თორი, ნოე და გარეული მხეცი

ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს რა იცის მასზე სახელმწიფომ. ეს ინფორმაცია ინდივიდუალურად საჯაროა და, თუნდაც, სამთავრობო საიტზე აიდი პირადობის დასკანირებით არის პროსპექტიული. მაგალითად, ჩემზე სახელმწიფოს ჰგონია, რომ ა) არ მყავს ძმა, რომელიც რეალურად ახლა გვერდზე მიზის და ქილიკობს რომ მემკვიდრეობა არ დარჩება; და ბ) მამაჩემი ჩემს გაჩენამდე მოკვდა, სანამ დედაჩემს შეხვდებოდა, დაბადებისას, სიკვდილი იგივე წელს უფიქსირდება როცა დაიბადა. ანუ უკვე მემკვიდრე ვარ. სახელმწიფო მაწოდებს, რომ მამაჩემი შავი ხვრელია და სახელმწიფო სტრუქტურაში მისი მუშაობის 50წლიანი სტაჟი არაფერს ნიშნავს, არჩევნებში კანდიდატს მკვდარი სული აძლევდა ხმას და მემკვიდრეც მკვდარმა გააჩინა. არა, მე არ მჯერა, რომ სახელმწიფო არ მიცნობს, საქმე ალბათ ინფორმაციის თავმოყრაშია.

ყველა თაობას თავისი სპეციფიკური ფობია გააჩნია, ჩემს თაობას კი მასონური რეჟიმის ეშინია ანუ ლავკრაფტის ურჩხულები, საწოლის ქვეშ დამალული ჩონჩხები მოითელა და ახლა კარიერისტი ხალხისგან მართულობის გვეშინია. ჩემი აზრით, ეს იგივეა რაც ნეო ღმერთის შიში, ზემდგომის შიში, რომელიც გვაკონტროლებს და საჭიროა ჩვენი ეგზოფილიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ ვუძალიანდებით, მაღალი სიხშირის კომპიუტერებს ვყიდულობთ, ჩვენს IP მისამართებს რომ ვერ დაგვეწიონ ახლობლები მაინც, რომ არ გაიგონ სინამდვილეში სად დავდივართ, ვიდეო თვალებს და მიკროფონებს იზოლენტათი ვფარავთ ან დისკონექციას ვაწვებით, სუფთა ვებს ვერიდებით, პორნოს თორის ბრაუზერით ვუყურებთ, თან ისე, რომ ბრაუზერის ზომა არ შევცვალოთ და მანამდე ჯავასკრიფტი გვქონდეს ოფლაინ, არ ვუსმენთ მუსიკას ონლაინ, მხოლოდ გადმოწერის მერე, ისიც ანტივურულ დეტექტორებს თუ გაივლის, არ ვხსნით მეგობრებისგან გაზიარებულ ლინკებს სადაც ავტორიზაციის გავლაა საჭირო, ვაი და პაროლი დაინახონ, სხვადასხვა საიტებზე სხვადასხვა მეილებით ვრეგისტრირდებით და ა.შ.

და ჩვენ რეალურად გვეშინია, ოღონდ არა დემონი მედუზების, არამედ ბიბლიაც როგორც ჰორორი ლიტერატურა ისე მოვირგეთ. აიდი ბარათების აღების ფობია ანტი გლობალისტების წრეში. კონტროლიზაციის შიში, რომელიც მცირე შემთხვევაში მხეცის ნიშნის სიმბოლიკით იყო გამოხატული. ამის გამო სახელმწიფო უმნიშვნელო დათმობაზე წავიდა, აიდი პირადობის ბოლო სამი ციფრი 666 მოხმარებიდან ამოიღო და 665-დან 667-ზე გადახტა. ეს 667 მე შემხვდა. ანუ მხეცი მე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ გადავრჩი, გავხდი ბლოგერი, ოფისის მენეჯერი. არა, ეშვი კი მაქვს, დამატებითი კბილი ამომივიდა ერთ ღრძილზე ორი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩემს პრიორიტეტს ურბანული ცხოვრებისადმი, უფრო შინაური ცხოველი ვიქნებოდი, ვიდრე გარეული მხეცი. და ახლა როცა ვკითხულობ ჩემს მრავალავტორიან, ოფიციალურ ბიოგრაფიას, ცოტათი მწყინს კიდეც: რა მოსაწყენი 30 წელი გამივლია. აი, მხეცი რომ ვყოფილიყავი, ხომ ავიდოდი გრინვიჩზე ან მკვდარი ზღვის ნულოვან ზღვის დონეზე და სამყაროს შევაზანზარებდი. გამოვიდოდა ვინმე კეთილშობილი ნოე და სანათესაოს თუ სხვადასხვა ცხოველების რობოტებს პოსტ მეტროს მიწისქვეშაში შეაფარებდა. ნამდვილი რაინდები ქვეყნად არ დარჩნენო. მაგიტომ. მხეცი არ არსებობს და მისი ანტონიმიც არ იარსებებს თუ დონ კიხოტი არ გინდა. იტყოდა ნოე მიწისქვეშაში: მოდი დავიწყოთო თავიდან, სიგნალი ვაფრინოთო, – და თუ ვაი ფაი დაიჭერდა, ამოვიდოდნენ. და ვერ მიხვდებოდნენ, რომ ეს ჩემი ხრიკია, რომ ვაზი მოვაყვანინო, დავათვრო და გავაშიშვლო ისინი.

გადაყვარება

არსებობს რამდენიმე დავალება, რათა გავთავისუფლდეთ საყვარელი ადამიანის ლანდისგან დაშორების მერე და განვიცადოთ კათარზისი: 1) ვეცადოთ გავხდეთ უფრო ბედნიერები, ვიდრე ყოფილ პარტნიორთან თანაარსებობის დროს, რადგან ბედნიერი წუთების გახსენებამ ეფექტი დაკარგოს; 2) ვეცადოთ ხალხს კეთილად მოვექცეთ, რადგან აქამდე დაგროვილი სითბო უადრესატოდ არ დარჩეს და ბოღმად არ დაილუქოს. მაგალითად, გავანებივროთ ხალხი საჩუქრებით. მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ საყვარელი ადამიანი არ არის მატერიალურად არსებული და საკუთარი თავის ხატს, ავატარს წარმოადგენს. შეიძლება გადაიყვაროს საკუთარი პიროვნება ბილი მილიგანმა ან ქრისტემ გაღმერთებისას?

მოვიფიქრე, რომ აზერბაიჯანისთვის მეორე შანსი მიმეცა, რადგან გობუსტანში სოლო ლაშქრობისას უპასუხო შეკითხვები გამიჩნდა. სხვა სტატიაში გობუსტანი აღვწერე, როგორც აზერების ოცნება ეთნიკური ვიკინგები ყოფილიყვნენ. აი, როგორც ქართველებს გვაქვს ოცნება “ვეფხისტყაოსნის” რენესანსურ პიონერობაზე, თუმცა დანარჩენი სამყაროსთვის ეს თეორია პატარა ერის კომპლექსად რჩება, “ვეფხისტყაოსანი” კი – კარგი ხარისხის მაგრამ, მაინც სადევ-გმირო რომანად. სად დანტე და ბოკაჩო თავიანთი ცოდვილი რომის პაპებითაც კი, და სად რუსთაველი, პერსონაჟები ჯერ კიდევ არაადამიანურები ჰყავსო.

ამ ფოტოზე ვარ მე, ანდოგინი ანგელოზი და პლაგიატი მათე, იქვე კარავაჯოს ხელმოწერა იგულისხმება, აკაკი წერეთელივით რომ მწერალს მისიონერული პოზიცია მიაწერა. სხვა სახარებებიდან მათეს წიგნი ყველაზე გამოკვეთილად აღწერს ქრისტეს ადამიანურობას. კარავაჯოს ჩანაფიქრით კი ჩვენთვის ღმერთი ქრისტე, ციური სამყაროსთვის მაინც ადამიანია. ეს მათეს ქრისტეს “ჩორტის” ბრალია ისტორიულ სომხეთთან ურთიერთობა რომ გაგვიფუჭდა.

საახალწლო უქმეებზე სამ დღიანი კასპიის კრუიზი მოვიწყე. სხვა ქვეყანაში ვიყავი, მაგრამ შემეძლო მთელი დღე მეარა ოთხკუთხედ ოთახში ჩემი შავი კიმონოთი და მესმინა პელევინის პოსტაპოკალიპტური საბჭოთა კავშირისთვის. არ მესმის როგორ უნდა იკითხო პელევინი. პელევინს უნდა მოუსმინო აუდიო წიგნებით. თუნდაც იმიტომ, რომ პელევინის შემოქმედება ჯერ მპ3 ხარისხით გამოდის და მერე იწერება. მაგრამ რუმმეითმა ჩემზე იძალადა, ოთახში მასე თბილისშიც გამოიკეტებიო, რა დროს ძილია, ჯერ ათი საათიაო, ახალი წელიაო.

ვერ წარმოიდგენთ როგორ მეზარებოდა უცხო ქვეყანაში დალევა. მაგრამ რუმმეითის დაჟინებული თხოვნის, საბნის გადაწევის, წყლით გამოფხიზლების მერე, სადაც მეოთხე ტეკილას რომ ვსვამდით ბზრიალა ცათამბრჯენზე, ვკითხე, რას გაურბიხარ, რომ ერთობი მეთქი. ეს შენ რას გაურბიხარ, “ალი და ნინოს” წიგნის მაღაზიაში ჯერ მარტო ერთ წიგნში 59 მანათი რომ მიეციო. ეტყობა ვერ ვერთობი, უნარი დამეკარგა მეთქი.

ბაქოს ბოლო დღეს კარავაჯოს გამოფენას ვესტუმრე და ბოლო კვირების მერე პირველად გავიღიმე. სევდიანია, როცა ხვდები, ალკოჰოლი რომ აღარ გართობს, არც გლამურული სპა სალონები “კაიუტაში”, არც ოთახთან დატოვებული თაიგულის ავტორის ვინაობა გაინტერესებს, არც ნაპოვნი 1000 რეალის დაგუგვლა გაცინებს და აღმოჩენა რომ ამით 1 დოლარიც არ მოგივა. აი, თურმე რატომ იციან აზიელებმა მათემატიკა, მაღალ რიცხვებთან აქვთ შეხება. მაგრამ აი, მათეს სახე ძალიან მამხიარულებს და რა ვქნა. ასაკი ალბათ. გადაყვარებაზე ვსაუბრობდი და ალბათ საკუთარი სურვილები უნდა გადავიყვარო, საზოგადოებას რომ სახარებასავით მინდა მოვახვიო.

4656567

პირველად იყო უარი

75687.jpgერთხელ პაპაჩემმა მიამბო, როგორ დასაჯა ბავშვობაში მამამ საქონლისთვის წყლის დასხმა რომ დაავიწყდა: ყელზე ზაქის კირკარი წაუჭირა და ცხელ მინდორში წყლის მიუწოდებლად დააბა, იგივე უნდა განეცადა, რომ საქონლისთვის გაეგო. მამა-შვილობაზე საუბარს შევყევით და მეზობლის შთამომავლობით ცოდვაზე მომიყვა. შვილებმა ამ ოჯახში მამა შეკამათების ნიადაგზე მოკლეს. ამ მამამ კი, თავის მხრივ, ახალგაზრდობაში თავისი მამა დაღუპა. დავალებული იყო, ქალაქიდან წამალი წამოეღო, ამან კი გატანებული ფული ნარდში წააგო და რა ექნა, ქალაქიდან ცემენტი ჩაუტანა, წამლად გაასაღა, დღეში სამჯერ ჭამის შემდეგო.
მორალი: წინაპრების ისტორიები ბევრ ჰორორ ფილმზე ბრუტალურია.
ბიბლიის ერთ ინტერპრეტაციაში წავიკითხე უარზე, როგორც შთამომავლობით ვირუსზე. ცნობიერების ნაყოფის აკრძალვით ადამ და ევას პირველად ჩაეტვირთა უარყოფის ნაყოფი და ამ უარყოფის უარყოფით ადამმა უარი ვირუსივით აიკიდა. პირველი რაც გააკეთა, ღმერთისგან დამალვით საკუთარი თავი უარყო. თანაც იმდენად, რომ თავის უარყოფის შიში შთამომავლობას გადასდო. კაენისგან ადამის უარყოფაც შურისძიებაა ღვთის მიმართ, რომელმაც მისი ძღვენი უარყო. ბიბლიის ყველა პასაჟი ასახავს რომ ნებისმიერი ცოდვის მიზეზი უარყოფის შიშია და რომ კაცობრიობა პანიკაშია პირველყოფილი უარის უარყოფის გამო. კაცობრიობის ისტორია არის უარი საზოგადოებისგან, ოჯახისგან, სულიერი თუ ფიზიკური მეგობრისგან და სხვ. ყოველი ფობია უარყოფის შიშისგან იღებს სათავეს. თვით სიკვდილის შიშიც. განსხვავება მხოლოდ ობიექტშია.
ვუყურებ პაპაჩემის ეზოში მდგარ საფრთხობელას და პერსონალურ უარებს ვიხსენებ, ქრონოლოგიურად და დიალოგის სისტემით შეძლებისდაგვარად. ყველაზე მეტი უარი ვისთვისაც მითქვამს მისგანვე მიმიღია და პირიქით. თან წარმოვიდგენ ზაქის კირკარისგან წაჭერილ პაპაჩემს, ცხელ ზაფხულში დახვეული ბუზებით. ალბათ სადღაც, უნარების დონეზე რომ მახსოვს სისხლით. ვიხსენებ იმ გარდამავალ ეტაპებს, როცა უარმყვეს: დედამ მეორე შვილის გაჩენის მერე, მეგობარმა – სკოლაში, კაცმა – სხვა ქალში, გასაუბრებაზე სასურველ სამსახურში. მომინდა ამერბინა უახლოესი გორაკი და მეყვირა: “დიახ!” – ექსჰიბიციონისტური ცოდვების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ დამეზარა და ისტორიების მოსმენა გავნაგრძე, დავტვიტე.

შიშველი მაიმუნი და ადამიანთა ზოოპარკი

ბიბლიაში არის იგავი თუ როგორ გაჩნდა ადამიანებში კლასობრივი განსხვავება, ბატონებად და მსახურებად დაყოფა. იგავის თანახმად, მთვრალ ნოეს სიშიშვლის გამო ქამმა დასცინა თუ სხეული დაუთვალიერა. ნაბახუსევზე ნოემ ქამი დაწყევლა და მის შთამომავლობას მუდმივი მსახურება უსურვა. ბიბლიაში სიშიშვლეს დიდი მნიშვნელობა აქვს, თვითშეცნობის ნაყოფის გასინჯვისას პირველი ადამიანები პირველ რიგში სიშიშვლეს მალავენ, და კლასობრივი განსხვავებაც სიშიშვლის ყურებისგან მოდის.

16973426._SX540_

ნატურიზმის წარმომადგენელ ზოოლოგ დესმონდ მორისს ნაშრომში “შიშველი მაიმუნი” (‘Naked Ape’) ადამიანი განხილული ჰყავს ეტოლოგიის კუთხით. ეტოლოგია ზოოლოგიის განხრაა, რომელიც შეისწავლის ჩვევებსა და ინსტინქტებს. ტექსტი იწყება მაიმუნთა სახეების გაცნობით: მაიმუნებს თმით დაფარული კანი აქვთ, გამონაკლისი კი ადამიანია, რაც მის სხეულს შიშვლად წარმოაჩენს. მთლიანი ტექსტის მანძილზე ზოოლოგი გაურბის ადამიანის ხსენებას და შიშველ მაიმუნად მოიხსენიებს, რომელმაც სიტყვა “მუშაობა” სიტყვა “ნადირობას” ჩაუნაცვლა, განაყოფიერების აქტი ორგანიზებული გახადა და ღამის საათები შეუფარდა , მკერდის განვითარებამ კი პოზიციები მოამრავლა და პარტნიორები აქტისას სახე პირისპირ დააყენა.

ავტორი სვამს კითხვებს: როგორ ახდენს გავლენას ამ შიშველი ცხოველის ქცევა ავტოგადარჩენასა და შთამომავლობის დატოვებაზე? რა განაპირობებს თავად ქცევას? როგორ იცვლება ქცევა დროსთან ერთად ოთნოგენეზისას, ანუ ინდივიდუალური განვითარებისას? რა მსგავსი უნარებითაა აღჭურვილი ერთი რომელიმე სახეობა, თუნდაც ეს შიშველი მაიმუნი? პასუხები გაცემულია: პალეონტოლოგიის მიხედვით და ექსპერიმენტული დაკვირვებებით. მაგალითად, რომ სტატისტიკურად ასაკის მატებასთან ერთად მდედრებს უფრო ეშინიათ თმიანი ცხოველების/ქვეწარმავლების. მკვლევარი ასკვნის, რომ ობობის შიშიც კი თმიანობის შიშისგან მომდინარეობს, ვინაიდან ობობის გრძელი და წვრილი ფეხები თმებს წააგავს.

ცხოველებისადმი ინტერესი ასაკობრივ კატეგორიას საზღვრავს: საწყის ეტაპზე ბავშვს იტაცებს დიდი ცხოველები, ვინაიდან სიდიდეებს უფროსების მზრუნველობასთან ასოცირებს. ამ სტერეოტიპის დარღვევის შემთხვევაში, დიდი შანსია ბავშვის რეაქცია განიხილებოდეს უფროსების მტრებად მოსაზრებით ანუ მშობლებთან პრობლემური ურთიერთობებით. შემდეგ ეტაპზე ბავშვისთვის საინტერესო ცხოველები მცირე ზომის ხდება. ამ ეტაპს ცნობისმოყვარეობის პერიოდში ვხვდებით, როცა გვაინტერესებს ბაყაყების გაბერვები, ტარაკნების შეგროვებები ანუ ჩვენთვის მისაღწევი ექსპერიმენტები რომ ჩავატაროთ. შემდეგ ეტაპზე სქესობრივი ცხოვრება იწევს წინა ინტერესში ანუ ჩვენნაირი ცხოველები. ამ დროს ცხოველები ისევ ბრუნდებიან ჩვენს ცხოვრებაში ბავშვების სახით, კი არა და ბავშვებისთვის შერჩეული შინაური ცხოველების სახით. საბოლოოდ, როცა შვილები მოგვცილდებიან “გადასარჩენი” ცხოველებით ვინტერესდებით. ეს პერიოდი ადამიანს შეიძლება ადრეც დაუდგეს, როდესაც ფსიქოლოგიური თუ სხვა წნეხის გამო თავს “გადასარჩენად” აღიქვამს.

220px-Humanzoodes

დესმონდ მორისის მეორე წიგნი “ადამიანთა ზოოპარკი” (‘The Human Zoo’) მოგვითხრობს ადამიანთა ჩვევებს არქიტექტურაში. არქიტექტურა შედარებულია ჯუნგლების გაქვავებასთან. ნაშრომი რეცენზენტის სიტყვებით იწყება, რომ ამ წიგნს არ კითხულობენ განათლებისთვის, არამედ ჩაფიქრებისთვის უნდა წავიკითხოთ. მასში კონტემპორარული მსოფლიო განხილულია როგორც გალიები ანუ ქალაქები (Cities). შიშველი მაიმუნი კი იძულებულია რომელიმე გალიაში ანუ ლიმიტურ სფეროში დარჩეს სოციალური იზოლაციის შიშით.

ზოოლოგის თვალით დანახულ მეგაპოლისების გამოქვაბულებში გამყინვარების პერიოდიდან დროის მანქანით მოტაცებული ახალშობილები იზრდებიან. სტატუსი აღიქმება როგორც მოსანადირებელი ცხოველი. თუ მე ერთი მონიტორის შეძენა შემიძლია, მაგრამ ვყიდულობ ორს, ერთი მონიტორის მქონის თანასწორი ვარ, მაგრამ სტატუსით ვმაღლდები.

სტატუებიანი ქალაქის განხილვა კი სუიციდის გარეშე შეუძლებელია. თუ ცხოველი მტერს ვერაფერს უშავებს, ის საკუთარ ტყავს ან საკუთარ ნაშიერს გლეჯს, ოღონდ მხოლოდ ნაწილებს გლეჯს სიკვდილამდე მიყვანის გარეშე. თვითმკვლელობა მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. მითუმეტეს, თუ ის მოშორებულია ცხოველურს, ანუ სოფელს და დიდ ქალაქში ცხოვრობს, სტატისტიკურად სუიციდის შანსი იმატებს. ავტოდესტრუქციის აქტი განხილულია როგორც მიზანმიუმართავი აგრესია ანუ მკვლელობის შედარებით გაკულტურებული ფორმა. მკვლევარის აზრით, უმეტესად არავინ იკლავს თავს, თუ სხვისი მოკვლის სურვილი არ აქვს. თეორიას ამტკიცებს ომიანობის ხანაში ჩადენილი თვითმკვლელობის დაბალი სტატისტიკა. რა საჭიროა ავტოდესტრუქცია სხვისი დესტრუქციის შესაძლებლობისას. სტატუსის მონადირების სურვილი კი ქალთა ემანსიპაციისკენ სწრაფვის ხანაში ქალებს მეტად სუიციდურს ხდის. თანამედროვე სამყაროში ცხოველებს ოთხი მიზეზით ვხოცავთ: საკვების თუ სამოსის მოპოვებისთვის, სამეცნიერო კვლევისთვის, მავნე პარაზიტების გაწყვეტისთვის ან სიამოვნებისთვის.

რა საბოლოო დასკვნას გვთავაზობს ორივე წიგნის ერთი ავტორი და – პოლიტიკოსი უნდა იყოს ბიოლოგი. წიგნების წაკითხვა შეგიძლიათ უფასოდ: შიშველი მაიმუნი და ურბანული ცხოველი.

يَافَا

10927555_600644346701794_2099202912_oიაფა (იაფეტიდან) ძველი ქალაქი ყოფილა ისრაელში, რომლის ძველარაბულში სულ 12 ქუჩაა და თითოეულს ზოდიაქოს ნიშნის სახელი ჰქვია. აგერ ვიღაცა 22 ლომში ცხოვრობს. ჰო და მომკლავდი ლომის გარდა მორიელის ქუჩა რომ არ მეპოვნაო, გიორგიმ. მიხვდა და ასეთი ლამაზი სურათი გადაუღო. სოფიმ დამიწერა, რომ მხატვართა უბანი აქვთ, პირდაპირ ქუჩაში ხატავენ, ნახატებიც იქვეა გამოფენილი, ჰაერში ფორთოხლის სუნი ტრიალებსო. სხვებიც დაეთანხმნენ, მართლაც ფორთოხლის სუნიანი ქალაქიაო. სად იყავით, ხალხო, აქამდე?!

10936773_600644460035116_324085713_oწარმოიდგინეთ, რა ადვილია ქუჩათა სახელების სემანტიკური გადანაწილების გამო საჭირო ადგილის მოძებნა, როცა იცი, ტრინით იარო თუ კვადრატით. ამაზე ანცობისთვის კუთხეში მდგარი ბავშვობა მახსენდება ან სუფრის კიდესთან ჩამომსხდარი ქალები, რომლებსაც დაუქორწინებლობის ეშინოდათ და სადმე შუაში გადასხდებოდნენ. ანუ ის თემა, საიდან იღებს კუთხის საკრალურობა ხოლმე სათავეს. მგონი ყველა კულტურაში სწამდათ, რომ შიდა კუთხე ადამიანს ენერგიას აცლის და ანცი ბავშვი ხდება უძალო და დამჯერი. ხოლო გარე კუთხე, ამ შემთხვევაში მაგიდის, ადამიანს ენერგიას მატებს, ახუნტრუცებული ქალები კი ვეღარ გათხოვდებოდნენ.

10936674_600644570035105_1442180658_oთუ ჩავთვლით, რომ რაც ზემოთაა ის ქვემოთაა და გეოგრაფიის ასტროლოგიური გადანაწილება გამართლებული მექანიზმია, შეიძლება ნებისმიერ სტატიკურ თუ დინამიკურ ფაზაში სემანტიკური მნიშვნელობა ვნახოთ. მაგალითად, მე, ვინმე იქსი ადამიანი, რამდენად ვძალადობ ჩემგან ემცენდენტის მასშტაბით მდგომარე ადამიანზე ან რამდენად მცვლის ჩემგან დესცენდენტით დაშორებული ადამიანი. თუ ასტროლოგია სამყაროს ერთიანობას ეფუძვნება, ბუნებრივია, თეორია არ უნდა იქნეს გაგებული როგორც მხოლოდ ვარსკვლავთა ზემოქმედება ადამიანზე. რადგან ადამიანი თავადაა ვარსკვლავური მტვრისგან შობილი. აქედან ჩემი თავი თვითონვეა ჩემივე ეტლის ასცენდენტი, ხოლო სვლა წრის, კვადრატის, სამკუთხედის და სხვა გეომეტრიული ფიგურების დახაზვით გამოისახება.

10936611_600644556701773_1030119427_o ასე რომ ჩემგან ოთხკუთხედში მცხოვრებნო, შეეცადეთ, ნაკლები ზიანი მომაყენოთ და სულ ვარაზისხევის სამკუთხედით გემოძრაოთ. ჰიჰი, ან არა, გისურვებთ, ისეთი მეგობრის პოვნას, როგორც გიორგი მყავს, სადაც არ უნდა წავიდეს, მაინც იზრუნებს.

ნიფილიმები, გოლიათები, დევები და ათასი უბედურება, ჯანდაბა!

exlibrisclip

“ახალი რასა აღმოაჩენს ჩვენს ნაკვალევს და იტყვის: “რამხელა ფეხები ჰქონიათ.”
მე, 2010

ვინაიდან დედაჩემი, თუ ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, სპეტაკი თბილისელი ექიმების შთამომავალია, ბოლშევიზმის პერიოდში უპირატესობა რომ დაკარგა, მაგრამ ლამის დაჩისთან ერთად დააარსა ქალაქი; ხოლო მამაჩემი, თუ ასევე ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, გნომისა და დევის ჰიბრიდი გახლავთ, შეიძლება ითქვას, რომ მეტად ჩახლართული გენი მაქვს. თუ ამავე წყაროებს დავუჯერებთ, მდინარეს სათავისკენ ავყვებით, დედაჩემის ხეები მარცხნივ რომ გადავდოთ, გიამბობთ, რომ ჩემი პირველი მამობრივი წინაპარი ჭინკაა, სახელად შაშა, ნაწარმოებია შაშვიდან, პატარა ჯუჯა კაცუნა, რომელმაც დევებისგან რკინის გამოჭედვა ისწავლა და ხანდახან იმით ცუღლუტობდა, რომ შვიდწვერა მთიდან სოფლებს რკინის სეტყვებს უშენდა. მიზეზი დევთა გაცამტვერება გახლდათ და მე დღემდე მჯერა, მამა-პაპური დევების პარალელი გადის ებრაული ზღაპრების ნიფილიმებთან, სადაც ბაბუაჩემი შაშა ბიბლიური დავითის ალეგორიაა, დევი – გოლიათის, გოლიათი – ნიფილიმის, ხოლო მთელი ეს რკინის სეტყვები სოდომი და გომორის ინტერპრეტაციაა დაცემულ ანგელოზთა გასანადგურებლად. ამიტომ გამიტაცა შუმერულმა და ებრაულმა ზღაპრებმა.

არის ერთი გრაფიკული მოთხრობა “გოლიათი”, სადაც დიდი კაცი რაღაც ჰოდორის მსგავსი წარმონაქმნია, ძლიერი, მაგრამ ალალი, რაც, თავისთავად, წინააღმდეგობას ქმნის, იმდენად, რომ შურდულიც კი ამარცხებს. მახსოვს, რომ ჩასჩიჩინებენ, ამხელა ჯარისკაცი ხარო, ვინმე უნდა მოკლაო, კარგიო. მართლაო? არაო. ისეთი ჰუმანური წიგნია, როგორც ერთი თანამედროვე ქართველის ზღაპარი, დევი რომ ადამიანებთან მიდის და ემუდარება, დამიბრუნეთ ჩემი შვილიო. ანცი ბიჭუნაა ეს გოლიათის თვალით დანახული დავითი, თავის გამოჩენას მოწადინებული. თვალებით ელვას უშვებსო, შიშველი ხელებით აქლემი მოკლაო, ლოდებს მიირთმევსო, დიდი აქვსო გოლიათს. სინამდვილეში წიგნების კითხვა ჰყვარებია და ღამის მდინარეზე კენჭების შეგროვება. რამდენადაც გოლიათის მესმის, იმდენად არ მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. ნიჭი ეს ხომ საჩუქარია, მიღებული უშრომველად, ეს ხომ ნიშნავს იცხოვრო მშობლების ხარჯზე, რადგან ოდესღაც რაღაცა იშრომეს, იწვალეს, შეიძლება წვალებისგან შედეგი ვერ მიიღეს, მაგრამ შვილებს გადასცეს, რითიც დამოუკიდებელი არჩევანის უფლება შეუზღუდეს. ეს ნიჭი იმ ლამაზფეხება ქალს ჰგავს, რომელიც თეძოებს ნარნარით ამოძრავებს, მაგრამ ქალიშვილი კვდება. ეს ნიჭი დაბადების დღეზე მიღებულ ტიგროვი შარფს ჰგავს, რომლის გამოც მეგობარს დავშორდი და როცა კონტაქტს ცდილობს, ვუყვირი, რატომ მაჩუქე მეთქი. შეიძლება ჩემი გოლიათი ვენერული კუროა, უკან დატრიალებული მარსით. სისხლში მაქვს გამჯდარი, რომ დევები უნდა მიყვარდნენ, დევებიც და გნომებიც, მაგრამ ხანდახან, როდესაც მზის სხივებს მთვარისა სჭარბობს, ოქროს ნაცვლად ვერცხლის საყურეები მიკიდია, დედის მხრიდან ადამიანებიც მიყვარდებიან.

შეჯამებისთვის, მაშინ როცა ნიფილიმები ადამიანებთან დაეცნენ, აქტი არათუ მამისადმი დაუმორჩილებლობას, არამედ გაყრილი ძმების მიქაელისა და სამაელისგან განდგომასაც წარმოადგენდა. მოიყვანეს ანგელოზებმა ადამიანთა ასულები და მათ სხვადასხვა ხელობა ასწავლეს. მაგალითად, ქარგვა, მჭედლობა, ცეკვა თუ სიმღერა, რომელსაც დღეს ეკლესიაც იყენებს. ამ ზღაპრების თანახმად, სოდომისა და გომორის აღსასრული გოლიათების გამო მომხდარა (ცეცხლის ჩამომტანი ამირანი და ცეცხლის წვიმა). ამ ზღაპრების თანახმად, გოლიათი უნდა მომკვდარიყო, რათა დავითის შთამომავლობას ქრისტე დაებადა. ჩემმა საყვარელმა გრაფიკოსმაც, რომელმაც “მოკლე ამბები” დაწერა (სიტუაცია გამომცემლობაში: “გამოაქვეყნებთ ჩემს “მოკლე ამბებს”? “არა”. მოკლე ამბის დასასრული), მიუხედავად იმისა, რომ გოლიათის ბოლო ვიცოდი, რამდენი დღე გადაბმით მატირა თავისი მინიმალისტური გრაფიკით, ბავშვური მინაჯღაპნებითა და იუმორით. წიგნი გამოვწერე ამერიკის ბიბლიოთეკიდან, უფრო იაფი დამიჯდა და ვისაც გინდათ, გათხოვებთ. თორემ ამ პატარა კომიქსში იმხელა აზრი ჩავდე, ავტორს უნდა დავუკავშირდე და გავაგებინო, რა იცის რაში გამოადგება.
ისე დიდი მართლა ჰქონდა?

როდის ყოფილა აქამომდე?!

იყო და არა იყო რა, ღმერთმა ხატად თვისა ადამი და ლილიტი შექმნა. მათ ჰქონდათ ვნებიანი ცხოვრება, სანამ ადამმა ცოლს ღმერთთან არ უღალატა. ჰო, უღალატა, მანამდე სამივე ერთად ცხოვრობდა სამოთხეში. ადამი თამაშობდა ცხოველებთან, ლილიტი კი ცნობიერების ხის ნაყოფით იკვებებოდა. ქალი ცნობიერებას რომ ეგებოდა, ადამს ის მეტად მოსწონდა, ღმერთი შეშფოთდა. დაიბარა ადამი და უთხრა: ჩემზე სალოცავად დრო აღარ გაქვს, ცოლს შენ უნდა იქვემდებარებდე, ყურადღებას აქცევდეო. წამოვიდა ადამი და ცოლს ეკამათა. კამათი ჩიხში მაშინ შევიდა, როცა მას სექსში დომინანტობა აუკრძალა. ლილიტმა ადამი სხვის ჭკუაზე მოარულ სუსტ კაცად ჩათვალა და ცხრა მთისა და ზღვის იქით გაფრინდა.

-მეტის წაკითხვა->