მოწმის როლი დანაშაულში

1106982-_br90cdqbgk___kgrhgoh_emejllluimhbk_wc9nz5g___12

თუ დე სადისთვის ბუნება სტრიპტიზის მოცეკვავე ქალს ჰგავს, რომელიც თავის შესაძლებლობებს განახებს, მაგრამ პოტენციას გიზღუდავს აკრძალვით, ბუნება ჩვენთან დომინანტური როლით თამაშობს ბონდაჟს. მას შეუძლია მარტო ან ვიზუალისტების თვალწინ ადამიანი აწამოს და მოკლას ნეგატივის კანონზომიერების გამო. გვაჩვენოს ნეგატიური ვნებები, მაგრამ არ გამოგვაყენებინოს, პოტენცია შეგვიზღუდოს აკრძალვით, – ციც, მხოლოდ მე მაქვს შენი მეგობრის წამების უფლებაო.

არც ერთ სადისტ მეამბოხეს არ შეუძლია იერარქიას ასცდეს და ბუნებაზე მოიპოვოს დომინაცია. ქრისტე კი, როგორც დიადი მაზოხიზმის ფუძემდებელი, თავისი საქციელით გვითითებს საბმისივის როლზე დომინაციამდე. ჩემთვის მარკიზი ჰორორია, მწერალი, რომელიც უნდა შეგვეხორცა ლავკრაფტამდე, კინგამდე. ჩემთვის მარკიზი არის ქვეცნობიერის გათავისუფლება სანამ ფროიდის კათარზისს მივაღწევდით.

ლისის ტბასთან არის პატარა ჭაობი ვაშლიჯვრისკენ გადასასვლელ გორამდე. იმდენად ამომშრალი, რომ შორიდან გგონია შუა ზაფხულში, თბილისთან ახლოს, მწვანე მინდორში თეთრმა თოვლმა დაისადგურა. ბოლოს მარიამი ავიყვანე, მარტინი და ფრიგლის ჩიფსები წავიღეთ, მონოტონურად დარდიანი საუბრები გავაჩაღეთ, უკანა გზაზე უპატრონო ძაღლი ავიკიდეთ, დარჩენილი კარტოფილი გავუნაწილეთ.

მერე როგორც ხდება, შორ მანძილზე გვდია კუნტრუშით, ისე, რომ დავინახეთ, როგორ გაიტანა მანქანამ, – მძღოლმა ჯერ ზიგზაგისებურად სვლა შეანელა, მერე კი გაზს მიაწვა და დაარტყა. იმხელაზე გადაისროლა ძაღლი, რომ 112-მა ცოცხალს ვეღარ მოუსწრო და სადღაც გადაიყვანეს კრემაციისთვის. დამამახსოვრდა ძაღლის სახე დარტყმამდე, ძალიან ბედნიერი და მოკუნტრუშე იყო, სიცოცხლით სავსე, ენერგიის პიკში.

უკანა გზაზე მოვდიოდით და ვფიქრობდით, სად გადანაწილდა ეს ენერგია, იქნებ ჩვენში? მანამდე თუ მონოტონურად დარდიანი საუბრები გვქონდა, ახლა შეგვეძლო გვეტირა, გვეყვირა, შურისძიებისთვის გამოძიება მოგვეთხოვა. ასე გვეგონა მძღოლის გარდა ჩვენი ბრალიც იყო, უენერგიო ადამიანებმა სხვისი სიკვდილის ხარჯზე მივიღეთ ძალა. შეიძლება ნარცისიზმია, მაგრამ, რა ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, იმით, რომ ტკივილმა დღიურ პიკს მიაღწია, კათარზისი გვქონდა.

შიშველი მაიმუნი და ადამიანთა ზოოპარკი

ბიბლიაში არის იგავი თუ როგორ გაჩნდა ადამიანებში კლასობრივი განსხვავება, ბატონებად და მსახურებად დაყოფა. იგავის თანახმად, მთვრალ ნოეს სიშიშვლის გამო ქამმა დასცინა თუ სხეული დაუთვალიერა. ნაბახუსევზე ნოემ ქამი დაწყევლა და მის შთამომავლობას მუდმივი მსახურება უსურვა. ბიბლიაში სიშიშვლეს დიდი მნიშვნელობა აქვს, თვითშეცნობის ნაყოფის გასინჯვისას პირველი ადამიანები პირველ რიგში სიშიშვლეს მალავენ, და კლასობრივი განსხვავებაც სიშიშვლის ყურებისგან მოდის.

16973426._SX540_

ნატურიზმის წარმომადგენელ ზოოლოგ დესმონდ მორისს ნაშრომში “შიშველი მაიმუნი” (‘Naked Ape’) ადამიანი განხილული ჰყავს ეტოლოგიის კუთხით. ეტოლოგია ზოოლოგიის განხრაა, რომელიც შეისწავლის ჩვევებსა და ინსტინქტებს. ტექსტი იწყება მაიმუნთა სახეების გაცნობით: მაიმუნებს თმით დაფარული კანი აქვთ, გამონაკლისი კი ადამიანია, რაც მის სხეულს შიშვლად წარმოაჩენს. მთლიანი ტექსტის მანძილზე ზოოლოგი გაურბის ადამიანის ხსენებას და შიშველ მაიმუნად მოიხსენიებს, რომელმაც სიტყვა “მუშაობა” სიტყვა “ნადირობას” ჩაუნაცვლა, განაყოფიერების აქტი ორგანიზებული გახადა და ღამის საათები შეუფარდა , მკერდის განვითარებამ კი პოზიციები მოამრავლა და პარტნიორები აქტისას სახე პირისპირ დააყენა.

ავტორი სვამს კითხვებს: როგორ ახდენს გავლენას ამ შიშველი ცხოველის ქცევა ავტოგადარჩენასა და შთამომავლობის დატოვებაზე? რა განაპირობებს თავად ქცევას? როგორ იცვლება ქცევა დროსთან ერთად ოთნოგენეზისას, ანუ ინდივიდუალური განვითარებისას? რა მსგავსი უნარებითაა აღჭურვილი ერთი რომელიმე სახეობა, თუნდაც ეს შიშველი მაიმუნი? პასუხები გაცემულია: პალეონტოლოგიის მიხედვით და ექსპერიმენტული დაკვირვებებით. მაგალითად, რომ სტატისტიკურად ასაკის მატებასთან ერთად მდედრებს უფრო ეშინიათ თმიანი ცხოველების/ქვეწარმავლების. მკვლევარი ასკვნის, რომ ობობის შიშიც კი თმიანობის შიშისგან მომდინარეობს, ვინაიდან ობობის გრძელი და წვრილი ფეხები თმებს წააგავს.

ცხოველებისადმი ინტერესი ასაკობრივ კატეგორიას საზღვრავს: საწყის ეტაპზე ბავშვს იტაცებს დიდი ცხოველები, ვინაიდან სიდიდეებს უფროსების მზრუნველობასთან ასოცირებს. ამ სტერეოტიპის დარღვევის შემთხვევაში, დიდი შანსია ბავშვის რეაქცია განიხილებოდეს უფროსების მტრებად მოსაზრებით ანუ მშობლებთან პრობლემური ურთიერთობებით. შემდეგ ეტაპზე ბავშვისთვის საინტერესო ცხოველები მცირე ზომის ხდება. ამ ეტაპს ცნობისმოყვარეობის პერიოდში ვხვდებით, როცა გვაინტერესებს ბაყაყების გაბერვები, ტარაკნების შეგროვებები ანუ ჩვენთვის მისაღწევი ექსპერიმენტები რომ ჩავატაროთ. შემდეგ ეტაპზე სქესობრივი ცხოვრება იწევს წინა ინტერესში ანუ ჩვენნაირი ცხოველები. ამ დროს ცხოველები ისევ ბრუნდებიან ჩვენს ცხოვრებაში ბავშვების სახით, კი არა და ბავშვებისთვის შერჩეული შინაური ცხოველების სახით. საბოლოოდ, როცა შვილები მოგვცილდებიან “გადასარჩენი” ცხოველებით ვინტერესდებით. ეს პერიოდი ადამიანს შეიძლება ადრეც დაუდგეს, როდესაც ფსიქოლოგიური თუ სხვა წნეხის გამო თავს “გადასარჩენად” აღიქვამს.

220px-Humanzoodes

დესმონდ მორისის მეორე წიგნი “ადამიანთა ზოოპარკი” (‘The Human Zoo’) მოგვითხრობს ადამიანთა ჩვევებს არქიტექტურაში. არქიტექტურა შედარებულია ჯუნგლების გაქვავებასთან. ნაშრომი რეცენზენტის სიტყვებით იწყება, რომ ამ წიგნს არ კითხულობენ განათლებისთვის, არამედ ჩაფიქრებისთვის უნდა წავიკითხოთ. მასში კონტემპორარული მსოფლიო განხილულია როგორც გალიები ანუ ქალაქები (Cities). შიშველი მაიმუნი კი იძულებულია რომელიმე გალიაში ანუ ლიმიტურ სფეროში დარჩეს სოციალური იზოლაციის შიშით.

ზოოლოგის თვალით დანახულ მეგაპოლისების გამოქვაბულებში გამყინვარების პერიოდიდან დროის მანქანით მოტაცებული ახალშობილები იზრდებიან. სტატუსი აღიქმება როგორც მოსანადირებელი ცხოველი. თუ მე ერთი მონიტორის შეძენა შემიძლია, მაგრამ ვყიდულობ ორს, ერთი მონიტორის მქონის თანასწორი ვარ, მაგრამ სტატუსით ვმაღლდები.

სტატუებიანი ქალაქის განხილვა კი სუიციდის გარეშე შეუძლებელია. თუ ცხოველი მტერს ვერაფერს უშავებს, ის საკუთარ ტყავს ან საკუთარ ნაშიერს გლეჯს, ოღონდ მხოლოდ ნაწილებს გლეჯს სიკვდილამდე მიყვანის გარეშე. თვითმკვლელობა მხოლოდ ადამიანებს შეუძლიათ. მითუმეტეს, თუ ის მოშორებულია ცხოველურს, ანუ სოფელს და დიდ ქალაქში ცხოვრობს, სტატისტიკურად სუიციდის შანსი იმატებს. ავტოდესტრუქციის აქტი განხილულია როგორც მიზანმიუმართავი აგრესია ანუ მკვლელობის შედარებით გაკულტურებული ფორმა. მკვლევარის აზრით, უმეტესად არავინ იკლავს თავს, თუ სხვისი მოკვლის სურვილი არ აქვს. თეორიას ამტკიცებს ომიანობის ხანაში ჩადენილი თვითმკვლელობის დაბალი სტატისტიკა. რა საჭიროა ავტოდესტრუქცია სხვისი დესტრუქციის შესაძლებლობისას. სტატუსის მონადირების სურვილი კი ქალთა ემანსიპაციისკენ სწრაფვის ხანაში ქალებს მეტად სუიციდურს ხდის. თანამედროვე სამყაროში ცხოველებს ოთხი მიზეზით ვხოცავთ: საკვების თუ სამოსის მოპოვებისთვის, სამეცნიერო კვლევისთვის, მავნე პარაზიტების გაწყვეტისთვის ან სიამოვნებისთვის.

რა საბოლოო დასკვნას გვთავაზობს ორივე წიგნის ერთი ავტორი და – პოლიტიკოსი უნდა იყოს ბიოლოგი. წიგნების წაკითხვა შეგიძლიათ უფასოდ: შიშველი მაიმუნი და ურბანული ცხოველი.

ყვავილები ჩარლი გორდონისთვის

FlowersForAlgernon500ჩარლი გორდონი ბავშვობაში დედამ მიატოვა, მისი აიქიუ 68-ას უდრის, – ამინომჟავის ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა აქვს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გონებრივად შეზღუდული პირია, მაგრამ ბედნიერი. სპეციალურ სკოლაში დადის, სადაც “დედა ენის” მსგავს წიგნებს აკითხებენ და მისნაირებს წერას ასწავლიან. მედიცინის წყალობით სწრაფად სწავლას შეძლებს, მოძებნის დედას და ეტყვის: “დედა, გადაგიხდი, ოღონდ დამელაპარაკე! .. მე ნორმალური ვარ.” ბოლოს იგონებს, რომ დედამისს იმიტომ კი არ უყვარდა, რომ ავად იყო, არამედ სიყვარული არ შეეძლო. იმ ბოლოს, როცა ასკვნის, მის ტვინთან მედიცინის დაშვებულ შეცდომას: რაც სწრაფად ვითარდება, მალევე ქრება. რომანი წარმოადგენს ევოლუციის აღწერას უვიცობიდან სიბრძნემდე და იქიდან დეგრადირებას ორი ლაბორატორიული თაგვის ცხოვრების ჩვენებით. “მე აღარ ვარ შენი სამეცნიერო პროექტი”, – ცოდნას იმედგაცრუება მოაქვს ავტორიტეტების მიმართ.

თავიდან დენიელ ქიზიმ პატარა მოთხრობა დაწერა საცდელი ჩარლი გორდონის დღიურის სახით. მიდგება, როცა ავტორი ცდილობს წერის მანერითაც პერსონაჟში შესვლას, ან როცა ფოტოგრაფები სათამაშოებს ბავშვის პერსპექტივიდან, დაბლიდან მაღლა იღებენ, თუნდაც გურჯიევის მეთოდი, რომელიც თავიდან აქცენტით იწყებდა საუბარს და გამართულ მეტყველებაში გადადიოდა, ბულგაკოვმაც გიორგისთვის რომ მიაბაძინა ვოლანდს. და როცა ჩარლი დღიურის ბოლოს პირველ გრამატიკულ შეცდომას უშვებს, პატარა თხელი წიგნის სახეზე მიფარებით ვამბობ: – ოღონდ ახლა არ ვიტირო. ჯერ ბრედბერი და ბრაუნი მომათავებინე, ცრემლო.512px-flowers_for_algernon1.jpg

მოგვიანებით იგივე სათაურით ცუდი ფილმიც გადაიღეს. არა, წიგნი ფილმს ყოველთვის აჯობებს, – არ ვამტკიცებ, კუბრიკი ჩემი პლატონური ქმარია და “დასაქოქი ფორთოხალი” – გამონაკლისი. ეს მაგალითისთვის. ცუდი იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ფრაზა, ზუსტი ციტირება არ მომთხოვოთ და, არ მოხვდა, ჯერ კიდევ ავადმყოფს გამოცდაზე თაგვი რომ აჯობებს, დაუწერია: არ ვიცოდი თაგვები თუ ასეთი ჭკვიანები იყვნენ, ელჯერნონი თეთრია, შეიძლება თეთრი თაგვები არიან ჭკვიანები, – მაგრამ ფილმს რას ვერჩი, მაინც რომანის მიხედვით გადაიღეს, სადაც მოთხრობისგან განსხვავებით ჩარლის წარსული ცხოვრება ჩანს. ფილმის უფრო ძველი ვერსიაც არის, ოღონდ მე არ მინახავს, ასე ჰქვია: “ჩარლი”.

ელჯერნონი შეიძლება არც გამხსენებოდა, იაპონური ალბომისთვის რომ არ მომესმინა, იგივე სათაური აქვს და თემატიკა. დევიდ როჯერსიც დგამდა სცენაზე, სადაც განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება წიგნის დასასრულზე: ბოლოს ჩარლის გონება ისევ სუსტდება, სპეციალურ სკოლაში შედის, სადაც ისევ “დედა ენისნაირ” წიგნებს კითხულობს. ცოდნის ათვისება იქნებ მის სისტემატიურობაშია, რაც, როგორც თავად პაციენტმა დაასკვნა, თავისთავად გონებრივი აქტივობის დაჩქარებას გამორიცხავს.

ბევრი წიგნი უნდა ვიკითხო და ბევრი უნდა ვწერო, მერე რა, რომ ფენილკეტონური არ ვარ, მეც დამცინიან და ხშირად ვერ ვხვდები, ძალიან ჭკვიანი უნდა გავხდე.

სულით ავადმყოფთა მხატვრობაზე

ამ თემაზე წიგნი ჩამივარდა ხელში თავისი ილუსტრაციებით. განსაკუთრებით ერთი ნახატი მომეწონა: კაცი ზურგით იდგა, მოძრაობაში ჩანდა და შებმული ცხვარი გასაყიდად მიჰყავდა. წარმოვიდგინე, რომ ამ ნახატის ავტორსაც მოექცნენ ასე. ან გონია, რომ გაყიდეს. ნახატებით ხელში ავადმყოფები საცდელი ზაზუნები იყვნენ და პოდიუმზე საკუთარ თავს წარადგენდნენ. ჩემს გვერდით ბიჭი  იჯდა, რომელიც ხატავდა. ვიფიქრე გამოველაპარაკებოდი, მაგრამ ბავშვობის კომპლექსია, უცნობ ადამიანებს არ ველაპარაკები და არც მათ მოწოდებულ კანფეტებს ვჭამ. სამაგიეროდ, ჩუმად ვაკვირდებოდი როგორ ავლებდა სწორ ხაზებს და მათ მუქად აფერადებდა.

თუ ისტერიას არ მივიღებთ მხედველობაში, რომელსაც სიახლის განცდის მანია აქვს, დანარჩენ სულით ავადმყოფთა განწყობას სტაბილურობა ახასიათებს. ერთხელ ფიქსირებულს რამდენჯერმე იმეორებს. ახდენს ერთი აზრის რეალიზაციას. მაგალითად, ხატვის დროს შიზოფრენიით, პარანოიით დაავადებულებს ხშირი გამეორება ახასიათებთ. უღრმავდებიან რომელიმე დეტალს და მას მკვეთრად აფერადებენ. ტენდენცია აქვთ ძველისკენ მიბრუნების. ფიქსირებული განწყობითაა განსაზღვრული ერთი და იმავე შინაარსის გამეორება. თუმცა ერთი ექიმი წერდა, ცნობიერებას არ შეუძლია გაიაროს ორჯერ ერთიდაიგივე მდგომარეობა, მას მეხსიერება აქვსო. თვითნებული ფიქრი წარსულზე დაავადებათა პირველადი სიმფტომია.

გამოდიან შეშლილები და ხატავენ. ძირითადად ეროტიზმის შესახებ და ძირითადად დისპროპორციით. ხშირად მათი პერსონაჟები უფორმონი არიან. ამაზე ექიმებმა  ივარაუდეს, ხვდებიან მიმართებას მახინჯ სხეულში რომ მახინჯი სულიაო. ექიმებმა შიზოფრენიის სიმფტომებიც ჩამოწერეს: ემოციური სფეროს დაკლება, პიროვნების თანდათან შეცვლა, ქცევაში უცნაურობები, ზემქმედების ბოდვა, ნებითი სფეროს შესამჩნევი შესუსტება და პიროვნების გახლეჩვა.

მხატვრები ამ წიგნიდან შუქ-ჩრდილებს არღვევენ. სიღრმეს სიბრტყედ აღიქვამენ და ასეც ხატავენ. მომრგვალების გარეშე, მესამე განზომილებას რომ კარგავს. გადავხედე ჩემგან მარჯვნივ მჯდომის ნახატს და ქაღალდზე მიტყეპილი კუბო ვნახე. თავიდან სახლი მეგონა. მერე დავაკვირდი და ჯვარი ესვა. ბავშვივით ხატავდა. თუმცა ავადმყოფის ბავშვთან გაიგივება არ შეიძლება. თუ ერთი პირველადი მატერიაა, მეორე გარკვეული გამოცდილების მქონე ადამიანი და მათი მსგავსება მხოლოდ ზედაპირულ დონეზეა აღსანიშნი.

დავუბრუნდი წიგნს, სადაც ავადმყოფებზე ეწერა ხატვა აჯანმრთელებსო. თურმე ეპილეფსიით დაავადებული შეტევამდე ნელა, მაგრამ არითმულად ავლებს ხაზებს, იმდენად მკვეთრად, რომ ნახატს ხევს. სიუჟეტი დინამიკურია, მაგრამ ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა უჭირთ. მათ სურათებში წითელი ჭარბობს. გულყრის წინ აურას სწორედ წითლად ნახულობენო. გადავხედე გვერდით მჯდომს. გემს აგებდა.

ავადმყოფები ხატავენ ბევრ რამეს. მათ შორის მედ. პერსონალს, მაგრამ ძირითადად ხატავენ თვალებს, გამოკვეთილად და ისე, სასხვათაშორისო ფონად რომ უძღვის მთლიანი სახე. ხატავენ მიმიკებს. შეიძლება ჰგონიათ, რომ თვალები მართლა სარკეა და პირისგან განსხვავებით ტყუილი არ შეუძლიათ. ჰმმ. მე შემიძლია. უბრალოდ არა დროულად.

დროის განცდის შეფასება სივრცით შეიძლება. მარცხნივ დახატული წარსულს უდრის, ცენტრში – აწმყოს, მარჯვნივ – მომავალს.  შიზოფრენიით დაავადებულები ფერებს აქცევენ ყურადღებასო, დეპრესიით ავადმყოფები – ფორმებს. ხატავენ კუბებს, გეომეტრიულ ფიგურებს ან უბრალოდ ერთმანეთს უხამებენ ფერებს. დეკადენტური მხატვრობაც ხომ მსგავსია. შეშლილის მხრიდან შეცნობილი სამყარო მეტად რეალური, სურეალური ეჩვენათ.

და სურეალისტები ბოდავენ. ბოდვა კი მით უფრო კარგადაა გამოხატული და მით მეტად ძლიერია მასში დარწმუნებლობის განცდა, რაც უფრო კარგადაა შენახული აზროვნება. რაც შემეხება მე, ავად არ ვარ, პირიქით, ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს, არ ვბოდავ, არც ვიჩემებ მოდერნისტული შეშლილის იმიჯს, მაგრამ რაღაც ცხოვრებაში დამიხატავს. ეს ჩემი ჩანახატებია. დღიურისთვის, ისე..

მეტის ნახვა სრულიადში

რა უდევს საფუძვლად დაუსრულებელი საქმისადმი მიბრუნების ტენდენციას?!

მინდა ამ ნაწერს ამინდი შევუსაბამო, მაგრამ არ მახსოვს. ჩვეულებრივი დილა იდგა. ბიბლიოთეკაში ვიჯექი, წიგნის თვალიერებისას ეს ფრაზა/სათაური/ რომ მომხვდა თვალში. ტექსტი აშკარად ჩემზე იყო და კიდევ იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიღაც შენობაში დაკვირვების ობიექტად რომ გაიხადეს თავი. ექსპერიმენტში დაუსრულებელ ნახატს აწყვეტინებდნენ და ახალ ფურცელზე აწყებინებდნენ ხატვას. კვლევამ აჩვენა, რომ ”ადამიანი ზაზუნები” შიგადაშიგ უბრუნდებოდნენ ძველს ან ახალ ფურცელზე ძველის აღდგენას შედეგით/უშედეგოდ ცდილობდნენ. სიმართლე ვთქვა, დასკვნა არ წამიკითხავს, მაგრამ ჩემს ტვინში აშკარად შეინიშნება უამრავი დაუსრულებელი საქმე, რომელის აღდგენისკენ ორგანულად მივილტვი.  მეტიც, ეს ხდება ურთიერთობებშიც: ძველ ადამიანთა დანიშნულებებით ხშირად ახალ ადამიანებს ვტვირთავ და მაინც, საშინელი განცდა მრჩება იმის, რომ რაღაც დავტოვე. აქ მაგალითად მოვიყვანდი უზნაძის ბურთებს, რომელიც იტყოდა, რომ ემოციური განწყობა სამომავლო დაბრკოლებისა, მცდარ ინტუიციურ დასკვნებში გამოიხატება.

მგონია, დაუსრულებელ საქმეებს საკმაოდ მძაფრად აღვიქვამ. რისი გავლენითაც ცხოვრება მუდამ წარსულში მაბრუნებს და ვტრიალებ წრეზე, რომელსაც პირობითად  ზაზუნას დღე დავარქვი. მაგრამ მაინც რა უდევს საფუძვლად დაუსრულებელი საქმისადმი მიბრუნების ტენდენციას? მოკლედ ვუპასუხებდი: წერტილი. წერტილი შეიძლება იყოს გეომეტრიული ნიშანი, სასვენი ნიშანი თუ დიაკრიტიკული ნიშანი. მათი განსაზღვრება შორს წაგვიყვანს, მე კი იმ ფსიქოლოგიურ დასასრულზე ვამბობ, რომლის მერეც საფუძველს ქმნი ახალი წინადადების დაწყებისთვის. პირველად ორი წლის წინ სიტყვა – fin – გამოვიყენე იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, რისკენაც მივილტვოდი. გავავსე სოციალური ქსელები და ნახატები ამ სიტყვით. მერე კი მივხვდი, რომ თუნდაც ფსიქიკური მორჩები, რა მაშტაბისაც არ უნდა იყოს, შეიძლება შეცვალო მძიმედ. და რომ სკოლაში ნასწავლ ცნებას: რაც იწყება, – დასასრულიც აქვს, რომ მხოლოდ დრო არ სრულდება, როგორც გალაკტიონის ”ლურჯა ცხენებშია”, – ალტერნატიული გამართლება მოვუძებნო.

1927 წელს ჯორჯ ლემეტრმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სამყარო წარმოიშვა ერთი წერტილიდან, რომელსაც დრო და სივრცე არ ჰქონდა და ქროლოლოგიურად მატერიასთან ერთად წარმოიშვნენ. გამოკვლევებმა კი მეცნიერებისა და რელიგიის გახლეჩვამდე მიგვიყვანა. ხალხები უკიდურესობებში გაიყვნენ.

მოდი, თავიდანვე გავხსნი კარტებს: ავიღოთ, ევროპა და აზია. არ არსებობს ევროპა და აზია. არსებობს ევრაზია, ისიც კონტინენტური თვალსაზრისით. კონფლიქტი მეცნიერებასა და რელიგიას შორის ერთმანეთში ჩაუწვდენლობამ გამოიწვია. თუ ევროპაში ადამიანი მეტად ეგოცენტრუალია, თან ექსტრავერტი,  აზიელი ინტროვერტია, რომლის მე-ს ფუნქცია უმნიშვნელოა. ვფიქრობ, გარემო და ინდივიდის გაყოფა, მითუმეტეს, ჭიდილი ულოგიკოა. ისინი ყოველთვის ერთიანდებიან, სადღაც წერტილში, იქ სადაც, თითქოს დასასრულია.

თუ სამყაროს ოდესღაც დასაწყისი ჰქონდა და ეს წერტილი იყო, მისი დასრულების, დასრულებული სახის,  დუალიზმის თუ წერტილის /როგორც გინდათ ისე თქვით/ შემთხვევაშიც, პოტენციაა ახალი წინადადების ისევ წერტილიდან დაწყებისა. დასკვნა: ნებისმიერი დასასრული პოტენციური დასაბამია დასასრულისა.