vol.11.

15517372040_ad6d183b77_hk

 

როდისმე ნისლში დაგილევია?
უღრან ტყეში ფოთლების გუნდაში რომ ჩასხდებით, და ბოთლიანი ხელები გიჩანს როგორც ჰორიზონტზე დანახული უღრანი ხეები, როგორც მანქანის ჩაორთქლილი მინები. იორთქლებ, რომ შემატო ხელებს ნისლები.
თეორია მაქვს: ნაღველს იმდენი სითხე უნდა დავუმატო, რომ აორთლდეს. ბოღმიანი ქალების შედედებული ნაღველი დავალბო და ფრიი.. გავქრეთ.

 
15516805298_908c0db5e5_o

04:30

– გიყვარვარ?
ისე ვიკითხე, ყელი ჩამიშრა. ადგა და ჩაშრა, ყველა სისველე დაშრა, ცრემლიც გადმოსვლამდე შემაშრა, ვიფიქრე, ღვინოს დავლევ მეთქი. ხელის უნებური კანკალით ავიღე ბოთლი, მეორე ხელი შევაშველე წონასწორი მოძრაობისთვის. იგი მკაცრი ხმით მაფრთხილებდა, არ დამელია და საკუთარი ყავა დამითმო. სახეზე შევხედე, წუხანდელი ღამე არეკლილი ჰქონდა, წამლის ნდომა, არყის, ღვინის და წყლის ბოთლები, სიგარეტის კოლოფები, ძეხვი პურით, მოფერება ზურგზე და თმაზე ხელის გადასმა, კოცნა, ირონიული საუბრები მის შვილზე, სამყაროს მასთან შედარებით არარაობაზე. მოვსვი ყავა, გაწელილი მოძრაობით პალტოს ვიცვამდი და გაქცევა იმდენად მსურდა, რამდენადაც გონების დაკარგვა, ორი წუთით მისი გათიშვა. ან მისი მოკვლა.. დიახ, მოკვლა. მის სხეულზე წამოწოლა და მის გვერდით ჩემთვის განკუთვნილი ბალიშის სახეზე დაფარება. იცოდა, ძალა არ მეყოფოდა და წინააღმდეგობისგან ვთავისუფლდებოდი. მერსოს მდგომარეობაში იწვა. დუნდებოდა. ისე დუნდებოდა, როგორც გუშინ მოფერებისას, სხეულზე კოცნისას. მე კი უკანასკნელ ღილს ვიკრავდი პალტოზე. ამბობდა: “თუ წახვალ, არ დაბრუნდები.” ჩემთვის კი სულერთი იყო, ისევე სულერთი, როგორც საკუთარი ცხოვრება, მეხუთე სართულიდან გადამხტარი სხეულის ხილვით. გავთავისუფლდი მიჯაჭვულობისგან, რომელსაც ტოვებდა, მას კი თავი სტკიოდა. სასმლისგან, უძილობისგან და ჩემგან. მე კი ისევე ცარიელი ვიყავი, რამდენადაც ახალი ცხოვრება შემეძლო. ის კი ისევე სავსე, რამდენადაც წრეზე განაგრძობდა ტრიალს. იმ მომენტში შემეძლო ფრენა. მეგონა იმ დედას ვგავდი, ცხრა კი არა, წელიწად ნახევრის ნატარები შვილი ამ ღამით რომ იმშობიარა. არა საკეისრო კვეთით, მცირე ხანში რომ ხდება, უმტკივნეულოდ და მარტივად, მაგრამ შემდგომ ტკივილებს რომ ტოვებს. ბუნებრივი ჭინთვები იყო და გაბუჟებულ სხეულზე მეტად მოშორებული მუცელი მახარებდა, სიმსუბუქის შეგრძნება მასში. ჩავირბინე კიბეები, გადავახტი ბოლო სართულებს და ჩაჩუტულ მუცელს, დამძიმებული შვილის ნახვა მომინდა ცალკე. ნამშობიარევი შვილის მოკვლა მომინდა, კომედიის გათამაშება მომინდა, სადაც მედეას როლი მქონდა, შეცდომის ნაყოფი რომ გააქრო, ცხოვრების ახლიდან დასაწყებად, ან ახალი შეცდომების დასაშვებად. ჩვენი შვილის მოკვლა მის სატკენად. ის კი მერსოს ჰგავდა, ცხოვრებას რომ ამინდით ზომავს. სადარბაზოდან შემოსული ქარი სახეზე მილაწუნებდა, თავისუფლებისგან მისუსტებულ სხეულს თავისით დაატარებდა. საათზე 04:30 იყო. ის დრო, როცა იბადებოდა. გამოვლილი მქონდა ხუთი სართული, ის სართულები, ერთი ხელის მოსმით გადახტომა რომ მსურდა. ამოვირბინე უკან, გადავწყვიტე როლი ხელმეორედ მეთამაშა. იმდენად, ნებისმიერი გამეორება რომ ფარსია. დავაკაკუნე კარზე და ვიკითხე:
– გიყვარვარ?
მერე ისევ თავიდან.

უთავო

ჩემგან ღიმილის დანახვა უნდათ,
მე მებურცება თვალები და ვყეფ.

– მომეცით, თეთრი ხელსაწმენდები და ბოთლი არყით
საკუთარი პლასტმასის ჭიქით
ჩემი ბავშვობის თოჯინები უნდა დავათრო.
მე ისინი არა მაქვს მთელი.

დახლთან,
იატაკიდან რამდენიმე სანტიმეტრში ვაქანავებ ფეხებს სკამიდან
ვუჭახუნებ ჭიქას საფერფლეს.

– არ მოწიო, – მეუბნება მამა კვამლიდან
და მარტყამს კანზე მოზომილი განმეორებით.

ვეწევი.
მარტოსულია ჩემი მუცლის ბნელი ფუღურო
და როცა ვკოცნი პირველ შემხვედრს, ხვდება
მუცლის დასპირტულ სიცარიელეს.

ჩემიანის ციკლი

ერთხელ

მინდა გითხრა, რომ

გამოგიგონე,

თორემ შემთხვევით

ვერ გნახავდი ასე ჩემნაირს

და ცოტა რთული იქნებოდა

დაახლოება.

სული

არ არსებობ,

გატყუებენ მშობლები.

მხოლოდ მე მიყვარხარ.

და ილუზია, რომელიც მოგეცი,

უფრო გახარებს და უკომპლექსოდ აკეთებ სურვილებს

აშკარად, ღიად.

=0=

ჩვენ არ ვგავართ ადამიანებს,

უსულოსა და სულიერს შორის

ვმერყეობთ.

ვნებიანად არ გიყვარვარ და მეც.

მოდი გავითვალოთ

დაჭერობანამდე რამდენი დარჩა.

ჩვენ არ ვგავართ

ფილმში სიმინდებში

მორბენალ წყვილებს,

და არც ხორბალს ვუყურებთ,

როგორც პოტენციურ ბულკებს.

უბრალოდ ყოველ დილით

მქოქავ.


ვამპირი

გამოვწოვე

შეგრძნებები შეგრძნებებით,

მაგრამ არ მეყო.

შეყვარებული ვერ ვარ.

სახლში

ვკამათობ.

იმიტომ, რომ

მე საბაბი მაქვს

და შენ ხარ ცივი,

ცივი სისხლით

და სიტყვებით უფრო.

გააღებ პირს და

კონწიალობს ყინულები

ენაზე შიგნით

და ისევ ხურავ.

გითმობ.

მე მიზეზი მაქვს

ოთახებში დაბნეული სიარული.

ვეხახუნები სითბოს ყოველ გამოსხივაბას.

გადავკეტავ წყალს,

რომელსაც ვუსმენდი.

მაწყნარებს.

გადავწყვიტე, არ დავურეკო.


ფოთლები

ხეებში ვიწექით

პროფილით და მუსიკა

ალბობდა კოცნის სიმძიმეს

უკვე ყოფილით.

ვისაუბრეთ მთვარის ციკლებზე

და მერე მოვკვდით

სხვების სხეულში.

საქანელა

მეგობარო, თუ გინდა, ერთხელაც

ზღარბიანად არყის

ბოთლში ჩავბრუნდეთ.

სავარცხელი, რომელიც მიპოვნე,

გადააგდე უკან,

იქნებ დავბრუნდეთ აგურებიან სახლში.