ხიდჩატეხილი ჩემი ქალაქი

თბილისის შუაგულში მშვიდობის ხიდთან გავლისას ედუარდ მანეს ტილო “სამხარი ბალახზე” მახსენდება, სადაც ნახატში კონტექსტიდან ამოვარდნილი ნახატი, ხოლო ძველი თბილისის შუაგულში შიშველი ხიდია გამოსახული. თუმცა ვიზუალური ხელოვნების მცოდნეებს შეიძლება სანტიაგო კალატრავას იგივე სახელწოდების ბაგირები გიდგებოდეთ თვალწინ, მისი ვიზუალურ-სემანტიკური კოპირება.
ჩემი აზრით, აბანოებიდან დაწყებული ეს ჰავლაბრელებზე მიწოლილი ხიდი თბილისელებისთვის ზედმეტად სიმბოლურია, როგორც იდეურად ბიმორფული პროდუქტის თბილისელებთან დესინთეზირება, სადაც ნიმუში ადამიანთან და მის ფონთან არაა შერწყმული, ადამიანი ვერ ხდება შენობა და შენობა ვერ ხდება ადამიანი. თუნდაც, როგორც ხალხური მიშენებების, ე.წ. “ეგოისტური არქიტექტურის” შემთხვევაში მოხდა, ქალაქელები შეერწყნენ საკუთარ დანამატებს. პროექტიც იყო ჩაფიქრებული გასული საუკუნის ბოლო წლებში მათი მასობრივ არტად ქცევის, თუმცა უსახსრობის გამო შეწყდა.
ბებიაჩემი, “კარენოი თბილისელი” ქალი, იტყოდა ხოლმე: მთელი ცხოვრება მინდოდა მოვხუცებულიყავი, რომ ჩემთვის პატივი ეცათ, ხოლო მოვხუცდი მაშინ, როცა უკვე პატივს ახალგაზრდებს სცემდნენო. მართლაც, კომპიუტერულ სისტემებთან ერთად მილიარდელთა ასაკიც შემცირდა. ჩემი თაობაც, ფსიქოლოგებისგან წოდებული 87-95-იანელების “ჩატეხილი ბავშვები”, ბებიის მსგავსად, გარდამტეხ პერიოდში მოვხვდით, სადაც თუნდაც სამსახურის შოვნაში, ძველ თაობადაც არ ვითვლებით, მაგრამ ამავე დროს, შედარებით კიბერნეტიკული თაობა გვიწევს კონკურენციას.
მე კი არ მავიწყდება ჩემი გერმანელი მგზავრი, რომელიც სათანადო დიპლომატიით მეკითხება: “რატომაა ამდენი ეკლესია თქვენს ქალაქში? ალბათ ძალიან გწამთ. მაგრამ თუ ძალიან გწამთ, სიკვდილი ასე ძალიან რატომ გიყვართ? თქვენი მანქანები სულ დაქრიან და მეშინია.” ვხვდები, რომ არქიტექტურა ოპოზიციური მენტალობით აქაც უარყოფს თავს და ვპასუხობ: “ღვინის უფრო გვწამს”. ცოტა ხანში მე და ადოლფი რამდენიმე კილომეტრით აზიაში, სიღნაღში ვსვამთ. სტუმართმასპინძლობაც ხომ იმიტომ ვიცით, საკუთარ პატივმოყვარეობაზე წყალი დავისხათ და აღვნიშნოთ, ჩვენთან შედარებით რა ადვილად თვრებიან.
იყო კიდევ ერთი ინგლისელი სტუმარი, რომელმაც ქართული არქიტექტურა თავად გამაცნო და მეც პარლამენტის შენობასთან სელფ-შოთით ტურისტივით მატარა. ერთხელ მეუბნება, რომ მე ღია ზღვაში ციცაბო კლდეზე აღმართულ მინიან შენობას ვგავარ, რომ დაღამდება და შენობაზე ვარსკვლავები აირეკლება. დავფიქრდი, სინამდვილეში რამდენად გვანან ადამიანები თავიანთ ქალაქს ან თუნდაც საკუთარი ოთახების არქიტექტურას. ან რამდენად შეიძლება ვგავდეთ ცხოვრებაში არ დანახულ შენობებს, რა რომანტიკულადაც არ უნდა ჟღერდნენ ისინი. ვარსკვლავიანი მინები არ ვიცი და ჩემი ქალაქი არის მცხეთა, ისეთივე, როგორიც მოსკოვისთვის არის პეტერბურგი, ფენტეზური გალავანებით, მუზეუმად ქცეული ისტორია, მე ხომ ავეჯიც კი არ მაქვს დაბერებული არ იყოს, მოგონებები არ გააჩნდეს. კერპად სალოცავი ქალაქი – მცხეთა.
300px-Mtskheta-Georgia

ქურდის ქუდი

საკუთრების შეგრძნება არ მაქვს.
ბავშვი რომ საკუთარ თავს სახელით მიმართავს, პირველს მესამე პირში რომ აღიქვამს და სარკეში გაკვირვებით უყურებს თავის ტყუპისცალს, ისე ვარ. ოღონდ, რა თქმა უნდა, კონტექსტის გადატანით პლანში. საკუთარ სახელს იშვიათად წარმოვთქვამ და სარკეშიც შეგნებულად ვიყურები, თუ მაღაზიის კარის მოპირდაპირე მხარეს არ ჰკიდია და გასასვლელი მგონია და გავდივარ, რა თქმა უნდა. იმედია, თქვენც დაგმართნიათ. უხერხული მომენტია, ვერაფერს იტყვით.

კარებზე გამახსენდა, ეგოისტურ არქიტექტურაზე გსმენიათ ალბათ, გია სუმბაძემ რომ დაარქვა, თბილისური ბინების მიშენებებს, კომუნიზმის დანგრევის შემდეგ მოქალაქეებმა ერთბაშად რომ გამოიჩინეს დიზაინერული ნიჭი: ფანჯრები ამოქოლეს, აივნები შემოსაზღვრეს, კედლებიდან ოთახები საჯდომივით გამობერეს და სხვა. პროექტის ავტორი არ მახსოვს, გულმავიწყობას მიაწერეთ, საკითხი წამოჭრა, ყველა მოქალაქისთვის გარკვეული თანხის მიცემა, რათა ყველას შესძლებოდა ინდივიადუალური დიზაინით ბინა შემოესაზღვრა. პროექტი, რა თქმა უნდა, არ დაუფინანსეს, თუმცა იდეის ფარგლებში კონკურსის ჩატარება, ვფიქრობ, სანახაობრივი გამოვიდოდა.

კომუნიზმს დავუბრუნდეთ და საკუთრების შეგრძნება, ეტყობა, მას შემდეგ არ მაქვს, რაც კლასელებს ვუწერდი თემებს, იმათ დებს, მეზობლებსა და ნაცნობებს. ცოდვა გამხელილი სჯობს და თუ თემების პლაგიატით ვერა, ალგებრის გადაწერით მაინც ”დავიკვეხნი”, თამასუქად რომ ვიღებდი, კეთილი დაბანდება ჩანდა. დროთა განმავლობაში საკუთარი პროფესიები ვარჩიეთ, თუმცა ნაშრომების სხვათათვის დაწერა, თანაგრძნობის გამო მოვიდა და მემრკანტილური ზრახვები არ მქონდა.

წლების მერე შევამჩნიე, რომ თანდათან მიჩნებოდა მზარდი სურვილი, საკუთარი აზრი თუნდაც სხვათა თემებში მომექცია, რომელსაც ”კოპი-რაიტი” მოკლებული ჰქონდა, აი, ის, ფრჩხილებში ჩასმული ლათინური ცე და საავტორო უფლებები სხვისთვის დამეთმო. ამჯერად, ვეჭვობ, რომ ეგოს უგულველყოფით ზედაეგოისტური შრე გამოვხატე. თუმცა თავად კონსპექტებსაც ჩემი სიტყვებით ვყვებოდი და მეგობრები დამცინოდნენ, ამ კვაჭაძის მორფოლოგიას  ისე ჰყვები, თითქოს მეზობლის თავგადასავალიაო.

სხვა სახის პლაგიატს დროთა განმავლობაში შევეჩეხე, როცა კამერა ხელში დავიჭირე და გადაღება დავიწყე. საიტებზე გამოქვეყნებას ვერიდებოდი, არა იმიტომ, რომ წართმევის მეშინოდა, თავმდაბლული მოსაზრებები მქონდა და მიჭირდა. ამიტომ ფოტოების შესახებ მხოლოდ მე და ჩემმა მოდელებმა ვიცოდით, სანამ სოციალურ ქსელებში არ ვიპოვნე სხვათა ავტორობით. მაშინ მე ყურადღება არ მიმიქცევია, თუმცა მოდელთან საუბრებში ახსენეს, რომ ცნობილი ფოტოები იყო და არც ქართული. ვერ ვიტყვი, რომ თავი შეურაცჰყოფილად ვიგრძენი და საკუთრების დაბრუნება მომინდა, არც დავინტერესებულვარ, გამეგო ვინ იყვნენ. პირიქით, კომპლიმენტად მივიღე და საიტი შევქმენი. როგორც ჩანს, ქურდობა ზოგჯერ ბიძგია საკუთრების დასაფასებლად. მერე პიროვნებაც მიითვისეს და სოციალურ ქსელებში ჩემი სახელით დაიწყეს წერა.

მე კი ისევ გავნაგრძობდი გაოცებას მეგობრებზე, რომლებიც ერთმანეთზე ეჭვიანობდნენ ან მესაკუთრე წყვილებზე, რომლებსაც ვნება აერთიანებთ, და მივხვდი: ეგოისტი მას შემდეგ გავხდი, რაც ამბიციის პლიუსებზე მაფიქრებინეს. ანუ ძალით ვქაჩე, ვქაჩე და ცხოვრებისგან მაქსიმალურის მიღებისთვის ბრძოლა ნულიდან დავიწყე. ეს კი დიდი ხნის მერე მოხდა, როცა ჰაერში სანგვინიკის ”მკიდია” ფარფატს საგნებთან მჭიდრო კონტაქტი მარჩევინეს და შეძახილმაც ხე გაახმო. თავიდან ეგოისტის მხოლოდ როლი მოვირგე, თუმცა ხანდახან მგონია, რომ თვისების მიძინებული სახე გამოვაღვიძე. დავიბენი.

 ისე კი საინტერესო ისტორია აქვს პლაგიატიზმს. თუ არ ვცდები, ლათინური სიტყვაა და მიტაცებას ნიშნავს. უკავშირდება მონურ პერიოდს, როდესაც თავისუფალ ადამიანს ყიდიდნენ. დღეს მას დამამცირებელი ქვეტექსტით ხმარობდნენ, თუმცა ყოველთვის ეს ასე არ იყო. ეს პერიოდი საქართველომაც გაიარა რენესანსული ყვავობის ხანაში, როცა ვინცა რუსთველსა არ ბაძავდა, პოეტი არ იყო. დამოკიდებულებამ წრეზე ტრიალს რომ ანება თავი, პიონერი სულხან-საბა აღმოჩნდა თავისი მოგზაურობის დღიურებით და სხვა ნიმუშებით. პროზით მან საქართველოს რუსთველის სტილი დროებით მიავიწყა.

 პლაგიატიზმის წრე ბევრმა ქვეყანამ განვლო, თუმცა დღეს, არა თუ ის, ავტორირეტის ყოლაც კი დასაძრახად ითვლება. განსაკუთრებით იმ პერიოდიდან, როცა აწ მიღებული განათლება განათლების მიღებაში დამაბრკოლებელი გახდა და მოდერნიზმის ხანაში საკითხის ფუტურისტული დამოკიდებულება გამოიხატა. პოსტმოდერნიზმის ხანაში კი ზოგნაირი პლაგიატიზმი, როგორც ცალკე ჟანრი, ისე იქნა დახასიათებული.

 ბონუსად, ფოტოგრაფების საყურადღებოდ დავწერ. ერთი საიტის ლინკს შემოგთავაზებთ, რომლის მეშვეობით, შეგიძლიათ სასურველი სურათი იპოვნოთ. შევამჩნიე, რომ იწერება იმ პროგრამების შესახებ, რომელიც გამოქვეყნებულ ნაწერებს ეძებს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება საკუთარი ფოტოების უცნობ ადგილებში აღმოჩენის ცდაც. დღეს მსგავსი დანიშნულების ბევრი საიტი თუ პროგრამაა, თუმცა კმაყოფილი არ ვიცი რომლით ვარ. ძებნას გავნაგრძობ, უფრო იმის გამო, რომ ბევრი ნანახი საიტის მისამართი შევიხსენო. წარმატებას გისურვებთ.

აეროპორტთან

არქიტექტურა სულებს იტოვებს. აქ ჭიამაიამ დაკარგა დედა. ექსკურსია იყო ახალი ფოტოების შემძენი მოძრაობა და სათბობ მილებს მიუჯდა მერე. გათბა. დათბა.

მოუსმინე მუსიკას. წამწამები მჭიდროდ მიადე კანს. ნაოჭები დაიხაზება. გააღე. შედი. საფეთქელთან გებურცება ძარღვები. გესმის? ეს შენ დადიხარ, უსმენ მუსიკას და თითებ შუა გეღვრება მე.

სხვამ დაიხურა წამწამები ქვემოთ და პროჟექტორის სხივებს მიადო. მწვანე. ლურჯი. მწვანე. ფერადი. თმები არაა სწორი. გრაგნილი. შეხება იყო ცხელი. და გრძელი.

“საუბარი იცი?”

“ჩამოხვედით.”

გადაეცი აზრები გრძნობების გარეშე და თქვი თანხმობა დარჩენილ მანძილზე. აწოწებული სართულები იქნება დამეცეს. სანამ მოკვდები, თავი გეტკინება. კითხვები პოულობს ადრესატს. იკლაკნება თითებში თითები.

“პირველად იყო ქაოსი.”

“იყო.”

მიყვები შენს ცხოვრებას. გისმენ. გეკლაკნება თითებით თმები. მოყევი.

“დედა როგორაა?”

არ მპასუხობს. ხელახლა. არაფერი.

“გიყვარვარ?” და ბევრი სენტიმენტები. დაიხვია ჩემი გაკვირვება.

“შენზე ფილმს გადაიღებენ.”

ვიკვირვებ.

“ლამაზი ხარ.”

არ მჯერა.

მივდივარ. დარჩა.

გადავშენდებით დინოზავრებივით ქაოსში. ქაოსში ბევრი ნაგავი ყრია. ახალი რასა აღმოაჩენს ჩვენს ნაკვალევს და იტყვის: “რამხელა ფეხები ჰქონიათ.”