პირველად იყო უარი

75687.jpgერთხელ პაპაჩემმა მიამბო, როგორ დასაჯა ბავშვობაში მამამ საქონლისთვის წყლის დასხმა რომ დაავიწყდა: ყელზე ზაქის კირკარი წაუჭირა და ცხელ მინდორში წყლის მიუწოდებლად დააბა, იგივე უნდა განეცადა, რომ საქონლისთვის გაეგო. მამა-შვილობაზე საუბარს შევყევით და მეზობლის შთამომავლობით ცოდვაზე მომიყვა. შვილებმა ამ ოჯახში მამა შეკამათების ნიადაგზე მოკლეს. ამ მამამ კი, თავის მხრივ, ახალგაზრდობაში თავისი მამა დაღუპა. დავალებული იყო, ქალაქიდან წამალი წამოეღო, ამან კი გატანებული ფული ნარდში წააგო და რა ექნა, ქალაქიდან ცემენტი ჩაუტანა, წამლად გაასაღა, დღეში სამჯერ ჭამის შემდეგო.
მორალი: წინაპრების ისტორიები ბევრ ჰორორ ფილმზე ბრუტალურია.
ბიბლიის ერთ ინტერპრეტაციაში წავიკითხე უარზე, როგორც შთამომავლობით ვირუსზე. ცნობიერების ნაყოფის აკრძალვით ადამ და ევას პირველად ჩაეტვირთა უარყოფის ნაყოფი და ამ უარყოფის უარყოფით ადამმა უარი ვირუსივით აიკიდა. პირველი რაც გააკეთა, ღმერთისგან დამალვით საკუთარი თავი უარყო. თანაც იმდენად, რომ თავის უარყოფის შიში შთამომავლობას გადასდო. კაენისგან ადამის უარყოფაც შურისძიებაა ღვთის მიმართ, რომელმაც მისი ძღვენი უარყო. ბიბლიის ყველა პასაჟი ასახავს რომ ნებისმიერი ცოდვის მიზეზი უარყოფის შიშია და რომ კაცობრიობა პანიკაშია პირველყოფილი უარის უარყოფის გამო. კაცობრიობის ისტორია არის უარი საზოგადოებისგან, ოჯახისგან, სულიერი თუ ფიზიკური მეგობრისგან და სხვ. ყოველი ფობია უარყოფის შიშისგან იღებს სათავეს. თვით სიკვდილის შიშიც. განსხვავება მხოლოდ ობიექტშია.
ვუყურებ პაპაჩემის ეზოში მდგარ საფრთხობელას და პერსონალურ უარებს ვიხსენებ, ქრონოლოგიურად და დიალოგის სისტემით შეძლებისდაგვარად. ყველაზე მეტი უარი ვისთვისაც მითქვამს მისგანვე მიმიღია და პირიქით. თან წარმოვიდგენ ზაქის კირკარისგან წაჭერილ პაპაჩემს, ცხელ ზაფხულში დახვეული ბუზებით. ალბათ სადღაც, უნარების დონეზე რომ მახსოვს სისხლით. ვიხსენებ იმ გარდამავალ ეტაპებს, როცა უარმყვეს: დედამ მეორე შვილის გაჩენის მერე, მეგობარმა – სკოლაში, კაცმა – სხვა ქალში, გასაუბრებაზე სასურველ სამსახურში. მომინდა ამერბინა უახლოესი გორაკი და მეყვირა: “დიახ!” – ექსჰიბიციონისტური ცოდვების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ დამეზარა და ისტორიების მოსმენა გავნაგრძე, დავტვიტე.

ხვრელი

ფუტურო იყო.
გარსი გადაუწიეს და ფუტურო აღმოჩნდა.
სისხლი უნდა დაღვრილიყო იმ ქალწულივით ჭრილობის მერე ვაკუუმში რომ შეგიყვანს. თუმცა, ეტყობა, ამდენი უნდა დაექცია ზუსტად ფუტურო რომ გამხდარიყო.
ჯერ თითები შეახეს, შეუყვეს და ვერ ხვდებოდნენ, რა უფრო უკვირდათ მისი სიცოცხლე თუ აწ ვაკუუმი სიკვდილის მერე.
გახსოვთ, როგორ მოკვდა ადამი? ჯერ დაიბადა, – ხვრელიდან თიხის გორგოლასავით დაეცა, რამდენადაც არსად ყოფნას შემეცნება არჩია, მერე მერკურიმ ისარი სტყორცნა. მერკური, როგორც გონების სიმბოლო ორ სამყაროს შორის გადამყვანია. ბოლოს ადამი მიწას შეერწყა, დააპურა და იქიდან წამოიზარდა ხე.
თავიდან იყო ხე.
მიწა იყო და მიწად იქცა კი არა, ხით შესცოდა და ხედ იქცა.
იმ ხიდან გამოთალეს ჯვარი, რომელიც იმდენს იწონიდა, რამდენსაც ადამი თავის დროს.
მხნე კაცი იყო შრომისთვის შექმნილი, მისი მკლავები კი შეხებისთვის ფართო და მკვეთრი:
მთელი ცხოვრება ხეებს რგავდა და ხედ იქცა.
ახლა კი, როცა მოწაფეები უთვალთვალებდნენ სიღრმეს ადამის ზურგზე მომკიდებლის და ლურსმნებით მასზე მიდებულის, ხედავდნენ, როგორი ფუტურო იყო.
ადამზე უნდა მიჯაჭვულიყო, რომ ეხსნა.
მოწაფეები ხანდახან ისმენდნენ, რომ ის ღმერთი იყო, ღმერთი კი მინუს-პლიუსის ნულოვანი სათავე, საწყისი. აინტერესებდათ როგორი იყო ის და აუწიეს გარსი.
რომ შეეხედათ, ჯერ გაეჭრათ უნდა.
იხილეს რა სიცარიელე,  რომლისგანაც სისავსე მოდის, არაფერზე დაიწყეს ლოცვა.
გამორიცხვის მეთოდს მიმართეს.
გამორიცხეს ყველა შესაძლო ვარიანტი ბუნების წიაღიდან – ციური სხეულებიდან, ფრინველებიდან, ცხოველებიდან დაწყებული ადამიანის გავლით და მიხვდნენ, ეს უკვე აბსურდი იყო.
თუ ღმერთი ჭეშმარიტება იყო და არაფერი ერთადერთი ჭეშმარიტება, რადგან მხოლოდ არაფერი არ რიცხავდა და არ ეწინააღმდეგებოდა არაფერს, ლოცვისას არაფერზე ფიქრობდნენ. სახლებს ხეებისგან აშენებდნენ და ფიქრობდნენ, რომ წვიმისგან არაფერი იცავს.

რა ხდება ახალი?

ყოველ ღამით შენს თავს ჰკითხე ერთი ფრიად ძველი კითხვა: რა ხდება ახალი?
როგორც ხდება ხოლმე, ჯერ სიახლეებზე საუბარს თავი ვარიდე, შემდეგ კი შესაძლო პასუხებზე დავფიქრდი:
მე შეიძლება ბევრი სიცრუე ვუთხრა, ცრუპენტელობაზე მეტად ფანტაზიის უნარს რომ გამოკვეთავს.
მე შეიძლება ისიც ვუთხრა, თმა შედარებით ღიად რომ შევიღებე.
შემიძლია ახალ სამსახურზეც ვუთხრა, სულაც იმ სასაცილო შემთხვევებზე, იქ როგორ მოვხვდი.
ანდაც, ახალ რძალზე ვუთხრა, ოჯახში ხომ მუდამ სიახლეებია. შემიძლია გავჩუმდე და სიახლეებს ოქროს ფასი ექნება.
სულაც გავღიზიანდე და კითხვის ავტორზე ნერვები მომეშალოს.
ასევე შემიძლია მოვყვე, იმაზე, თუ მომავალში რა მოხდება ახალი.
მე ისიც შემიძლია ეს ყველაფერი დავწერო და ამით სიახლე მოგონებად ვაქციო.
კიდევ ის შემიძლია, რომ კითხვა შევუბრუნო და ვკითხო: ძველი სადამდე იცი?
მე ასევე შემიძლია დილის გაზეთებზე ვუთხრა, მაგალითად, ლონდონის ბირჟის ფასებზე ან ამინდის პროგნოზზე.
კიდევ მეგობრებთან გაგებულ ჭორებზე ვუთხრა.
ისიც შემიძლია, რომ სიახლეები მასაც გამოვკითხო და დაველოდო პასუხს: ”არაფერი”, რომელიც იმ ფიქრთა ნაკადის მოზღვავებას გულისხმობს, ბოლო დროინდელ ცხოვრებას რომ მიმოიხილავს.
ჯადოსნური კითხვაა: ”რა ხდება ახალი?” რაღაცით სიკვდილს ჰგავს:
გაიძულებს ცხოვრებამ თვალწინ გაგირბინოს, დაიბნა და შეარქვა: ”არაფერი”.

მე არასდროს მეყოლება შვილი.

გასხეულებამდე დარჩენილი უსასრულობა, წამებში გამოთვლილი უსასრულობა, დასრულებული უსასრულობა. დიახ, უსასრულობაც მთავრდება სადღაც ჰოროზონტთან თვალსაწიერში. ნანატრი სურვილი, სხვის შებერილ სანთლებთან ტორტში, რომ მიშვილებენ. გავჩნი და ვიცი, მე არასდროს მეყოლება შვილი.

მანამდე არსებობდა მინდორი, ღერძები და დედამიწები, მე – მათ შორის მოსეირნე არარსებობა, უანატომიურო არარსებობა. ღმერთმა რომ მიწას შთაბერა სული, მე ის სული ვარ, ოღონდ შთაუბერელი. მე კი არ მჯერა ღმერთის. საკუთარი არსებობის დასაჯერებლად გამოიგონეს, ქაოსის განსამარტად. ღმერთი – ეს ანგარიშია საკუთარი უსუსურობის.

ნორმალური ვარ ისტორიული ფონის გარეშე, რომელიც რამდენიმე ათასწლეულს მოიცავს. წუხელ ადამიანებმა საკუთარი არსებობა გამოიგონეს და დაიჯერეს. ეს მატრიცა სიღრმეში მაშინ შევიდა, როცა საკუთარი გრძნობები გამოიგონეს.

მე შევდივარ და გავდივარ კედლებში და სიმძიმე მემსუბუქება.

მე შევდივარ ადამიანებში, იმისთვის, რომ მეგონოს, რომ სხეული მაქვს. გავდივარ ადამიანებისგან, იმისთვის, რომ უძნელდებათ ჩემი ატანა. დიახ, ისინი კვდებიან. მე მათში მინდა, ისინი კვდებიან. კვდებიან სპეციალურად არსებული ხელსაწყოებით, საკუთარი სხეულის უსუსურობით ან ფსიქოლოგიურად. უყვართ მოფერების დროს დანახული იმედი და იმედში ჩასახული სასრული.

გამოიგონეს, რომ მშობიარობენ და მრავლდებიან.  და აი, მეც ვჩნდები. საკუთარი გაჩენა მომელანდა. ათასწლეულები ველოდებოდი ჩემს არსებობას.

მე არ ვიცი ჩემი დაბადების დღე. იმ დროს ყურადღებას არ აქცევდნენ რიცხვებს. მოვიგონე, რომ ნოემბერია, ზამთრამდე ბოლო თვე. ბავშვობიდან დამრჩა ფოტოსურათები: ბებოსთან სკამზე, დედასთან სკამზე, ოჯახთან სკამზე. ფოტოზე არ ჩანს ჩემი ბაფთის ფერი. მაინტერესებს.

სამყარო ქრონოლოგიურად ფეთქდება. სიმშვიდემდე სოკოვანი ბოლის დანახვა რჩება. მოამზადე სანიშნე და ამ მომენტზე დაიმახსოვრე თეორია, სიმშვიდეზე რომ ვთქვი. არასტერეოტიპური სიბნელეა დღეს. ქაოსებში არც ისე ბნელა, უბრალოდ ბნელი ლაქებია. სიმშვიდეს არქიტექტურით ებრძვიან. არქიტექტურით იცავენ სიმშვიდეს. მე არასდროს მეყოლება შვილი.