0,001

ისე დაემთხვა, რომ პატრიაქრის ექისტოლისას მეტერლინკს ვკითხულობდი, სადაც აღწერილი ექსპერიმენტი სიმბოლური მეჩვენა მოწმუნე და ანარქისტის შედარებით: თავახდილ ქილებში ცალ-ცალკე ფუტკრებისა და ბუზებს მოვათავსებთ, ისე, რომ ქილის ძირი ნათელი ფანჯრისკენ იყოს მოქცეული, ხოლო ღია ნაწილი სიბნელისკენ, ფუტკრები იმდენჯერ მიარტყამენ თავს დახურულ სინათლეს, სანამ არ მოკვდებიან, ხოლო ბუზები, რომლებსაც არავითარი სინათლის რელიგია არ აქვთ, ინსტინქტებით მოახერხებენ გასასვლელი ადგილის პოვნას, ამიტომ ფუტკრები სულელ მწერებად წარმოიდგინეს, – თურმე რაში ყოფილა საქმე: ამას წინათ სასულიერო პირმა ხელოვნურ განაყოფიერებაზე საუბრისას უშვილო ოჯახისთვის გამოსავლად ტაძარში სიარული დაასახელა. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში წყვილს სუროგაციის მიმართვა კანონით მოკვეთილი საშვილოსნოს შემთხვევაში შეუძლია, იმედი აქვთ, რომ ლოცვის ძალით მისი ნატურალური აღდგენაა შესაძლებელი. ბუნებრივია, ეკლესიას მრევლის მოკლება არ სურს, ისე, როგორც სუიციდის აკრძალვით, პოტენციურ მლოცველს იძენენ, ჭარბად დემოგრაფიული აზიისგან განსხვავებით, მაგალითად, იაპონიაში, თვითმკვლელობის რამდენიმე სახეობა პატივად ითვლება, ან ინდოეთში, როცა მედიტაციით ტოვებენ სხეულებს, ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით. ზოგადად, რელიგიაც ხომ დემოგრაფიული, სოციალური თუ ეკონომიკური ფარგლებიდან მოდის.

ჩათვალო ეპისტოლე პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლად, ისეთივე გულუბრყვილო სურვილად მეჩვენება, როგორც ბერია სტალინს ’37 წლის ამბებს უმალავდა. სინამდვილეში ეს დიდი ხნის წინათ დაიწყო, როცა არქაულ წერილებში დაცემული ანგელოზების შესახებ დაიწერა: ლუციფერი ანგელოზებს განუდგა, ხოლო რამდენიმე მათგანმა ალტერნატიული გზა აირჩია და მატერიალურით ტკბობის სურვილით ადამიანებს გამოყვა, შეირთეს მათი ქალიშვილები და ასწავლეს მედიცინა, ხელოვნება თუ მეცნიერების სხვადასხვა დარგი, რითიც მოკვდავებს აჯერებდნენ ღვთისგან დამოუკიდებლად არსებობას. სინამდვილეში ეს ამბავი მაშინაც გაგრძელდა, როცა პლატონს თავისივე მოწაფე არისტოტელე დაუპირისპირდა, განაცხადით, რომ ხელოვნური ვარდი შეიძლება უკეთესიც აღმოჩნდეს ბუნებრივად შობილზე და უარყოფდა მასწავლებლის ე.წ. “ხატის ხატის” თეორიას: ჭეშმარიტი ღმერთის მსგავსის ანუ ადამიანის არსებობას მხოლოდ ჭეშმარიტების კოპიოდ, ხოლო ამ ასლისგან გადაქსეროქსებული შესაბამისად უფრო მეტად იყო დაშორებული ჭეშმარიტებასთან. თეორია ისე მოვიდა ჩვენამდე, რომ გააგრძელა ველურისა და შინაურის, ლონდონისა და პარიზული ბაღების შედარებამაც, მინიმალური სექსით მაქსიმალურ რეპროდუქციამდე.

მეტი რა არის პენტაგრამა, ფაუსტის სახურავზე დახატული გამოსახულების გარდა, მეფისტოფელემ სიმბოლოს მცდარი გამოსახვის გამო შენობაში რომ შეაღწია. ერთი თელემისტური ჯვარის თანახმად, მუხლზე გადაჯვარედინებული ფეხით დაკიდებული ქრისტე, ემოციით, რომ პენტაგრამას ცალი ფეხი აკლია, ანდაც კათოლიკური ჯვარცმა ავიღოთ, ტერფი ტერფზე გადადებული ქრისტეს მაგალითად. ახლა მართლმადიდებლური ჯვარცმა გაიხსენეთ, კვადრატული პენტაგრამას, ადამიანურობის სიმბოლოს, უფრო უახლოვდება. თავიდან ხომ ეს ორსახოვნება იყო ჩაფიქრებული.

ამჯერად, ჩემს ოჯახში ბუნებრივად გაჩენილი ბავშვი იზრდება, მასზე არასდროს ამბობენ, რომ, სიტყვაზე, ნული მთელი ერთი დღისაა, დაბადებას აღნიშნავენ ერთისა თუ ორმოცი წლის იუბილესგან განსხვავებით, მაგრამ არასდროს აღიარებენ ნულობას. ნულობას, ჩვეულებრივ, -280 დღიდან მიღებულს, საიდანაც სხვა ციფრების სვლა იწყება და საწყისს უსახელო ასაკივით გაურბიან.
სიმართლე ვთქვა, ძალიან მინდა სუროგატი ქალი რომ ვიყო, წეროდ უშვილო წყვილებისთვის გადავიქცე და სისხლი გავაგრძელო, რადგან ვფიქრობ, ორსულობა სამსახური არ არის, არამედ მადლი. და თუ სამოთხე მართლა არსებობს და სამსჯავროდან ვინმე მკითხავს, სიკეთე რა მიქნია, – ვეტყვი: ოჯახები გავამრავლე, შეუძლებელია სულის დაბადება იყოს ცოდვა.
ჩანაწერს ხელოვნების შესახებ ნეოარისტოტელური დიალოგით გავაგრძელებ:
” – დედა, ღმერთი მართლა ყოვლის შემძლეა?
– კი.
– მაშინ შეუძლია თავისზე სრულყოფილის შექმნა?”

მოღალატე წმინდანი

დრო მოედინება უწყვეტად წარსულიდან მომავლისკენ და თუ ოდესმე დროის მანქანით წარსულში წავლენ, სვლა მაინც მომავლისკენ იქნება.

მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, სინათლე მარცხნიდან მარჯვნივ ნათლიდან ბნელის მიმართულებით.

ძველ საბერძნეთში თვლიდნენ, რომ თეთრის საშუალებით, შეეძლო ადამიანს ფერების მიღება.

არისტოტელემ, ფერები თეთრისა და შავის შერევით მოხდაო.

იოგის დროს ”ა” ასვენებს, სითეთრესთან ასოცირდება.

ყოველთვის მაინტერესებდა ფერთა ისტორიები.

ემბრიონის პოზაში მძინავს, მუხლები ლამის ნიკაპთან მივიდო. მეუბნებიან, ხერხემალი მომეღუნება. რომ ვსწორდები, – მცივა.

მე მახსოვს ჩემი დაბადება. გამოვიგონე, რომ მახსოვს.

ფასკუნჯი მახსოვს. აი, როგორიც ალფია, ისეთ ბანჯგვლიან არსებად წარმოვიდგენდი. დედამ შთამაგონა. ახლა ისიც ემბრიონის ფორმით წევს და მამა მეუბნება, გავხართო.

შემოდგომაა.

ჩემ წინაშე ხელებჩაქნეულები დგახართ. თქვენი რაოდენობა პროცენტულად სრულია.

დიახ, გღალატობთ.

გატყუებთ და დაგცინით.

მაგრამ ამას იმსახურებთ და არ ვნანობ.

წარსულში რომ დამაბრუნა, უფრო მეტად გიღალატებდით.

უფრო სასტიკად და ბევრთან.

ერთმანეთთან.

არა, არ ნიშნავს, რომ არ მიყვარხართ.

უთქვენოდ მოვკვდები :/ :*

როდის ყოფილა აქამომდე?!

იყო და არა იყო რა, ღმერთმა ხატად თვისა ადამი და ლილიტი შექმნა. მათ ჰქონდათ ვნებიანი ცხოვრება, სანამ ადამმა ცოლს ღმერთთან არ უღალატა. ჰო, უღალატა, მანამდე სამივე ერთად ცხოვრობდა სამოთხეში. ადამი თამაშობდა ცხოველებთან, ლილიტი კი ცნობიერების ხის ნაყოფით იკვებებოდა. ქალი ცნობიერებას რომ ეგებოდა, ადამს ის მეტად მოსწონდა, ღმერთი შეშფოთდა. დაიბარა ადამი და უთხრა: ჩემზე სალოცავად დრო აღარ გაქვს, ცოლს შენ უნდა იქვემდებარებდე, ყურადღებას აქცევდეო. წამოვიდა ადამი და ცოლს ეკამათა. კამათი ჩიხში მაშინ შევიდა, როცა მას სექსში დომინანტობა აუკრძალა. ლილიტმა ადამი სხვის ჭკუაზე მოარულ სუსტ კაცად ჩათვალა და ცხრა მთისა და ზღვის იქით გაფრინდა.

-მეტის წაკითხვა->