პაემანი შვილებიან კაცთან

g86hm

წარმოიდგინეთ, ლუი ანდერსონისნაირი ტიპი, წითელი, მსუქანი ბიჭუნა ანიმაციიდან, სახლში დაგპატიჟებს, სადაც მამამისს გამოაქვს თოფი და სამამულო ამბებით თავს იწონებს, პარლამენტში კგბს შპიონები ელანდება, შენ კიდევ უნდა შეაფასო როგორ მოგეწონება მამამთილი, სანამ დედამთილი ახალ ბავშვზეა ორსულად. არა, აქ სხვა ლუიზეა საუბარი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ანიმაციის ლუი გაიზარდა და ბარში კომიკად მუშაობით ირჩენს თავს, მელოტდება, ჭორფლები უფართოვდება, კიდევ უფრო მრგვალდება. არა და, როდესაც ორმოცს გადაცილებული კაცი ხელს განქორწინებაზე აწერს, თითქოს მთელი ახალგაზრდობა ციხეში გაატარა და ცხოვრება ნულიდან უნდა დაიწყოს დამახინჯებულმა და არარეალიზებულმა. თქვენ შეხვდებოდით ასეთ კაცს?

ხანდახან ბავშვებს ძიძას მიაბარებს და პაემნებზე დადის. საშუალოზე დაბალი დონის ქალები ერთიმეორით ენაცვლებიან. მაგრამ, ძირითადად, ანძრევს. მეტიც, როცა მმკსნაირმა ორგანიზაციამ უბიწოების პროპაგანდისთვის აქციები მართა, ტელევიზიაში მასტურბაციის მხარდამჭერად სწორედ ლუი მიიწვიეს. ზოგადად, რელიგიური ადამიანია ლუი, სიკვდილის მერე სიცოცხლის სჯერა, უბრალოდ მკვდრები ამას ვეღარ ნახავენო. ბავშვობაში, როცა რამეს დააშავებდა, ეტყოდნენ, ეს შენ დაარჭე ლურსმანი ქრისტესო. შეიპარა კათოლიკურ ეკლესიაში, ქრისტეს ქანდაკება ჩამოხსნა და ლურსმნებისგან გაათავისუფლა. ირონიაა, რომ უფროსებმა ბავშვი ვანდალიზმში დაადანაშაულეს და ქანდაკებას ლურსმნები ხელახლა მიაჭედეს.

tumblr_m6drr4Btf41qz7o2oo1_500

ლუი ობამას ინერტული მხარდამჭერია. აინტერესებს პოლიტიკურ დისკუსიებში ჩაბმა, თანასწორობას ღაღადებს: ვინ არ შეუშვა გორილა ბალეტზე? ვინც ამ პასუხზე სერიოზულად ფიქრობს. იცით, როგორი ბანალური ფილმია? შვილი მეტროში რომ დაეკარგება და გგონია, ვინმე მოიტაცებს, გამოსასყიდლებიო, ცხოვრება დაენგრაო, არა და ბავშვი გაუნძრევლად იქვე ყოფილა. აი, ავღანეთსა და ერაყში როგორც კომიკოსი ისე წაიყვანეს ლუი, კონცერტზე ჯარისკაცები გაგვირთეო. ამასობაში, შეიარაღებული მტრები დაადგებიან, მეთქი, მძევლად აიყვანენ, რა ეშველება. არა და ლუის ჩანთიდან იხვი ამოუხტება, რა საყვარელიაო და ორივე მხარე შერიგდება, იხვს მოეფერებიან, ჭამენ, დალევენ, დროს გაატარებენ. მოკლედ, ლუის ცხოვრებაში არაფერი სათავგადასავლო არ ხდება გარდა ყოფითი პრობლემებისა: ბავშვები სკოლაში მიიყვანოს და მოიყვანოს, მანქანაც კი არ ჰყავს, მეტროს კლიენტია, რესტორნებშიც კი არ დადის, პიცასა და პონჩიკებს მიირთმევს.

ფილმი ისე მიმდინარეობს, ვერ გაიგებ სიმართლეს ამბობს თუ ცრუობს. თან ჩემი თავი მეცნო ამ ფრაზაში: “მე ყველაზე საშინელი მატყუარა ვარ, ვინც კი შემხვედრია. ჟურნალის საყიდლად რომ მაღაზიაში ჩავდივარ და ვინმე მეკითხება თუ სად მივდივარ, ვპასუხობ, რომ ოპერაში. საშინელებაა”. ამაშიც: “მე არ ვწყვეტ ჭამას, როცა დავნაყრდი, საკვები ხომ არ მთავრდება იმით, რომ მე დავნაყრდი”. ან ამაში: “ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა მხოლოდ მაშინ, როცა სამშობიაროშივე კვდები”. ინერტული მიმიკებით წარმოთქმული სევდიანი ხუმრობები ვისაც მოგწონთ, ლუიც მოგეწონებათ, ანტირასისტული, ფემინისტური, ანტიჰომოფობიური ნაკრებია. ქუჩაში ვინმე რომ შეაგინებს, ლამის პატრულს რომ გამოიძახებს. წადით ხოლმე პაემანზე შვილებიან კაცთან.

louis-c-k-pamela-adlon-65th-annual-writers-guild-east-coast-awards-inside

მითი და ინფრასტრუქტურა (ანიმაცია)

ერთი კინემატიკური ცდა თუ როგორ შეგვიძლია ანიმაციაში ვიცხოვროთ, მონიტორზე ზღაპარი რომ მიდის და ჩვენ მასზე ვირეკლებით. ეს ერთი ანიმატორის მედიტაციური ტედის კონფერენციაა. მსგავსი ანიმაციები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ჩემი ოჯახი

ის დრო მოვიდა, რომ მარის ტელეფონი ვესროლე. მული მაინც მულია, სადაც ოჯახზე ჩამოვარდა საქმე, უთხრეს, მე კი ტელეფონი ვესროლე, მან რვეული მესროლა, მერე ჩემი და მისი მზითვის ბალიშებით გუნდაობა დავიწყეთ და შორიდან პიჟამოიან წვეულებას ჰგავდა. მერე ხელები მივუშვირეთ ერთმანეთს და შევეჯიბრეთ კოცნით ვინ უფრო ატკენდა. თამაშში ჩაგვეძინა.
ასე მგონია, სკოლის დავალებას ვწერ ”ჩემი ოჯახი” და ცოტას ვღელავ.

–         შენს კეტებში მტრედია!
დილა, ჩვეულებრივ, დედის მოყოლილი სიზმრებით იწყება. რამდენჯერმე სცადა წყლისთვის მოეყოლა და მაინცდამაინც იმ დღეს დაემთხვა, როცა წყალი შეწყდა, ონკანმა ბაყბაყი დაიწყო და კანალიზაციამ გაჭედა. ეს სიმბოლური ნიშანი ჩვეულების დასარღვევად საკმარისი ვერ აღმოჩნდა, ლოგინიდან წამოდგა და გამთენიისას მაღვიძებს ხმები:
– შენს კეტებში მტრედია!

მტრედმა თავი მოიმკვდარუნა, – ნისკარტი უგონოდ გადაეგდო გვერდით და დარტყმებზე არ რეაგირებდა. როგორც კი სადარბაზოს მოაჯირზე დავსვი, ფრთები იშვირა და ჰორიზონტი გაჭრა.
ამ ბოლო დროს ჩვენი სახლის ფანჯრებს მერცხლები ებერტყებიან, აი, ვერაფრით იცავენ წონასწორობას.

შავ-თეთრ კადრებად ფერადი აწყმო რომ გადავახვიოთ, ვნახავთ, რა საინტერესო ქორწილი ჰქონდა დედას. უფრო სწორედ, ის საჩუქრები, რომლებიც მიიღო: ბატკანი და შველი. დედას სოფელი არასდროს უნახავს და ძალიან შეშინდა. ბატკანი გამრავლების სინონიმი ყოფილა, შველი კი სტუმარს უღრან ტყეში უპოვნია ობლად და სახლში წამოუყვანია. ბატკანი მას შემდეგ დაკლეს, რაც ტორტი ამოლოკა. საბედნიეროდ, მაშინ არ ჰქონდათ ნეტსივრცისთვის კამერიანი ტელეფონები. ბემბი კი ნაკრძალში ჩააბარეს, სადაც ოლიმპიადებზე გავიდა, მთავარი ჯილდოები აიღო და სსრკ-ს მასშტაბით იმოგზაურა. მერე ალბათ შეჭამეს.

ვერ ვიტყვი, რომ დედა სიმბოლოსავით გამრავლდა, მაგრამ ორი შვილი შეეძინა, რომლებსაც ისევ გამრავლება უსურვეს, რადგან გაემრავლებინათ ისინი, რომლებსაც გამრავლებას უსურვებდნენ..

ფერად კადრებად აწმყოში გადმოვინაცვლოთ და ანიმაციაზე მინდა გიამბოთ: ადამიანები სხეულზე ნულიდან ცხრამდე რიცხვებით იბადებიან, რომლებიც მათ შესაძლებლობებზე მეტყველებს. გაჩნდა ბიჭუნა, რომლის შესაძლებლობა ნული იყო, მხოლოდ კლასელები რომ აქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ როგორც საწვალებელ ობიექტს. მარტოსულმა ნულმა გოგო ნული გაიჩინა და სიამის ტყუპები შეეძინათ, ორი ნული ერთად რვიანს რომ ქმნიდა. შეგვიძლია, მორალს მივყვეთ, რომ მარტო არაფერი არაფერია და არაფერი სხვასთან ძალაა, როგორც ნულის რიცხვის შემდეგ მომატება ღირებულებას მატებს მას, ან შეგვიძლია რეტროსპექტული ოცნებები მოვყვეთ:

ბავშვობაში ხშირად დავფრინავდი სიზმარში. მაშინ მეგონა, რომ სამყაროს შევცვლიდი, მაგრამ ჩემი თავი შევცვალე. ეტყობა, თავი სამყაროში ამერია ან უბრალოდ, სამყარო შევიცვალე. გარედან შიდა სფეროებზე მიმართული გავხდი. ბორბლის მსგავსად, შეზღუდულ სივრცეში მოძრაობის ნიჭი მაქვს, განმეორებას კი სიმულაკრული კონტაქტი ახასიათებს. ალბათ ამიტომ მირჩევდა მოძღვარი, ზიარება ხშირად არ მიმეღო.

ფერად კადრებად გადმოვიცავლოთ და როცა ანიმაციას ვუყურებდი, ძმამ გუდა ნაბადი აიკიდა და წავიდა. ის და მარი ახალ სახლში გადადიან, პარალელურად კი წუწუნებენ ცალკეულ პრობლემებზე. მარი სახლის მონატრების შედეგებზე ჩივის, ირაკლი კი ბარგის სიმძიმეზე და ცდილობს მარის დააჭერინოს. მშვენიერი წყვილია ჩხუბისას.

ხანდახან ცოლი გაბრაზებული სახით აფრთხილებს: თუ რამეს დამიშავებ, იგივეს ვიზამ.
– ძალიან გინდა, რომ გიღალატო, მაგრამ ვერ ეღირსები, – ღიმილი უჭრის სიტყვას.

ძველ კადრებში გამოჩნდება, რომ ოპერის პირდაპირ მათხოვარი ქურთი ბავშვივით, რომელიც ასევე, ყოველ ჯერზე სხვადასხვა გამვლელთან გაქორწინებს და მაჯერებს, რომ ლამაზი ვარ ვიტრინებზე არეკლილი ვარცხნილობის მიუხედავად, მამის ფეხებს ვებღაუჭები და ვცდილობ, იმდენად ავაცოცდე, განვლილ მანძილს გადმოვხედო თავიდან. კალთითად ბებო ცელოფანში შენახულ ბოჩებიანი შოკოლადის ტკბილეულს იღებს, მკლავებს იფერთხავს და მომწიფების სურვილით ვიკვებები. ვიკვებები ნიშნავს დეენემს ახალი მონაცემები შევმატო კაცობრიობის სპირალისებული განვითარების გამო.

ძმამ გუდა ნაბადი ზურგზე მოიკიდა და დამშვიდობებისას მარიმ მითხრა:
–         იცი, შენ მალე მამიდა გახდები.
მოთხრობის დასაწყისი.