საავადმყოფოში

ამ ბოლო დროს ისე ვარ, კონსერვის ქილას რომ გახსნი, დამარილებულ საიდუმლოს რომ გაამხელ და უკან რომ გინდა დაბრუნდე, თვალებზე ხელი აიფარო და მიწა საბნად გადაიფარო. როცა მეკითხებიან, რამე თუ არის, რასაც ვერ ვამხელ, ვპასუხობ: “არაფერი ისეთი, რასაც ვერ დავწერ. სხვისი სახელით მაინც”.
ეს დღეები ბარში ვმუშაობ, მაგრამ არ გახსნილ ბარში, სადაც სტუმრები არ შემოდიან. ის მომენტი არ მაქვს, დახლთან სასმელი ვინმეს შევთავაზო და მან საკუთარი ისტორიები მიამბოს. მხოლოდ დეგუსტაციებზე ვმუშაობთ და ვისმენ ძველი მიმტანის ისტორიებს როგორ არ უშვებდა მოსკოვის რესტორანში ერთხელ ბილ გეითს ვერ ცნობის გამო და როგორ გაასაღა მასზე ლაღიძის წყლები ქართულ კოკა–კოლად.
ჩვენს ბართან ერთი ეკლესიაა, სადაც ჩემი ასაკის მესანთლე ქალი მუშაობს, შავი კაბები კიდევ მეტად რომ ახდუნებს და თეთრი ქუდი ახურავს. ხვეული თმა აქვს და ლამაზია. არ მგონია პირადი ცხოვრება ჰქონდეს და, იცით, ეს მომწონს.
თავადაც გადავწყვიტე მზარეულობა და სტუმრები დავპატიჟე. ერთი ქალი მოვიდა, ვახშამი მოეწონა, მაგრამ მუცელი ასტკივდა. ვხუმრობდი, ნუთუ ამდენად ცუდი მზარეული ვარ, რომ მოვწამლე, მაგრამ მთელი ღამე სისხლისგან იცლებოდა, ბოლოს სისხლის კოლტიც წასცდა. მუცელი მოეშალა.
რატომღაც ეგონა, რომ მუცელი მოშლილი ჰქონდა, რადგან ერთი თვის წინ ექიმებმა უთხრეს ამის შესახებ და თავისივე ხელით გამოიძრო მაშინაც კოლტი.
რომ გათენდა, ექიმთან მივიყვანეთ, ექოზე ვერაფერი ნახეს, მაგრამ გამოფხეკა სცადეს. ბავშვი ორი თვის იყო, თურმე შუაზე გამსკდარა და საშვილოსნოს ორივე კედელზე მთელი თვე ხორცდებოდა, სისხლის დენის ან სიცხის გარეშე. გაუტკივარებაც არ გაუკეთეს, რადგან ჰგონებიათ პატარა იყო. ახსნეს, ბებიაჩვენებიც ასე იკეთებდნენო.  გამაღიზიანებელი ფრაზაა. მახსენდება მთის ქალები ფეხზე ძაფგამობმულები რომ იშორებდნენ ნაყოფს ან მშობიარობდნენ. ბოლოს თავადაც შეშინდნენ, რადგან ქალი ლამის მოკვდა.
დაზღვევის თემა ცალკე პრობლემა იყო, რადგან განცხადების შეტანიდან ერთი კვირის მერე მოქმედებს, სწრაფ შემთხვევებშიც კი. ალბათ აღარასდროს მივალ გაგუაში. მერამდენედაა ცუდი მოგონება, მაინც მივდივარ და ისევ ცუდ მოგონებებს მიგროვებს.

one night stand

<< ნაოპერაციები ხარ. გავიგე შენი ნეკნის ამბავი. როგორ ხარ?
მე საკუთარ აბორტს ვიკეთებ და დროდადრო ვღვრი წყალს,
იმ წყალს, რომლითაც მუშამ მოგვზილა.
გამარჯობა, ადამ! მე დავბრუნდი.
მე შენი ცოლის საყვარელი ვარ. 
               შენი ლილიტი. >>

თითები შევყავი.
ჩაშავებული რომ იყო ზედ მოწოლილი სისხლისგან და დროდადრო ქვემოთ ჩამოქაჩვით ვაწვებოდი მუცელს ზემოდან. მალე კანი ცელოფნის პარკივით თხელი და გამჭირვალე გახდა, შიგნიდან სახე არეკლოდა.
მე კი ამ სიფრიფანა კანიდან ვეხებოდი ქვეშეთიდან მომზირალ ნაკვთებს და მიკვირდა, რა მკაფიოდ ჩანდა ახალი სახე.
ლილემ სისხლთან ერთად იმშობიარა.

ვხვრიპავ, დიახ, სწორედ ეს სიტყვა შეეფერება, ჰაერს და ვყვირი: ”ჩვენ ყველანი ადამები ვართ. ყველა ჩვენთაგანს გაუვლია მისი სხეული.” ღმერთის გამოგდებულ ადამებს ვიღებ საშოდან. ბებიაქალი ვარ. ვაქნებ თავს და დანანებით ვამბობ: ”შენც დაგსაჯა?” ის ტირის.

ჩემი შეყვარებული მეორადი მოხმარების თვითმკვლელია, მე კი მისთვის მეორადი მოხმარების საყვარელი.
ეს მისი შვილია, მაგიდის ქვეშ რომ დაფოფხავს, წლების წინ რომ ვამშობიარე.
ჩემი ქმრის შვილი გავუჩინე სამყაროს.
გადავწყვიტეთ, ღალატისთვის შური გვეძია.
ერთ სამშობიაროში ვმუშაობთ. ძირითადად აბორტებს აკეთებს.

ჩემი და ლილეს ურთიერთობა ”one night stand”-იდან დაიწყო. ასე ერქვა იმ სასტუმროს, სადაც დავრჩით. რკინის საწოლი გვქონდა და როცა საბანიც დაგვაწვა, კიდევ მეტად ჩავიწიეთ ლოგინის ხვრელში.
„აქ ხარ?“
მიღიმოდა ლილე.
„არა.“
ვიღიმოდი.

ის ცეკვავდა, როგორც მოხარკე, მოვალე, თუ როგორ ვთქვა.. წართმეული ემოციებით და თითქოს ინსტინქტებს წოვდა ცეკვისას.
იცოდა ხელის მოკიდება ჩემს ხელებზე და სუნთქვა მოკუმშული ფილტვებით. სულ უფრო მეტად იკავებდა სუნთქვას მეტი ეფექტისთვის. მერე ქშინავდა.

იმ დღეს ეთერული ცრემლებით ტიროდა.
მე კი მის გახდილ კაბას ვკბენდი შორიდან, სიმწრისგან, შურისგან.
იმ დღეს ორად გაყოფილი ენა ჰქონდა. ყვირილის დროს შევამჩნიე.
შემეშინდა, რომ აქამდე – ვერ.
დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ ალერსის დროს მის ხმას ექო ჰქონდა.
პირველი ენით მე მესაუბრებოდა, მეორეთი – დანარჩენებს.
თუმცა ყველა ჩვენთაგანს იმ პირველი ენის ილუზია ჰქონდა.

იმ დღეს ქუჩაში დავიძინეთ. მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა თავისუფალი ხიდის ქვეშეთის შოვნა.
ვფიქრობ იმ სიტყვებზე, რომლებიც ხმამაღლა არასდროს გითქვამსო.
დავფიქრდი და მეც დავიწყე მათი გახსენება.
”ისეთი სიტყვები არ ითვლება, რომლებიც არ გაქვს გაგონილი. აი, რომ იცი, მაგრამ არასდროს გითქვამს, მაინტერესებს შენი მეხსიერება.”
როცა შემატყო, რომ ჩუმად ვიყავი და ვიხსენებდი, გახსენების დროს მოგონება შუა პერიოდიდან დაიწყე და ახლა ალბათ რამდენჯერმე ჩახვედი და ამოხვედი ქვეშეთშიო. ქვეშეთს ბავშვობას ეძახდა.
–        იცოცხლებს?
–        ცოცხალია? – ვსაუბრობდით პროფესიაზე და ქმარზე:
– რას ამბობენ, რისგან მოკვდაო?
ყოველ ჯერზე ის ახალი ზღაპრებით აძინებდა ბავშვს:
„მე ის შვილი ვარ შენ რომ წაგცდა შემთხვევით.
გამარჯობა კაენ! შენ – ჩემი ნახევარძმა.“
ერთხელ მოიღუშა და გამიღიმა:
„და ევა – შენ, ჩემი ქმრის ცოლი.“
მოვიფხანე თავი, როგორც ბავშვობის აკვიატებული ჩვევა და წავედი.
ამით მიხვდა, რომ ლილიტი და ევა ერთიდაიგივეა.

”ცოცხალი აღარაა, ჩვენ არაფერი გვაერთიანებს”, – ვუთხარი და ბოლო ქვითარი დავუტოვე მაგიდას.
ის კი ხალხთან მიცუცდებოდა და ძაძებიან ცხოვრებაზე ისტორიებს ყვებოდა:
”როგორც ჩემზე დაწერილ პოემაშია, თქვენს შვილებს როგორ სიყვარულსაც აუკრძალავდით, მე ისეთი სიყვარული ვიცი”.