რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ მარტო სათამაშოდ უნდათ.
შეკითხვის სათავე იმ უახლესი წარსულიდან მოედინება, როცა მეგობრის ქმარმა ცოლთან და სკოლამდელ ბავშვებთან ერთად ცოლის მეგობრები ქალაქგარეთ დაგვპატიჟა. ვინაიდან განქორწინებაზე ფიქრს მშობლები ისტერიამდე მიჰყავს და ბავშვები სათქმელს მავნებლობით გამოხატავენ, ვიკისრე მოვალეობა და ჩემი მცირეწლოვანი მეგობრებისთვის თამაში გამოვიგონე: ყოველი მოწყენის შემთხვევაში ვიღებდით სათამაშო ცხოველს და საკუთარ წყენებზე მესამე პირში ვყვებოდით. ზოგადად, ბავშვის დატვირთვა აუცილებელი გვგონია, რადგან როგორც კი დაუსაქმებლები არიან, მოწყენისგან მავნებლობენ.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ ქარის ეშინია.
თორნიკე ორი წლისაა და ძალიან ეშინია ქარის. პირველად ვნახე ადამიანი ჰაერისადმი შიშით. არა და მისი კულულა თმა სიარულისას ხტუნაობს და ტიტლიკანა თუ გაიქცევა, რენესანსული ფერწერის ანგელოზებს ჰგავს. მეთქი ნათლია ვარ, ჩემი ვალია ქარი შევაყვარო. ამიტომ გამოვიგონე ზღაპარი კეთილ ქარებზე, როგორ გადაჰქონდათ ყვავილებიდან ყვავილებზე სიცოცხლე ნანატრი და მოიმედე, რომ მხოლოდ ქარისას შეიძლებოდა სხვა დროს მდუმარე ფოთლების მოსმენა. და, ჰოი, საოცრებავ, ყურები ლეღვთა ფოთლებთან მივატანინე შრიალის მოსასმენად. რა არ ვიღონე, რომ ჩემი გეოგრაფიული ცოდნა ზღაპრებად მექცია, მაგრამ ქარი ვერ შევაყვარე. საღამოს დედამისი მეუბნება: ეს შიში მას შემდეგ დასჩემდა, რაც ეზოში ჩასვლაზე ქარის გამო უარს ვეუბნებიო. ჭირი იქა, ქატო აქა, გაციებისგან გადარჩენის სანაცვლოდ დაფობიებული ბავშვი მიიღო, დედის კალთაში ჩარგული სახით.
ბავშვის აღზრდაში მკაცრად განსაზღვრული წესების მომხრე ვარ. მიუხედავად იმისა რომ მგონია, ბევრი დამოუკიდებელი ლეველი უნდა განვავითარებინოთ, ამ ასაკში თავისუფლებას ვერ მივცემ. მაგალითად, არ მომწონს, რომ არც ერთი ჩემი მეგობრის შვილს საბავშვო სავარძელი მანქანისთვის არ უხმარია. ეს ბავშვებიც ისე იზრდებიან, რომ მცირე წუწუნის მერე მშობლები წინა სავარძელში დაჯდომის ნებას აძლევდნენ. უფრო ლიბერალურად დიქტატორიზმის მომხრე ვარ. ვიცი სხვა ორი წლის ბავშვი, ლოგინში შესაძლო დასველებით ისეთი შეშინებული, რომ ძილი ერღვევა და ყოველ საათში ერთხელ ეღვიძება. გადაუწიეს მშობლებმა ღამის ძილი – არ უშველა, შუადღის ძილი მოუშალეს – არ უშველა. სანამ არ წაიღეს დამსჯელობითი სიტყვები უკან, ნორმალურად ვერ დააძინეს.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ გოგოა.
ნატალი ოთხი წლისაა და ძალიან აკვირვებს ჩემი ცისფერი ჯემპრი, რომ ჩემს ნახატებში ბიჭებსა და გოგონებს ერთი ფერის აცვიათ, რომ რეალურ, საისტორიო წიგნებში დედოფლები დისნეის მულტფილმებივით გამოთლილნი კი არ არიან, გადაბმული წარბები და განიერი ბეჭები აქვთ. ეს ის ასაკი აქვთ, სასქესო ორგანოების დემონსტრირებას რომ ახდენენ ერთმანეთთან, ექიმობანას თამაშის ცნობილი მიზეზია, მაგრამ პირველად გავიგე, რომ ამ ხნისები ერთმანეთს სქესის განმასხვავებელი ნიშნებით მიმართავენ. დედამისი მეუბნება, რომ ცისფერისა და ვარდისფერის ფენომენი სათამაშოების გაყოფიდან დაიწყო. ბიჭური და გოგოური ნივთების კლასიფიკაცია საკუთრებას უკამათოდ უწყვიტავდა.
არა და როგორ გინდა უთხრა, რომ დედამისი ცდება, რომ კომფლიქტის გადაწყვეტის მარტივი ხერხია, ატყუებს, რადგან ეუბნება რისიც თვითონაც არ სჯერა. ან მაქვს საერთოდ უფლება დიდარქტიკული მოძღვრებები ვუკითხო. ან იქნებ ღირს ფანტაზიის გაღვივებისთვის ძილის წინ ატომების ატმებივით ხლეჩვისა ან ჭიანჭველათა შრომისმოყვარეობის ამბების ნაცვლად რაინდებზე, დევებზე ან ფასკუნჯებზე ვუყვებოდე. იქნებ თოვლის ბაბუის დაჯერებით გამომგონებლური ნიჭი უვითარდება. ან გვაქვს თუ არა მორალური უფლება წესების დარღვევისთვის ვტუქსავდეთ, როცა საღამოობით ხელებში ჩაძინებულ ბავშვებს ლოგინებს მივაბარებდით და სასაცილო ბალახებს ვეწეოდი. არა რა, არ შემიძლია ზრუნვა საკუთარ თავზეც კი. სამეგობროში კიდევ ერთი დედა გვყავს, ისეთი ისტერიულია, ძუძუებიდან რძე უკვე თვითნებურად უსხამს, ერთ დვრილს ჩაუდებს და მეორიდან გამოედინება. ჩემი აზრით, მეგობარი ლაქტაციის პერიოდში უნდა შეიცნო. არა და ვერც მისი ქმარი ხვდება რა სჭირს, უბრალოდ ქალები ვხვდებით.
რატომა აქვს სათამაშო ბოჩოლას სევდიანი თვალები?
იმიტომ, რომ ძალით აჭმევენ.
ოო, კვება ხომ ის პირველყოფილია დასაწყისში შვილს დედას რომ მოანატრებს. გამიგია, თავიდან შვილებს დედა კვების გამო უყვარდებათო. ისედაც, ბავშვები ყველაფერს პირში იტაკებენ და ამით საგნებს აღიქვამენ. ერთხელაც ძილის წინ ნატალიმ მომიყვა ზღაპარი, რომელიც ჩემს თვალში ჰორორი უფრო იყო: იყო და არა იყო რაო, ერთი გოგონა ცხოვრობდაო, საჭმელს არ ჭამდაო, ამიტომ დედამ ფანჯრიდან მოისროლაო, მერე ის გოგო მგელმა შეჭამაო. დასასრული. მეთქი, მეგობრულად, როგორც დაქალები ჭორაობენ, რა უნდა გავაკეთოთ უფროსებმა, რომ ბავშვებს მოსაწყენი სადილები შევაყვაროთ? დედა ძალიან ბევრს მაჭმევს და კვებისას ამიტომ ვტირივარო. სინამდვილეში სადილამდე ბავშვები კანფეტებით ძღებიან და კერძებისთვის მადა აღარ ჰყოფნით. დედა მაინც უყვება ხოლმე სადილობისას ზღაპრებს და თამაშით იკვებებიან, ეს მომწონს. ხანდახან ჭამობანას ვთამაშობთ, სხვადასხვა ოთახში დავსხდებით თეფშებით და აუცილებლად უნდა შევუსწროთ ერთმანეთს პირში კოვზის ჩადებისას. ან ვუყურებთ ზღაპრებს პროდუქტების მითიურ წარმომავლობაზე. ან ვულაგებთ სავარაუდო ბოსტნეულს და ნებას ვრთავთ, რომ თავად მიიღონ მონაწილეობა მზადებაში.
აი, როგორც ბავშვს მოსწონს ძუძუს წოვის პროცესი და საქმე მხოლოდ კვებაში არაა, ხელოვნური პროდუქტების მიღებისას იგივე უნდა გაგრძელდეს, უნდა მოსწონდეს როგორ ჭამს, რომ ჭამოს. მაგალითად, გაგანია ზაფხულში, მე არ დავაძალებდი ცხიმიანი საკვების დიდი რაოდენობით მიღებას. და კიდევ ერთი: მე მივაჩვევდი ღეჭვას. ბავშვი უნდა მიაჩვიოს ღეჭვას. არ უნდა გავიადვილოთ საქმე ბლენდერებით. აი, ნატალი ოთხი წლისაა და დაბლენდერების ან გამალებით ჩაზელვის გარეშე მგონი არ უჭამია. ხოლო რძეს რაც შეეხება, შვილიანი მეგობრების სახლში როცა შევდივარ, ცოტა ხანშივე ვატყობ ბუნებრივ კვებაზეა ბავშვი თუ ხელოვნურზე. რითი და მათი დასვრილი საფენის სუნით. დიდი ქონიანი კაცი რომ დააყენებს, ისეთი სუნი ასდით ხელოვნურებს. ეს მომწონს, რომ ძმის შვილს, დედაჩვენის ხელში, საფენი არ უხმარია სამი თვიდან. გამოთვლილად იცოდა კვება და წუთობით ხვდებოდა როდის სჭირდებოდა ბავშვს მონელება. ზოგადად, მოზრდილისთვის შეიძლება, მაგრამ ბავშვისთვის დაუგეგმავი კვება ისედაც სახიფათოა, მაგალითად, ხშირი კვებისას მომნელებელი სისტემა რომ არ გამოვიდეს წყობიდან და ა.შ.
რა სასაცილო სიტყვაა “ბოჩოლა” და თან მოსაწყენი.
ბავშვების სახელები შევცვალე.
ახლა კი ისევ ზღვარზე ვფიქრობ: მე რომ მეგობრების შვილებისადმი ურთიერთობა არ მომწონს, როდის შეიძლება ჩავერიო უცხო ადამიანი ოჯახში? თორემ უცემიათ ბავშვი და მე მხოლოდ ჩემი თეორიებით ვდგარვარ და მისთვის ცხვირ-პირიდან სისხლი თუ მომიბანია. ასე ბლოგიდან მაქვს დიდი გული და ვიტყვი: ნუ გააჩენთ ბავშვებს ოჯახის გასამტკიცებლად, საახლობლოში მე მხოლოდ ამ მიზეზით გაჩენილ ბავშვებს ვიცნობ და ვვარაუდობ, რომ კიდევ იქნებიან.
Tag Archives: ბებია
მარტოობა და სხვა ნაკლოვანებები
ალბათ ყველა გოგოს გვახსოვს უდარდელი ბავშვობიდან ჰორორამდე მისასვლელი ზღვარი, როცა გოგონა იძულებულია იმ სოციალურ რიტუალებს შეუერთდეს, სადმე წაყოლა რომ ჰქვია. სახლის ტელეფონზე საათობით საუბრისას მეზობელმა ბავშვებმა აღმოვაჩინეთ, რომ მშობლებმა მაღაზიაში ჩაგვაგზავნეს, – კოლექტიური ნაბიჯების ათვლა იმ დღიდან იწყება და იქამდე ვეცემით, რომ ორასი მეტრის გავლა მაკიაჟის გარეშე აღარ შეგვეძლო. ო, ღმერთებო, როგორ მეზიზღებოდა დაქალობის წესის ის ვალდებულება, ერთმანეთს საჯარო საპირფარეშოში გაყოლას რომ სთხოვდა. დედოფლები საპირფარეშოში მარტო არ დადიან. შემხედე, უკან რამე ხომ არ მიჩანის მერე. ასევე მნიშვნელოვანი წესია, რომ სხვა სამეგობრო წრეს არ ვესალმებით და ერთნაირი ტანსაცმლით არ დავდივართ. მოზრდილ ასაკში კი ადამიანების ერთმანეთით ჩანაცვლება ვისწავლეთ, რადგან მარტოობა ძალიან გვიჭირდა. და ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეზობელმა პურზე ჩაყოლა მთხოვა. ამიტომ სადილზე გამოსული კაფეში ეულად ვზივარ და ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად პატივს იმათ ვცემ, ვისაც მარტოობა შეუძლია, ეკონომიურად მცხოვრები ადამიანების მერე, რა თქმა უნდა. აი, თუნდაც კაფეში სადილზე გამოსვლა დამოუკიდებლად შეუძლია.
მე სიმფსონების ოჯახი მაქვს. ასე ერთობლივად შარში გახვევის გამო გვეძახიან, ან უბრალოდ იმიტომ, რომ სასაცილოები ვართ. მაგალითად, დილით ჩემი რძალის განწირული ყვირილი მაღვიძებს: “იკაა, ვანაში ტარაკანაა, გადაარჩინე, თორემ დაიხრჩობაა”. ჩემი ძმა ნახევრად მძინარე შევიდა აბაზანაში და მთქნარებით პასუხობს: “არ იხრჩობა, წყლისგან შორსაა”. და მაშინ მარი ისევ განწირული ხმით პასუხობს: “მაშინ მოკალიი”. ან მაგალითად იმიტომ, რომ ბებიაჩემის სასაფლაოს სააღდგომოდ ვიღაც ალაგებს, ია-ვარდებით მორთავს ხოლმე და აზრზე არა ვართ ვინაა. ხოლო შარშან ჩარჩოში ჩასმული ქალის ფოტო ვიპოვნეთ, ბებიის მეგობარს მივამსგავსეთ, რომელიც მკვდარია, სახლში მემკვიდრეებს დავადექით ნამცხვრებით და აღმოჩნდა, რომ არაფერი იცოდნენ, ამიტომ ზრდილობიანად გამოგვისტუმრეს. მამა მეუბნება, რომ ჩემით მაშინ ამაყობს, როცა დამოუკიდებლობა შემიძლია: შვებულებას მარტო ვატარებ, საცხოვრებლად მარტო გადავდივარ და სასიყვარულო პარტნიორი არ მყავს. ირონია კი ისაა, რომ რუტინულ ცხოვრებაში მამა ყოველთვის ჩემთანაა, პაემანზე ამ ასაკშიც კი მივყავარ და მოვყავარ, ან კაი ხანია არ ვყოფილვარ, თორემ წამიყვანდა, პანკ კონცერტებზეც, ან ზოგადად, სადაც ოჯახებით არ დადიან. ან მაინც ვყოფილვარ:
მყავდა ერთი მეგობარი ბიჭი, რომელმაც რომანტიკული ჟესტი ჩაიდინა და შეყვარებულს ხელი ლოტრის ბეჭდით სთხოვა. გოგო დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ბეჭედს არასდროს, არასოდეს გაიკეთებდა. კამათისა და სექსის (ალბათ) მერე თამაში წამოიწყეს და ბეჭდები გააჩუქეს, იდეით, რომ მფლობელები ერთმანეთს იპოვნიდნენ. რამდენიმე თვე დადიოდა ვიღაცა ბიჭი გულზე დაკიდული ბეჭდით და მეორე ბეჭდის მფლობელს მეძებდა. თამაშმა ისე გაგვიტაცა, რომ გამოცანა დავტოვე, ამოხსნის შემთხვევაში ერთმანეთის ადგილსამყოფელს რომ გვამცნობდა. დეკემბრის საღამოს ბეჭდები “ინტერსტელარზე” შევახვედრეთ, “ვარშავაში” ქაღალდის გორგოლათი მაგიდის ფეხბურთი ვითამაშეთ, როცა ნამდვილი ბურთი თურმე საბურთეში ეგდო და ამის ძალიან შეგვრცხვა. მერე იქამდე ვსაუბრობდით ნერდულ თემებზე, სანამ ბარმენმა, ვიკეტებითო, არ თქვა, და დამშვიდობებისას ვარდი მოგვაწოდა. მაშინ ჩემმა თანამებეჭდემ ყვავილი ყველაზე რომანტიკული ფრაზით გადმომცა, რაც კი მსმენია: “რომელიმე მკვდართან დადებ,” – მაშინ მორგში ვმუშაობდი. მერე ხელჩაკიდებულები დავდიოდით ლიანდაგებზე, ვცდილობდით მატარებლების ქარხანაში შეპარვას, განვიხილავდით ანიმეებს იაპონურ რესტორანში. მაგრამ მაინც ვერ ვიმეგობრეთ, ერთმანეთი არც კი მოგვწონდა რეკლამების გარეშე, პიარის იქით, თორემ მორგში მომუშავე მწვანეთმიანი გოგო ხომ ისედაც ყველას მოსწონდა. მისი არ ვიცი და ჩემი ნამდვილი მიზეზი იყო, რომ მარტო ყოფნა მინდოდა, ჯერ კიდევ არ მქონდა ამოწურული.
არაფერი უხდება თეთრ ღვინოს როგორც სოკოს წვნიანი, ღვინის გრძელფეხა ჭიქა და სოკოს დაბალი თეფში. სულ მაინტერესებდა რას ფიქრობდნენ ადამიანები, რომლებიც კაფეში მარტო სხედან. ზოგი წიგნს კითხულობს ხოლმე, ზოგი მეილებს აგზავნის. მაგრამ, ჩემი ჩათვლით, რატომ უნდათ ადამიანებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე უწყვილოდ მოხვდნენ, სრულ ასკეტიზმს კიდევ გავიგებდი. თუ გაზრდა ნიშნავს, რომ მარტო იქნები, რამდენად ნიშნავს მარტო ყოფნა გაზრდას. კი არა და.. ზედმეტად ვართ ოჯახი ერთმანეთზე მიჯაჭვული, ჩემმა ძმამაც კი ცოლად ჩვენი ბავშვობის მეგობარი მოიყვანა. ვუყურებ კაფის ბოლოში ჩემხელა გოგოს, როგორ მიირთმევს ორ პორცია ნამცხვარს სამხარზე და ვფიქრობ, რომ იქნებ მეგობრის გაჩენის დროა. რომ მშვენიერი ვარიანტია ეს ტკბილეულის მოყვარული გოგო, უმუშევრობის გამო ინტერვენცია მომიწყოს, ამბებს მოვუყვები ხოლმე, თორემ ბლოგებს აღარავინ კითხულობს. გამბედაობა მოვიკრიბე და გასაცნობად მივედი. ვერ წარმოიდგენთ ნამცხვრის რეცეპტების მერე რა იკითხა: “აუ, მომივიდა და უკან ხომ არ დამესვარა?” მეშინია ასეთი გოგოების, წავიდეს საპირფარეშოში მარტო და სარკეში ჩაიხედოს. ა ჰო, დედოფლები მარტო არ დადიან.
vol.9.
ერთი ელენე დარიანი იყო თუ არ ყოფილა და მეორე ანნა ბლუმი.
დავიხურე ბებიაჩემის წვრილი ქვებით მორთული ბერეტი, დავიჭირე ბაბუაჩემის ჩიბუხი და ამგვარად ვიქეცი დადაისტების დასაცინ მოძველებურ მერცად, მაშინ მე ვიქნები მეთქი ანნა ბლუმი, – მენ რეის ეპოქის ქალი, მთელი ჩემი ოცდაშვიდი გრძნობით მიყვარხარო, ჯერ კიდევ საკუთარ თავს რომ ეუბნება და საპასუხოდ ტიტასავით წითლდება. ოცნებისგან გავიცინე თუ ლოდინისგან წელში მოვიხარე, მელანდაღვრილი ფირით საკუთარი სახელი გადავიღე, წარსულს რომ ელოდება.
ერთხელ კარლ იუნგს ღრმად მოხუცებული ბიძა შეხვედრია: იცი, სიკვდილის მერე ადამიანები როგორ იტანჯებიან? ელოდებიან.. სახლში მისულმა ფსიქოლოგმა შინაურული რეცენზია დაწერა: ჯოისის “ულისე” არის 720 დღიანი ლოდინი, რომ რაიმე მოხდეს.
ასე რომ, ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს ელოდებით, თქვენ “ულისეს” კითხულობთ.
ხიდჩატეხილი ჩემი ქალაქი
თბილისის შუაგულში მშვიდობის ხიდთან გავლისას ედუარდ მანეს ტილო “სამხარი ბალახზე” მახსენდება, სადაც ნახატში კონტექსტიდან ამოვარდნილი ნახატი, ხოლო ძველი თბილისის შუაგულში შიშველი ხიდია გამოსახული. თუმცა ვიზუალური ხელოვნების მცოდნეებს შეიძლება სანტიაგო კალატრავას იგივე სახელწოდების ბაგირები გიდგებოდეთ თვალწინ, მისი ვიზუალურ-სემანტიკური კოპირება.
ჩემი აზრით, აბანოებიდან დაწყებული ეს ჰავლაბრელებზე მიწოლილი ხიდი თბილისელებისთვის ზედმეტად სიმბოლურია, როგორც იდეურად ბიმორფული პროდუქტის თბილისელებთან დესინთეზირება, სადაც ნიმუში ადამიანთან და მის ფონთან არაა შერწყმული, ადამიანი ვერ ხდება შენობა და შენობა ვერ ხდება ადამიანი. თუნდაც, როგორც ხალხური მიშენებების, ე.წ. “ეგოისტური არქიტექტურის” შემთხვევაში მოხდა, ქალაქელები შეერწყნენ საკუთარ დანამატებს. პროექტიც იყო ჩაფიქრებული გასული საუკუნის ბოლო წლებში მათი მასობრივ არტად ქცევის, თუმცა უსახსრობის გამო შეწყდა.
ბებიაჩემი, “კარენოი თბილისელი” ქალი, იტყოდა ხოლმე: მთელი ცხოვრება მინდოდა მოვხუცებულიყავი, რომ ჩემთვის პატივი ეცათ, ხოლო მოვხუცდი მაშინ, როცა უკვე პატივს ახალგაზრდებს სცემდნენო. მართლაც, კომპიუტერულ სისტემებთან ერთად მილიარდელთა ასაკიც შემცირდა. ჩემი თაობაც, ფსიქოლოგებისგან წოდებული 87-95-იანელების “ჩატეხილი ბავშვები”, ბებიის მსგავსად, გარდამტეხ პერიოდში მოვხვდით, სადაც თუნდაც სამსახურის შოვნაში, ძველ თაობადაც არ ვითვლებით, მაგრამ ამავე დროს, შედარებით კიბერნეტიკული თაობა გვიწევს კონკურენციას.
მე კი არ მავიწყდება ჩემი გერმანელი მგზავრი, რომელიც სათანადო დიპლომატიით მეკითხება: “რატომაა ამდენი ეკლესია თქვენს ქალაქში? ალბათ ძალიან გწამთ. მაგრამ თუ ძალიან გწამთ, სიკვდილი ასე ძალიან რატომ გიყვართ? თქვენი მანქანები სულ დაქრიან და მეშინია.” ვხვდები, რომ არქიტექტურა ოპოზიციური მენტალობით აქაც უარყოფს თავს და ვპასუხობ: “ღვინის უფრო გვწამს”. ცოტა ხანში მე და ადოლფი რამდენიმე კილომეტრით აზიაში, სიღნაღში ვსვამთ. სტუმართმასპინძლობაც ხომ იმიტომ ვიცით, საკუთარ პატივმოყვარეობაზე წყალი დავისხათ და აღვნიშნოთ, ჩვენთან შედარებით რა ადვილად თვრებიან.
იყო კიდევ ერთი ინგლისელი სტუმარი, რომელმაც ქართული არქიტექტურა თავად გამაცნო და მეც პარლამენტის შენობასთან სელფ-შოთით ტურისტივით მატარა. ერთხელ მეუბნება, რომ მე ღია ზღვაში ციცაბო კლდეზე აღმართულ მინიან შენობას ვგავარ, რომ დაღამდება და შენობაზე ვარსკვლავები აირეკლება. დავფიქრდი, სინამდვილეში რამდენად გვანან ადამიანები თავიანთ ქალაქს ან თუნდაც საკუთარი ოთახების არქიტექტურას. ან რამდენად შეიძლება ვგავდეთ ცხოვრებაში არ დანახულ შენობებს, რა რომანტიკულადაც არ უნდა ჟღერდნენ ისინი. ვარსკვლავიანი მინები არ ვიცი და ჩემი ქალაქი არის მცხეთა, ისეთივე, როგორიც მოსკოვისთვის არის პეტერბურგი, ფენტეზური გალავანებით, მუზეუმად ქცეული ისტორია, მე ხომ ავეჯიც კი არ მაქვს დაბერებული არ იყოს, მოგონებები არ გააჩნდეს. კერპად სალოცავი ქალაქი – მცხეთა.
ბებიები
კანზე ღია წითელი ლაქები ჰქონდა.
შაჰმათის თამაშის დროს შევამჩნიე.
დავდგებოდი სარკის წინ და ვოცნებობდი, ამ უჩვეულო ლაქებს ჩემთვისაც გამოეყარა.
ერთხელაც აბაზანიდან გამოსულმა ხელებს შევხედე, წვრილი წითელი ხალები გამომსვლოდა, მაგრამ პირველი გაფიქრებიდან ახდენამდე წლები გავიდა.
დიახ, მე მჯერა, რომ აზრებით სპეციალურად გამოვიყარე.
წლების მანძილზე კი ბევრი შეიცვალა.
ქეთო ბებო გარდაიცვალა, მე კი მის ყოველ წითელ ლაქას ისე ვიმახსოვრებდი, რომ 15 წლის მერეც შემიძლია დავხაზო.
მამა ამბობს, რომ მოკვდა, ჩემი ბრალია.
რა მაინცდამაინც იმ დღეს ავიტეხე ბანბიქტონის თამაში 70-ს გადაცილებულ ქალთან.
დედა ამბობს, რომ ბევრი ხილი ჭამა, მაშინ, როცა ჰავა გამოიცვალა.
წლები იყო სახლიდან არ გასულა და უცებ მაღალმთიან რეგიონში მოხვდა. კი გახალისდაო, იხსენებს ხოლმე.
ზამთრისთვის ქეთო ბებო და მამაჩემი დედა ერთად ემზადებოდნენ.
მერე ჩვენ თბილისში წამოვედით და ბებიები მარტო დავტოვეთ.
არასდროს მიფიქრია მისთვის რამე მეთქვა უხეშად, პირიქით, დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ ეთერი ბებოს ვადარებდი.
ვამბობდი: ის უფრო მიყვარს. რადგან ჩვენთან არ ცხოვრობს.
თან ქეთოს სილამაზეს მაინც ყველა ხაზს უსვამდა, მე კი სულ მინდოდა მეეჭვიანებინა და ეთერზე დავიწყებდი ხოლმე საუბარს:
ქეთო ბებო, ნახე, ეთერი ბებო რა ლამაზია.
ისედაც, დედა რომ გათხოვდა, დედამთილზე ეჭვიანობდა.
დედაჩემი “დედას” რომ დაიძახებდა, ორივე მიტრიალდებოდა და თურმე დედამთილს ეძახდა.
მე კი სადისტურად, აი, მსიამოვნებდა, რომ ეჭვიანობდა.
ისევ სოფელში რომ დავბრუნდით, ვაპირებდი მეთქვა, რომ მიყვარს, მაგრამ სიტუაცია არ ჩამივარდა.
სანაცვლოდ კი ვკითხე: “წამო, ბანბიქტონი ვითამაშოთ”.
ისე უხაროდა, რომ საჭირო იყო, სიმღერის ხასიათზე მოვიდა.
დახვეწილი ქალი იყო. მწყობრი მანერებით.
დიდ მნიშვნელობას აქცევდა დეტალებს და გვიან გათხოვდა.
ეთერს უფრო პრობლემური ცხოვრება ჰქონდა.
ოჯახი ადრე შექმნა და დაენგრა კიდეც.
მერე ქეთოს გული გაეხა, იმდეჯერ, რომ ბოლო ორი თვე მხოლოდ წინა კედლით ცოცხლობდა.
როცა უკვე აღარ ესმოდა, დავუდგებოდი წინ და ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ სიტუაცია არ გამომდიოდა.
სანამ მოკვდებოდა, ბარგი ჩავალაგეთ.
როცა მოკვდა, არ მიტირია, მუცელი ამტკივდა.
ასე ვიცი, როცა ვნერვიულობ.
დედის მამიდა აღდგომობით მოგვყვებოდა საფლავზე, გემრმიელ პასკებს აცხობდა და ისე.
იქ ერთი მოხუცი კაცი ვნახეთ, ცოლისთვის სადღაც მოგლეჯილი ია მიჰქონდა.
გამიკვირდა, მოსაკრეფად როგორ დაიხარა.
მერე მამიდასაც სკლეროზი დაემართა და ლოგინად ჩავარდა.
ვისმენდი სადღეგრძელოებს, რომ წინაპრები გვხედავენ და ესმით.
ეს მათ გამოიგონეს, ვისაც ბევრი დარჩა სათქმელი თავის გასამართლებლად.
გადავწყვიტე არასდროს დავბერდე.
და მუცელი მხოლოდ მშობიერობისას მეტკინოს.
ასე მარტივად.
მსგავს თემებზე: მე
მუნჯი
სახლი, რომელშიც ვიპარებოდი
მუნჯი
ვიცნობ ადამიანს, რომელმაც იმდენი ხატა, რომ დამუნჯდა.
ვიცნობ, მაგრამ არასდროს მინახავს, მხოლოდ ფოტოებზე და მის შესახებაც გადმოცემით ვიცი.
შლაპები უყვარდა. გვიან იქორწინა, გარიგებით.
მხატვარი იყო. ცნობილი ტილოების ზედმიწევნით ასლს აკეთებდა და საბჭოთა პლაკატებს აფერადებდა.
შვილი რომ შეეძინა, მთელ თამასუქს ოჯახსა და სამხატვრო წიგნებზე ანაწილებდა.
მთელი დღე საღებავებთან მუშაობდა. საღამოობით კი სუფთა ჰაერისთვის ვაკის პარკში გადიოდა.
ხველა რომ აუტყდა, ექიმთან წავიდა, გავცივდიო. სიმსივნე ჰქონდა. გაიკეთა ოპერაცია. ხორხი ამოაჭრეს. მისი კომუნიკაციის საშუალება ქაღალდი იყო.
ერთხელ, როცა ფანჯრიდან ქრისტე დაინახა, ღრუბლებიდან დაბლა რომ ჩამოდიოდა, ხრიალი ატეხა. ოჯახის წევრებმა მოირბინეს. პირჯვარი გადაიწერეს და ლოცვა დაიწყეს. აქამდე არასდროს ენახათ ქრისტე.
ცოლმა, ასეთ დროს სურვილი უნდა ჩავუთქვათო, ქალიშვილის გათხოვება და შვილიშვილის გაჩენა ჩაუთქვა. მერე სულ ნანობდა, ქმრის გამოჯანმრთელება როგორ არ ვთქვიო. ეს სინანული საფლავში წაიღო.
მანამდე კი ქმარში სიმსივნის მეტასტაზები წავიდა. ტკივილს მორფიც აღარ უყუჩებდა და თავს კედელს ურტყამდა: მოვკვდე! მოვკვდე!
მერე შვილი გაუთხოვდა, არ მინდა მამა ისე მოკვდეს, შვილიშვილს არ ეღირსოსო. ბავშვი მაინც არ უჩნდებოდა. ვიღაც უცნობს ქუჩაში გაუჩერებია, სანამ მამა არ მოგიკვდება, შვილი არ გეყოლებაო.
მოკვდა. შემდეგ თვეს ჩავისახე.
ყველას ეგონა, რომ ბიჭი ვიყავი. გაჩენისას ცისფერი ტანსაცმელი დამხვდა. ნათლობისას სულ ვიცინოდი. მღვდელმა, ბედნიერი გაიზრდებაო.
რომ წამოვიზარდე, ბებია მუხლებში ჩამისვამდა და მეუბნებოდა, რომ საიდუმლო ბლოკნოტი ჰქონდა. ყველა ნათესავის სიკვდილის თარიღი აქ ეწერა. მისი სახელის გასწვრივ კითხვის ნიშანი ესვა. თარიღი მიმიწერეო. ვუყურებდი მის უცნაურ წვრილ და წითელ ხალებს. მინდოდა ასეთები მეც გამჩენოდა.
მერე ჩემი ძმა გაჩნდა. ბებია რომ გარდაიცვალა, მოვნათლეთ. მშობლებს ბლოკნოტზე ვუთხარი. არც კი ვიცი, საიდან გამახსენდა. რიცხვი ჩაწერეს და ჩაატანეს. მინდოდა, მე დამრჩენოდა.
მერე ისე მოხდა, რომ ფული დაგვჭირდა. ჯერ ბაბუის წიგნები გავყიდეთ. უნიკალური ეგზემპლარები ყოფილა. ბოლოს – სარდაფი, სადაც მისი ნახატები ინახებოდა. არ ვიცოდით ნახატებისთვის რა გვექნა და დავწვით. ცეცხლიდან ვიღებდი რჩეულ ნახატებს.
მერე ერთი ქალი მოვიდა, ბაბუის გამოფენის გაკეთება გვთხოვა. დედა ატირდა. თითქმის არაფერი ჰქონდა მამისგან. მხოლოდ ის სურვილი, ქრისტეს რომ ჩაუთქვესო.
ერთი გადაცემა იყო, ტურისტული გიდი საქართველოში. ბაბუის ფოტო აჩვენეს, მისი წინაპრების შესახებ მოყვნენ, ჩვენი ნათესავიაო. არ ვიცი ვინები არიან, გაცნობა მომინდა.
გავიზარდე. ნელ-ნელა წითელმა წინწკლებმა დამაყარა ტანზე ხალებად.
მეგობარმა ერთ-ერთ სოც.ქსელში დამიდო ფოტო, კაცის ყელი რომ გაიხსნა და იქიდანაც მუნჯი თევზი გადმოვიდა. მაშინვე ჩემი სკაიპის ნიკი გამახსენდა (თევზი). და რატომღაც ბაბუას დავუკავშირე. მე და ჩემს ძმას ცუდი მეტყველება გვაქვს. ვბორძიკობ. ხშირად დღეები გადის, არაფერს ვამბობ. მისგან არაფერი დამრჩა. სიჩუმე მხოლოდ. მუნჯებიც მეტყველებენ წერისას.
მე
დნმ–ის ფუნქცია უჯრედში ინფორმაციის შენახვა და შთამომავლობით გადაცემაა. ბაზაა, სადაც ჩემი მე წინაპირობებისგან მომარაგდა.
თუ ცხოვრებას შევხედავთ რეტროსპექტივიდან, ჩემი დიდი ბაბუა ანტიგმირი იყო. ხარაგაულის რაიონში, სოფელ ღორეშაში მჭედლიძეები და ორჯონიკიძეები ერთად ცხოვრობდნენ. როცა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ თავადები, პოლიტიკური მიზნით, იორდანე და კოლა მჭედლიძეებმა თავისი აჯანყებული პატრონი ორჯონიკიძე მოკლეს და მთაში გაიქცნენ.
ისინი თიანეთმა მიიღო. ეს ამბავი სახალხო აჯანყების დროს, 1820 წელს მოხდა.
ერთ–ერთს შეეძინა შვილი თედო მჭედლიძე. მთელი ცხოვრება გაატარა შრომაში, სანამ თივის ზვინიდან არ გადმოვარდა. ურმის ჭავლზე დაეგო. გარდაიცვალა. ამბავი მხატვრულად ილია ჭავჭავაძემ გადმოსცა „ოთარაანთ ქვრივში“. მას დარჩა ორი შვილი: მიხა და ალექსანდრე.
იმ წელს, როცა სტალინი მოვიდა და დიდი დახვრეტები დაიწყო, ალექსანდრეს შეეძინა ვაჟი. დაიბადა ჩემი უშუალო პაპა, – არჩილი. ცხოვრობს სოფელ დევენანთხევში ცოლთან ერთად. ზაფხულობით ჩავდივარ მათთან. შეგრძნებაა, რომ მოწყვეტილია ცივილიზაციას.
დევენანთხევი პატარა სოფელია, სასაფლაოებიდან ჩამოუდის ხევი. ეზოებში ბევრი ვაშლის ხეა. ნაყოფი არასდროსაა ტკბილი.
სოფლის სახელის ისტორია დევენას უკავშირდება.
მაღალი და ძლიერი იყო, მთელ სოფელს ის იცავდა. ლეკებმა მისი მოტაცება განიზრახეს, მაგრამ დევენამ ისინი ერთხელ ისე დააშინა, მეორედ არც კი გამოჩენილან.
რამდენიმე კილომეტრში არჩილის მონასტერია. გადმოცემით, იქაა დაკრძალული მეფე არჩილი. აქ ხალხის ნათქვამი არასდროს ემთხვევა ისტორიკოსების ნაწერებს. ეს ისეთი განყენებული სამყაროა, თბილისიდან ერთ საათში რომ ჩახვალ. სამყაროა, სადაც არეულია ათეიზმი და სოფელში ჭინკების თარეში, ეროვნულობა და საბჭოთა კავშირი. უყვართ შრომა და ქეიფი. აქ ქალებს კაცებისგან ცალკე სუფრა აქვთ, თუ არ არის ამის შესაძლებლობა, ქეიფის შუა პერიოდში, როცა ხინკლის ბოლო თეფში დაიდგმება, მერე მივუსხდებით ხოლმე მაგიდას. ყოველთვის მომწონდა აქაური ქალები. შეუძლიათ მთელი დღე თავად დადიოდნენ ტყეში, ხნავდნენ და თესავდნენ მიწას და საღამოს სახლის საქმეებსაც ასწრებდნენ. უცნაური მატრიარქატია.
იქვე საყდრივნის ეკლესიაა. მისი გული აშენებულია ცამეტი საუკუნის წინ. კედელს ახლაც ეტყობა მუშის უზარმაზარი და ძლიერი ხელი. ეტყობა დაიღალა და ხელი ჯერ კიდევ გაუმშრალ კედელს მიადოო, – ამბობენ იქაურები. საყდარი წმინდა გიორგის სახელობისაა. მჭედლიძეებს განსაკუთრებით უყვართ წმინდა გიორგი.
მაინტერესებს, მას რატომ თვლიან გვარის მფარველად. არავინ იცის. განსაკუთრებით მისი კულტია მთაში, მისი სახელობისაა წამყვანი სადღეგრძელო ქეიფობისას.
ყოველ გიორგობას მჭედლიძეები სხვადასხვა კუთხიდან იკრიბებიან თავიანთ პირველყოფილ სოფელში წმინდა გიორგის სალოცავთან. მე არასდროს ვყოფილვარ იქ. ომიანობის პერიოდში ბაბუებმა წამოიღეს სალოცავის ნიში და გორაზე, ტყეში ღვთისმშობლის სალოცავთან მჭედლიძეების ხატი ააგეს.
სამაგიეროდ, არ ვიცი საიდანაა დედის გვარი. სავარაუდოდ, იგი ქართლელია. ბაბუამისს ჰქონდა სასახლე. ექიმი იყო. იმ დროში ექიმებს სასახლეები ჰქონდათ ან პირიქით, ვისაც სასახლე ჰქონდა, ექიმი იყო. საღამოობით გლეხებს ეხმარებოდა და როცა ერთი გლეხი სოფლის ბოლოში წვიმაში, ქარში და ტალახში ახველებდა, ბაბუაც მისკენ მგზავრობის დროს გაცივდა. იმ დროს პლევმონიას ვერ კურნავდნენ.
სამაგიეროდ, დარჩა მეუღლე, – მარიამ ჩხეიძე, შვილები – ბიჭი და გოგო. როდესაც ვაჟი, – ირაკლი –წამოიზარდა გახდა მხატვარი. ის დედას სთხოვდა ალექსანდროვის ბაღიდან მამამისის გადმოსვენებას, მაგრამ ამაოდ. ივანე ფუხაშვილის საფლავი დღეს აღარ არის.
როცა ირაკლი გადასცდა ოცდაათს, ქეთო ბებო გაურიგეს. ქალი, რომელიც ცეკვავდა და მღეროდა, სულ მიკვირდა, რატომ ატარებდა ერთიდაიგივე ვარცხნილობას და რატომ სტკიოდა ხერხემალი. მაშინ პირობა დავდე, რომ არასდროს დავბერდები. მე სახელი მან შემირჩია.
დედამ და მამამ ერთმანეთი ტექნიკუმში გაიცნეს. მამამ მიუკადრისა: მე გოგო არ მეყოლება, მე ხომ მამაკაცი ვარო. მაგრამ გავჩნდი მე, – გოგონა. მერე ჩემი ძმა. ტრადიციაა, რომ მამის მხრიდან ყოველი პირველი შვილი კოჭლობს. ვკოჭლობ მეც. დედა მეუბნება, რომ მამის ხასიათი მაქვს, მამა მეუბნება, რომ დედის. შეიძლება მეც მეყოლოს შვილი და მას დედის ხასიათი ქონდეს, სახე მაინც.
ბებია
პეპი გაიზარდა, გრძელი წინდები დაუმოკლდა და დაბერდა. საქანელებზე დაპერტყილები ვწევართ და ერთმანეთის ღიღინებს ვუსმენთ. მზე გვირტყამს სახეში და თვალებს ვნაბავთ.
პეპი ფაფუკ ფაჩუჩებს გვიქსოვს. ჩვენ ჩამოვდივართ საქანელადან და ვეხუტებით ბებიის დაოფლილ მკლავებს. მის პიჟამოზე ვაპაჭუნებთ თვალებს. მას ავყავართ ხელში და გვარწევს ისრის მიმართულებით.