“და როცა იქცა დომინანტურ სახელმწიფოდ, აიტაცა თავისი ფესვები და დაეფნა ჩანთაზე. კატა ფარდაზე ცეკვავს. კოქტეილის გემოში ქოლგა ჩავარდა. კოშკი ნამცხვარია ბათო ყაენთან. ხოლო შემდეგ მიაღწია ბათო ყაენის რეზიდენციას და აიძულეს რა გამწმენდ კოცონს შორის გაევლო მეფის რეზიდენტს. ყაენმა წერილი წაიკითხა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია, როცა იქ ცერემონიალი მიმდინარეობდა. მისი ბერი ნამდვილი ელჩების გამოგზავნას ურჩევდა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაყვება ლუი IX–ს შვილიშვილი 1288 წელს ელჩს ეგვიპტეშიო,” –
სასემინარო ნაწერი ვიპოვნო, სადაც გადასამეორებელი ლიტერატურა და ჩემი ლექცია ერთმანეთში იყო ათქვეფილი, ათქვეფილი იყო ისტორია და აწმყო. თუ იმჟამინდელ ხმებს გავითვალისწინებთ, გარემოც მიწყობდა ხელს. სამხედრო შტაბთან გვიწევდა სწავლა და იქვე სამხედროები იარაღებს ცდიდნენ. გაცრეცილ პალტოიანი ლექტორის ხმა ისევე ესაბამებოდა სროლის ხმას, როგორც ფაშისტურ ფილმებშია. დავფიქრდი, რა განსხვავებაა დრამასა და ცხოვრებას შორის – მაკიაჟი. ფილმებში დეპრესიულ ხალხს, გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ ცხოვრებას მიხედონ, ოთახიდან ცხვირი გამოყონ და მოსცილდნენ ფუმფულა ბალიშებს. ცხოვრებაში კი ფუმფულა ბალიში გაყვითლებულ არარაობად იქცევა, რომელსაც შენი ოფლის სუნი ასდის და არც ომში ტყვედჩავარდნილ ქალებს პარსავენ ფეხებს. სამწუხაროა.
იმ დღეებში დიდ დეპრესიაზე მქონდა ლექცია. ლუკმისთვის რიგებზე და შეგუებულ ორგანიზმზე: თუ არ გშია, ე.ი. გუშინ ჭამე. და რიგში ლოზუნგად ქცეულ ჭეშმარიტებაზე: “თითოეული საკუთარი თავისთვის და ეშმაკსაც წაუღია უკან მდგომი.” ეს კი როცა აქციები იყიდეს, გაყიდეს, იყიდეს, გაყიდეს, იყიდეს, გაკოტრდნენ. როცა გაკოტრებული მოსახლეობა გაკოტრებულ ბანკებს შესცქერს, ისინი კი, თავის მხრივ, მოსახლეობაზე ამყარებს იმედს. “შავი ხუთშაბათი”. “საშინელი სამშაბათი.” მასობრივი თავის მკვლელობები. ’29 წელი. არავის ელაპარაკები, იმიტომ, რომ არავინ გისმენს. არავინ გისმენს, იმიტომ, რომ მოკვდი. თურმე ბრაიან ო’ქალაგანი წამიკითხავს მაშინ: ნიუ–იორკი. შენობიდან შუა ხნის კაცი ასულა. ხალხი დაბლა შექუჩებულა. ოთახიდან გაბედული პოლიციელი აწყნარებდა, რომ არ გადახტეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. ის კი გაკვირვებული უყურებს, გადახტომას არ ვაპირებ, ფანჯრის მწმენდავი ვარო.
იმ პერიოდში ჩემი სტუდენტობა რომ მთავრდება, კონსპექტების გადათვალიერება ნატურალურად მოხდა. რვეულის კიდურებში მიმიწერია ფრაზები: “გარეგნობა ყველაფერი არ არის,”–თქვა პინოქიომ და სარკეს მოშორდა” ან “ფული მთავარი არ არის”, – თქვა რძალმა და ჭერს ჯამი მიუდგა”. თურმე მოთხრობის დაწერას ვაპირებდი ბოლო იმპერიაზე, სადაც საფრთხე იყო წითელი, თხელი შიდა კედლებით, რომლებსაც ყურები ჰქონდათ, იმ ბოლო იმპერიაზე, როცა მე ვიბადებოდი. ბავშვობისდროინდელ “რუსკოე სლოვოზე”, მერე მის ალტერნატიულ ვერსიაზე, “ფოლადის გონებაზე”. მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, ერთმანეთთან როგორ დამეკავშირა. მერე როგორც მოსემ მოატარა უდაბნო ებრაელებს 40 წელი, ისე გაგვატარებენ პრეზიდენტები წრეზე, უკანასკნელ საბჭოელსაც ასე მოკლავენ და აღთქმულ მიწას მივიღებთ. მაგრამ ეს ტკივილიანი ილუზიაა, სადაც მამის სიკვდილი ამნეზიის დამართვას ნიშნავს, თვალის დახუჭვაა სამყაროს ციკლურობაზე.
მეორე ნოველის დაწერასაც ვაპირებდი, დეტექტივი იქნებოდა, რაღაც ამგვარი:
“ხომ იცი, რაც ებედა, არ ასცდებოდა, უბრალოდ დაემთხვა, რომ მე ვესროლე,”– შეიშმუშნა იგი და მრ. ჰომლსს სიგარა გაუწოდა.
“ვოთსონ, ბედი ხომ არ დაგვეკითხა?”
“დიახ, მრ. ჰომლს”, – მიუგო და ოთახში სკამი შემოიტანა.
“აი, ძვირფასო პრეზიდენტო, თქვენი კოლეგა – მრ. ბედი. სერ ბედო, გაიცანით მბრალდებელი,”– მრ. ჰომლსმა სიგარის ნამწვავი სავარძელზე დააგდო.
“ეს ჩემი საყვარელი სავარძელი იყო, როგორ–ღა ვიპრეზიდენტო?” – წამოვარდა პრეზიდენტი ქოშინით.
“ბედმა ქნა მისტერ.”
იმ საღამოს ეჭვმიტანილი გამოტყდა დანაშაულში და ყველანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ მორიგი არჩევნები არ მოეწყო.”
როცა ამას ვწერდი, შემოდიოდნენ ლექტორები და საუბრობდნენ, რას გვიშვრებოდა ცივილიზაცია. ვფიქრობ, დასკვნების გამოტანის ორი ვარიანტია: მთელი ცხოვრება ეწირება ადამ–ევასეული სტატუს–ქვოს აღდგენის შედეგიან თუ უშედეგო მცდელობებს ან მთელი ცხოვრება ეწირება ახალი სტატუსის შექმნას გავლენის სფეროების მოსაპოვებლად წარსულისგან დამოუკიდებლად.
სტიმსონს შევეხეთ . 1932 წელი. ვენის კონგრესზე. მიმიწერია, რომ უარს ვამბობდი აზრებზე, რომლებიც მოგახვიეთ, გახვევთ და რვეულის (თუ ბლოგის) ბოლომდე გავაგრძელებ. უარს ვაცხადებ ჩემს აზრებზე, რომლისაც მჯერა. დაიტოვეთ, ულვაშები მიახატეთ და რქები. დააწერეთ ზურგებზე: “kick me” ან დახიეთ. და რადგანაც სტიმსონზე ვთქვი, უარს ვაცხადებ იმ აზრებზე, როლმებიც წაგართვით. მეტს აღარ ვიზამ.