაწყებისა. დასკვნა: ნებისმიერი დასასრული პოტენციური დასაბამია დასასრულისა.