პირადი ცხოვრების ურბანული ეგზისტენციალიზმი

შეყვარებული ვარ ერთ მუდო თამაშზე, რომელიც თავის დროზე ანა კორძაიასგან ვისწავლე, მაგრამ ჯერ ვერავისთვის მომიწონებია. ერთი მონაწილე იფიქრებს რამე რენდომ თარიღს და თითოული მონაწილე იხსენებს რას აკეთებდა მოცემულ დროს. მაგალითად, წინა კვირას ან ვარდების რევოლუციის დღეს.

ამჯერად, ლიკას დაბადების დღეზე გოგოები შევიკრიბეთ და იუბილარმა რომ იკითხა, საკუთარ დაბადების დღეებზე მოყევით, რომელიც დასამახსოვრებლად გაგიტარებიათო, თამაში ზედაპირზე ამომიტივტივდა და ერთ შვიდ ნოემბერზე მოვყევი. დედამ წინა ხელფასისგან შეკოწიწებული ფულისგან ლამაზი ტორტი რომ მიყიდა, მეგობრების დაპატიჟება არ მოგერიდოსო, მაგრამ არავინ მოვიდა, რადგან იმ დღეს აქცია ხელკეტებითა და ცრემლსადენებით დაურბევიათ. მაშინ პატარა გოგო ვიყავი და ხალხის ცემაზე მეტად ტორტი და მეგობრებისგან იზოლაცია მადარდებდა. ამბის თხრობა რომ დავასრულე, მივხვდი, რომ თამაშმა პოლიტიკური სახე მიიღო და რენდომ თარიღების ნაცლად აქციებს ვიხსენებდით.

სჩვევია ამ თამაშს დაკარგული მახსოვრობა პოლიტიკური ნიშნით გაიხსენო. რუსეთისგან განსხვავებით, სადაც პოლიტიკოსები ავტორიტეტს ატარებენ მათი სივრცული ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო მოკლე ქვეყანაა და ყოველი კანონ-პროექტი უშუალოდ ჩვენს პირად ცხოვრებაზე ტარდება.

მაგალითად, სსრკს საქართველოში მამაჩემმა ლამის თანამდებობა დაკარგა, როცა ვიბადებოდი, რადგან საშვიდნოემბრო პარადზე არ მივიდა. დამოუკიდებელ საქართველოში შსსში მუშაობდა და ეს აქციები ჩვენს ოჯახში იმდენად შემოვიდა, რომ თურმე იმის გახსენებაც შემიძლია წყნეთში სხვის ბინებში ჩასახლებულ ლტოლვილებს რომ პოლიცია ასახლებდა სასამართლოს გარეშე ან ზვიადისტები რომ რუსთაველზე სამემორიალო აქციებს მართავდნენ, რას ვაკეთებდი. და ჩემს ასაკში ყველას შეუძლია ითამაშოს თამაში “აქციის დროს რას აკეთებდი?”

ამჟამად, ორ წელზე მეტია მიგრძელდება საკუთრებრივი დავა სასამართლოში, რადგან ჩასახლებულ მდგმურს ჩემი კანონიერი სახლიდან არც წასვლა უნდა მესამე წელია და არც ქირის გადახდა. რადგან ამჟამინდელი პოლიტიკის თანახმად, ხალხი არ უნდა რჩებოდეს უბინაოდ და სასამართლო სხდომაზე დაუსწრებლობის უფლება შეუძლიათ პროცესის გასაჭიმად გამოიყენონ. ხანდახან მგონია, რომ ჩემი ბრალია, პატარა გოგო რომ ვიჯექი ტელევიზორთან და უბინაოდ დარჩენილი ხალხი მეცოდებოდა გამოსახლების პროცესში. ცხოვრებამ აქციის მეორე მხარეს გადამამისამართა.