მითები პიემესის ირგვლივ

სანაცნობოში ყველაზე მძიმე გარდატეხის ასაკი მე მქონდა: 11 წლის ასაკში თმის 40% გამიჭაღარავდა, მტყდებოდა კბილები, შევწყვიტე სიმაღლეში ზრდა 23 წლამდე, მქონდა სუნთქვის უკმარისობები და ყოველ კვირა მიმდიოდა გული, რომ აღარაფერი ვთქვათ მუცლის ისეთ აუტანელ ტკივილებზე, რომელიც ერთ წერტილში სააბორტე ემბრიონივით გკუნტავს. თუ სხვა თინეიჯერ გოგონებს ოთახში ნიკიტას ან 2ფაქის პოსტერები ჰქონდათ, მე პულსის მზომი აპარატი მედგა საწოლთან და კედლებზე მისი ქაღალდები მქონდა მიმოფანტული. ექიმები კი დედას ამშვიდებდნენ: “არაფერია, გარდატეხის ასაკი აქვს, ჰორმონალური იქნება”. დედაც მშვიდდებოდა. მერე იყო ჩემი ძმა გულისა და ფეხების პრობლემებით. ექიმები დედას ისევ ამშვიდებდნენ: “ქალთან იქნება და გაუვლის”. გადიოდა დრო, იზრდებოდნენ ჩემი და ჩემი ძმისხელა ბიჭები იმ იმედით, რომ სექსი მათ ტკივილებს მოურჩენდა. ვიზრდებოდით გოგოები იმ იმედით, რომ ჰორმონალური ცუდად ყოფნები არაუშავს, მენსტრუაციამდელი პერიოდი არაუშავს.

მენსტრუაციამდელი პერიოდი კი უბრალოდ არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში იმ განხრით, რაც ჩვენს სოციუმში გვხვდება. “პიემესი მაქვს”, – ამით ქალები ვხსნით ისეთ ქცევებს, რაც სოციუმში მიღებული არ არის ან ახსნა გვიჭირს. დეპრესიას გავს, განწყობის გამოსახატავად ყველას პირზე გვაკერია, თუმცა, ვიცით, რომ დეპრესიის სინდრომი დეპრესიის სიმპტომებისგან განსხვავდება. პიემესიც მასეა, როგორც კლინიკური სინდრომი, რომლითაც მენსტრუაციული ციკლის მქონე ქალთა მხოლოდ 28%-ს აღენიშნება. დანარჩენს უბრალოდ პიემესის სიმპტომები გვაქვს, ნეგატიურის გვერდით პიემესს მრავალი დადებითი სიმპტომიც აქვს: ყნოსვისა და გემოს შეგრძნებები გვიძლიერდება, ძუძუები ატმებივით გვიხდება, ორგაზმი უფრო გვიხანგრძლივდება, იოგას უფრო მოქნილად ვვარჯიშობთ, გონება მეტად კრეატიულად ფიქრობს, გვაქვს მეტი ემოციური ინსაითები. მაგალითად, ჩემი მეგობარი, რომელიც საშინლად ტოქსიკურ ურთიერთობაშია, ოვულაციის დროს რომ ბედნიერია შეყვარებული კვერცხუჯრედების გამო, მხოლოდ პიემესის დროს გრძნობს საფრთხეს და ადეკვატურად იწყებს ფიქრს. მაგრამ, სამწუხაროდ, 1 კვირაში ისევ უბრუნდება ბედნიერ ტოქსიკურობას იდეით “უბრალოდ პიემესი მქონდა და არ ვიყავი ადეკვატური, თორემ შენი ღალატი, ეჭვიანობა და მანიპულაცია არ უნდა მწყენოდა, საყვარელო”.

ჩემთვის პიემესი ინდიკატორია თუ რამდენად გამართულად ვიყენებდი საკუთარ სხეულსა და ფსიქიკას თვის განმავლობაში. თუ საკუთარი გემოსა და ყნოსვის დათრგუნვას ვცდილობდი, პიემესის დროს მე არ მექნება ბერკეტი, რითიც ზედმეტ კვებას გავუმკლავდები. მაგრამ ამას საკუთარი სხეულის უცოდინრობით კი არა, პიემესის ქონით ავხსნი. არ მივაკითხავთ ფსიქოლოგებსა და ენდოკრინოლოგებს, იმიტომ, რომ ჰორმონალური პრობლემები წვრილმანია. ისევ ის 11 წლის გოგონები ვართ, სუნთქვა რომ არ გვყოფნიდა, ყველაფერზე ვღიზიანდებოდით და გვამშვიდებდნენ, “არაფერია, უბრალოდ ჰორმონალურია”. ძვირფასო ქალებო, დაანებეთ თავი ფლოს ან ემკალენდარს, ჩამოწერეთ რამე უფრო სამეცნიერო, არაჰეტერონორმატიული აპლიკაცია და გთხოვთ, არასდროს მოიხადოთ ბოდიში კაცებთან ან ოფიციალურ შეხვედრებზე თქვენი ემოციების გამო მითუმეტეს პიემესის დროს.

31

happy-birthday-ecard-birthday-e-card-new-birthday-free-birthday-cards-funny-birthday-greeting-cards-happy-birthday-boss-ecard-funnyბავშვობაში როცა ტორტზე სანთლებს ვაქრობდი ან ნებისმიერი აქტივობის დროს სადაც კი სურვილის ჩაფიქრება შემეძლო ყოველთვის ერთ ოცნებას ჩავიფიქრებდი ხოლმე – ლამაზი  ვყოფილიყავი. ლამაზი, აი, სტანდარტული გაგებით ლამაზი, როცა სახის და სხეულის ნაკვთები ერთმანეთთან სიმეტრიულადაა განლაგებული. ვდგებოდი სარკის წინ და ღმერთო, ღმერთო, ღმერთო, ოღონდ ლამაზი ვიყო და რასაც გინდა შეგისრულებ მეთქი, პლუს, მამაო ჩვენო. და ახლა იცით რას მივხვდი? ის პერიოდი, როცა ორგანიზმმა სილამაზის მაქსიმუმი გამოწურა უკვე განვლიე და ახლა ის-ღა დამრჩენია არსებული შევინარჩუნო. ანუ იმაზე ლამაზი ვიდრე ახლა ვარ, აღარასდროს ვიქნები, და უკეთეს შემთხვევაში, სიმეტრია მალე არ დამერღვევა.

ვორლდომეტერსის სტატისტიკით, საქართველოში საშუალო ასაკი 72 წელია. ანუ საშუალო ცხოვრების ზუსტად ნახევარი დამრჩა არასიმეტრიული სხეულით. პირველი ნახევარი სხეულის კონტროლს სწავლობ და მეორე ნახევარი უყურებ სხეულზე კონტროლი როგორ გენგრევა. სამაგიეროდ, ანალიტიკის უნარი მოიმატებს, ისიც სავარაუდოდ და ბევრი ბლაბლა, მაგრამ სხეულის სილამაზესთან დამშვიდობება მიჭირს.

დაბადების დღე გოგირდის აბანოში გადავიხადე მეგობრებთან ერთად. ტორტის ნაცვლად ალუბლის მურაბა გვქონდა, ღვინის მაგივრად – ჩაი. მეგობარს ვეუბნები რომ ტანზე ერთი ღერი თეთრი თმა ამომივიდა. თავზე კი არა, უკვე ტანზე. ამომივიდა და მერე გამიქრა. მე კიდევ თეთრი თმა ცხვირში გამომივიდაო. დიდხანს ვიცინოდით ერთმანეთზე. ასაკთან ერთად ინტერესებიც გვიქრება. მაგალითად, დალევა აღარ გვაინტერესებს, უფრო სპორტულები ვართ. სპორტულები რა, ჩავწვებით ხოლმე ცხელ აუზში და ერთმანეთს ვაქებთ: “რა ნაზი კანი გაქვს”, “გახდი ხო შენ?”

ლაშქრობის ასაკი

IMG_20160829_0003 copy

უშვებულებო ზაფხულის ერთ შაბათს თამუნამ და მაქსმა წამიყვანეს თრიალეთის ტყეში, სადაც მათი სამეგობრო დადის უკვე წლებია. ადგილი მოშორებულია სამანქანო გზას, ასე რომ შემთხვევითი მოლაშქრეები აქ თითქმის არ ხვდებიან, მხოლოდ ისინი, ვისაც უზიარებენ და კიდევ ჭინკები დაძრწიან მეტი სამძაფრისათვის. მოაწესრიგეს წყალი, გადაადეს თარო, სგუშონის ჩასადები არ დაივიწყეს, მოკლედ, “სტენკა” ჩადგეს აქანა. როგორც ხდება ხოლმე, ხეებს სოკოები ავაცალეთ, ღვინო ჩავაციეთ, ფოტოები გადავიღეთ, ისტორიები გავიხსენეთ, მოსაღამოვდა და ცეცხლი გავაჩაღეთ ცამდის. მაშინ პირველად ვნახე ტყის რეინჯერები ცხოვრებაში. მართალია, ლამბერსექსუალებს არ ჰგვანდნენ, მაგრამ სკუტერები ჰყავდათ. ცეცხლი დავინახეთ, ხანძრის შეგვეშინდაო. მაქსმა კი დაამშვიდა: თორმეტი წელია აქ დავდივართო. აი, ბიბლიოთეკის თანამშრომელებს რომ მიმართავენ სტუმრები: პროფესორი კაცი ვარ, ომის დროს წიგნზე ვიჯექი, შენ რა უნდა მასწავლო. და მაშინ დაფიქრდნენ ასაკზე: 12 წელი გავიდა? არა და ეს რეინჯერები რა პატარები არიან.

მე კიდევ დავფიქრდი სტერეოტოპებზე, რომლებიც ამერიკული ფილმებიდან შემექმნა. აი, უმეტეს ფილმში ლაშქრობაში კარვებით დადიან ბავშვები ოჯახებთან ერთად, აი, დედინაცვალს რომ უნდა ოჯახი შეაკავშიროს ან მამინაცვალი რომ მოიშორებს ბავშვებს საზაფხულო ლაგერზე გაგზავნით ან თუ დიდ ასაკში ვინმე ტყეში წავიდა, თავს იმართლებს, რომ ბავშვობის ნოსტალგია აქვს და მერე ირკვევა, რომ ვიღაცა ბიძაშვილთან წვებოდა ან სექსუალური ნაშა მუწუკებიანი მსუქანი იყო მოსწავლეობისას. მერე საქართველოზე გავავლე პარალელი: რა იშვიათად მინახავს ოჯახებით დასახლებული კარვები, 3-4 წლის ბავშვებს რომ ველურ სოკოებთან ზრდიან დეი ოფებზე. ამასობაში ვისმენ ისტორიებს, რომ მეტეოსთან ბავშვიანი კენგუროებით მოკიდებული ტურისტები ნახეს. აი, ამერიკაში ვინც ხართ ნამყოფი, ფილმებით შექმნილი მორიგი სტერეოტიპის საფუძველი მაინტერესებს: აიტი ან რამე გიკი ტიპების ყოველი სამეგობრო მართლა სტანდარტულად 4-5 წევრისგან შედგება, საიდანაც ერთი უეჭველი მართლაა აზიელი? არა რა, თავისუფლების კი არა, სტერეოტიპების ქვეყანაა ამერიკა.

ფიქრი ჭაობის პირას

ჩემთვის ზამთარი არის: მახსოვდეს გაზმიჭერილი მანქანიდან გადაყოფილი ხელების, თმის, რომელიც შეტაკებული ქარისგან ათ წუთში საუკუნის დასაბანივით გამოიყურება, ცოტა ხანში კი ფანჯრიდან გადაზიდული მთლიანი სხეულის დაბუჟების განცდა. ვიხსენებდე, როცა ლოგინზე აივნიდან შემოსული წვრილი მზის სხივის ქვეშ მოვიკუნტები. და როცა მზე დასავლეთით გადაიწევა, სხვა ოთახის აივანთან მოვიკუნტო. მაგრამ საბოლოო ჯამში ვიცვამ თბილად და ყინვაშიც ვსეირნობ.

ქავთარაძეზე ვიყავი შუა მაისში, მეთქი აქედან ლისის ტბაზე ფეხით ავისეირნებ. თმა ავიკაპიწე, ზურგზე საგზალი მოვიკიდე. ტბაში რომ გედებია, იმათ სკოლამდელი გოგონა ეთამაშებოდა თუ აჭმევდა. კამერაში ელემენტი არ მქონდა, ვერაფრით ვიშოვნე 2CR5, თორემ გადავუღებდი. ამ გოგოს გიშრის ფერი, ხუჭუჭა და სხეულზე შემოხვეული თმა ჰქონდა, კადრი იყო ზღაპრების ილუსტრაციიდან. უცებ ჟღალი გოგოების ჯგუფი “როლიკებით” მოსრიალდა, ფერადი კაბები ეცვათ და ნაყინებით გრილდებოდნენ. ბებია-ბაბუები წყლის პისტოლეტებით წუწაობდნენ, სანამ მათი შვილიშვილები ხიდან ხეზე ხტუნავდნენ. შეყვარებულები დაჭერობანას თამაშობდნენ. მოკლედ, ტრადიციული მაისის შაბათი იდგა.

მეორე პატარა ტბასთან თუ ჭაობთან გადავედი, თვალსაწიერში არავინ იყო. დავფიქრდი, რომ მშვენიერი კანი მაქვს, მადლობელი ვარ იმიტომ, რომ უხეში არ არის, მკვრივია, ბატონები არ მაქვს გადატანილი, რომ ნაწიბურები დამრჩენოდა, სისხლიც ისეთი მაქვს, უალერგიო. მაგრამ ჩემზე 3 წლით პატარებსაც ძალიან ნორჩი კანი აქვთ, თითქოს შუბლიდან ლოყებზე რძე ჩამოსდით, კაპილარები ზედაპირებზე ებჯინებათ და ემოციებზე უფრო რეაგირებენ. ვერც იმას იტყვი, რომ ვიზუალურობას მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი გამოცდილება, პოტენციურად მოსათხრობი ამბებია. აი, გაიცნობ ვინმეს, ვინც უკვე მუშაობს, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს, სათქმელს დინჯად ჩამოგიყალიბებს, შეხედავ მის პირადობას და 90-იანების ბოლოს ან 2000-იანებშია დაბადებული. ანუ უფრო მეტს აკეთებს ვიდრე ჩემი 80-იანების თაობა აკეთებდა მათ ასაკში. ბუნებრივია შემშურდა, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს თაობა. სისხლი უდუღთ, ზამთარშიც კი არ სცივათ. ისინი ხომ ჩვენს შეცდომებზე სწავლობენ. 

ეს ფოტოები სადღაც იანვარში გადავიღე იქ. წამო ნუში დავკრიფოთო, აიტეხა თამარამ, კანს უხდებაო. ამ ზამთარში ნუშს რა უნდაო, ერჩოდნენ, მაგრამ იყო.

346

890
345

457