ბერლინის სინდრომი

berlin_syndrome_sundance_still_2_-_publicity_-_h_2017

მე არ ვიცი საავტორო უფლება გააჩნია თუ არა აწ უკვე ხალხურად ქცეულ ფრაზას, – “პრობლემა ჩემშია, წარსულის გამო სიყვარულის მეშინია”, – ან ოდესმე გულწრფელი დაშორების წყარო თუ იყო, მაგრამ სადღეისოდ ურთიერთობის ყველაზე ყალბ, მაგრამ ეთიკურ ეპილოგად ითვლება, რადგან ქვეტექსტად დაზარალებულთან ახდენს თვითიდენთიფიკაციას, მეც დამშორებიანო. ან მაჩვენეთ სად არის ამდენი საბედისწერო ქალი ქალაქში, ასე მგონია ერთი სახე აქვთ. საბოლოო ჯამში ფრაზა იმდენად ვირუსული აღმოჩნდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვისმენ საშიში სიყვარულის შესახებ, ვფანტაზიორობ კადრს ჰორორ ფილმის ჟანრში: ბიჭი წევს აწმყო პარტნიორთან ერთად ლოგინში და საწოლის ქვეშ შეხედვის ეშინია, იქ დაბუდებული ყოფილი პარტნიორის აჩრდილის გამო. 

იმის მიუხედავად, რომ წიგნში, და იგივე სახელის მქონე ფილმში “ბერლინის სინდრომი”, ეს კიჩი ფრაზა არ არის ნახსენები და პოლიტიკური ქვეტექსტებიც კი ლაითმოტივად თუა ჩატვირთული, პოსტ ფაშისტურ უსიყვარულობისკენ მამისამართებს. ფაშისტური პროლოგის მქონე ბერლინმა საკუთარი თავისადმი სიყვარული იმდენად შეინანა, წარსულის გადახარშვას უცხოელებთან ინტეგრირებული მსუბუქი ფლირტით, ლიბერალური სავიზო რეჟიმით ცდილობს. ანუ ქალაქი ისევე იქცევა, როგორც ადამიანები ვიქცევით ხოლმე განქორწინებისას. ძლიერ ურთიერთობებს ვანაცვლებთ მსუბუქი ურთიერთობებით, და ვერ ვხვდებით, რომ მსუბუქთან კონტრასტით ძლიერი კიდევ მეტად ძლიერი გამოჩნდება და ამით წარსული მოჩანს ავტორიტეტი. ფილმი გადაღებულია გედეერის ბერლინის არქიტექტორულ ძეგლებში, რაიონში, სადაც კედელი იმდენად კალუსტროფობიული აღმოჩნდა, მონატრებულ მადაზე თითქოს თავად შენობები ისრუტავენ აქ ფეხგადმოდგმულ ტურისტებს.

ავტორმა აზრის გადმოსაცემად, გვაჩვენა გდრ ბერლინელი მანიაკის პერსონაჟი, რომელსაც ბავშვობაში დედა უკეთეს მხარეს გაექცა და ტურისტებზე გაუჩინა ფეტიში. დღისით ის ფორმალური ინგლისურის პედაგოგი გახლავთ, საღამოობით კი სახლში ვან ნაით სთენდით იტყუებს უცხოელ გოგოებს, ხოლო მეორე დილით სახლის კარებს უკეტავს რომ არ გაიქცნენ. მანიაკის ერთ-ერთი უცხოელი მსხვერპლი და ფილმის პირველადი პერსონაჟი ბერლინში გდრ შენობების ფოტოგრაფირების სურვილმა ჩამოიყვანა. რატომ უკავიათ ტურისტებს კამერებიო? იმიტომ, რომ ჩხაკუნით გაუცხოების უხერხულობა დაფარონო, – არის ასეთი თეორიაც, მგონი ისევ გერმანელისგან. როცა ტურისტი უკვე გდრის ცივი ოთახების ტყვედ იქცევა, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ, როგორც ნამდვილმა არტისტმა, კედლის რომანტიკული კლაუსტროფობია, საკუთარ თავზე გამოსცადა, ლოგინის ქვეშ შეიხედა.

თუშური სკოლა

IMG_20170829_0088 copy

საქართველოში ცათამბრჯენები უნდა აშენდეს ქართველი ერის მაღალწნევიანობის გამო, რომელიც რელიეფმა გვიბოძა, ვიდრე ეს ბრტყელტერფიან ნიადაგზე, მაგალითად, დუბაისა ან ქუვეითში უნდა ხდებოდეს. ეს აზრი ხევსურეთსა და თუშეთში ვიზიტისას დამებადა, სადაც ისტორიულად ზღვის დონიდან ოთხნიშნა მეტრზე და ბოლო სართულზე ცხოვრება იერარქიულად და სქესობრივად მაღალ საფეხურს უდრიდა. ამ საუკუნეშიც ცათამბრჯენები ფუფუნების, სტაბილურობის და ძალის გარანტის სიმბოლოა. და თუ დღეს შეგვიძლია გაცილებით მაღალი და ძლიერი საცხოვრებელი კოშკების აშენება, საქართველო იძლევა ამის საშუალებას რელიეფითაც, ერთ ეპიცენტრში თავმოყრილი ადამიანური რესურსითაც და ქართველი ერის პიროვნული მახასიათებლითაც. ყველაზე ხშირად ჩვენთან უნდა ვაშენებდეთ ცათამბრჯენებს, შეიძლება არა ისეთს, რა პროექტებიც გვაქვს ამჟამად, მაგრამ ბიფორ ით ვოზ ქულ, სიმაღლეების არ გვეშინოდა, აკრიფილიურია ქართველი ერი.

IMG_20170905_0013 copy.jpg

რაც შეეხება თუშეთს, წოვას მხარე ყველაზე ლამაზი, ძვირი და არასტუმართმოყვარე მხარე გახლდათ ჩემთვის. ეს არის ადგილი, სადაც ავტოსტოპისთვის თანხას გთხოვენ, ბენზინის კურსი ბოცაზე ას ლარს უდრის, ისიც ჭურჭლის დაბრუნების პერსპექტივით, ცალი ხინკალი ორნახევარი, ხოლო ტაფა შემწვარი კარტოფილი კარტოფილის მხარეშე ოცი ლარია. მე მხოლოდ ომალოში ჩამოსვლისას გამცეს ხმა, რადგან ქალი ვარ. ხმის გაცემა არ ჰქვია, მოსაწევი შემომთავაზეს და ღვინო მაჩუქეს, ისიც იმიტომ, რომ პოლონელებთან ერთად ვიყავი და მათ ჰოსტელში დავრჩენილიყავი. ბათუმზე მაქვს აზრი, რომ ქართული ლას-ვეგასია, ქვეყნის მთლიანი ნაწილიდან ამოვარდნილი ზღვისპირა ქალაქი, რომელიც მხოლოდ შვებულებისას გვახსენდება, სხეულის გაშიშვლება მორალურ ფარგლებში ჯდება, საქორწინო ხელისმოწერა იქ უფრო გვერომანტიკულება და სხვა. აი, თუშეთი ბათუმური ცხოვრების ანტონიმია. იქ ტურისტი, თავისუფალი ქრისტიანი ქალები ავდივართ მუსლიმური წესების დასაცავად, მაგალითად, ღორის ხორცზე უარის სათქმელად, გადასაადგილებ მარშუტში შესაზღუდად. ეს ჩვენდა უნებურად, თანმდევი დომინოსავით ხდება, – თუ პროტესტს გამოვთქვამ აკრძალულ მთაზე ასვლის სურვილის გამო, საკუთარი თავი მძულს როცა ქვითკირიან შენობებთან ინტერნეტის ანძის ან წყლის ბაკის არაესთეტიკურობას განვიხილავ. საქართველოს ტურისტული ეგზოტიკა არ უნდა ჰქონდეს, ეს მის მთლიანობას ანაწევრებს.

ბოშა ქალი

4-Gypsy

“რეალური ზღაპრების” პირველ ლექციაზე, ქვე-სათაურით “აურა”, ფილოსოფოსმა გიორგი მაისურაძემ საშუალო კლასზე ისაუბრა, რომელიც კვირაში ერთხელ ფაბრიკასა და ბასიანზე გართობის ფუფუნებით კმაყოფილდება და კოპი-ფეისთ წრეს ქმნის. რომ გალაკტიონი იმდენად დაფიქსირდა ქართულ რეალობაში, რომ სუიციდის აქტით ხელოვნების მკვლელად იქცა, როგორც შოთა რუსთაველი იყო შუა საუკუნეების ქართული მწერლობისთვის. რომ სქესობრივ აქტში ფულის გადამხდელი კაცი აფიქსირებს არა იმდენად უფასო სითბოს უქონლობას, არამედ სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის მატერიალური წარმოჩენის უნარს. რომ ლუვრში ორიგინალი ჯოკონდას ღიმილისთვის ჩასულ ტურისტებს ძეგლი ზურგიდან აქვთ ნანახი, სელფის ჯოხებთან ფრონტალური კონტაქტის გამო. რომ კოკა-კოლა ამერიკაში დემოკრატიის სიმბოლო არის, ყველა სოციალური ფენის ადამიანი განურჩევლად რომ სვამს. რომ მარტოობა არის ერთჯერადობის გამოვლენა, როცა ადამიანი კოლექტიურ კვალს არ უერთდება.

ლექცია დაიწყო აურაზე თეოსოფოსების წარმოდგენით და მოდერნისტული თეორიით გაგრძელდა, სადაც დიუშანის მზა პისუარის კოპირაიტის გარეშე გამოფენა პლაგიატის აქტი არ გვგონია და პოსტ მოდერნიზმში უორჰოლმა კონსერვის ქილების გადამრავლებით რაოდენობა ხარისხზე წინ დააყენა. აურის ბენიამინისეული გაგებით თანამედროვეობაში აურა დაიკარგა, რადგან აურის მატარებელი მხოლოდ ორიგინალი შეიძლება იყოს. როგორც წესი, მიმბაძველი ადამიანი საშუალო ფენის წარმომადგენელია, რომელიც თავს ნიმუშის ასლით ტკბობის საშუალებას აძლევს, რადგან ორიგინალის ფუფუნება არ აქვს. ლექცია ერთგვარი მოწოდება იყო მარტოობისკენ, რომელიც კოლექტიური ცნობიერების ინდივიდუალური ცნობიერებით ჩანაცვლებით მიიღწეოდა. ნამდვილად სახასიათო ღიმილი აქვს ამ ლექციის ლექტორს, ვინც შეხვედრილხართ, დამეთანხმებით ალბათ.

gypsy-tv-show-on-netflix-cancelled-or-renewed-590x218

ამ ზაფხულსვე Netflix-მა ახალი სერიალი გამოუშვა დამწყები მწერლის ლაიზა რუბინის ავტორობით Gypsy. “ვინ ხარ მაშინ, როცა არავინ გიყურებს?” – სერიალის სლოგანია და დასმულია საკითხი – თუ პიროვნება სინამდვილეში მიმბაძველია, მისგან ინდივიდუალური ცხოვრების ქონის მოთხოვნა რამდენად ეთიკურია, ანუ მიმბაძველი ტიპაჟი სხვების მიბაძვის გარეშე პიროვნულობას თუ კარგავს. სერიალის მთავარი პერსონაჟი ფსიქოლოგ-თერაპევტი ჯინ ჰოლოუეია. მას შემდეგ რაც ქვეცნობიერის კვლევა დაიწყო, თავისუფალი ნების არ სჯერა. როგორც იქნა ოცნების მამაკაცს მოანდომებს მასთან მონოგამიურ ცხოვრებას, გაუჩენს ჯანმრთელ და ჭკვიან გოგონას, ფსიქოლოგიის კათედრის კოლეგებში ავტორიტეტით სარგებლობს, მაგრამ პერმანენტულად მაქციური სურვილები იპყრობს. იგი არ მუშაობს მხოლოდ პაციენტებისგან მონაყოლი ინფორმაციით, არ სჯერდება სხვების აღქმას, პირიქით, შენიღბული იდენტობით და პაციენტების ცხოვრებაში დასადგურებით ცდილობს მათ შველას.

მაგალითად, ჰყავს პაციენტი ნარკოდამოკიდებულებით და მის დასახმარებლად ნარკოტიკი ჯერ საკუთარ ტყავზე უნდა გამოსცადოს, მერე საცხოვრებელი სახლი დაუთმოს. ჰყავს პაციენტი ქალი, რომელიც მოჭარბებული დედობრივი ინსტინქტისგან იტანჯება და რახან შვილს გასაქანს არ აძლევს, შვილისთვის იგი უინტერესოა. ჯინი პაციენტის შვილს ვითომ შემთხვევით უმეგობრდება, პირველწყაროდან იგებს თუ რატომ უკეთებს დედამისს იგნორს და შემდგომ თერაპიის კათედრაში მისულ პაციენტს ადეკვატურ რჩევებს აძლევს. ჰყავს პაციენტი ბიჭი, ვისაც დაშორების გადატანა უწევს თავზეხელაღებულ გოგოსთან. იმისთვის, რომ ამ ბიჭის განცდები აღიქვას, ამ გოგოსთან გააბავს რომანტიკულ კავშირს. როგორც ყველა სუპერგმირს, გადაქცევის რიტუალი სჭირდება. მაგალითად, კლარკ კენტი სუპერკაცად გადაქცევისთვის სათვალეს იხსნის და თმას უკან იწევს. ჯინი თმას ისწორებს, N4 შანელის სუნამოს ისხამს და ვისკის სვამს ღვინის ნაცვლად.

ჩემი აზრით, იყო ორიგინალის ასლი, ჰგავს განტევების ვაცად ქცეულ პაიკს შაჰმათში. The Veritas-ის სერიაში ასლი რომ უნდა მოკვდეს ორიგინალისთვის. ამიტომ გვაწვდიან რარიტეტული წიგნების დაქსეროქსებულ ვარიანტებს ბიბლიოთეკებში. იყო ასლი ნიშნავს განვითარდე, რადგან ბავშვს მიბაძვით შეუძლია ლაპარაკის და ქცევების სწავლა. ბნელ ოთახში უკონტაქტოდ გამოკეტვის ალტერნატივაში უკონტაქტო ბნელ ოთახს მიბაძავს. უნიკალურობაზე ფიქრი კი მეამიტობაა როგორც თავისუფლებაზე საუბარი ქვეცნობიერთან ერთად. ერთხელ ცხოვრება დიდ მარკეტს შეადარეს, სადაც მუდმივად გიწევს ყოფნა და მზა პროდუქტების არჩევა, აღარ მახსოვს ავტორი. ჩემი აზრით, ეს ბაშაობა, მრავალი ნაციის და რელიგიის მატარებლობა პოსტმოდერნიზმის სიმბოლოა. სიმბოლო, რომ ცხოვრება საკუთარი თავის პოვნა კი არა, საკუთარი თავის შექმნაა. ხოლო პარასკევობით, როცა კლუბში თავს უჯრედად გრძნობ კოლექტივიდან, როცა ცეკვავ იმის ნაცვლად რომ მუსიკა დაწერო, როცა არემიქსებ იმის ნაცვლად, რომ გამოიგონო, შენ ამით ორიგინალს იცავ. იქნებ შენც, კაძუო იშიგუროს Never Let Me Go-ს პერსონაჟივით, ეროტიკულ ჟურნალებს ორიგილანის საპოვნელად ფურცლავ. ორიგინალის სტატუსით მოღვაწეობ, მაგრამ როცა მარტო რჩები, ჩემსავით ბოშა ხარ.

მიტოვებულების ბიბლია

960

Leftovers იმიტომ არ მოგეწონა, რომ მიტოვებული არასდროს ყოფილხარო, – მიპასუხა მეგობარმა, რომელიც HBO-ს სცენარით დატენილ კომპანიაში იყო შეჩვეული საუბარს. სინამდვილეში სერიალმა დამაჯერა, რომ შეიძლება დედამიწის მოსახლეობის 4% სხვების თვალწინ ერთდროულად უკვალოდ გაუჩინარდეს, მაგრამ ვერ დამაჯერა მარადიული სიყვარულის არსებობა, რომელიც ყოველ წელს ავსტრალიაში გაგატარებინებს შვებულებას გაუჩინარებული მეუღლის ძიებაში. მომიტევეთ, არ მიყვარს სპოილერის გარეშე საუბარი. სერიალის ფინალი თინეიჯერ გოგოებზეა გათვლილი, რომელთა სხეულებში ჰორმონები კრეპტონური ძალებივით ბუდობენ და ჯერ მათი ფლობა არ შეუძლიათ. ალბათ იმიტომ, რომ პრეისტორია მიტოვებული ადამიანის ბიბლიაა, ჰოლივუდური ღიმილიანი დასასრული არ შეეფერებოდა, რადგან მაყურებელმა ამოღეჭა მთავარი გმირების სასწაულებრივად გადარჩენების ხარჯზე მიღებული ემოციები.

ეს არის წიგნი პოლიციის ოფიცერზე სახელად კევინ გარვი, რომელიც არავის მიუტოვებია ერთი ღამით გაჩერებულ ქალს თუ არ ვიგულისხმებთ შუა აქტისას. კაცი, რომელმაც აბაზანის ნიჟარიდან სექსუალურად ამოძვრომა იცის და choking ფილია აქვს. როგორც პოლიციის შეფს, მას მიტოვებული მოსახლოების დაცვა ევალება და უპატრონო ძაღლებს ხოცავს, პატრონების გაუჩინარების შესწრებისას რომ გაავდნენ. მიტოვებულ სამყაროში ცხოვრებას ის ღამის იდუმალი ცხოვრებით უმკლავდება ანუ მთვარეულია. ცოლად ოჯახისგან მიტოვებული ქალი მოჰყავს, ვისთან ყოფნისთვის მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევს, როგორც ზღაპრებში ცხრათავიან დევებთან გამკლავება, – მან ჯერ უნდა მოკლას მისი მსხვერპლი ქალის ენიგმა, გამოიმუშაოს განწყობის კონტროლი და იმღეროს როცა არ ემღერება, დასძლიოს საკუთარ ორეულს, რომ მიხვდეს მარტოა და მეუღლესთან ცხოვრება სჭირდება, ქალაქში ყველაზე მიტოვებულ ქალთან.

ეს მიტოვებული ქალი ნორა ჯონსია, ყოფილი დიასახლისი ამჟამინდელი მიტოვების პრევენციის სამსახურის სტაფი. ქალი, რომელიც მსხვერპლის როლმა კარიერულ საფეხურზე აიყვანა და საჯარო სივრცეებში გამოსვლის სქილზი მისცა. მისი სამსახურეობრივი მისია გაუჩინარებულ ადამიანებში კანონზომიერების პოვნაა – ოფიციალურად რეგისტრირებულ მიტოვებულებთან დადის და მატერიალური კომპენსაციის სანაცვლოდ მიტოვებულ ოჯახებს კითხვარებს ავსებინებს. სწორედ ნორას წიგნიდან ვიგებთ, რომ გამქრალი ადამიანები პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ, რომელთათვის გამქრალები ჩვენ ვართ, ხოლო ისინი მიტოვების მსხვერპლები არიან, მათ ხომ დედამიწის მოსახლეობის 96% დაკარგეს. Leftovers-ის ფინალის ერთი თეორიის მიხედვით, ნორას წიგნის ფინალი რეალურ ფაქტს კი არ წარმოადგენს, არამედ ოცნებას, რომ მისი გამქრალი ოჯახი უმისოდ ბედნიერია და აწი თვითონაც შეეძლება ახალი ოჯახის შექმნა თუნდაც სიბერეში, თუნდაც ქორწილებში მტრედების გამშვებად მოუწიოს მუშაობა, თუნდაც ღვიძლი ძმის სიკვდილის მერე.

the-leftovers-1

ნორას ძმას მეთ ჯეიმსონი ჰქვია. ალბათ იმიტომ, რომ კონსერვატული ეკლესიის მღვდელია, იგი ერთადერთია, რომელიც გაუჩინარებული ადამიანების კულტს არ ქმნის და მორალურ-მატერიალურ წინაღობებს განიცდის იმ სტატიების გამო, რასაც ეკლესიებში არიგებს. სტატიებში წერია, რომ არ შეიძლება გაუჩინარებული ადამიანის კულტი ააგო, მხოლოდ იმიტომ რომ გენატრება. მეთი ტაბლოიდის ედიტორიბით ცდილობს მრევლს შეახსენოს, კულტად ქცეული გამქრალების მანკიერებები. თვლის, რომ ქრისტეს ტყუპისცალი ჰყავდა, ამიტომ როცა სიკვდილით დასაჯეს, მესამე დღეს ქრისტედ თავს ცოცხლად დარჩენილი ძმა ასაღებდა. ცოლად ჰყავს უშვილო და პარალიზებული მეუღლე, რომელიც სასწაულებრივად დაფეხმძიმდა, რამაც მასში ღმერთობის ამბიცია გამოიწვია. ჩემი აზრით, გემზე ნანახი ღმერთკაცა სწორედ მის ფარულ ორეულს განასახიერებდა. თავიდან მისი იდეები იმდენად კონსერვატული იყო მიტოვებულთა ქალაქებში, რომ ახალმა სექტამ ადვილად ჩაანაცვლა. მომავალში კი დაიჯერა ტყუილების, როგორც მომავალში პოტენციურად არსებული სიმართლის და ახალი მესიის, რომელიც დედამიწას ახალი მიტოვებებისგან იხსნის და ეს მესია კევინ გარვია.

მეთის შეხედულებებს წარსულზე ორიენტირებული სექტა უწევს ანტონიმობას, თეთრებში ჩაცმული სიგარეტიანი ტიპები დუმილის აღთქმით. მათ მემარცხენე ფრთას ლივ ტაილერის პერსონაჟი ასახიერებს. ვხედავთ სიბერისგან როგორ დაეჭიმა მსახიობს სახე, ერთ დროს ელფური გარეგნობის მქონეს. ქალაქებში არსებობენ მედიატორები, რომლებიც ფულს მიტოვებულებისგან შოულობენ, ცრუდ მიცემული იმედების სანაცვლოდ. ლაურა გარვის მორალი: წინასწარმეტყველებთან მისვლამდე სოციალური ქსელი წაშალე. და სხვა და სხვა დატვირთული პერსონაჟები სივრცეში. Leftovers-ს სამი სეზონი მოვლენების ეპიცენტრის სამ ქალაქშია გადაჭიმული. ნეიტრალური ნიუ ჯერსი, საიდანაც თვალს გაქრობას ვადევნებთ; ქალაქი, სახელად “სასწაული”, სადაც არავინ გამქრალა; და მელბურნი, სადაც პროცენტულობით ყველაზე მეტი მიტოვებული აღინიშნება და ერთგვარი ზღურბლია გამქრალების სამყაროში გადასასვლელად. სერიალი ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით ყოფილა შექმნილი.

დაემთხვა, რომ Leftovers-ის ყურებისას break up ქოუჩის საავტორო წიგნს ვკითხულობდი სახელად – The Ex Factory (c) ბრედ ბროუნინგი. ავტორი ყოფილ შეყვარებულებს წვრთნის მეორე შანსის მიღებისთვის დროში გაწელილი სტრატეგიით, სადაც პირველი რჩევაა ერთ თვიანი გაქრობის დაცვა. ავტორის აზრით, ყოფილთან შერიგებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია სხვა ადამიანებთან პაემნებზე წასვლა, ვარჯიში, ახალი ჰობი. სტატისტიკის თანახმად, 3 კვირა საკმარისია უარყოფითი ემოციები გაიფილტროს მოგონებებიდან და ძველი ურთიერთობიდან სასიამოვნო მომენტების გახსენება დაიწყოს. ამიტომ მხოლოდ ერთ თვიანი პაუზის პოსტ ფაქტუმ შეიძლება პირველი შეტყობინებით რეაგირება, მენტალური დაინტერესების მიზეზით, წიპა “ახალი ამბავი გაიგე? შენი საყვარელი ჯგუფი ჩამოდის ქალაქში”, ან ფიზიკური აღგზნების გამოსაწვევად ტანსაცმელზე გაკეთებული აქცენტი “დღეს ის კაბა ჩავიცვი, ჩემთვის რომ მოიპარე. იმედია, კარგად ხარ”. პასუხზე ერთი საათის მერე პასუხი. სატელეფონო საუბრისას ხმა რომ მკვეთრი და ხმამაღალი უნდა გქონდეს. იგნორის შემთხვევაში წყენის ჩაყლაპვა და ახალი სტრატეგიის მოძიება ათ დღიანი იზოლაციის მერე. წიპა, “გამარჯობა, შვებულების გატარებას ესპანეთში ვგეგმავ. ვიცი, რომ იქ შენი საყვარელი ადგილებია. მირჩევ რამეს?” შეხვედრისას ძალიან ბევრი მიმიკური შეხება, მაგრამ ურთიერთობისთვის მზადყოფნამდე სექსზე უარი.

ასევეა Leftovers-იც, ახალი მიტოვებისთვის შემზადებაა წარსულის მტკივნეული გამოცდილების გამო, თან მეორე შანსისთვის ახალი სტრატეგიის დაგეგმვაა ძალიან შორ მანძილზე და როცა საუკუნის მესამედის მერე ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს სიბერეში ხვდებიან, თავს უცნობებად იკატუნებენ. ამიტომ როცა მეგობარმა მითხრა, სერიალი იმიტომ არ მოგეწონა, მიტოვებული რომ არ ყოფილხარო. ვუპასუხე, რომ პირიქით, დანაკლისში ცხოვრების გამო.

cropped-tableau-medium

ინსტინქტი (პირველი)

მეორე ინსტინქტი

ჩემი აზრით, პიტერ გრინუეიმ 90-იანებში თავისი “საბალიშო წიგნის” იდეა, თუ როგორც ჩვენთან თარგმნიან “ინტიმური დღიურები”, უელსური ნისლიანობისას დაწერა. შეიძლება მას ჯერ მამამისთან ორიენტოლოგიური საველე კვლევების დროს მზისგან ზურგი დაეწვა და როდესაც უელსში ნისლი ჩამოწვა, დამწვარი არეალი დანესტიანდა და ისე აიტყავა, თითქოს ვადაგასული, შეყვითლებული გაზეთის ფურცლები ყოფილიყოს. ოჰ, ეს დაზიანებული ეპიდერმისი ძალიან წააგავს სხეულზე იარლიყივით მიწეპებულ უხარისხო ფურცლებს. უყურებ და გინდება ზედ ასოები გაარჩიო. მეც შეყვარებული ვარ ნისლზე. და შეიძლება ამიტომ მგონია, რომ ჰერბერტ უელსმა “უჩინარი კაცი” ასევე ინგლისური ნისლიანობისას დაწერა. ან რა შეიძლება იყოს იმაზე რომანტიკული, ვიდრე ნისლში მდგომი ხეები, რომელთა კიდურებზე ყვავები სტაბილურდებიან. რაც უფრო ღრმად შედიხარ ნისლში, მით უფრო უჩინარდები და შეგიძლია არ არსებობდე. თვალებში ეშმაკები აათამაშო და თანამოლაშქრეებს წყლები დაულიო, გაიხადო კედები და გაჭუჭყიანებული წინდები ვერც შენ დაინახო, ან, ზოგადად, გაიხადო. რა უნდა იყოს იმაზე სასიამოვნო, ვიდრე ნისლისგან დანესტილი გარუჯული სხეულის ატყავება, როცა ვერავინ გხედავს. მანამდე, სანამ ნისლში გავქრებოდი, ჯერ მდინარე უნდა გადამელახა. თითქოს არაფერი, მაგრამ იმ დღეს მივხვდი, რასაც გადარჩენის ინსტინქტის არქონას ვეძახდი, მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტი ყოფილა.

მე ყოველთვის ვამაყობდი საკუთარი ნერვული სისტემის სიძლიერით, რომელსაც ვერც კოფეინი ერეოდა, ვერც ალკოჰოლი და ვერც მარიხუანა. სარკეში დაბალანსებულ გოგოს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ურბანულ სივრცეს ვცდები და ბუნების ექსტრიმთან ვიკვეთები, მთელი ჩემი უბრანულად დაინჟინერებული ნერვები ხელში შვილაუყვანელად ფრთხებიან. ელემენტარულად, მდინარის გადაკვეთა არ შემიძლია, მგონია, რომ ბუნება მტერია, წამიღებს, მომსპობს, მომაშთენს, ყველას თვალწინ, თუ ნისლში არ ვარ. მდინარის გადაკვეთაც გავაზვიადე, მეტრანახევრის რადიუსით გადახტომაც კი გამიჭირდა. არა და ვუყურებ, როგორ ეშვებიან ან ადიან ჩანჩქერებზე სხვები. ისეთი მყარი ნერვები აქვთ, კრიტიკულ ფაზაში თოკის გადაჭრაც შეუძლიათ. მე ალბათ უმალ კლდე ათგზის დამარყევდა ვიდრე ჩემი ნებით წყალში ჩახტომას გავბედავდი. ჰო და ჩავვარდი მდინარეში, იმ მეტრანახევარს რომ ვახტებოდი, შუა ჰაერში უკან დავიხიე და გავიწუწე. ვიფიქრე, რომ გადარჩენის ინსტინქტი შტერია, ინფანტური. რომ ადეკვატური განსჯის უფლებას მიკარგავს. არ ვიცი, ზოგს შეიძლება უფრო გამჭრიახს ხდიდეს შიში, მაგრამ მე ხომ კომფორტის გოგო ვარ, დისკომფორტში პარალიზებული ვხდები. ვიფიქრე, რომ მოჭარბებული გადარჩენის ინსტინქტის გამო ვერ გადავრჩები. ამიტომ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო, სხეულის ფლობა რომ შევძლო. თორემ სხეული მფლობს და მონა ვარ.

ცოცვაზე შევედი. ერთდოულად ყველა კუნთს ვტვირთავ. ჯერ დარბაზში ვმუშაობ. მომავალში ველადაც გავალ. ჩანჩქერზე დავეშვები და იმედი მაქვს, თუ საჭიროა, თოკსაც გადავჭრი. ჯერ ჩანჩქერისგან დაყენებულ ნისლში ჩავვარდები და თუ წრიაპისგან კანი გამეკაწრება, გრინუეისგან მახსოვს, რომ სისხლიანი კანი უკვე წიგნია.

მოარული აფხაზეთი

ყველა ქვეყანას აქვს მითი როგორ ვრცელდებოდა შიდსი მათთან. საქართველოს შემთხვევაში იგი ომს უკავშირდება. რეჟისორი რომ ვიყო აფხაზეთზე კინოს ამ კუთხით გადავიღებდი, კადრებს მაკაკების თავისუფლებაზე და ბოლოს აივ ინფექციანი აფხაზებით დავასრულებდი, ქართულ პასპორტებს რომ იღებენ უფასო მკურნალობის სანაცვლოდ. ეს გაცვეთილი, ზოოფილური ვერსია იმდენად შემზარავად მეჩვენა, აფხაზეთის ომის ალეგორიად ვაქციე, ტყვიის მასრებით მოთამაშე ბავშვებზე მეტად.

საბჭოთა აფხაზეთი მეცნიერების კუთხით საინტერესო პოსტერნი გახლდათ, რადან ტექნოლოგიების საწყობს წარმოადგენდა. მაგალითად, ღრუბლების გამფანტავი აპარატი, სეტყვის დამშლელი დანადგარი, გეოლოგიური პროგნოზატორები ამ რეგიონში გვქონდა განლაგებული. ომის პერიოდში მათი საქართველოში ტრანსფერი ვერ განვახორციელეთ და ძალადობრივი დონაცია მოგვიწია. მოარული ამბების მიხედვით, აფხაზეთის საექსპერიმენტო, ბიოლოგიური ბაღებით გაშენებულ ლაბორატორიაში მაიმუნებზე ცდებს ატარებდნენ სხვადასხვა ვირუსებზე, მათ შორის აივზ ინფექციაზეც. ყვებიან როგორ ჭყიპინით გამორბოდნენ მაკაკები, ძაღლები და ზაზუნები გალიებიდან ომის დასაწყისში და დევნილებთან ერთად ეპიდემიები შემოჰქონდათ.

ტედი და ალეკსეი ციმბირში

675786o9

ამ ბოლო დროს ბევრი მარტოხელა კაცი მხვდება ცხოვრებასა თუ ფიქციაში, რომლებიც ცდილობენ ნადირობის ინსტინქტებში გაექცენ ცივილიზებულ სამყაროს წესრიგს. ეს ტესტესტერონული ინსტინქტები მატრიარქატული სამყაროს უგულვებელყოფის ფონზე ჯერ კიდევ შარშან მიმოვიხილე, თუნდაც In To The Wild-ის მაგალითზე, ხოლო ვისაც ამ ამბის ევროპული ვარიანტი დააინტერესებს, შეუძლია “ციმბირის ტყეებში”, Dans les forêts de Sibérie-ს გაეცნოს, მითუმეტეს, თანამედროვე ფრანგულ ლიტერატურას ქართველი მკითხველი საკმაოდ აფასებს. ეს ის შემთხვევაა, როცა გირჩევნიათ წიგნი ქაღალდიდან წაიკითხოთ ვიდრე ელ ვერსიით, რადგან ქინდლის ვერსია უფრო ძვირია.

ფილმი ფრანგი მწერალი-გეოპოლიტიკოსი-მოგზაურის ნახევრად ბიოგრაფიული წიგნის შედეგია. მანამდე ფესტივალის ფარგლებში ვიხილე პოლონური სურათი “ტყე შუაღამის ოთხზე”, Las, 4 rano, სადაც მარტოხელა კაცი საკუთარ მარტოსულობაში ხედავს კომფორტს, რადგან ხასიათში გამჯდარი ავობის გამო მარტო რჩება, ნადირივით შუა ტყეში მიწას ამოთხრის და იძინებს. შუაღამის 4 საათი ხომ ფიქციისთვის ისედაც მაგიური დროა, როცა არაფერი კარგი არ ხდება. ზღვიანი მანჩესტერის, Manchester By The Sea, პერსონაჟს მარტოხელობისთვის საზოგადოებისგან მოწყვეტა არ სჭირდება, ჩელსიში თუ სადღაც გადასახლებაც საკმარისია. The Passengers-მა ადამის მარტოობა დაგვანახა ევას გაჩენამდე. მაგრამ სილვიან ტესსონის ციმბირული ამბავი სხვა მარტოსული ამბებისგან განსხვავებულია, რამეთუ პერსონაჟისთვის კომფორტის მომტანია.

ქართველებს ეს ფილმი ნაცნობი ინვენტარითაც დაგვაინტერესებს: სოფელში ჩამოკიდებული უმივალნიკი, საბჭოური ვედრო, ემალაცლილი კრუშკა, 90-იანების ლამპიდან ფითილის ამოწევა, პირდაპირ ფეჩებზე გამომცხვარი ბლინები, დუბლიონკა და უშანკა, გრუზავიკი, კეტჩუბი და მაიონეზი ყველა კერძზე, – ბაიკალის არყით გატარებულ 6 თვეს რომ ფონად გასდევს. ფანჯარასთან ედვარდ მეიბრიჯის მოსაწონი ცხენის სტატუეტკა იდო, მოძრავ მდგომარეობაში გაყინული. ალეგორიულობა მომეწონა.

giphy

ეს არის შუა ტყეში ჩასხმული არაყივით ფილმი, – როგორც, არ მახსოვს ნაც გეომ თუ თაიმსა დააანონსა. ეს არის ფილმი მინიმალური დიალოგით და ემბიენტური ჟანრის მოყვარებულებს დააინტერესებთ, ვისთვისაც ადამიანი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელია ბუნების თავგადასავალში. ბაიკალის ტბაზე ტაიგას ტყეებში მარტოხელად ჩასახლებული ფრანგი ტედი, – “პუშისტი” ტიპად წარმოჩენისთვის ვისაც სახელიც კი თითქოს სიმბოლურად აქვს შერჩეული, – ციმბირში გადამალულ ალეკსეის გადააწყდება. მათ შორის ნამდვილი კაცური მეგობრება გაიზრდება: ნადირობა, ნანადირევის გაყოფა და სპირტი.

ალეკსეი ციმბირში მკვლელობის ჩადენის მერე გადაიხვეწება. მილიციელებმა უარი თქვეს ციმბირში მის პოვნაზე, ტყეს შეატოვეს, მკვდრად გამოაცხადეს და ძებნაც შეწყვიტეს. ამასობაში ალეკსეი ციმბირულ დროზე გადმოდის და სამხრეთში დაბრუნება აღარ შეუძლია. ციმბირის არაადამიანობას ერთი იმ იშვიათთაგანი დიალოგიც გამოხატავს. ალეკსეი ეკითხება ტედს: ვინაა რუსეთში მთავარი კაციო? პუტინიაო. ადრეც პუტინი იყო, არაფერი გამომიტოვებიაო, – პუტინის სადღეგრძელო დალიეს, – ამერიკის მთავარი კაცი ბოლო ვინ იციო? ბუშიო. მერე მაგისი შვილი იყოვო. ახლა ვინ არისო? ობამაო. ობამაც ბუშის ნათესავი  იქნებაო. არა, შავკანიანია ეგო, – ძლივს დაიჯერა და, – ამერიკას გაუმარჯოსო.

არსებობს ფილმები, რომლებიც გულს მტკენენ. ეს ფილმი მათ არ მიეკუთვნება, უფრო სხვა ადგილას ვიგრძენი ტკივილი. ფილმს 3 წლის ნიკოსთან ერთად ვუყურებდი, ის მომენტი იყო, როცა ტედი ბაიკალის ფირუზისფერ ყინულებზე გაზაფხულზე გავიდა, ფეხქვეშ ყინულები უტრიალდებოდა კაი ატრაქციონივით, ნიკომ მეამიტურად დაუყვირა: “ვაიმე, ბიჭო, სად მიდიხარ? გაცივდები, ყელი გეტკინება,” – მე კიდევ უკვე ვახველებდი.

 

მთის მოთვინიერების მემორიალი

IMG_20170131_0020 copy.jpg

თბილისიდან სადღაც 50კმ-ში (ცხვარიჭამიას მერე) საბადურების ტყე ტურისტებისთვის ნებისმიერ სეზონზე საინტერესო ადგილია, ზოგჯერ საცობიც კეთდება, პატრულებიც პატრულირებენ უბრალოდ ხეთა წყობისთვის ჩასული ხალხისთვის. ეს ადგილი სავსეა ისტორიებით, მაგრამ ბევრმა არ იცის ერთი ღირშესანიშნავი ძეგლის ამბავი გზის მაღალ მონაკვეთში, დაღმართამდე რომ დაუდგამთ და საფლავს ჰგავს.

პოსტსტალინურ ეპოქაში ბარიდან მთაში ამოსასვლელ გზას ყაჩაღებად წოდებული ანარქისტები იცავდნენ. მათთვის სენსიტიური თემა იყო მთისა და ბარის შერწყმა, ამიტომ მთაში ამომსვლელ სტუმრებს აყაჩაღებდნენ, აფრთხობდნენ. ისინი ვერ ეგუებოდნენ მთის წესების ჩანაცვლებას ბარის კანონებით. ერთხელ ერთ მილიციელს მორიგეობის მერე გამორჩნენია სამსახურის შარვლის გამოცვლა და მთის ავტობუსს  ისე გამოყოლია. უცვნიათ ყაჩაღებს მილიციელი შარვლით, ავტობუსიდან ჩამოუთრევიათ და მოუკლავთ.

ამ ამბის მერე ყაჩაღები დამარცხდნენ, ბარმა რადიკალური ზომები მიიღო, ყაჩაღებს სასტიკად გაუსწორდა და მათ “საბირჟაო” ადგილზე მსხვერპლი მილიციელის მემორიალი ააგო, როგორც მთის მოთვინიერების სიმბოლო. დღეს უბრალოდ უღრან ტყეში აღმართული ქვა არის, რასაც წარწერებიც აღარ ეტყობა.

ო და დაკარგული გასაღების ძებნაში

img_20170214_0024-copy

არის ამერიკული ტვ შოუ, სადაც შუა ხნის კრიზისიანი მარტოხელა დედა შვილის კოლეჯში გასაშვებად უშედეგოდ ეძებს სამსახურს ბრუკლინში. საგამომცემლო ბიზნესში თავს ახალგაზრდა ქალად გაასაღებს და მუშაობას იწყებს ისეთ ავტორთან, როგორიცაა ჯორჯ მარტინის კარიკატურული პერსონაჟი. როგორც ხვდებით, შოუ მარადიულ ახალგაზრდობაზეა და როცა ბებერი ავტორი ბალზაკის ასაკში გადავა, ახალგაზრდა ქალის ფსევდონიმით ეროტიკულ დეტექტივს დაწერს იდეალურ ო-ზე ანუ იდეალური ორგაზმის ძიებაზე. მისი პერსონაჟი ქალი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან კავდება სექსით, სხვადასხვა რელიგია სხვადასხვა სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციებს სთავაზობს. თუმცა იდეალურ ო-ს იგი საკუთარ თავთან, მასტურბაციის დროს მიაღწევს. 1 მხრივ, ამ ქალს თავიდანვე ჰქონდა ის, რასაც ეძებდა. II მხრივ, უნდა განვითარებულიყო პოვნისთვის. აი, სულ მიკვირს ზრდასრული ადამიანების წუწუნი, რომ სინათლეში ვერ იძინებენ, ხმაურში ვერ მუშაობენ. იგივეს გრძნობს ქალიც როცა ორგაზმს ვერ იღებს, ანუ პრობლემა კონცენტრაციაშია. ასეთი პრობლემები, ძირითადად, პატარა ასაკში გვაქვს, მერე ვსწავლობთ მედიტაციას და ჭრელ ნახატებში ვცდილობთ თვალი რომელიმე აკვიატებულ ფერს გავაყოლოთ, ისე, რომ კონცენტრაცია არ შეგვიწყდეს და საბოლოოდ, სინათლეშიც ვიძინებთ. ან მრავალინსტრუმენტიან ჯაზში რომელიმე სუსტ ინსტრუმენტს გამოვარჩევთ და მხოლოდ მისი მელოდიის ხმას ვიღიღინებთ. ამის მერე ხმაურშიც დავიძინებთ. ორგაზმიც ხომ კონცენტრაციაზეა დამოკიდებული, ეროგენული ზონების ერთ წერტილში გაერთიანება.

დავფიქრდი და დაკარგული გასაღების ძებნაც ასეა. გასაღების არაფროიდული გაგებით, უბრალოდ გასაღების. რადგან ჩემს ცხოვრებაში იშვიათია დღე, როცა ზუსტად ვიცი სად დავდე იგი. იმისთვის, რომ შარვალის ჯიბეში აღმოვაჩინო, მთელი სახლი უნდა გადავქექო და ორიოდე ადგილას დავრეკო. ამიტომ მგონია, რომ ერთგვარი time loop ფუნქცია აქვს ჩემთვის გასაღებს. ვერ გამიგია, პირველად იყო დაკარგვა თუ პოვნა. დღეს კი ამ გასაღების ძებნაში საბუთების ქვეშ ძველი რენტგენის სურათები აღმოვაჩინე. ალბათ ათასჯერ მაქვს ნანახი სხვადასხვა დროს პოზირებული ჩემი ჩონჩხი, მაგრამ ამჯერად დავფიქრდი: “ჰოო, თურმე ასეთი ვიქნები როცა მოვკვდები”. ვილჰელმ რენტგენისგან წოდებულმა იქს სხივებმა მომავალზე დამაფიქრა, როგორ ვიწვები კუბოში ტყავს მოცილებული ძვალი, ხოლო მანამდე მაცივარში პანაშვიდის დროს როგორ ვგავარ საკუთარ აიდი ფოტოს. აიდი ფოტოებიც ხომ სტრუქტურის გამო არ მოგვწონს, რადგან ჩვენს დეპროპორციულობას ავლენს, სილამაზე კი პროპორციაშია. ამიტომ ვმანჭავთ სახეებს ფოტოგადაღებებისას კოცნის თუ სიცილის იმიტაციების, სათანადო რაკურსების დაჭერებით, რადგან ჩვენს იმ აიდი ფოტოებს სპეციალურად უპროპორციულობით გავექცეთ, რომლებიც ბუნებრივ უპროპორციულობას გვიფარავს ანუ თავებს მკვდარ მდგომარეობებში გვაჩვენებს. სად წავიდა წყეული გასაღები?!

უილ რაიტის პიქსელებიანი ავეჯი

 

4147095042_66ea9bcebe_o

ცხოვრება ეს შუალედებში სახლის მოწყობაა, – ერთ ინტერვიუში განაცხადა 1991 ოკლენდის ცეცხლის შტორმში დაზარალებულმა უილ რაიტმა, რომელმაც დაზიანებული სახლის აღდგენას მრავალი წელი მოანდომა, ხოლო ცხოვრების შემდგომი პერიოდში სახლი გააპიქსელა და დეაგრესიულ თამაშს “სიმსს” დაუდო საფუძველი.

“სიმსის” თამაშისთვის მთავარია დროისა და სივრცის ადეკვატურად გადანაწილება, სწავლობ ნერგების მოვლას, კულინარიულ ხრიკებს, იკეთებ ასტრონომისა თუ მწერლის კარიერას, იძიებ სამეზობლოში ბელა გოთის იდუმალ გაუჩინარებას, შეიძლება ჩაერთო “უკან მომავალშის”, “დოქტორ ჰუს”, “სტარ ვორსის” თუ “ტრანსფორმერების” ენერგიულ ცხოვრებაში, თუ ასტრონომი ხარ, იმოგზაურო კოსმოსში, თუ მეოჯახე ხარ, შეგიძლია წინაპრების საიდუმლოები გაიცხადო, შეგიძლია გახდე კომედიანტი, აუდიტორია სიცილით მოკლა და თან გაზარდო. მაგრამ სახლი აუცილებლად უნდა გქონდეს მოვლილი, იხდიდე გადასახადებს, გადიოდე საპირფარეშოში.

თამაში განსაზღვრულია როგორც ურთიერთობა დიზაინერსა და მოთამაშეს შორის. დიზაინერი პეიზაჟში დებს პრობლემას, ხოლო მოთამაშე ავლენს მას და დიზაინერად გვევლინება. მოკლედ, თუ გეიმინგი ფარული სურვილების ასრულებაში გვეხმარება, “სიმსში” სახლიც გვაქვს და სამსახურიც. იგი აგრესიული სტრატეგიული თამაშებისგან განსხვავებით, სიმყუდროვის მარცვალს გვიზრდის. ჩემს სახლში ჯერ კიდევ ამოულაგებელი ყუთებია, შეფუთული ავეჯი, მაგრამ “სიმსის” ოთახი მოვლილი მაქვს, ლამაზი.