ერთხელ პაპაჩემმა მიამბო, როგორ დასაჯა ბავშვობაში მამამ საქონლისთვის წყლის დასხმა რომ დაავიწყდა: ყელზე ზაქის კირკარი წაუჭირა და ცხელ მინდორში წყლის მიუწოდებლად დააბა, იგივე უნდა განეცადა, რომ საქონლისთვის გაეგო. მამა-შვილობაზე საუბარს შევყევით და მეზობლის შთამომავლობით ცოდვაზე მომიყვა. შვილებმა ამ ოჯახში მამა შეკამათების ნიადაგზე მოკლეს. ამ მამამ კი, თავის მხრივ, ახალგაზრდობაში თავისი მამა დაღუპა. დავალებული იყო, ქალაქიდან წამალი წამოეღო, ამან კი გატანებული ფული ნარდში წააგო და რა ექნა, ქალაქიდან ცემენტი ჩაუტანა, წამლად გაასაღა, დღეში სამჯერ ჭამის შემდეგო.
მორალი: წინაპრების ისტორიები ბევრ ჰორორ ფილმზე ბრუტალურია.
ბიბლიის ერთ ინტერპრეტაციაში წავიკითხე უარზე, როგორც შთამომავლობით ვირუსზე. ცნობიერების ნაყოფის აკრძალვით ადამ და ევას პირველად ჩაეტვირთა უარყოფის ნაყოფი და ამ უარყოფის უარყოფით ადამმა უარი ვირუსივით აიკიდა. პირველი რაც გააკეთა, ღმერთისგან დამალვით საკუთარი თავი უარყო. თანაც იმდენად, რომ თავის უარყოფის შიში შთამომავლობას გადასდო. კაენისგან ადამის უარყოფაც შურისძიებაა ღვთის მიმართ, რომელმაც მისი ძღვენი უარყო. ბიბლიის ყველა პასაჟი ასახავს რომ ნებისმიერი ცოდვის მიზეზი უარყოფის შიშია და რომ კაცობრიობა პანიკაშია პირველყოფილი უარის უარყოფის გამო. კაცობრიობის ისტორია არის უარი საზოგადოებისგან, ოჯახისგან, სულიერი თუ ფიზიკური მეგობრისგან და სხვ. ყოველი ფობია უარყოფის შიშისგან იღებს სათავეს. თვით სიკვდილის შიშიც. განსხვავება მხოლოდ ობიექტშია.
ვუყურებ პაპაჩემის ეზოში მდგარ საფრთხობელას და პერსონალურ უარებს ვიხსენებ, ქრონოლოგიურად და დიალოგის სისტემით შეძლებისდაგვარად. ყველაზე მეტი უარი ვისთვისაც მითქვამს მისგანვე მიმიღია და პირიქით. თან წარმოვიდგენ ზაქის კირკარისგან წაჭერილ პაპაჩემს, ცხელ ზაფხულში დახვეული ბუზებით. ალბათ სადღაც, უნარების დონეზე რომ მახსოვს სისხლით. ვიხსენებ იმ გარდამავალ ეტაპებს, როცა უარმყვეს: დედამ მეორე შვილის გაჩენის მერე, მეგობარმა – სკოლაში, კაცმა – სხვა ქალში, გასაუბრებაზე სასურველ სამსახურში. მომინდა ამერბინა უახლოესი გორაკი და მეყვირა: “დიახ!” – ექსჰიბიციონისტური ცოდვების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ დამეზარა და ისტორიების მოსმენა გავნაგრძე, დავტვიტე.
Tag Archives: ადამი
ფლავი და შარბათი მოჰამარისას
ჩემი ყურანით დაინტერესება სკოლის ასაკში დაიწყო, როცა მშობლებმა დამბანეს, ჩამაცვეს, ხელი ჩამჭიდეს და ნათესავების გასაცნობად წამიყვანეს, ჩემი ასაკის გოგონების. მათი ბებია, ბაბუაჩვენის და, დაუბანიათ, დაუვარცხნიათ და მუსლიმანისთვის მიუთხოვებიათ, ჩვენი ხაზი კი იმ ბებიის ხაზზე იძახდა: გაგვეყო, აღარაფერი გვაკავშირებსო.
როგორც კი შევედით, გოგონებმა თავიანთი კაბები შემომაცვეს და სამკაულები ამიწყვეს. ალაჰმა თქვა, თუ რამეს გაჩუქებენ, რაც არ გითხოვია, მიიღე, ეს ჩემგან არისო. მრგვალი მაგიდა მახსოვს, დასვენებულზე ჩაი შემომთავაზეს. ვიაურე, მაგრამ დედამ ჩუმად მითხრა: სხვანაირი ჩაი ექნებათ, დალიეო. ცნობისმოყვარეობამ მძლია და თავი დავუქნიე, მერე კი იმედი გამიცრუვდა ”მარიამის” ერთჯერადი კოლოფი რომ ჭიქაში ჩადო, შაქარი დააყარა და წყალი დაასხა.
ლამაზი გოგონები იყვნენ, დაწყობილი სახის ნაკვთები ჰქონდათ და სითბოს არ მალავდნენ. არც ქუჩებში სახეს და გაბედული ნაბიჯებით დადიოდნენ. ერთი გამომიტყდა: ოცნება მაქვს ჯვარი ვატაროო, – მერე მოინათლა. მთელი ოჯახი მოინათლა. მე კი გადავწყვიტე ჩაის დაყენება თავად მესწავლა. მოიმარაგეთ ჩაი, ფლავი და შარბათი, მინდა ყურანზე გესაუბროთ.
ამასობაში, ყურანი ვიპოვნე, რომელიც არც დაფლეთილი ყოფილა და არც სიძველისგან გაყვითლებული. მაშინაც ასე მივიღე და ახლაც, რომ წიგნი რელიგიური ტრილოგიის მესამე სერია იყო, ძველსა და ახალ აღთქმას რომ მოსდევს. თუ ძველი აღთქმა ქრისტეს მოსვლის შემზადებისთვისაა განკუთვნილი, ახალში ქრისტეს მოსვლაა მოცემული, ყურანში გადმოცემულია ქრისტეს წასვლის შემდეგ ცხოვრება.
ცხოვრება, რომელიც მეტისმეტად გამკაცრდა. ჰოდა, მუსლიმებსაც სჯერათ, რომ სახარების დაკარგულის აღმოსაჩენად დაიწყეს კითხვა. რაღაც სანახევროდ ქრისტიანები არიან, ოღონდ მონათმფლობელურ ეპოქაში დაწერილი წიგნით, სადაც არც ადამიანები ვართ ღვთის ძენი და არც ქრისტე. ყველანი მისი მონები ვართ, ქრისტეს კიდევ ჰო და მუჰამედს, შუამავლის წოდება ჰქონდათ. წინა ორი რელიგიიდან განსხვავებით მეტად მკაცრია. მორიელის ზოდიაქოში შექმნილი. შეიძლება ითქვას, დესტრუქციის რელიგიაა. ყურანის მიხედვით, ღმერთი სამყაროს მოშორებულია დიდი მანძილით. ყურანის ღმერთი აღამებს და ათენებს, სიცოცხლე სიკვდილისგან გამოჰყავს და სიკვდილი სიცოცხლისგან. “ამბობენ, ღმერთს ძე ჰყავსო. მისმა დიდებამან არა. იგი კმარობს თავის თავსა”.
მისი მიხედვით, იესო არ მომკვდარა ჯვარზე, არამედ ჯვრიდან იქცა ცად აყვანილი. მუჰამედი ბიბლიას აღიარებს, წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს: ადამს, ნოეს, აბრაამს, მოსეს, ქრისტეს და თვლის, რომ თავს აგვირგვინებს, რომელმაც უნდა გამოასწოროს მათ მიერ დაშვებული ხარვეზები. მუსულმანი მორწმუნესთვის მტერი მხოლოდ არამორწმუნე შეიძლება იყოს. დღეში ხუთჯერ ლოცვამ მეტად დისციპლინებული გახადა ცხოვრება.
ყურანი, როგორც დოგმატიკათა კრებული რელიგიური საფუძვლით, მუჰამედის სიცოცხლეში წიგნის სახით არ არსებობდა. აწ არსებული ზნეობა მუჰამედისგან ალაჰის გამოცხადებად გასაღდა, შეიკრა და დამოუკიდებელი სახე მიიღო, დამძიმებული რიტუალებით. სურები და აიათები ცალკეულად იწერებოდა ბრტყელ ძვლებზე, პალმის ფოთლებსა და ქვებზე. ნაწილი მოწაფეებმა ზეპირად იცოდნენ და ისე ავრცელებდნენ.
ერთი მეზობელი მყავდა, კაკლის ხესავით მაღალი იყო. კაკალს კი იმიტომ ვამსგავსებ, რომ თავად უყვარდა მასზე ცოცვა. სლიკინა კანზე ეჯაჯღურებოდა და მუდამ ფოთლების სუნი ასდიოდა. ერთხელ, როცა ყულაპის ფუნქციის ბოთლი გაჭრა, ხურდები ქაღალდის ფულში გადაცვალა, მეძავთან წავიდა. მაშინ ბავშვებს ეზოში შტაბი გვქონდა მოწყობილი, შევიკრიბეთ და წაკითხული რჩევები მივეცით.
მაგალითად, მკითხავი ხალხისგან ემბრიონის სქესის დადგენის ერთი საშუალება ვიცოდი: ღმერთის სახელი იყო “აუმ”, ორგაზმის დროს, ჩასახვისას, რომ აღმოხდებოდა კაცს, ქალს კი ჩასახულის დაბადებისას. მედიტაციისას და ლოცვებისას ამ ბგერას ამიტომაც მიმართავდნენ, როგორც ენერგიის გამოყოფას და შთაბერვას. თუ კაცი წევს მარცხენა მხარეს, ქალი კი მარჯვენაზე, მაშინ კაცის სუსნთქვა მზისა არის, ჰაერი, ძირითადად, მარჯვენა ნესტოად შედის, ქალის სუნთქვა კი მთვარისაა, ამ შემთხვევაში ბიჭი გაჩნდება. ხოლო თუ კაცი წევს მარჯვენა გვერდზე, ქალი კი – მარცხენაზე, მაშინ კაცი იმყოფება მთვარის სუნთქვაში, ქალი კი – მზისაში. ამ შემთხვევაში გოგო გაჩნდება. თუ კაცი და ქალი მზის სუნთქვაში იმყოფებიან ფემინური ბიჭი გაჩნდება, კაცი და ქალი თუ მთვარის სუნთქვაში არიან, – ვაჟკაცური გოგონა.
ჰოდა, ჩვენს მეზობელს ერთი პანკისელი მუსლიმი ჰყავდა ამოჩემებული, სუფიზმს მისდევდა. რომ დაბრუნდა, მაისური გადაიხსნა, დასერილი ზურგი გვაჩვენა და თქვა: მოჰამარი ჩემზე ჩაატარაო. მაშინ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცოდი და თანდათან შევაგროვე ინფორმაცია. მეზობელს კი მერე ჭლექი დაემართა.
მოჰამარზე ცნობები ჯერ კიდევ მე-7-მე-8 საუკუნეების არაბულ ქრონიკებში გვხვდება. მისტერიაში იკვეთება ძირითადი მომენტები: როუზე, დასთე, თაზიე. იმართება ყოველწლიურად. მთვარის კალენდრის მიხედვით, პირველი თვის დასაწყისში. მოძრავი დღესასწაულია. მთვარის ფაზებზე დამოკიდებული და ხშირად შემოდგომას ემთხვევა. დროთა განმავლობაში პოლიტიკური და კლასობრივი ბრძოლის ფორმად გადაიქცა სამღვდელოებისგან. წარმოშობა უშუალოდაა დაკავშირებული ისლამის წარმოშობასთან.
იკერავენ ახალ ტანსაცმელს, ყიდულობენ ახალ ჭურჭელს, შლიან სუფრას. ამზადებენ ფლავსა და შარბათს. არ იხდიან ქორწილებს და სხვა ზეიმებს. ერიდებიან სქესობრივ კავშირსა და მოგზაურობას. კაცები წვერს არ იპარსავენ. იცავენ ”ნამაზის” (ლოცვის) რიგს და სხეულის რიტუალური განბანის წესს. ორმოცი დღე მარხულობენ. აივნებს, ფარდულებს, გზებს ფერადი ქსოვილებით 2-3 დღის განმავლობაში ფარავენ. მწვანე, წითელი და შავი ფერის დროშებს შლიან. სურათებსა და სარკეებს შავი ფერის საბურავებს აფარებენ. ალმებსა და ლამპიონებს სირაქლემის ბუმბულით აწყობენ. საუბრობენ შიიტ წმინდანებზე: ალიზე, ჰასანზე და ჰუსეინზე.
შიიზმი აიდიალებს მუჰამედის შთამომავლობას. ჭეშმარიტად მხოლოდ იმ ჰადისების ცნობას, რომელიც მუჰამედის ოჯახის წევრებს ეკუთვნის. განსაკუთრებულ უპირატესობას იჭერს ალის კულტი. ალაჰმა ერთხელ მუჰამედს უთხრა: “შენ თუ არა, არ შევქმნიდი სამყაროს, მაგრამ თუ არა ალი, არ შეგქმნიდი შენ.” მეორე ლეგენდის მიხედვით კი ალაჰს შეშლია, ყურანი ალისთვის უნდა მიეცა და მექანიკურად მუჰამედისთვის მიუცია. ამის მერე ამბობენ, ვის არ შეშლიაო.
მოჰამარის გარდა ტანჯვა–წამების სიხარულით შემცვლელი რიტუალები ნამაზით იწყება. ნამაზის მოძრაობები ვარჯიშის ფუნქციაა, წვრთნა. მე თავის გამოლაყებას ვეძახი, როცა სისხლი აქეთ–იქით მოძრაობს და ბრუნვას ექსტაზში შეყავხარ. ვიღაცას თუ ეზარება ნამაზის შესრულება, მუჰამედი, როცა კვდებოდა, ისევ ნამაზზე ფიქრობდაო, ამბობენ ხოლმე.
ზრდილობის დაუწერელი კანონები, ისლამში დაწერილია. მაგალითად, დაბანის წესია: კბილების გახეხვისას სამჯერ გამოივლოთ წყალი. მარხვის შემთხვევაში ყელამდე არ უნდა ჩაიდო ჯაგრისი. წყვილი ორგანოების დაბანვისას მარჯვენათი უნდა დაიწყოთ. ხელებისა და ფეხების დაბანისას თითის წვერებიდან დაწყებაა საჭირო. წვერების ძირის გამობანა არ უნდა დაივიწყონ. ცხვირი მარცხენა ხელით უნდა მოიწმინდონ, ნესტოებში წყალი სამჯერ უნდა შეისხას. ყოველი დასაბანი ორგანო სამჯერ უნდა დაიბანოს. თითზე ბეჭედი უნდა შეიქანოს, წყალმა რომ გაუაროს. დაბანილ ორგანოებზე ხელი უნდა მოისვას. თითებს შორის ადგილები უნდა გამოიბანოს. ჯერ ჭუჭყი სადაცაა, ის ადგილი უნდა მოიბანოოს. სასქესო ორგანოები არ დაივიწყოს.
მოჰამარს რომ დავუბრუნდეთ, უმეტესად, საღამო ხანს იწყება. მქადაგებლები შავ განიერ ხალათებს იცვამენ, თავზე შავ ან მწვანე ფერის, მრგვალ, დაბალ ქუდებს იხურავენ. თვითგვემის იარაღებია: ჯაჭვი, ხელის ტვიფრი, ხის ჭურჭელი, ”კაშკული” და როუზეხანის ქუდი.
ადრე როუზზე არამუსლიმის დასწრება აკრძალული იყო. ამ დროს სახლებს ისე აწყობდნენ, როგორც მეჩეთში. კამფეტების, ტკბილეულების, ხმელი ხილისა თუ ხურდის სანაცვლოდ პატარა ბიჭებს წყლით ამარაგებდნენ. წყალი არ უნდა შემოლეოდათ. ვარდის წყალს შუა როუზეს კითხვის დროს მომლოცველებს აპკურებდნენ ხელის გულებზე. ვინც ხანგრძლივად მარხულობს, ის არ მარხულობსო, მუჰამედმა. ერთი პერიოდი მუჰამედმა შარბათი აიკრძალა კიდეც ცოლების გამო, მაგრამ ალაჰი გამოცხადებია და უთქვამს, დალიეო. შენიშვნად ვიტყვი, რომ მარჯვნივ გადაწოდება საჭმლის, წესია. ოქროსა და ვერცხლისგან დამზადებული ჭურჭლით არ შეიძლება წყლის დალევა. სასმლის ჩამომრიგებელი სასმელს ბოლოს სვამს.
ადრე როუზე უფრო დიდხანს გრძელდებოდა. ზოგ ნაწილს მშვიდად კითხულობდნენ, ზოგ ადგილებში კი მიმიკების და ჟესტების დართვით. ხშირად გაისმოდა ხმამაღალი შეძახილები და ქვითინი. გავიხსენოთ, ვეფხისტყაოსანი, სანახევროდ, აღმოსავლურ მოტივებზე აწყობილი პოემა, ტირილისა და დახოკვის რა სცენებიცაა, მუსლიმანური გავლენითაა. ძველი ჩვევით, მუსულმანები ახლაც იფიცებენ მზეს, შენმან მზემანო, იტყვიან ქართველებიც. მზის კულტი ალაჰის მოსვლამდე წამყვანი რელიგია იყო.
მოჰამარისას სმის და ლოცვების შემდგომ გადიან ქუჩებში განიერი შარვლებით, წვეტიანი ჩხირები ჩაერჭოთ შიშველ სხეულებზე, ლურსმნები, ზანზალაკები, შუშის ნატეხები აქვთ ჩამოკიდებული, ზოგსაც ის ნივთები ტანში – გაყრილი. იძახიან: ”შაჰ ჰუსეინ”, ”ვაჰ ჰუსეინ”, ხალხი პასუხობს: ”მაჰზუმ-მაჰზუმ” (ტანჯულო-ტანჯულო).
გლოვა ხშირად მთელი თვე გრძელდება. გლოვის წინა დღეს კითხულობენ თასურის ხუტბეს, ჰასანისა და ჰუსეინის მწვალებლობის ისტორიას. ქალები მუხლის ჩოქვით დგებიან. ხორბლის კერძის ”ჰალალით” უმასპინძლდებიან რელიგიურ ექსტაზში მყოფ ხალხს. უშუალოდ დგამენ სცენაზე წამების სცენას. ყვიარიან: ”ომარ ქოშთ, ომარ ქოშთ(მოკლეს)”. ამ პროცედურის გამო ომარ ქაშანს ეძახიან. ღამის პროცესიის შემდეგ აბანოში მიდიან ჭრილობების დასაამებლად.
სამაგიეროდ, ალაჰი ლამაზ ქალიშვილებს ჰპირდება საიქიოში იმ მამაკაცებს, რომლებიც სააქაოში ერთგულებას იჩენენ ღვთისა და მუჰამედისა. ალაჰი ქალისთვის რამდენჯერმე გათხოვებას უშვებს, მაგრამ სამოთხეში კაცებს ცოლებთან ერთად მხოლოდ ქალწულები ელოდებიან. რიგ–რიგობით სარეცელზე წამოწოლილნი, იქ არიან დიდრონი შავთვალა ქალიშვილები, თვალად მორცხვნი, რომელთაც კაცი არასდროს მიჰკარებია, არც ჯინი. კარვებში დაცულნი ზრუნვით მოვლილი მარგალიტთა მსგავსი მზეთუნახავები. სამოთხის მზეთუნახავნი გაჩენილნი გვყვანან განსაკუთრებულის შემოქმედებით. გულმკერდიანნი, საამო საგრილნი ჰპოვონ წყლის ნაკადულით მორწყულ წალკოტებშიო. ასე რომ, ყურანი ღარიბებს სამოთხის ფანტაზიას უღვივებს. მომავალ შარბათამდე.
ხვრელი
ფუტურო იყო.
გარსი გადაუწიეს და ფუტურო აღმოჩნდა.
სისხლი უნდა დაღვრილიყო იმ ქალწულივით ჭრილობის მერე ვაკუუმში რომ შეგიყვანს. თუმცა, ეტყობა, ამდენი უნდა დაექცია ზუსტად ფუტურო რომ გამხდარიყო.
ჯერ თითები შეახეს, შეუყვეს და ვერ ხვდებოდნენ, რა უფრო უკვირდათ მისი სიცოცხლე თუ აწ ვაკუუმი სიკვდილის მერე.
გახსოვთ, როგორ მოკვდა ადამი? ჯერ დაიბადა, – ხვრელიდან თიხის გორგოლასავით დაეცა, რამდენადაც არსად ყოფნას შემეცნება არჩია, მერე მერკურიმ ისარი სტყორცნა. მერკური, როგორც გონების სიმბოლო ორ სამყაროს შორის გადამყვანია. ბოლოს ადამი მიწას შეერწყა, დააპურა და იქიდან წამოიზარდა ხე.
თავიდან იყო ხე.
მიწა იყო და მიწად იქცა კი არა, ხით შესცოდა და ხედ იქცა.
იმ ხიდან გამოთალეს ჯვარი, რომელიც იმდენს იწონიდა, რამდენსაც ადამი თავის დროს.
მხნე კაცი იყო შრომისთვის შექმნილი, მისი მკლავები კი შეხებისთვის ფართო და მკვეთრი:
მთელი ცხოვრება ხეებს რგავდა და ხედ იქცა.
ახლა კი, როცა მოწაფეები უთვალთვალებდნენ სიღრმეს ადამის ზურგზე მომკიდებლის და ლურსმნებით მასზე მიდებულის, ხედავდნენ, როგორი ფუტურო იყო.
ადამზე უნდა მიჯაჭვულიყო, რომ ეხსნა.
მოწაფეები ხანდახან ისმენდნენ, რომ ის ღმერთი იყო, ღმერთი კი მინუს-პლიუსის ნულოვანი სათავე, საწყისი. აინტერესებდათ როგორი იყო ის და აუწიეს გარსი.
რომ შეეხედათ, ჯერ გაეჭრათ უნდა.
იხილეს რა სიცარიელე, რომლისგანაც სისავსე მოდის, არაფერზე დაიწყეს ლოცვა.
გამორიცხვის მეთოდს მიმართეს.
გამორიცხეს ყველა შესაძლო ვარიანტი ბუნების წიაღიდან – ციური სხეულებიდან, ფრინველებიდან, ცხოველებიდან დაწყებული ადამიანის გავლით და მიხვდნენ, ეს უკვე აბსურდი იყო.
თუ ღმერთი ჭეშმარიტება იყო და არაფერი ერთადერთი ჭეშმარიტება, რადგან მხოლოდ არაფერი არ რიცხავდა და არ ეწინააღმდეგებოდა არაფერს, ლოცვისას არაფერზე ფიქრობდნენ. სახლებს ხეებისგან აშენებდნენ და ფიქრობდნენ, რომ წვიმისგან არაფერი იცავს.
one night stand
<< ნაოპერაციები ხარ. გავიგე შენი ნეკნის ამბავი. როგორ ხარ?
მე საკუთარ აბორტს ვიკეთებ და დროდადრო ვღვრი წყალს,
იმ წყალს, რომლითაც მუშამ მოგვზილა.
გამარჯობა, ადამ! მე დავბრუნდი.
მე შენი ცოლის საყვარელი ვარ.
შენი ლილიტი. >>
თითები შევყავი.
ჩაშავებული რომ იყო ზედ მოწოლილი სისხლისგან და დროდადრო ქვემოთ ჩამოქაჩვით ვაწვებოდი მუცელს ზემოდან. მალე კანი ცელოფნის პარკივით თხელი და გამჭირვალე გახდა, შიგნიდან სახე არეკლოდა.
მე კი ამ სიფრიფანა კანიდან ვეხებოდი ქვეშეთიდან მომზირალ ნაკვთებს და მიკვირდა, რა მკაფიოდ ჩანდა ახალი სახე.
ლილემ სისხლთან ერთად იმშობიარა.
ვხვრიპავ, დიახ, სწორედ ეს სიტყვა შეეფერება, ჰაერს და ვყვირი: ”ჩვენ ყველანი ადამები ვართ. ყველა ჩვენთაგანს გაუვლია მისი სხეული.” ღმერთის გამოგდებულ ადამებს ვიღებ საშოდან. ბებიაქალი ვარ. ვაქნებ თავს და დანანებით ვამბობ: ”შენც დაგსაჯა?” ის ტირის.
ჩემი შეყვარებული მეორადი მოხმარების თვითმკვლელია, მე კი მისთვის მეორადი მოხმარების საყვარელი.
ეს მისი შვილია, მაგიდის ქვეშ რომ დაფოფხავს, წლების წინ რომ ვამშობიარე.
ჩემი ქმრის შვილი გავუჩინე სამყაროს.
გადავწყვიტეთ, ღალატისთვის შური გვეძია.
ერთ სამშობიაროში ვმუშაობთ. ძირითადად აბორტებს აკეთებს.
ჩემი და ლილეს ურთიერთობა ”one night stand”-იდან დაიწყო. ასე ერქვა იმ სასტუმროს, სადაც დავრჩით. რკინის საწოლი გვქონდა და როცა საბანიც დაგვაწვა, კიდევ მეტად ჩავიწიეთ ლოგინის ხვრელში.
„აქ ხარ?“
მიღიმოდა ლილე.
„არა.“
ვიღიმოდი.
ის ცეკვავდა, როგორც მოხარკე, მოვალე, თუ როგორ ვთქვა.. წართმეული ემოციებით და თითქოს ინსტინქტებს წოვდა ცეკვისას.
იცოდა ხელის მოკიდება ჩემს ხელებზე და სუნთქვა მოკუმშული ფილტვებით. სულ უფრო მეტად იკავებდა სუნთქვას მეტი ეფექტისთვის. მერე ქშინავდა.
იმ დღეს ეთერული ცრემლებით ტიროდა.
მე კი მის გახდილ კაბას ვკბენდი შორიდან, სიმწრისგან, შურისგან.
იმ დღეს ორად გაყოფილი ენა ჰქონდა. ყვირილის დროს შევამჩნიე.
შემეშინდა, რომ აქამდე – ვერ.
დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ალერსის დროს მის ხმას ექო ჰქონდა.
პირველი ენით მე მესაუბრებოდა, მეორეთი – დანარჩენებს.
თუმცა ყველა ჩვენთაგანს იმ პირველი ენის ილუზია ჰქონდა.
იმ დღეს ქუჩაში დავიძინეთ. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა თავისუფალი ხიდის ქვეშეთის შოვნა.
ვფიქრობ იმ სიტყვებზე, რომლებიც ხმამაღლა არასდროს გითქვამსო.
დავფიქრდი და მეც დავიწყე მათი გახსენება.
”ისეთი სიტყვები არ ითვლება, რომლებიც არ გაქვს გაგონილი. აი, რომ იცი, მაგრამ არასდროს გითქვამს, მაინტერესებს შენი მეხსიერება.”
როცა შემატყო, რომ ჩუმად ვიყავი და ვიხსენებდი, გახსენების დროს მოგონება შუა პერიოდიდან დაიწყე და ახლა ალბათ რამდენჯერმე ჩახვედი და ამოხვედი ქვეშეთშიო. ქვეშეთს ბავშვობას ეძახდა.
– იცოცხლებს?
– ცოცხალია? – ვსაუბრობდით პროფესიაზე და ქმარზე:
– რას ამბობენ, რისგან მოკვდაო?
ყოველ ჯერზე ის ახალი ზღაპრებით აძინებდა ბავშვს:
„მე ის შვილი ვარ შენ რომ წაგცდა შემთხვევით.
გამარჯობა კაენ! შენ – ჩემი ნახევარძმა.“
ერთხელ მოიღუშა და გამიღიმა:
„და ევა – შენ, ჩემი ქმრის ცოლი.“
მოვიფხანე თავი, როგორც ბავშვობის აკვიატებული ჩვევა და წავედი.
ამით მიხვდა, რომ ლილიტი და ევა ერთიდაიგივეა.
”ცოცხალი აღარაა, ჩვენ არაფერი გვაერთიანებს”, – ვუთხარი და ბოლო ქვითარი დავუტოვე მაგიდას.
ის კი ხალხთან მიცუცდებოდა და ძაძებიან ცხოვრებაზე ისტორიებს ყვებოდა:
”როგორც ჩემზე დაწერილ პოემაშია, თქვენს შვილებს როგორ სიყვარულსაც აუკრძალავდით, მე ისეთი სიყვარული ვიცი”.
მამაო ჩვენოზე
ტრადიციული ვერსიით, ”მამაო ჩვენო”, ლოცვა, რომელიც სხვადასხვა ქრისტიანულ მიმართულებებს აერთიანებს, იესო ქრისტემ წარმოთქვა. მისგან იღებს სათავეს მას შემდეგ შექმნილი სხვა ლოცვები. ითვლება, რომ იგი შეიცავს შვიდ თხოვნას და სამყაროს შვიდ საწყისს აერთიანებს.
სამკუთხედით აღნიშნულია ღვთიური საწყისი და ამ მხრივ მსგავსია ინდური ღვთაებრივი სამკუთხედის: ბუდას, ვიშნუს და შივას კუთხეების, როგორც სიყვარულის, იმედისა და რწმენის. ქალური ელემენტის არსებობა ღვთიურ კუთხეებში ქრისტიანობის ზოგ მიმართულებებში მკრეხელობად ითვლება. ღმერთი მამრობითი არსის მატარებელია და მდედრობითი საწყისი შუამავალია. სულიწმინდა, როგორც ქალური ბუნების ინტერპრეტაცია მწვალებლობად ითვლებოდა. თუმცა არსებობს ვერსია, რომლის თანახმადაც, ღვთისმშობელი არა მხოლოდ წმინდანია, არამედ სამებას განეკუთვნება და სამყაროში ნებისმიერი მოვლენა სქესობრივი ურთიერთობის შედეგია.
კვადრატს ენერგიის შესვლა-გაცემა ეხება. ლოცვაში გათვალისწინებულია ადამიანური ბუნების ოთხი ძირითადი ნაწილი. ყურადღება გასამახვილებელია, რომ ადამიანის ”მე” ითვლება ყოველგვარი ბოროტების სათავედ. ასევე შეიცავს ფიზიკურ სხეულს, ღმერთმა ადამ და ევას რომ მისცა ტყავის სახით, მას შემდეგ, რაც აკრძალული ხილი მიიღეს. შედგება ასტრალური სხეულისგან, ანუ გულისთქმისგან, განსაცდელისგან და ეთერული სხეულისაგან.
ოქროს საწმისი და ცნობიერების ხე
გიფიქრიათ ლილიტისა და ადამის მედეასა და იასონთან დაკავშირება?
რაც უფრო ხშირად ვეცნობი ნაწერებს მითების ერთმანეთისგან წარმომავლობაზე , – მით უფრო ხშირად.
წარმოიდგინე, ბაღი უამრავი ხილით, მოჩხრიალე ნაკადულით. ცენტრში აღმართული ხით, მასზე შემოხვეული გველით. ხემ ვაშლი გამოიღო ან ტოტზე კიდია ცხვრის ტყავი. ეს სამოთხეა ან კოლხეთი. რაღას არ ფიქრობენ, რა იყო აკრძალული ხილი.
თვლიან, რომ ბაღში არა ოქროს ვაშლები, არამედ ოქროს ცხვრები იმყოფებოდნენ. მეტიც, ეს ორი სიტყვა ერთნაირად იწერება. ეს ვარიანტი სამოთხის მითს უახლოვებს კოლხეთის ბაღს, სადაც გველი იცავს ხეს. ხეზე ცხვარი კიდია.
ცხვარი პირველი ცხოველია, რომელიც ადამიანმა მოაშინაურა. მის საწმისს ინახავდნენ იმიტომ, რომ ჰქონოდათ წმინდა რელიქვია, რომელიც თავისთავში შეიცავდა ღვთაებრივი არსების ნაწილს.
ბერძენ და რომაელ ავტორებს კოლხეთი და იბერია მიაჩნდათ ქვეყანად, სადაც განსაკუთრებით განვითარებულია სწავლება შხამებზე, საწამლავებზე, რამაც შემდგომი განვითარება ჰპოვა. კოლხური მედიცინა კი მსოფლიო მედიცინის დასაბამი იყო.
შტაინერმა რომ დაწერა კაცობრიობის განვითარების გზაზე, მის მიხედვით, მითი არგონავტებზე აგვიღწერს მესამე რასიდან მეოთხე კულტურულ პერიოდზე გადასვლას. გადასვლა იმას ნიშნავს, რომ საკაცობრიო კულტურის მანამდე ერთიანი ნაკადი ორად გაიყო: მისტერიათა სიბრძნედ და გარეგნულ განსჯით მეცნიერებად. ანუ ჯერ ადამიანი იყო მხოლოდ ინსტინქტებით, მერე მახსოვრება გაუჩნდა და ბოლოს განსჯის უნარი (ცუდისა და კარგის გარჩევის, საამაყოსა და სასირცხვილოს და სხვ.). სწორედ ეს მოხდა სამოთხეში ვაშლის მიღებისას.
ამბობენ, რომ სიყვარულსა და შემეცნებას ადრე ადამიანი ერთიანად აღიქვამდა ანუ პირველად სიბრძნეს ფლობდა. ვერძი სიყვარულისაა და შემეცნების სიმბოლო იყო. მისტერიათა სიბრძნე კი სიყვარულს უკავშირდება. ეს იმგვარი სიბრძნეა, რომელიც ნებათაგან ვერ მიიღწევა. კამასეულ ძალთაგან განწმენდის გარეშე. განსჯითი მეცნიერება კი მისგან განწმენდის გარეშეც მიიღწევაო.
იმასაც ამბობენ, პირველად იყო მითი და როცა აღარაფერი იქნება, მითი დარჩებაო. ვიმკითხავებთ: არსებობს? – არ არსებობს? არსებობს? – არ არსებობს? მე ბლოგი მაქვს, სოციალური ქსელები და სხვა. რამე დარჩება ჩემი არსებობის დამამტკიცებლად. მითად დარჩენა გამიჭირდება. მოსაწყენია. სიკვდილამდე მოვიფიქრებ რამეს.
ადამიანის აგებულება რელიგიების მიხედვით
”სპირიტიზმი და მატერიალიზმი ერთი და იგივეა, ისინი მხოლოდ განსხვავებულ ფაზებს წარმოადგენენ, რომლებშიც თანმიმდევრულად იმყოფება ერთი და იგივე ადამიანი”.
ოტტო ვაინენგერი
და შექმნა ღმერთმა ადამი ხატად ღვთისა. თავისნაირი სრულყოფილი და სამება. მოდი, ვნახოთ, რას ამბობენ სხვადასხვა რელიგიები ადამიანის ანატომიაზე. ბევრ რელიგიას სწამს, რომ ადამიანს სული ფილტვებში გადაეცა. მისი კონტროლით შესაძლებელია ფრენა და წყალზე გავლა. ამ ცენტრს ტრალმუტაციის ცენტრი ჰქვია. გულის კონტროლის მეშვეობით ხდება ადამიანის შემდგომი განვითარება. მესამე თვალი ავითარებს შემეცნების შესაძლებლობას.