მოხუცების ხვრინვა, გაგიკვირდებათ და, ბესო ხვედელიძემ შემაყვარა. ლოცვას აცდენილი ბავშვები მესიზმრება, ფშვინვით მიხვედრილი სიკვდილი. ზღვას რომ გააცხელებ კენჭებიანად და გობებში გადაანაწილებ. მლაშეაო რომ იწუწუნებ, კენჭებს ძვალივით დაღრღნი და გვერდზე გადადებ.
პერსონაჟებისადმი სინდისის ქენჯნა აღარ გამიგია, მეუხერხულება მე რომ მწვანე წყალმცენარეებით ვამზადებ, იმითი, კოსმიურ ხომალდებზე რომ იყენებენ ჰაერის აღდგენისა და გამდინარე წყლების გასუფთავებისთვის. ანკარა წყაროს წყლებს ვადუღებ და ულვასნაირ ფოთლებს ვუშვრები.
რა ვქნა და სულ თევზები მგონია ეს წყალმცენარეები: თითქოს სახეა და ტივტივებს. თითქოს ვაკუუმში უნდა იხვრინონ.
“- ინგა, დარია ბებო ბოროტი ურჩხულია?
– ჩუმად, დებილო!
– აბა რატომ ხვრინავს ეგრე?
– ურჩხულები არ ხვრინავენ! ისინი პირიდან ცეცხლებს უშვებენ.
– როგორც აგნემიოტები?
– ხო.”