ბოშა ქალი

4-Gypsy

“რეალური ზღაპრების” პირველ ლექციაზე, ქვე-სათაურით “აურა”, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ საშუალო კლასზე ისაუბრა, რომელიც კვირაში ერთხელ ფაბრიკასა და ბასიანზე გართობის ფუფუნებით კმაყოფილდება და კოპი-ფეისთ წრეს ქმნის. რომ გალაკტიონი იმდენად დაფიქსირდა ქართულ რეალობაში, რომ სუიციდის აქტით ხელოვნების მკვლელად იქცა, როგორც შოთა რუსთაველი იყო შუა საუკუნეების ქართული მწერლობისთვის. რომ სქესობრივ აქტში ფულის გადამხდელი კაცი აფიქსირებს არა იმდენად უფასო სითბოს უქონლობას, არამედ სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის მატერიალური წარმოჩენის უნარს. რომ ლუვრში ორიგინალი ჯოკონდას ღიმილისთვის ჩასულ ტურისტებს ძეგლი ზურგიდან აქვთ ნანახი, სელფის ჯოხებთან ფრონტალური კონტაქტის გამო. რომ კოკა-კოლა ამერიკაში დემოკრატიის სიმბოლო არის, ყველა სოციალური ფენის ადამიანი განურჩევლად რომ სვამს. რომ მარტოობა არის ერთჯერადობის გამოვლენა, როცა ადამიანი კოლექტიურ კვალს არ უერთდება.

ლექცია დაიწყო აურაზე თეოსოფოსების წარმოდგენით და მოდერნისტული თეორიით გაგრძელდა, სადაც დიუშანის მზა პისუარის კოპირაიტის გარეშე გამოფენა პლაგიატის აქტი არ გვგონია და პოსტ მოდერნიზმში უორჰოლმა კონსერვის ქილების გადამრავლებით რაოდენობა ხარისხზე წინ დააყენა. აურის ბენიამინისეული გაგებით თანამედროვეობაში აურა დაიკარგა, რადგან აურის მატარებელი მხოლოდ ორიგინალი შეიძლება იყოს. როგორც წესი, მიმბაძველი ადამიანი საშუალო ფენის წარმომადგენელია, რომელიც თავს ნიმუშის ასლით ტკბობის საშუალებას აძლევს, რადგან ორიგინალის ფუფუნება არ აქვს. ლექცია ერთგვარი მოწოდება იყო მარტოობისკენ, რომელიც კოლექტიური ცნობიერების ინდივიდუალური ცნობიერებით ჩანაცვლებით მიიღწეოდა. ნამდვილად სახასიათო ღიმილი აქვს ამ ლექციის ლექტორს, ვინც შეხვედრილხართ, დამეთანხმებით ალბათ.

gypsy-tv-show-on-netflix-cancelled-or-renewed-590x218

ამ ზაფხულსვე Netflix-მა ახალი სერიალი გამოუშვა დამწყები მწერლის ლაიზა რუბინის ავტორობით Gypsy. “ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს?” – სერიალის სლოგანია და დასმულია საკითხი – თუ პიროვნება სინამდვილეში მიმბაძველია, მისგან ინდივიდუალური ცხოვრების ქონის მოთხოვნა რამდენად ეთიკურია, ანუ მიმბაძველი ტიპაჟი სხვების მიბაძვის გარეშე პიროვნულობას თუ კარგავს. სერიალის მთავარი პერსონაჟი ფსიქოლოგ-თერაპევტი ჯინ ჰოლოუეია. მას შემდეგ რაც ქვეცნობიერის კვლევა დაიწყო, თავისუფალი ნების არ სჯერა. როგორც იქნა ოცნების მამაკაცს მოანდომებს მასთან მონოგამიურ ცხოვრებას, გაუჩენს ჯანმრთელ და ჭკვიან გოგონას, ფსიქოლოგიის კათედრის კოლეგებში ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ პერმანენტულად მაქციური სურვილები იპყრობს. იგი არ მუშაობს მხოლოდ პაციენტებისგან მონაყოლი ინფორმაციით, არ სჯერდება სხვების აღქმას, პირიქით, შენიღბული იდენტობით და პაციენტების ცხოვრებაში დასადგურებით ცდილობს მათ შველას.

მაგალითად, ჰყავს პაციენტი ნარკოდამოკიდებულებით და მის დასახმარებლად ნარკოტიკი ჯერ საკუთარ ტყავზე უნდა გამოსცადოს, მერე საცხოვრებელი სახლი დაუთმოს. ჰყავს პაციენტი ქალი, რომელიც მოჭარბებული დედობრივი ინსტინქტისგან იტანჯება და რახან შვილს გასაქანს არ აძლევს, შვილისთვის იგი უინტერესოა. ჯინი პაციენტის შვილს ვითომ შემთხვევით უმეგობრდება, პირველწყაროდან იგებს თუ რატომ უკეთებს დედამისს იგნორს და შემდგომ თერაპიის კათედრაში მისულ პაციენტს ადეკვატურ რჩევებს აძლევს. ჰყავს პაციენტი ბიჭი, ვისაც დაშორების გადატანა უწევს თავზეხელაღებულ გოგოსთან. იმისთვის, რომ ამ ბიჭის განცდები აღიქვას, ამ გოგოსთან გააბავს რომანტიკულ კავშირს. როგორც ყველა სუპერგმირს, გადაქცევის რიტუალი სჭირდება. მაგალითად, კლარკ კენტი სუპერკაცად გადაქცევისთვის სათვალეს იხსნის და თმას უკან იწევს. ჯინი თმას ისწორებს, N4 შანელის სუნამოს ისხამს და ვისკის სვამს ღვინის ნაცვლად.

ჩემი აზრით, იყო ორიგინალის ასლი, ჰგავს განტევების ვაცად ქცეულ პაიკს შაჰმათში. The Veritas-ის სერიაში ასლი რომ უნდა მოკვდეს ორიგინალისთვის. ამიტომ გვაწვდიან რარიტეტული წიგნების დაქსეროქსებულ ვარიანტებს ბიბლიოთეკებში. იყო ასლი ნიშნავს განვითარდე, რადგან ბავშვს მიბაძვით შეუძლია ლაპარაკის და ქცევების სწავლა. ბნელ ოთახში უკონტაქტოდ გამოკეტვის ალტერნატივაში უკონტაქტო ბნელ ოთახს მიბაძავს. უნიკალურობაზე ფიქრი კი მეამიტობაა როგორც თავისუფლებაზე საუბარი ქვეცნობიერთან ერთად. ერთხელ ცხოვრება დიდ მარკეტს შეადარეს, სადაც მუდმივად გიწევს ყოფნა და მზა პროდუქტების არჩევა, აღარ მახსოვს ავტორი. ჩემი აზრით, ეს ბაშაობა, მრავალი ნაციის და რელიგიის მატარებლობა პოსტმოდერნიზმის სიმბოლოა. სიმბოლო, რომ ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა კი არა, საკუთარი თავის შექმნაა. ხოლო პარასკევობით, როცა კლუბში თავს უჯრედად გრძნობ კოლექტივიდან, როცა ცეკვავ იმის ნაცვლად რომ მუსიკა დაწერო, როცა არემიქსებ იმის ნაცვლად, რომ გამოიგონო, შენ ამით ორიგინალს იცავ. იქნებ შენც, კაძუო იშიგუროს Never Let Me Go-ს პერსონაჟივით, ეროტიკულ ჟურნალებს ორიგილანის საპოვნელად ფურცლავ. ორიგინალის სტატუსით მოღვაწეობ, მაგრამ როცა მარტო რჩები, ჩემსავით ბოშა ხარ.

პირველად იყო უარი

75687.jpgერთხელ პაპაჩემმა მიამბო, როგორ დასაჯა ბავშვობაში მამამ საქონლისთვის წყლის დასხმა რომ დაავიწყდა: ყელზე ზაქის კირკარი წაუჭირა და ცხელ მინდორში წყლის მიუწოდებლად დააბა, იგივე უნდა განეცადა, რომ საქონლისთვის გაეგო. მამა-შვილობაზე საუბარს შევყევით და მეზობლის შთამომავლობით ცოდვაზე მომიყვა. შვილებმა ამ ოჯახში მამა შეკამათების ნიადაგზე მოკლეს. ამ მამამ კი, თავის მხრივ, ახალგაზრდობაში თავისი მამა დაღუპა. დავალებული იყო, ქალაქიდან წამალი წამოეღო, ამან კი გატანებული ფული ნარდში წააგო და რა ექნა, ქალაქიდან ცემენტი ჩაუტანა, წამლად გაასაღა, დღეში სამჯერ ჭამის შემდეგო.
მორალი: წინაპრების ისტორიები ბევრ ჰორორ ფილმზე ბრუტალურია.
ბიბლიის ერთ ინტერპრეტაციაში წავიკითხე უარზე, როგორც შთამომავლობით ვირუსზე. ცნობიერების ნაყოფის აკრძალვით ადამ და ევას პირველად ჩაეტვირთა უარყოფის ნაყოფი და ამ უარყოფის უარყოფით ადამმა უარი ვირუსივით აიკიდა. პირველი რაც გააკეთა, ღმერთისგან დამალვით საკუთარი თავი უარყო. თანაც იმდენად, რომ თავის უარყოფის შიში შთამომავლობას გადასდო. კაენისგან ადამის უარყოფაც შურისძიებაა ღვთის მიმართ, რომელმაც მისი ძღვენი უარყო. ბიბლიის ყველა პასაჟი ასახავს რომ ნებისმიერი ცოდვის მიზეზი უარყოფის შიშია და რომ კაცობრიობა პანიკაშია პირველყოფილი უარის უარყოფის გამო. კაცობრიობის ისტორია არის უარი საზოგადოებისგან, ოჯახისგან, სულიერი თუ ფიზიკური მეგობრისგან და სხვ. ყოველი ფობია უარყოფის შიშისგან იღებს სათავეს. თვით სიკვდილის შიშიც. განსხვავება მხოლოდ ობიექტშია.
ვუყურებ პაპაჩემის ეზოში მდგარ საფრთხობელას და პერსონალურ უარებს ვიხსენებ, ქრონოლოგიურად და დიალოგის სისტემით შეძლებისდაგვარად. ყველაზე მეტი უარი ვისთვისაც მითქვამს მისგანვე მიმიღია და პირიქით. თან წარმოვიდგენ ზაქის კირკარისგან წაჭერილ პაპაჩემს, ცხელ ზაფხულში დახვეული ბუზებით. ალბათ სადღაც, უნარების დონეზე რომ მახსოვს სისხლით. ვიხსენებ იმ გარდამავალ ეტაპებს, როცა უარმყვეს: დედამ მეორე შვილის გაჩენის მერე, მეგობარმა – სკოლაში, კაცმა – სხვა ქალში, გასაუბრებაზე სასურველ სამსახურში. მომინდა ამერბინა უახლოესი გორაკი და მეყვირა: “დიახ!” – ექსჰიბიციონისტური ცოდვების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ დამეზარა და ისტორიების მოსმენა გავნაგრძე, დავტვიტე.

მოწმის როლი დანაშაულში

1106982-_br90cdqbgk___kgrhgoh_emejllluimhbk_wc9nz5g___12

თუ დე სადისთვის ბუნება სტრიპტიზის მოცეკვავე ქალს ჰგავს, რომელიც თავის შესაძლებლობებს განახებს, მაგრამ პოტენციას გიზღუდავს აკრძალვით, ბუნება ჩვენთან დომინანტური როლით თამაშობს ბონდაჟს. მას შეუძლია მარტო ან ვიზუალისტების თვალწინ ადამიანი აწამოს და მოკლას ნეგატივის კანონზომიერების გამო. გვაჩვენოს ნეგატიური ვნებები, მაგრამ არ გამოგვაყენებინოს, პოტენცია შეგვიზღუდოს აკრძალვით, – ციც, მხოლოდ მე მაქვს შენი მეგობრის წამების უფლებაო.

არც ერთ სადისტ მეამბოხეს არ შეუძლია იერარქიას ასცდეს და ბუნებაზე მოიპოვოს დომინაცია. ქრისტე კი, როგორც დიადი მაზოხიზმის ფუძემდებელი, თავისი საქციელით გვითითებს საბმისივის როლზე დომინაციამდე. ჩემთვის მარკიზი ჰორორია, მწერალი, რომელიც უნდა შეგვეხორცა ლავკრაფტამდე, კინგამდე. ჩემთვის მარკიზი არის ქვეცნობიერის გათავისუფლება სანამ ფროიდის კათარზისს მივაღწევდით.

ლისის ტბასთან არის პატარა ჭაობი ვაშლიჯვრისკენ გადასასვლელ გორამდე. იმდენად ამომშრალი, რომ შორიდან გგონია შუა ზაფხულში, თბილისთან ახლოს, მწვანე მინდორში თეთრმა თოვლმა დაისადგურა. ბოლოს მარიამი ავიყვანე, მარტინი და ფრიგლის ჩიფსები წავიღეთ, მონოტონურად დარდიანი საუბრები გავაჩაღეთ, უკანა გზაზე უპატრონო ძაღლი ავიკიდეთ, დარჩენილი კარტოფილი გავუნაწილეთ.

მერე როგორც ხდება, შორ მანძილზე გვდია კუნტრუშით, ისე, რომ დავინახეთ, როგორ გაიტანა მანქანამ, – მძღოლმა ჯერ ზიგზაგისებურად სვლა შეანელა, მერე კი გაზს მიაწვა და დაარტყა. იმხელაზე გადაისროლა ძაღლი, რომ 112-მა ცოცხალს ვეღარ მოუსწრო და სადღაც გადაიყვანეს კრემაციისთვის. დამამახსოვრდა ძაღლის სახე დარტყმამდე, ძალიან ბედნიერი და მოკუნტრუშე იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიის პიკში.

უკანა გზაზე მოვდიოდით და ვფიქრობდით, სად გადანაწილდა ეს ენერგია, იქნებ ჩვენში? მანამდე თუ მონოტონურად დარდიანი საუბრები გვქონდა, ახლა შეგვეძლო გვეტირა, გვეყვირა, შურისძიებისთვის გამოძიება მოგვეთხოვა. ასე გვეგონა მძღოლის გარდა ჩვენი ბრალიც იყო, უენერგიო ადამიანებმა სხვისი სიკვდილის ხარჯზე მივიღეთ ძალა. შეიძლება ნარცისიზმია, მაგრამ, რა ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, იმით, რომ ტკივილმა დღიურ პიკს მიაღწია, კათარზისი გვქონდა.

შიშველი მაიმუნი და ადამიანთა ზოოპარკი

ბიბლიაში არის იგავი თუ როგორ გაჩნდა ადამიანებში კლასობრივი განსხვავება, ბატონებად და მსახურებად დაყოფა. იგავის თანახმად, მთვრალ ნოეს სიშიშვლის გამო ქამმა დასცინა თუ სხეული დაუთვალიერა. ნაბახუსევზე ნოემ ქამი დაწყევლა და მის შთამომავლობას მუდმივი მსახურება უსურვა. ბიბლიაში სიშიშვლეს დიდი მნიშვნელობა აქვს, თვითშეცნობის ნაყოფის გასინჯვისას პირველი ადამიანები პირველ რიგში სიშიშვლეს მალავენ, და კლასობრივი განსხვავებაც სიშიშვლის ყურებისგან მოდის.

16973426._SX540_

ნატურიზმის წარმომადგენელ ზოოლოგ დესმონდ მორისს ნაშრომში “შიშველი მაიმუნი” (‘Naked Ape’) ადამიანი განხილული ჰყავს ეტოლოგიის კუთხით. ეტოლოგია ზოოლოგიის განხრაა, რომელიც შეისწავლის ჩვევებსა და ინსტინქტებს. ტექსტი იწყება მაიმუნთა სახეების გაცნობით: მაიმუნებს თმით დაფარული კანი აქვთ, გამონაკლისი კი ადამიანია, რაც მის სხეულს შიშვლად წარმოაჩენს. მთლიანი ტექსტის მანძილზე ზოოლოგი გაურბის ადამიანის ხსენებას და შიშველ მაიმუნად მოიხსენიებს, რომელმაც სიტყვა “მუშაობა” სიტყვა “ნადირობას” ჩაუნაცვლა, განაყოფიერების აქტი ორგანიზებული გახადა და ღამის საათები შეუფარდა , მკერდის განვითარებამ კი პოზიციები მოამრავლა და პარტნიორები აქტისას სახე პირისპირ დააყენა.

ავტორი სვამს კითხვებს: როგორ ახდენს გავლენას ამ შიშველი ცხოველის ქცევა ავტოგადარჩენასა და შთამომავლობის დატოვებაზე? რა განაპირობებს თავად ქცევას? როგორ იცვლება ქცევა დროსთან ერთად ოთნოგენეზისას, ანუ ინდივიდუალური განვითარებისას? რა მსგავსი უნარებითაა აღჭურვილი ერთი რომელიმე სახეობა, თუნდაც ეს შიშველი მაიმუნი? პასუხები გაცემულია: პალეონტოლოგიის მიხედვით და ექსპერიმენტული დაკვირვებებით. მაგალითად, რომ სტატისტიკურად ასაკის მატებასთან ერთად მდედრებს უფრო ეშინიათ თმიანი ცხოველების/ქვეწარმავლების. მკვლევარი ასკვნის, რომ ობობის შიშიც კი თმიანობის შიშისგან მომდინარეობს, ვინაიდან ობობის გრძელი და წვრილი ფეხები თმებს წააგავს.

ცხოველებისადმი ინტერესი ასაკობრივ კატეგორიას საზღვრავს: საწყის ეტაპზე ბავშვს იტაცებს დიდი ცხოველები, ვინაიდან სიდიდეებს უფროსების მზრუნველობასთან ასოცირებს. ამ სტერეოტიპის დარღვევის შემთხვევაში, დიდი შანსია ბავშვის რეაქცია განიხილებოდეს უფროსების მტრებად მოსაზრებით ანუ მშობლებთან პრობლემური ურთიერთობებით. შემდეგ ეტაპზე ბავშვისთვის საინტერესო ცხოველები მცირე ზომის ხდება. ამ ეტაპს ცნობისმოყვარეობის პერიოდში ვხვდებით, როცა გვაინტერესებს ბაყაყების გაბერვები, ტარაკნების შეგროვებები ანუ ჩვენთვის მისაღწევი ექსპერიმენტები რომ ჩავატაროთ. შემდეგ ეტაპზე სქესობრივი ცხოვრება იწევს წინა ინტერესში ანუ ჩვენნაირი ცხოველები. ამ დროს ცხოველები ისევ ბრუნდებიან ჩვენს ცხოვრებაში ბავშვების სახით, კი არა და ბავშვებისთვის შერჩეული შინაური ცხოველების სახით. საბოლოოდ, როცა შვილები მოგვცილდებიან “გადასარჩენი” ცხოველებით ვინტერესდებით. ეს პერიოდი ადამიანს შეიძლება ადრეც დაუდგეს, როდესაც ფსიქოლოგიური თუ სხვა წნეხის გამო თავს “გადასარჩენად” აღიქვამს.

220px-Humanzoodes

დესმონდ მორისის მეორე წიგნი “ადამიანთა ზოოპარკი” (‘The Human Zoo’) მოგვითხრობს ადამიანთა ჩვევებს არქიტექტურაში. არქიტექტურა შედარებულია ჯუნგლების გაქვავებასთან. ნაშრომი რეცენზენტის სიტყვებით იწყება, რომ ამ წიგნს არ კითხულობენ განათლებისთვის, არამედ ჩაფიქრებისთვის უნდა წავიკითხოთ. მასში კონტემპორარული მსოფლიო განხილულია როგორც გალიები ანუ ქალაქები (Cities). შიშველი მაიმუნი კი იძულებულია რომელიმე გალიაში ანუ ლიმიტურ სფეროში დარჩეს სოციალური იზოლაციის შიშით.

ზოოლოგის თვალით დანახულ მეგაპოლისების გამოქვაბულებში გამყინვარების პერიოდიდან დროის მანქანით მოტაცებული ახალშობილები იზრდებიან. სტატუსი აღიქმება როგორც მოსანადირებელი ცხოველი. თუ მე ერთი მონიტორის შეძენა შემიძლია, მაგრამ ვყიდულობ ორს, ერთი მონიტორის მქონის თანასწორი ვარ, მაგრამ სტატუსით ვმაღლდები.

სტატუებიანი ქალაქის განხილვა კი სუიციდის გარეშე შეუძლებელია. თუ ცხოველი მტერს ვერაფერს უშავებს, ის საკუთარ ტყავს ან საკუთარ ნაშიერს გლეჯს, ოღონდ მხოლოდ ნაწილებს გლეჯს სიკვდილამდე მიყვანის გარეშე. თვითმკვლელობა მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. მითუმეტეს, თუ ის მოშორებულია ცხოველურს, ანუ სოფელს და დიდ ქალაქში ცხოვრობს, სტატისტიკურად სუიციდის შანსი იმატებს. ავტოდესტრუქციის აქტი განხილულია როგორც მიზანმიუმართავი აგრესია ანუ მკვლელობის შედარებით გაკულტურებული ფორმა. მკვლევარის აზრით, უმეტესად არავინ იკლავს თავს, თუ სხვისი მოკვლის სურვილი არ აქვს. თეორიას ამტკიცებს ომიანობის ხანაში ჩადენილი თვითმკვლელობის დაბალი სტატისტიკა. რა საჭიროა ავტოდესტრუქცია სხვისი დესტრუქციის შესაძლებლობისას. სტატუსის მონადირების სურვილი კი ქალთა ემანსიპაციისკენ სწრაფვის ხანაში ქალებს მეტად სუიციდურს ხდის. თანამედროვე სამყაროში ცხოველებს ოთხი მიზეზით ვხოცავთ: საკვების თუ სამოსის მოპოვებისთვის, სამეცნიერო კვლევისთვის, მავნე პარაზიტების გაწყვეტისთვის ან სიამოვნებისთვის.

რა საბოლოო დასკვნას გვთავაზობს ორივე წიგნის ერთი ავტორი და – პოლიტიკოსი უნდა იყოს ბიოლოგი. წიგნების წაკითხვა შეგიძლიათ უფასოდ: შიშველი მაიმუნი და ურბანული ცხოველი.

გალიფრეელი მოხუცი და ზღვისფერი ჯიხური

tumblr_ncxur13zno1s4kizwo2_r1_500

როდესაც ჭეშმარიტი ინგლისელი სასუფეველში ხვდება, ჩაის სთავაზობენ. ასე იწყებენ საუბარს საფლავებიდან კიბერ ადამიანებად აღდგომის შესახებ. ვინჩესტერები ხომ ჯიუტები და გაბედულები არიან, კლარკ კენტი მეტროპოლისიდან ისეთი ძლიერია, მაგრამ გმირები ხომ გამუდმებით წუწუნებენ პირადი ცხოვრების გაქრობის შესახებ გლობალური მიზნებისთვის, ამიტომ მაოცნებებს ექიმი გალიფრეიდან: მიხაროდეს, რომ სინდისი მქენჯნის, ჯოჯოხეთურად მეშინიაო. ამიტომ ეს მან უნდა დაიცვას სამყარო მოსიარულე მკვდრებისგან ტრაუმის გარეშე. ოჰ, ღმერთო, როგორ მიყვარს ეს გალიფრეელი მოხუცი კაპალდი და მისი პოლიციის ჯიხური.
ინგლისი ცდილობს გამოვიდეს შექსპირული მონოლოგებიდან და თეატრი კინოს მოარიდოს. ამიტომაც აქციეს მეთ სმითი ბრიტანულ დუტა სხირტლაძედ და რა გადაცემა აღარ წააყვანინეს. ბოლოს გადიდგულდა და ჰოლივუდში მივდივარო. ახალ ექიმად კი შოტლანდიელი პიტერ კაპალდი მიიწვიეს. ადამიანი, რომელიც ექიმობაზე იმდენად ოცნებობდა, რომ თეატრალურზე ჩააბარა: ჯერ კიდევ სამოციან წლებში, 8 წლის კაპალდი სახრახნისით დარბოდა და ამბობდა, ერთხელაც მეc ვიმოგზაურებ დროსა და სივრცეშიო, – ბიბისიმ ძველი ჟურნალებიდან ამოქექა პატარა კაპალდის ღია წერილი. წამოდი, ოცნება ავუხდინოთო და დაურეკა: – ექიმს სთხოვეთ? კაპალდიმ: – ვინ ექიმს?
ვიცი, რომ მთვარე არაა უბრალო თანამგზავრი, გალაკტიკურმა დრაკონმა დადო, საიდანაც მალე მთვარის ბავშვი გამოიჩეკება. ვიცი გალიფრეის დამწერლობა, რომელიც საათის ისრის მიმართულებით იხაზება წრეზე. ვერ წარმოიდგენთ რა ლამაზია რთული შეწყობილი წინადადებები ციფერბლატებზე. ვიცი, რომ ჩახუტება მაშინ უნდა მიყვარდეს, როცა სახე უნდა დავმალო. ვიცი, რომ კიბერ ადამიანებს ემოციები არ აქვთ, მაგრამ სიყვარული მაინც შეუძლიათ. იმიტომ, რომ.. ჯანდაბა! ვინ თქვა, რომ სიყვარული ემოციაა, იგი პირობაა. ეს კი იმდენად საჩემოა, რამდენადაც გადაყვარების არ მწამს. მეც მეყვარება მოხუცი გალიფრეიდან ხმოვანი სახრახნისითა და უკიდეგანო ზღვისფერი ჯიხურით, ვინც კი ოდესმე მყვარებია, თუნდაც ბრიტანულ სასუფეველში მოვხვდე უემოციო კიბერ ადამიანად.

რატომ ვკითხულობთ წინასწარმეტყველურ რომანებს? ავრორას მაგალითი

msofliotakol

გუდრდსში ერთი კალუსტროფობიული ავტორი გავიცანი ჯ.ს. ჯენსენი, რომელმაც “ავრორას აღზევების” (“aurora rising”) ტრილოგიის მეორე წიგნი “თავბრუსხვევა” (“vertigo”) რამდენიმე კვირაა რაც გამოსცა ასევე პატარა სივრცის მოშიშარი მკითხველებისთვის, ხოლო პირველი ნაწილი “starshine” სადღაც ნახევარი წელია არსებობს.
თუ პეიზაჟის თემა რომანში შევიწროვდა, კოსმოსის აღწერა ჯერაც აქტუალურია. მითუმეტეს ჩემთვის, რადგან ვარსკვლავების დათვლა მესიამოვნება. ტრილოგია წარმოადგენს სამეცნიერო ფანტასტიკის წინასწარმეტყველურ ჟანრს და რძიანი გზის კოლონიზაციას, როგორც მე ვიტყოდი, კაკაოდ ქცევის ვარიანტია. ავტორი ჯერ გვთავაზობს რუკას და მთელი რომანების მანძილზე ნახაზებზე ცვლილებების შეტანას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წიგნები მომეწონა, ვისურვებდი მეტი ფუტურისტული ფრაზის, თუნდაც პროფესიული სლენგის წაკითხვას. ასეთი სნობი ვარ.  ხოლო მიზეზი, რატომაც წიგნებმა ჩამითრიეს, გახლდათ მუდმივი შიშის ქვეშ ყოფნა, რომ ისედაც ომიანობის დროს იცი, რომ შენ თვალწინ გადაიჩეხებიან შავ ხვრელში უცხოპლანეტელები და ადამიანები, რა მოხდება თუ დედამიწის, მთვარისა და მარსის მასა გაერთიანდება, თან როგორ დასრულდება საიდუმლო პორტალის ძიება – ანუ შინაარსი. შინაარსი კი ნოვატორული იმდენად არ არის, რამდენადაც დაფუძნებულია სხვადასხვა ვიდეო თამაშებზე. მაგრამ ძალიან ბევრი ინფორმაციაა შეკრებილი, რაც უკვე შემეცნებითია.

Concept Art_Starship HUD
წიგნის ზოგადი შინაარსი:
2300-იან წლებამდე დედამიწა გავიდა კოსმოსში და საკუთარი ალიანსი (Earth Allience) შექმნა სენექანის ფედერაციისა (Senecan federation) და დამოუკიდებლებს (independents) შორის. მთავარ როლშია ა) ხომალდის მძღოლი და კოსმოსის მზვერავი ალექს სოლოვი, რომელიც წარმოადგენს დედამიწას, არის მებრძოლი ოჯახიდან;  ბ) სენექანის რესპუბლიკის საგანგებო ოპერაციების ინფორმატორი აგენტი ქალებ მარანო. ისინი ბრალდებულნი არიან ტერორისტული აქტისთვის და ქვაკუთხედად ნებულას პორტალის გახსნას ისახავენ, რომელიც თავის თავში კაცობრიობის წარსულსა და მომავალს მოიცავს.
ამაზე გამახსენდა, რომ ავტორის ბლოგინგიდან, სადაც რომანებს პოსტებს მოაყოლებს, გამოაქვეყნა სტატია თუ რა ისწავლა ტრილოგიის წერისგან. ამ და საკუთარი მკითხველობითი ლეველიდან გიზიარებთ:
1. თუნდაც მთელი დღე გუგლის ყოველი ნახვრეტის ხმარებაში გაატარო, ეფბიაის კარებზე არ მოგაყენებს (და ალბათ არც ნასას), რათა ლაზერული იარაღების გამოცდაზე მოგიყვნენ ან ჰაკერულ უნი ვირუსებზე. აქ ავტორს იმედი აქვს, რომ ეფბიაი მის კართან მართლაც არ მივა ამდენი ასაფეთქებლის დაგუგვლის გამო.
2. მკითხველთა ნაწილს არ მოეწონა ფინალი ე.წ. მაგნიტური სტილით. არა და ეს ხერხი სერიული წიგნების შემთხვევაში მომდევნო ნაწილის გაყიდვაში უკეთ ეხმარება, ხოლო ავტორს უყვარს მაგნიტური სტილით დამწყვდეული ტიპები და მადლობას უხდის მათ.
3. ჩემთვის სამწუხაროდ, ვისაც დიალოგებიც კი სამეცნიერო ლიტერატურაში ნერვებს უშლის, პეიზაჟებად ჩართული ურთიერთობების გარჩევები მაღიზიანებს და “ლოუ ტექის” კატეგორიაში გამყავს, და ამის თვალსაჩინო მაგალითი ჩემთვის ლათინური საი ფაი სერიალი “კიდობანი” იყო (პირველ სეზონში თუ კიდობანი ოკეანედ ქცეულ დედამიწაზე თევზების სხვადასხვა სახეობას გვაცნობდნენ, მეორე სეზონში “დედაჩემს რატომ უღალატე” გარჩევები დაიწყო), – ავტორი სწავლობს, რომ რამდენი კიბერნეტიკული პოზიციაც არ უნდა აღწეროს, პერსონაჟს დიდი მნიშვნელობა აქვს და ნეტა არ ესწავლა. იმდენი გამოუსადეგარი პერსონაჟი გვხვდება თუ “იარაღი”, რომლებსაც “არ გაუსვრიათ” ან მესამე ნაწილისთვის ინახავენ თავებს.
4. აღარაა საჭირო ტრადიციული გამომცემლობა პოპულარობისთვის, ყოველთვის გამოჩნდებიან სამეცნიერო ფანტასტიკის ნერდები დასავლეთ ნებრასკაზეც კი, აქვე არსებობს იმედი, რომ “სტარშაინმა” ადამიანი ლოთობისგან იხსნას.

Concept Art_Uncharted
მართლაც, რომელი ოცდამეერთელი არ ისურვებდა სასიყვარულო თავგადასავალს გალაქტიკურ წვიმებში, ბოლო-ბოლო მთვარის შუქი ხომ შეყვარებულთა ფეტიშია, მაგრამ შთაბეჭდილება მექმნება, რომ მწერლისთვის ურთიერთობებზე წერა გაცილებით ადვილად გამოსდის და პროფესიული სლენგის უქონლობის ორმოს ამოავსებს.
მიუხედავად ამისა, გუდრიდსში რომანებს მაღალი შეფასება მივეცი, რამდენიმე მიზეზის გამო:
1. სუბიექტური მიზეზია. ვიცი, რომ დიდი ხანია კოსმოსური ფანტაზიით არ მიცხოვრია და უფრო დიდი ხანია ასეთი აღფრთოვანებით წიგნი არ წამიკითხავს. თუმცა გუდრიდსში მონიშნული ასტრონომ-ასტროლოგიის დოკუმენტური წიგნებით ვასკვნი, რომ, მართლაც, კოსმოსი ჩემი ფეტიშია.
2. როგორც ავტორის ქმარი აკომენტარებს,”ომი და მშვიდობაზე” ადვილად მაინც იკითხება ეს წინასწარმეტყველური ჟანრიო.
3. ეს ქალი მართლა ბევრს შრომობდა, თუნდაც საკუთარი სახელების შერჩევაში. შრომის დაფასებასთან ერთად ამან თამაშის აზარტი გამიჩინა და კითხვის კვალდაკვალ ვგუგლავდი ამ კერძო სახელებს – იქნება სიმბოლოების ახსნისგან სპოილერი მიმეღო. ასევე დამიგროვდა ვერსიები ტრილოგიის მესამე ნაწილთან დაკავშირებით.
4. გადმოსცა ის, რისი თქმაც უნდოდა, რა ფაქტორიც, ყველაზე მნიშვნელოვანია მწერლისთვის.
ერთხელ ერთმა ნაცნობმა დაასკვნა, რომ ფანტასტიკურ ნოველებს, მხოლოდ უპრობლემო ადამიანები კითხულობენ და ჩემი ჩართულობაც პირადული ცხოვრების არ ქონის გამო მოხდა. მაგრამ თუ უფრო ღრმად დავფიქრდებით, რატომ აინტერესებთ ადამიანებს წინასწარმეტყველება და ამისთვის თუნდაც ყავაში იხედებიან? ან რა სარგებლობა მოაქვთ ადამიანებს, რომლებიც მომავლის დაგეგმარებაზე წერენ? ჯ.ს. ჯენსენი ასეთ პასუხს იძლევა: we need someone to dream.
ნუთუ მხოლოდ ამიტომ? რაც შეიძლება მეტი რეალობა უნდა შეიქმნას, რაც მომავლის მომზადებაში, დაგეგმარებაში დაგვეხმარება. როგორც, თუნდაც, თითქოს არაფრის მომცემი, მკითხაობებიდან მოვლენების შესაძლო განვითარების წარმოდგენებთან გვაქვს საქმე, შანსი, რომ  სხვადასხვა ვარიანტზე ვიფიქროთ. თუ ისტორია, ცნობილი გამოთქმის მიხედვით, არის “რა მოხდა”, ხოლო ხელოვნება “რა შეიძლება მომხდარიყო”, ფანტასტიკური ხელოვნება წარმოადგენს თუ “რა შეიძლება რომ მოხდეს”. და ჩვენ მართლაც გვჭირდება ამბიცია, რომ ვიოცნებოთ. უნდა ვკითხულობდეთ, რომ მოხდეს.

პიროვნების ჩარჩოში ჩასმა ასტროლოგებთან მერკურის მზესთან დაშორების მაგალითზე

thermometer

ხშირად ისმევა კითხვა, რომ პირადი ჰოროსკოპის განხილვისას, აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ნება შეზღუდულია, ნაწილობრივ ვენერას, განსაკუთრებით მერკურის მდებარეობის მიხედვით.
სიტყვაზე, ვერძს ეს ორი პლანეტა ვერ ექნება სხვა 7-9 ნიშანში, ანუ მერკური მხოლოდ საკუთრივ ვერძში ან მეზობელ ნიშნებში: თევზებსა და კუროში აქვს. ვენერა (აღქმა, გრძნობა) შედარებით მეტგან.
თუ მერკურის სივრცე აუცილებლად მზესთან ახლოსაა, ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ადამიანის ცნობიერთან (იგივე ზოდიაქოსთან) მხოლოდ სამი სახის აზროვნება დაეშვება, რაც ისედაც ჩარჩოში ჩასმულ ნათალურ რუკას, კიდევ უფრო კლიშეში ჩასვამს?
პასუხი ასეთი მაქვს:
თუ ადამიანი მადლს იღებს ან ისჯება არა საზოგადო მორალის, არამედ პირადი შესაძლებლობების მიხედვით, ევოლუცია/ინვოლუციის კითხვარი საკუთარ ზოდიაქოში უნდა ვეძიოთ.
მაგალითად, ტყუპებს სიკვდილის შემდეგ პასუხი კომუნიკაციის მიხედვით მოეთხოვებათ: აბა, როგორ იშუამდგომლე?
იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულოს, აზროვნება უნდა უწყობდეს ხელს. აქ ის ირჩევს, ტყუპების გაორებული ბუნებიდან გამომდინარე, როგორი აზროვნება (მერკური) დასჭირდება:
ა) ემოციური (კირჩხიბი),
ბ) გონებრივი (ტყუპები) თუ
გ) პირველ რიგში, მგრძნობიარე (კურო) მერკურით შეეცდება თავისი მეების გაერთიანებას.
მაშასადამე, სამებიდან – ემოცია/გრძნობა/გონებიდან – ირჩევს ერთს. და ფაქტი, რომ მას, სიტყვაზე, ურანული (მერწყულური) მერკური არ ყავს, ვერ შეუქმნის წინააღმდეგობას, რადგან ურანი მასობრივი აზროვნებაა, კოლექტიური გონი, ასევე მერწყულს, ტყუპური გონება არ გამოადგებოდა.

mercury-path-mar-oct-2023
ჩვენ ვიცით, რომ ორგანოები შეესაბამება ნიშნებს, ამიტომ ორგანოების მიხედვით უკეთ ავხსნი:
ავიღოთ მორიელი, სიმბოლურად სასქესო ორგანოებს განასახიერებს, როცა გარემოში გადმოაქვს შიგნით დაგროვილი მასალა, ორიდან ერთი: ან მშობიარობს ან ისაქმებს. მორიელს, თავისი ფუნქციის შესასრულებლად, კავშირის დამყარება უწევს ან ქვედა მუცელთან ან ბარძაყთან. ამ ფუნქციის შესრულების დროს კუჭი (ანუ კირჩხიბი მერკური) ან ტერფები (თევზი მერკური) კონტექსტიდან ამოვარდნილია. ამიტომ მორიელს ჭინთვისას სამი სახის აზროვნება უწევს:
ა) ის, ვინც სასწორი მერკურით დაიბადა, აბალანსებს დასარჩენ მასალას გარე მასალასთან,
ბ) მორიელი მერკურით დაბადებული თავად გამოყოფის და მიღების პროცესს განასახიერებს,
გ) ხოლო მშვილდოსან მერკურიანი ხედავს გამოყოფილ ნაყოფს და მასვე სათანადოდ უმიზნებს.
ამიტომ მორიელს თევზური აზროვნება (გწამდეს და გამოვა), კირჩხიბული (იგრძენი და გამოვა) მას ვერ დაეხმარება.
მშვილდი თუ დაიბადა, მისი ფუნქციაა ამაღლებულ ადგილას შედგეს, მორალი იკითხოს და იფილოსოფოსოს, ანუ ღმერთის პოზიციიდან იყოს, ანუ მორიელის შობილი ბავშვი გაზარდოს. მაგრამ როგორ? სამებიდან ირჩევს:
ა) მოწყალე იყოს – მშვილდი მერკური
ბ) დამსჯელი იყოს – მორიელი მერკური
გ) სხვის საქმეში არ ჩაერიოს და თავად გაანძრევინოს ხელი – თხის რქა მერკური.
თხის რქას შემთხვევაში. აი, თხის რქა უკვე მუხლია. მუხლის ფუნქციის შესრულებისთვის უკეთ დაეხმარება ბარძაყი ან წვივი. სწორგოჯა ნაწლავი (ქალწული) ან ნესტო (კურო) რა შუაშია. თხის რქას დაესმის კითხვა: როგორ გინდა მიაღწიო წარმატებას?
ა) ჩემით (თხის რქა მერკური)
ბ) ღმერთით (მშვილდოსანი მერკური)
გ) კოლექტივი დამეხმარება (მერწყული მერკური).
და ასე გრძელდება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ადამიანში უკლებლივ თორმეტივე ნიშანია, ანუ პიროვნება მხოლოდ ზოდიაქოს (ცნობიერის) კუთვნილება არ არის.
ისიც, რომ მერკურისგან განსხვავებით, მთვარე ან სხვა პლანეტები ამ ჩარჩოებს ცდებიან და თორმეტივე ნიშანში მოგზაურობენ. თერმომეტრის ღმერთი და აფროდიტე მხოლოდ გამონაკლისია.

thezodiac

სიმონა

“ყველაზე რთული იცი რა არის? როცა დილით იღვიძებ და მიზეზს ეძებ გასაღვიძებლად. ზოგჯერ იგონებ, მაგრამ ამ ბოლო დროს ძილს იბრუნებ. ძილის დაბრუნებაა ყველაზე ცუდი, – ღამე შეგროვილ ენერგიას სულ ძილში ხარჯავ. მერე წყალს ვივლებ”, – მერამდენედ მიტრიალებს დილით თავში ეს აზრი. და მერე წყალს ვივლებ.

სადღაცას წავიკითხე, ფიქრები წყლის მეშვეობით შემოდიან სხეულში და მოძრაობენო. ვიბადებით მასე, სითხით და მერე ვაკვირდებოდი წყლების კრისტალებს, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ სხვადასხვა რელიგიებში ლოცვებისას მათი ფორმა სტერეოტიპულად განსხვავდებოდა.

ჯერ ერთი ადამიანი იყო, ფერების ვიზუალიზაცია რომ მოახდინა და ამბობდა: “ახლა იმას კი არ ვიცვამ, რაც კარგად გამოიყურება, არამედ რაც კარგად ჟღერსო”. ამ ფრაზაზე გავიღიმე და მეგობარს ვაჩვენე და იმასაც გაეღიმა.

ერთი ესსეს პაროდია რომ გავაკეთო, ხატი, არჩევნების გამო მოწყობილი მიტინგების, სახალხო გამოსვლების დღეს, ცარიელ მონიტორთან მჯდარი ადამიანის პოზისა, ოდესღაც ოცდამეერთე საუკუნის ანთროპოლოგიაში დამსახურებული ადგილით შევა.

ხოლო ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, იძულებითი სცენარია მხოლოდ, სიცარიელის შესავსებად მიმართული უწყვეტი ფიქცია, არა მხოლოდ ეკრანის სიცარიელიდან, არამედ, გონებრივ მონიტორს მიჩერებულები სიცარიელეში რომ ვუცდით გამოსახულებას.

ეს მაღლიდან, მაგრამ ერთხელაც მე და ჩემმა მეგობარმა ერთმანეთის შესწავლა მოვინდომეთ და გადავწყვიტეთ მიკროსკოპი გვეყიდა.

მანამდე კონფერენციებზე გამოტანილი ტვინის რუკა დავათვალიერეთ. ის ჩიზბურგერს ამერიკანოს აყოლებდა, მახსოვს, როცა დაავადებათა ნამდვილსა და ილუზიურ გამოვლენებზე მითხრობდა:

“ტვინი სულ რომ ნაწილებად დაჰყო და მიკროსკოპით უჩხიკინო, შიგნით მაინც ვერაფერს ნახავ, ცარიელია. მაგრამ ინჟინერია, სიცარიელე, როგორც გამოსახულების შემოქმედი”.

“სიცარიელე და ღმერთი ბევრ რელიგიაში ერთ ცნებად აღიქმება, ისევე, როგორც შემოქმედი და ღმერთი განსხვავდება ერთმანეთისგან”, – გამახსენდა და ქალაქის შუაგულში სულ ყავის გემოთი ვათრიეთ გიტარა, მერე თქვა, რომ მწვანედ შეიღებავს ისედაც მოკლე თმას. გავიცინე, რადგან მიმიკები არ ჰქონდა და უმოძრაო სახეზე უცხო პლანეტიდან ჩამოსულს დაემსგავსებოდა. მერე სხვაც შეგხვდა და სამივემ ვიცინეთ.

“ვეღარ ვწერ, – ისევ ამოიღო ხმა, – რადგან ჩემი ფიქრები დღის მანძილზე ფინანსური პრობლემებით შემოიფარგლება, გონებაში ბანკების გადასახადების ქსელები იხაზება: სად შევიტანო, რომ მერე გავიტანო, რომ მერე შესატანი იყოს, ოღონდ გატანა ხერხდებოდეს და ა.შ. და როცა თითოეულ ლარზე ვფიქრობ, ფიქრები იმდენად იტოტებიან, რომ მომიცავენ და მე სხვა რამეზე უკვე ვეღარ ვწერ.”

“მაგაზე დაწერე. საინტერესო მოთხრობა გამოვა ადამიანზე, რომელიც არ არსებული ფულით, კრედიტით ცხოვრობს და იქსაქსება”.

“კარგი აზრია,” – ენთუზიაზმი გამომდის ხოლმე, მე კი ორი კაცის, ბოდრიარისა და ჭილაძის, ენა მომწონს: როცა პირველმა ოქროს ვერძი იმას შეადარა, კაცმა რომ ბავშვს პირველად ხელი გაარტყა და ცოლმა ქმარი გააღვიძა, რომელსაც თმაში ჭაღარა გამოერია და ეს იყო პირველი ჭაღარა, რომელიც ნახა.

ბოდრიარმა კი მოქალაქეები ბევრ ტვინებად დახატა, ინტელექტუალურ სიცარიელეში მცხოვრებ სივრცეებად, ხოლო ისინი, დროთა განმავლობაში ვინც გაირიყა, ე.ი. მანამდე მასობრივი ინფორმაციის სხვა მხარეს მოხვდა.

მერე ისინი უსაქმურები გახდნენ, ხოლო უმუშევართა შთამომავლობას იმ ქალაქში დაასახლებენ, სადაც ინფორმაციული ქსელები იმატებს და გარიყულნი ხდებიან შრომის სამყაროდან. მაგრამ ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ისინი ჩვენ გამოვკეტეთ, არამედ ის, რომ ისინი ვხდებით.

“სიმონა” ალბათ გინახავთ, მშვენიერი ფილმია კაცზე, რომელსაც საკუთარი “ქალი პულტით” სულ უღებს ბოლოს, სხვის სამართავად შექმნილი კომპიუტერი მას აკონტროლებს და სიკვდილამდეც კი მიჰყავს ბოლოს.

“ჩემი სიზმრები გამახსენდა, სადაც გამოცანებს მისვამენ, მე კი ვფიქრობ და ვფიქრობ, პასუხს ძლივს ვპოულობ. რომ ვიღვიძებ მიკვირს შეყოვნება, კითხვა ხომ ჩემივე მოფიქრებული იყო ძილში”.

“ანუ ცხოვრებაშიც ასეა? თუ ცხოვრების ინჟინერი ტვინია, ხშირად ისეთ პრობლემებს გვახვედრებს, რასაც ვერ ვუძლებთ და ვხლართავთ, როცა მისივე გადაწყვეტა წინასწარ ვიცით?”

“მოდი, დღეს ისევ ვისნობებ და მომავალი ვნახოთ. ნეოპლატონიზმიდან მიღებული რელიგიები ვნახოთ: სამყაროს ოთხივე ელემენტი ადრე აბსტრაქცია იყო, ხელშეუხებელი იდეები, მერე კი მატერიად იქცა. იქნებ შესაძლებელია სხვა აბსტრაქციის ფიზიკურად აღქმაც?”

“ანუ ფიქრობ, რომ სიყვარული, სიძულვილი თუ ნებისმიერი აბსტრაქტული საგანი დროთა განმავლობაში მატერიალურ ფორმად გარდაისახოს?”

“თუ წინა თეორია სიმართლეა, ეს მომავლის სავსებით შესაძლებელი გზაა. შეიძლება აურაც მიებათ ადამიანებს და აზრები ეწეროთ შუბლზე. ეს ნებისმიერი იდეის ფიზიკურად ქცევის მაქსიმალიზაციაა”.

“ანუ მწვანეთა მოწოდებები, რომ დავუბრუნდეთ ბუნებას და აბსტრაქციას, წარსულში უკანსვლით წავსლაა და მსგავსი უკიდურესობა ადამიანს დაბოლოების მორიგ მცდელობაში მოხვედრილ დასაწყისად აქცევს? ადამიანია, რომელიც წარსულში ცხოვრობს?”

“ჰო, წარმოიდგინე აბა, საუკუნეების მიღწევები გააქრო და ახლიდან დაიწყო ცხოვრება მერე, ისევ მატერიალიზმისკენ არ წაგიყვანს? მერე სადღაც შუა გზაზე მიატოვებ და ახლიდან დაიწყებ. იდეების სამყაროში მოხვედრა ისედაც გექნება, უბრალოდ, გავიჭრათ წინსვლისკენ, კოსმოსისკენ, იქნებ მართლა აღმოვაჩინოთ შემოქმედი და როცა კითხვებზე პასუხს მივიღებთ, მატერიებს სულ ამოვწურავთ, იდეებისკენ მერე დავბრუნდეთ. არ ვიცი. არ ვიცი.”

მე კაბაზე ჩამოვისვი ხელი და ბოლოებში მოვჭმუჭნე, ნაკეცები მის ხელებს გადავაფარე, გაურკვევლობისგან რომ კანკალებდა:

“მე ამაზე პასუხი ვიცი, ჩემი ტვინი ხომ ამ კითხვების ინჟინერია, უბრალოდ დამავიწყდა.”

“ახლა პასუხები წიგნის ბოლო ფურცელზე გვეწერია, ცხოვრება ალგებრის სახელმძღვანელოს ჰგავს, შეიჭყიტე”.

შემთხვევითი ადამიანები, რომლებიც არ მავიწყდება

 შემომიარეთ ხოლმე, ინტერესის გამო ცუდი მსმენელი ჩემზე არ ითქმის. შეიძლება კარგი მოსაუბრეც ითქვას, რადგან ყველაფერზე მაქვს საკუთარი აზრი, თუ არ მაქვს, მალე მომდის. ჩემს სახლში ყოველთვისაა აგურის ან მრგვალი პურები, ისეთის, სანამ მისი ფორმა დაგრძელდებოდა, დაიჭრებოდა და ისე გაიყიდებოდა. ბავშვობაში ქარხანაშივე ცოტა იაფად ვყიდულობდით, უსასრულო თაროებზე იყო დაწყობილი და პურის დიდი მასის სუნი შორიდანვე გვცემდა. ამას წინათ ეს მრგვალი პური ცელოფნის პარკით იღლიაში ამოჩრილი ვიღაცას მოჰქონდა, დავინახე და გავარკვიე, სად შევიძინო. გამვლელებისგან, ვერბალურად თუ ქმედებებით, ხშირად ვიღებ ინფორმაციას.

ადრე ვაჟაზე ფრინველების მაღაზია იყო, საყიდლებზე იქ დავდიოდი. ქალი მახსენდება, ნაოჭიანი ხელით რომ არჩევდა ყურძენს.  პატარა ღერო ამოარჩია და გამყიდველს ათი თეთრი მიაწოდა, მარტო ამას ავიღებო. ეტყობა, მანამდეც ცალობით უყიდია და პასუხად ჩხუბი მიიღო, – გადაიხადე ერთიანად და წარა-მარა აღარ ივლიო. ქალს, რომელსაც ყურძენი უნდოდა ძალიან დამამახსოვრდა: დაჩამიჩებული სახე ჰქონდა, ქიშმიშივით მტევანში მოჭმუჭნულ მტევნებს პარალეჩიანი კანკალით იჭერდა და ბოდიშიო, შეუმჩნევლად დადო მტევანი და გაქრა. მანამდე შეყოვნდა, ეტყობა სიამაყის დაძლევა უნდოდა. არ ვიცი რატომ, სულ მეგონა, რომ მოხუცი ქმარი ჰყავდა სახლში და პენსიიდან პენსიამდე დღემდე ცხოვრობს უსერვიზო სახლში.

სხვა ქალი, რომელიც არ მავიწყდება, მეტროს შესასვლელში შემხვდა. ეტყობა ფულს თხოულობდა და ტიროდა. უხმოდ ცრემლი ყელამდე ჩამოსვლოდა და მორიდებული მათხოვარი მაშინ პირველად ვნახე. ვერაფრით მივეცი ფული: ხან გვერდით ჩავუარე, მერე ამოვუარე, მერე ვიდექი მის წინ, ვითომ სალაროს ვუყურებდი, მაგრამ, აი, აი, ვერაფრით მივეცი ფული. დღემდე ასე მჭირს, თხოვნა ისევე მერიდება, როგორც სხვისთვის თხოვნის შესრულება. ვერ შევიცვალე: დღემდე ფულის სესხება ან გაცემა სასიკვდილო მორიდებაა, ვერც სამუშაო გასაუბრებაზე მივდივარ თუ ვიცი, რომ ნაცნობი უნდა დამხვდეს. ის ქალი ჩემთვის სიმბოლოდ იქცა.

ერთი თვითმკვლელი მახსოვს. ვერ ვიტყვი, რომ სიკვდილის პროცესი აქამდე უცხო იყო ან ვენდასერილი ადამიანები ერიდებოდნენ ჩემს გამოჩენას, პირიქით, ვხუმრობდი კიდეც, რომ სიკვდილის მომენტში უფრო ხშირად მოვხვედრილვარ, ვიდრე დაბადების მომენტში. მაგრამ ერთი ბიჭი იყო, ვენიდან იმდენი სისხლი წამოსვლოდა, ტალახი მეგონა. თურმე არტერიებიდან წითელი კი არა, შავი სისხლი მოდის. მე კი ტალახში მომუშავე მუშად აღვიქვი და ისე გავიცანი, რომ დამეცინა. ის მესაუბრა საქციელის მიზეზებსა და შედეგებზე და გზა მკითხა საავადმყოფომდე. მაშინ მივხვდი, რომ თვითმკვლელი იყო. ეტყობა, საკმარისად მოკვდა ხელახალი დაბადებისთვის. მოუნდა მეთქი სიცოცხლე. მაშინ პირველად ვიტირე ხმამაღლა, ჯერ სახლში  უცრემლოდ მივირბინე, კარების შიგა მხარეს მივეყრდენი. იმის მერე ძალიან ხშირად ვაკეთებ ამას. უცნაურია, იმ დღეს გასვენებიდან მოვდიოდი, ბებია დავასაფლავეთ და არ მიტირია. ყოველთვის კონტექსტიდან ამოვარდნილი ემოციები მქონდა. აი, აგვისტოს ომი რომ იყო, მამა ომში მიჰყავდათ, მეზობელი ბიჭი, ვისთანაც ვიზრდებოდი, დაკარგული იყო, მე კი მხოლოდ იმ თაგვზე ვტიროდი, ხაფანგში რომ მოყვა.

არა და, ადამიანებს ვერ ვცნობ, შეიძლება ადრე ჩემთვის ახლობელი ზოგჯერ ქუჩაში მისალმების გარეშე დავტოვო. არც ღია მზერა მაქვს გამვლელთა მიმართ და იშვიათად რომ ვიცნო, მითუმეტეს, დავიმახსოვრო. მაგრამ ცხოვრებაში ბევრი შემთხვევითი ვნახე, რომელთან ურთიერთობა გამიგრძელებია, დამიპურებია. ბოლოს ერთი კაცი დავიმახსოვრე, შემთხვევით არა, სპეციალურად. ტრანსპორტში ტელეფონზე ბევრი ილაპარაკა და ჩემი ყურადღებაც ასე მიიქცია. ჯერ თავის საყვარელს ესაუბრა, პარიზში წასვლას, მასთან ცხოვრებას და შვილის უზრუნველყოფას დაპირდა. ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ მეორე ზარი არა, სხვა საყვარელს ესაუბრა მონატრების მტკივნეულ განცდებზე. ბოლო ზარმა კი ჩარევა გადაწონა. შვილს დაურეკა და მისი თანდასწრებით დედამისს აგინა. ის კაცი ჩემს სახლამდე ადრე ჩავიდა. გამოიცანით რა ჩავიდინე. მისამართი დავიმახსოვრე, მისი შვილი გავიცანი, მერე მის საყვარლებამდე გავედი, რომლებსაც ღალატის შესახებ მოვუყევი. ეს ზამთარში მოხდა. ამ შემთხვევამ ის მასწავლა, რომ შეიძლება შიშის გამო ვერ ვერევი ვიღაცის სიამაყეში, მაგრამ კონტროლს ვკარგავ ღალატის გამო. კონტროლს არა ისე, რომ ხიფათი ვერ გავთვალო, კონტროლს იმდენად, რომ ხიფათიც დავგეგმო.

შემომიარეთ ხოლმე, თქვენი ადამიანების შესახებ მიამბეთ, შემთხვევითები მაინტერესებს, თითქოს სპეციალურად რომ ჩაგრჩათ შიგნით კი არა, ზედაპირზე გიტრიალებთ და გახსოვთ. ატმის კომპოტი მივაყოლოთ ან ბატი-ბუტი მივაყოლოთ  კადრებად ჩავლილ ადამიანებს. შოკოლადის ვიყიდე ამას წინათ და მომეწონა. ბოლო სავარძლიდან არა მხოლოდ კინო, დარბაზიც ჩანს. შემომიარეთ, თუ არა, გვერდზე გამიარეთ მაინც. მე კიდევ დავწერ.

ხვრელი

ფუტურო იყო.
გარსი გადაუწიეს და ფუტურო აღმოჩნდა.
სისხლი უნდა დაღვრილიყო იმ ქალწულივით ჭრილობის მერე ვაკუუმში რომ შეგიყვანს. თუმცა, ეტყობა, ამდენი უნდა დაექცია ზუსტად ფუტურო რომ გამხდარიყო.
ჯერ თითები შეახეს, შეუყვეს და ვერ ხვდებოდნენ, რა უფრო უკვირდათ მისი სიცოცხლე თუ აწ ვაკუუმი სიკვდილის მერე.
გახსოვთ, როგორ მოკვდა ადამი? ჯერ დაიბადა, – ხვრელიდან თიხის გორგოლასავით დაეცა, რამდენადაც არსად ყოფნას შემეცნება არჩია, მერე მერკურიმ ისარი სტყორცნა. მერკური, როგორც გონების სიმბოლო ორ სამყაროს შორის გადამყვანია. ბოლოს ადამი მიწას შეერწყა, დააპურა და იქიდან წამოიზარდა ხე.
თავიდან იყო ხე.
მიწა იყო და მიწად იქცა კი არა, ხით შესცოდა და ხედ იქცა.
იმ ხიდან გამოთალეს ჯვარი, რომელიც იმდენს იწონიდა, რამდენსაც ადამი თავის დროს.
მხნე კაცი იყო შრომისთვის შექმნილი, მისი მკლავები კი შეხებისთვის ფართო და მკვეთრი:
მთელი ცხოვრება ხეებს რგავდა და ხედ იქცა.
ახლა კი, როცა მოწაფეები უთვალთვალებდნენ სიღრმეს ადამის ზურგზე მომკიდებლის და ლურსმნებით მასზე მიდებულის, ხედავდნენ, როგორი ფუტურო იყო.
ადამზე უნდა მიჯაჭვულიყო, რომ ეხსნა.
მოწაფეები ხანდახან ისმენდნენ, რომ ის ღმერთი იყო, ღმერთი კი მინუს-პლიუსის ნულოვანი სათავე, საწყისი. აინტერესებდათ როგორი იყო ის და აუწიეს გარსი.
რომ შეეხედათ, ჯერ გაეჭრათ უნდა.
იხილეს რა სიცარიელე,  რომლისგანაც სისავსე მოდის, არაფერზე დაიწყეს ლოცვა.
გამორიცხვის მეთოდს მიმართეს.
გამორიცხეს ყველა შესაძლო ვარიანტი ბუნების წიაღიდან – ციური სხეულებიდან, ფრინველებიდან, ცხოველებიდან დაწყებული ადამიანის გავლით და მიხვდნენ, ეს უკვე აბსურდი იყო.
თუ ღმერთი ჭეშმარიტება იყო და არაფერი ერთადერთი ჭეშმარიტება, რადგან მხოლოდ არაფერი არ რიცხავდა და არ ეწინააღმდეგებოდა არაფერს, ლოცვისას არაფერზე ფიქრობდნენ. სახლებს ხეებისგან აშენებდნენ და ფიქრობდნენ, რომ წვიმისგან არაფერი იცავს.