ნიფილიმები, გოლიათები, დევები და ათასი უბედურება, ჯანდაბა!

exlibrisclip

“ახალი რასა აღმოაჩენს ჩვენს ნაკვალევს და იტყვის: “რამხელა ფეხები ჰქონიათ.”
მე, 2010

ვინაიდან დედაჩემი, თუ ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, სპეტაკი თბილისელი ექიმების შთამომავალია, ბოლშევიზმის პერიოდში უპირატესობა რომ დაკარგა, მაგრამ ლამის დაჩისთან ერთად დააარსა ქალაქი; ხოლო მამაჩემი, თუ ასევე ორალურ გადმოცემებს მოვიშველიებთ, გნომისა და დევის ჰიბრიდი გახლავთ, შეიძლება ითქვას, რომ მეტად ჩახლართული გენი მაქვს. თუ ამავე წყაროებს დავუჯერებთ, მდინარეს სათავისკენ ავყვებით, დედაჩემის ხეები მარცხნივ რომ გადავდოთ, გიამბობთ, რომ ჩემი პირველი მამობრივი წინაპარი ჭინკაა, სახელად შაშა, ნაწარმოებია შაშვიდან, პატარა ჯუჯა კაცუნა, რომელმაც დევებისგან რკინის გამოჭედვა ისწავლა და ხანდახან იმით ცუღლუტობდა, რომ შვიდწვერა მთიდან სოფლებს რკინის სეტყვებს უშენდა. მიზეზი დევთა გაცამტვერება გახლდათ და მე დღემდე მჯერა, მამა-პაპური დევების პარალელი გადის ებრაული ზღაპრების ნიფილიმებთან, სადაც ბაბუაჩემი შაშა ბიბლიური დავითის ალეგორიაა, დევი – გოლიათის, გოლიათი – ნიფილიმის, ხოლო მთელი ეს რკინის სეტყვები სოდომი და გომორის ინტერპრეტაციაა დაცემულ ანგელოზთა გასანადგურებლად. ამიტომ გამიტაცა შუმერულმა და ებრაულმა ზღაპრებმა.

არის ერთი გრაფიკული მოთხრობა “გოლიათი”, სადაც დიდი კაცი რაღაც ჰოდორის მსგავსი წარმონაქმნია, ძლიერი, მაგრამ ალალი, რაც, თავისთავად, წინააღმდეგობას ქმნის, იმდენად, რომ შურდულიც კი ამარცხებს. მახსოვს, რომ ჩასჩიჩინებენ, ამხელა ჯარისკაცი ხარო, ვინმე უნდა მოკლაო, კარგიო. მართლაო? არაო. ისეთი ჰუმანური წიგნია, როგორც ერთი თანამედროვე ქართველის ზღაპარი, დევი რომ ადამიანებთან მიდის და ემუდარება, დამიბრუნეთ ჩემი შვილიო. ანცი ბიჭუნაა ეს გოლიათის თვალით დანახული დავითი, თავის გამოჩენას მოწადინებული. თვალებით ელვას უშვებსო, შიშველი ხელებით აქლემი მოკლაო, ლოდებს მიირთმევსო, დიდი აქვსო გოლიათს. სინამდვილეში წიგნების კითხვა ჰყვარებია და ღამის მდინარეზე კენჭების შეგროვება. რამდენადაც გოლიათის მესმის, იმდენად არ მიყვარს ნიჭიერი ადამიანები. ნიჭი ეს ხომ საჩუქარია, მიღებული უშრომველად, ეს ხომ ნიშნავს იცხოვრო მშობლების ხარჯზე, რადგან ოდესღაც რაღაცა იშრომეს, იწვალეს, შეიძლება წვალებისგან შედეგი ვერ მიიღეს, მაგრამ შვილებს გადასცეს, რითიც დამოუკიდებელი არჩევანის უფლება შეუზღუდეს. ეს ნიჭი იმ ლამაზფეხება ქალს ჰგავს, რომელიც თეძოებს ნარნარით ამოძრავებს, მაგრამ ქალიშვილი კვდება. ეს ნიჭი დაბადების დღეზე მიღებულ ტიგროვი შარფს ჰგავს, რომლის გამოც მეგობარს დავშორდი და როცა კონტაქტს ცდილობს, ვუყვირი, რატომ მაჩუქე მეთქი. შეიძლება ჩემი გოლიათი ვენერული კუროა, უკან დატრიალებული მარსით. სისხლში მაქვს გამჯდარი, რომ დევები უნდა მიყვარდნენ, დევებიც და გნომებიც, მაგრამ ხანდახან, როდესაც მზის სხივებს მთვარისა სჭარბობს, ოქროს ნაცვლად ვერცხლის საყურეები მიკიდია, დედის მხრიდან ადამიანებიც მიყვარდებიან.

შეჯამებისთვის, მაშინ როცა ნიფილიმები ადამიანებთან დაეცნენ, აქტი არათუ მამისადმი დაუმორჩილებლობას, არამედ გაყრილი ძმების მიქაელისა და სამაელისგან განდგომასაც წარმოადგენდა. მოიყვანეს ანგელოზებმა ადამიანთა ასულები და მათ სხვადასხვა ხელობა ასწავლეს. მაგალითად, ქარგვა, მჭედლობა, ცეკვა თუ სიმღერა, რომელსაც დღეს ეკლესიაც იყენებს. ამ ზღაპრების თანახმად, სოდომისა და გომორის აღსასრული გოლიათების გამო მომხდარა (ცეცხლის ჩამომტანი ამირანი და ცეცხლის წვიმა). ამ ზღაპრების თანახმად, გოლიათი უნდა მომკვდარიყო, რათა დავითის შთამომავლობას ქრისტე დაებადა. ჩემმა საყვარელმა გრაფიკოსმაც, რომელმაც “მოკლე ამბები” დაწერა (სიტუაცია გამომცემლობაში: “გამოაქვეყნებთ ჩემს “მოკლე ამბებს”? “არა”. მოკლე ამბის დასასრული), მიუხედავად იმისა, რომ გოლიათის ბოლო ვიცოდი, რამდენი დღე გადაბმით მატირა თავისი მინიმალისტური გრაფიკით, ბავშვური მინაჯღაპნებითა და იუმორით. წიგნი გამოვწერე ამერიკის ბიბლიოთეკიდან, უფრო იაფი დამიჯდა და ვისაც გინდათ, გათხოვებთ. თორემ ამ პატარა კომიქსში იმხელა აზრი ჩავდე, ავტორს უნდა დავუკავშირდე და გავაგებინო, რა იცის რაში გამოადგება.
ისე დიდი მართლა ჰქონდა?