სამეცნიერო ქართული ცრურწმენების მიმართულებები

მინდა ვისაუბრო ცრურწმენებისადმი ჩემს სიმპათიაზე, როგორც ინდივიდის შეცნობის ხერხზე ან მათში დანახულ ისტორიულად განმეორებად ამბებზე კოლექტივში. ჩემი აზრით, გავრცელებული ცრურწმენები ორად იყოფა, პირველ კატეგორიას მიეკუთვნება ინდივიდის ფსიქიკური გამოვლინება. მაგალითისთვის, სახელმძღვანელო წიგნის დავარდნა მოსწავლეს იმ საგანში ცუდ ნიშანს უქადდა. არ შეიძლება ამ ნიშნის, როგორც სხეულის ენის უგულვებელყოფა. რადგან წიგნის ხელიდან გავარდა გამოხატავს ძნელად რეალიზებად თუ დაბნეული ინდივიდის ქცევას. და როცა ეს ინდივიდი გაკვეთილის ჩაბარების წინაშე დადგება, თუ მანამდე თავზე მუშაობა ვერ მოახერხა, ჩაიჭრება დიდი ალბათობით. ყავაში ჩახედვის დროსაც იგივე წესრიგი მოქმედებს, ოღონდ სხვა ადამიანის მიმართ განწყობა მეორისადმი რორშახის ტესტით ვლინდება. ჩემთვის ყავის ნალექის ფიგურები რორშახის ტესტის წრფივი გამოვლინებაა. წრფივი იმიტომ, რომ, როგორც წესი, ყავაში გარეშე პირი იხედება. რომელიც წრფის მეორე პუნქტში მდებარე პირზე ინტუიტიური ძალით ხვდება შედეგს ამოცანის გარეშე. მეცნიერებაში ინტუიცია სწრაფად მოაზროვნე ადამიანის პრეროგატივაა, ვისაც შედეგამდე მისასვლელი მანძილი იმდენად სწრაფად გადაულახავს, გააზრება ვერ მოუსწრია და მხოლოდ საბოლოო პასუხს აღიქვამს. რორშახზე გამახსენდა, რომ ამ ბოლო დროს მომეწონა დუდლის თამაში უცნობ ადამიანებთან ერთად. მთელი ჩვენი ინდორ ფანტაზიები უნებლიედ გადმოვალაგეთ. რა ჭიანჭველები შამპანურზე გადადიან და ნაპოლეონმა ხელი ჩაიტანა?

არსებობს ასეთი რწმენა-შელოცვა მაისურ წვიმებზე: “შვიდ მაისის წვიმაო, თმა კოჭებამდინაო”. მოცემული ცრურწმენა ინდივიდთან აცდენით კოლექტიურ რიტუალს განეკუთვნება და ალბათ იმ დროისთვის ლატენტურმა სტატისტიკოსმა წარმოთქვა. გვაქვს მოცემულობა, რომ თბილ და ნესტიან ჰავაში თმის ზრდა ჩქარდება, და მოცემულობა, რომ მაისში წვიმები ხშირდება, ჰაერი თბილდება. პირადად მე, ვაკვირდები და მშრალი შვიდი მაისი ჯერ არ შემხვედრია. მითუმეტეს, რომ ძველ დროს თმის დაბანის ლამის ერთადერთი საშუალება წვიმა გახლდათ. ამიტომ, პრესტატისტიკოსებმა ისტორიულად განმეორებადი მოვლენები შეაჯამეს და თმის ზრდა კი არ იწინასწარმეტყველეს, არამედ, აღწერეს. სწორედ მსგავსი კოგნიტური კომპონენტებია გამოყენებული სხვადასხვა ზოდიაქოს ფაზებში სხვადასხვა კოგნიტურ ქცევებზეც. მაგალითად, ქორწილი რომ სასწორის ფაზაში ანუ ოქტომბერში უნდა გადავიხადოთ, იმ პრაგმატული მიდგომიდან უნდა მოდიოდეს, სადაც ოქტომბერი პოსტ რთველური პერიოდია, ყურძენი დაიწურა და ღვინო გამოხდილია. ან ქალწულის ფაზა ანუ სექტემბერი რომ შრომისა და ფიზიკური გამძლეობის თვეა, იმ პრაგმატული მიდგომიდან მოდის, როცა შრომა მოსავლის მომკვასთან იყო კავშირში, მათი სიმბოლოც კი ქალწულია ფოცხით ხელში. თუმცა, ჩემი აზრით, დღეს ახალი ჰოროსკოპია დასაწერი, სადაც სექტემბერი ისევ შვებულებებისა და უშრომველობის თვეა ურბანულ ყოფაში და ღვინის მარაგის გაჩენით აღარ ვართ საქორწინოდ ერთ რომელიმე თვეზე დამოკიდებულნი, მეტიც, ერთი გუშაგის ქალიშვილის გამო ქორწინების აურამ გადაინაცვლა, კლასიკური გაგებით, ყველაზე უსიყვარულო მერწყულის ანუ თებერვლის თვეში.

2323545.png

თუშური სკოლა

IMG_20170829_0088 copy

საქართველოში ცათამბრჯენები უნდა აშენდეს ქართველი ერის მაღალწნევიანობის გამო, რომელიც რელიეფმა გვიბოძა, ვიდრე ეს ბრტყელტერფიან ნიადაგზე, მაგალითად, დუბაისა ან ქუვეითში უნდა ხდებოდეს. ეს აზრი ხევსურეთსა და თუშეთში ვიზიტისას დამებადა, სადაც ისტორიულად ზღვის დონიდან ოთხნიშნა მეტრზე და ბოლო სართულზე ცხოვრება იერარქიულად და სქესობრივად მაღალ საფეხურს უდრიდა. ამ საუკუნეშიც ცათამბრჯენები ფუფუნების, სტაბილურობის და ძალის გარანტის სიმბოლოა. და თუ დღეს შეგვიძლია გაცილებით მაღალი და ძლიერი საცხოვრებელი კოშკების აშენება, საქართველო იძლევა ამის საშუალებას რელიეფითაც, ერთ ეპიცენტრში თავმოყრილი ადამიანური რესურსითაც და ქართველი ერის პიროვნული მახასიათებლითაც. ყველაზე ხშირად ჩვენთან უნდა ვაშენებდეთ ცათამბრჯენებს, შეიძლება არა ისეთს, რა პროექტებიც გვაქვს ამჟამად, მაგრამ ბიფორ ით ვოზ ქულ, სიმაღლეების არ გვეშინოდა, აკრიფილიურია ქართველი ერი.

IMG_20170905_0013 copy.jpg

რაც შეეხება თუშეთს, წოვას მხარე ყველაზე ლამაზი, ძვირი და არასტუმართმოყვარე მხარე გახლდათ ჩემთვის. ეს არის ადგილი, სადაც ავტოსტოპისთვის თანხას გთხოვენ, ბენზინის კურსი ბოცაზე ას ლარს უდრის, ისიც ჭურჭლის დაბრუნების პერსპექტივით, ცალი ხინკალი ორნახევარი, ხოლო ტაფა შემწვარი კარტოფილი კარტოფილის მხარეშე ოცი ლარია. მე მხოლოდ ომალოში ჩამოსვლისას გამცეს ხმა, რადგან ქალი ვარ. ხმის გაცემა არ ჰქვია, მოსაწევი შემომთავაზეს და ღვინო მაჩუქეს, ისიც იმიტომ, რომ პოლონელებთან ერთად ვიყავი და მათ ჰოსტელში დავრჩენილიყავი. ბათუმზე მაქვს აზრი, რომ ქართული ლას-ვეგასია, ქვეყნის მთლიანი ნაწილიდან ამოვარდნილი ზღვისპირა ქალაქი, რომელიც მხოლოდ შვებულებისას გვახსენდება, სხეულის გაშიშვლება მორალურ ფარგლებში ჯდება, საქორწინო ხელისმოწერა იქ უფრო გვერომანტიკულება და სხვა. აი, თუშეთი ბათუმური ცხოვრების ანტონიმია. იქ ტურისტი, თავისუფალი ქრისტიანი ქალები ავდივართ მუსლიმური წესების დასაცავად, მაგალითად, ღორის ხორცზე უარის სათქმელად, გადასაადგილებ მარშუტში შესაზღუდად. ეს ჩვენდა უნებურად, თანმდევი დომინოსავით ხდება, – თუ პროტესტს გამოვთქვამ აკრძალულ მთაზე ასვლის სურვილის გამო, საკუთარი თავი მძულს როცა ქვითკირიან შენობებთან ინტერნეტის ანძის ან წყლის ბაკის არაესთეტიკურობას განვიხილავ. საქართველოს ტურისტული ეგზოტიკა არ უნდა ჰქონდეს, ეს მის მთლიანობას ანაწევრებს.

რას ვსწავლობთ ორსულობის მეხუთე თვეში

ორსულობის მეხუთე თვეში ქალები ვრწმუნდებით ბიოლოგიური საათის თანხვედრაში მთვარის კალენდართან მზის კალენდარზე მეტად, რასაც მანამდე ყოველთვიურად რუტინული მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში უბრალოდ ვეჭვობდით. იმიტომ, რომ 28 დღიანი სისტემის მიხედვით ტრიმესტრები უფრო დაყოფილი ჩანს.

ამ თეორიის მიხედვით, აზიაში, მაგალითად, იაპონიაში, მუცლადმატარებლობის სტანდარტული პერიოდი ათი თვეა, როცა ევროპული კალენდრის მიხედვით ბავშვები 9 თვიანები იბადებიან. ხოლო კონკრეტულად ორსულობის მეხუთე თვეში თუ რატომ ვხვდებით ქალები მთვარის კალენდრის ძალას, ამაზე პასუხს ახალი ტრიმესტრის დასაწყისი გვპასუხობს, გასული ტრიმესტრის გაანალიზებით, 28 დღიანი ციკლები მეტად ადეკვატურად გამოხატავს ვადებს.

ორსულობის დროს ქალები იმასაც ვხვდებით, რომ ფიტნეს კლუბში ჩვენზე ოფლისგან სველი ქალები შეიძლება უფრო ეფექტურად არ იკლებდნენ წონაში და ჩვენ მათი ტყუილად გვშურდა. ზაფხულობით ყველა ორსულ ქალს აქვთ თითქოს შიგნიდან შენთებული საუნა, რადგან ორსულობისას საშუალო ტემპერატურა 37 გრადუსი ხდება 36-ის ნაცვლად, მაგრამ წონის კლებას მაინც არ იწვევს.

ამ ტრიმესტრში ქალის იმუნიტეტი ბავშვის იმუნიტეტთან ნებდება და გულისრევებით აღარ გამოიხატება მოწამვლა, რასაც განაყოფიერებული უცხო სხეული იწვევდა. სწორედ გულისრევის სიმბოლო მიმაჩნია დედის იმუნიტეტის განმსაზღვრელად. რაც უფრო მეტად ერევა ქალს გული, უფრო მეტად იბრძვის ქალი უშვილობისკენ და სადღაც მეხუთე თვისკენ ნებდება. როგორც იმუნიტეტი, ასევე ქალის პიროვნებაც სუსტდება.

ჩემი აზრით, ორსულობა დედობის პრელუდიაა, როცა ქალი წინააღმდეგობის გადალახვებში კაჟდება, და ყველა იმ მოკლე ანოტაციას გადის, რასაც შვილთან თანაცხოვრების გენერაციისას გადააწყდება. ამზადებს როგორც ნებისყოფას, არამედ ფიზიკურ გამტანობასაც. შეიძლება ამიტომ ბუდიზმში საჭიროების გარეშე მშობიარე ქალისთვის გაუტკივარების დანიშვნა აკრძალულია. მან თავად უნდა ჩააბაროს გამოცდა, როგორც რაინდები აბარებდნენ გაკვეთილს 9 თავიან ურჩხულთან შებრძოლებისას.

დაჩიპული ბრინჯი

“ადამიანის თავისუფალი ნება სიმაღლიდან ვარდნას ჰგავს. შეგიძლია დრო გადაახვიო და არ ჩამოვარდე? არა. შეგიძლია დრო გაყინო და აღარ დავარდე? არა. ადამიანს მაქსიმუმ დავარდნის პოზიცია შეუძლია აარჩიოს.”
პელევინი

Untitled

მე და თამარა შესვენებებზე მუშტაიდის ბაღში ვსადილობთ, სახლიდან წამოღებულ საკვებებს პიკნიკივით შევექცევით, ვკატაობთ კარუსელებზე და სამსახურებს განვიხილავთ. ერთხელ გაზონზე, ასფალტიდან 2 მეტრში ხეზე დაკიდული ქაღალდი შევატყვეთ. დაგვაინტერესა რა ეწერა წერილში და გაზონზე გადავედით. წერილში ეწერა, გაზონზე არ გადახვიდეთო.

თამარამ მოყვა თანამშრომელზე, ვისაც სჯერა რომ ბრინჯი არის დაჩიპული. მისმა მოძღვარმა ასე იქადაგა, მრევლს თეთრ ბრინჯზე შავი წერტილი აჩვენა. მართლა, არ ვიგონებ. მეთქი ბრინჯი საუზმეზე მივირთვი და რობოტული ცეკვა დავიწყე. თამარამ მოიფიქრა, რომ თანამშრომელს ჩემი ქცევა მოუყვეს. უფრო შევაშინოთ, – ჩემმა მეგობარმა რაც ბრინჯის ჭამა დაიწყო უცნაურად იქცევა, რაც არ უნდა იმას აკეთებსო.

ბევრი ვიცინეთ თუ ცოტა ვიცინეთ, სამსახურებისკენ დავიშალეთ. გავნაგრძეთ იმის კეთება, რაც არ მოგვწონს. ვფიქრობ, რა საჭიროა ჩიპი საკვებში თუ პირადობის მოწმობებში, როცა ისედაც მართულები ვართ. მე მაინც. არ მახსოვს ბოლოს როდის მქონდა თავისუფალი ნება: An ounce of freedom. ან ვინ ჭკვიანმა მოიფიქრა შუა გაზონზე წერილის დატოვება? რამე ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია: კანონი თუ ცნობისმოყვარეობა?!

მთის მოთვინიერების მემორიალი

IMG_20170131_0020 copy.jpg

თბილისიდან სადღაც 50კმ-ში (ცხვარიჭამიას მერე) საბადურების ტყე ტურისტებისთვის ნებისმიერ სეზონზე საინტერესო ადგილია, ზოგჯერ საცობიც კეთდება, პატრულებიც პატრულირებენ უბრალოდ ხეთა წყობისთვის ჩასული ხალხისთვის. ეს ადგილი სავსეა ისტორიებით, მაგრამ ბევრმა არ იცის ერთი ღირშესანიშნავი ძეგლის ამბავი გზის მაღალ მონაკვეთში, დაღმართამდე რომ დაუდგამთ და საფლავს ჰგავს.

პოსტსტალინურ ეპოქაში ბარიდან მთაში ამოსასვლელ გზას ყაჩაღებად წოდებული ანარქისტები იცავდნენ. მათთვის სენსიტიური თემა იყო მთისა და ბარის შერწყმა, ამიტომ მთაში ამომსვლელ სტუმრებს აყაჩაღებდნენ, აფრთხობდნენ. ისინი ვერ ეგუებოდნენ მთის წესების ჩანაცვლებას ბარის კანონებით. ერთხელ ერთ მილიციელს მორიგეობის მერე გამორჩნენია სამსახურის შარვლის გამოცვლა და მთის ავტობუსს  ისე გამოყოლია. უცვნიათ ყაჩაღებს მილიციელი შარვლით, ავტობუსიდან ჩამოუთრევიათ და მოუკლავთ.

ამ ამბის მერე ყაჩაღები დამარცხდნენ, ბარმა რადიკალური ზომები მიიღო, ყაჩაღებს სასტიკად გაუსწორდა და მათ “საბირჟაო” ადგილზე მსხვერპლი მილიციელის მემორიალი ააგო, როგორც მთის მოთვინიერების სიმბოლო. დღეს უბრალოდ უღრან ტყეში აღმართული ქვა არის, რასაც წარწერებიც აღარ ეტყობა.

რატომ ვიცნობდით ვაჭრებს სომხებად XIX საუკუნეში?

54cd200ac1cbc413d8fdd9cbee7cdc2a

Enter a caption

Bazaar , Suez , 1884 By William Simpson – British

ჯერ კიდევ თერგდალეულებისგან ვიცოდი, რომ ვაჭრობა სომხების ხელობა იყო და თავმოყვარე ქართველი ამ საქმეს არ წამოიწყებდა. თურმე საუბარი არ ყოფილა მხოლოდ ეთნიკურ სუბორდინაციაზე და პოლიტიკურად სენსიტიურ თემაზე იწერებოდა.

ხელში ჩამივარდა საქართველოსა და ინგლისის მოლაპარაკებები ინდოეთში ვაჭრობასთან დაკავშირებით ერეკლე II-ის ხანაში, სადაც საუბარი იყო გეორგიევსკის ტრაქტატის დასავლური ვერსიის დადებაზე: საქართველო ინგლისის მფარველობის და განათლების ქვეშ იქნებოდა, სომხეთი ქართველი მეფის ძალაუფლების ქვეშ გადავიდოდა და სხვა. ვაჭრობაზე კი საქართველო უკვე ისედაც სპეციალური შეღავათებით სარგებლობდა.

ვაჭრები ყოველთვის ჯგუფურად დადიოდნენ სპარსეთსა და ინდოეთში. მინიმუმ 20 კაცისგან შემდგარ ჯგუფს მეფე სამხედრო პირებსაც აყოლებდა. სპარსეთთან ომიანობის პერიოდშიც კი ვაჭრებს ხელს არ ახლებდნენ ისე ჩამოჰქონდათ მსხვრევადი ჭურჭლები, სარკეები, ჩაი და შაქარი. მარკეტინგის განუვითარებაში აბრეშუმის გზიანი ქვეყანა გაჩერდა გეორგიევსკის ტრაქტატთან.

რუსეთთან ხელშეკრულების დადების მერე ინგლისიდან ვაჭრობის თანხმობა აღარ გვქონდა, არც სპარსეთმა მიიღო ქართველი ვაჭრები მშვიდობით. მხოლოდ ადგილობრივი სომხები იყვნენ გაბედულნი რუსეთთანაც და სპარსეთთან თითქმის მთელი საუკუნის განმავლობაში, ხოლო საუკუნის მერე რუსეთთან სომხეთის შეერთების მერე სპარსეთის ომის ზავში, სომხეთს მიენიჭა ვაჭრობის უპირატესობა, ხოლო საქართველო მოსკოვური “იარმარკებით” და ჰუმანიტარული დახმარებებით შემოიფარგლა.

ლიმნის ტესტი: ტეკილა თუ ჩაი?!

042df50dda540b946cb61e39139118bd

როცა მეგობარმა შუადღის სტუმრობისას ოთახში ლიმონები შემოიტანა, სანამ ჩაიდანს შევამჩნევდი, გავიფიქრე: “ტეკილას მასმევს თუ ჭაჭას?” – ჩაიზე არც მიფიქრია. აი, მაშინ მივხვდი, რომ ლატენტური ალკოჰოლიკი ვარ. თქვენ როგორ გაივლიდით ლიმნის ტესტს? მერე მოვისმინე თეორია ლუდის სიყვარულის სტოკჰოლმის სინდრომში მოთავსებაზე, – თავიდან ლუდის გემო არავის მოსწონს, მაგრამ როცა ალკოჰოლი მოგწამლავს, მოძალადესადმი სიმპათიას იგრძნობ, ლუდის სმას სწორედ გემოს გამო იწყებ. მოცემული თეორია სხვა სასმელებზეც ვრცელდება. ზოგადად, ალკოჰოლთან შეხვედრის პირველი დღიდან ვიდრე დღემდე ტრანსფორმაცია განვიცადე, მისადმი ჩემი დამოკიდებულება შეიცვალა.

მაგალითი: სტუდენტობა რომ გავიხსენო, პირველი თრობა, იპოდრომზე გაზავებული სპირტების სმა, მერე გადაწოლა და ვარსკვლავების თვლა, ვარსკვლავების რა, მარტო დიდი დათვი, პატარა დათვი. არ ჰქონდა მნიშვნელობა რამდენად ხარისხიან ალკოჰოლს ვიღებდით, ყოველთვის ვაზავებდით კოკა-კოლით, კამპათი, ხიდან მოწყვეტილი ვაშლის ცხელ წყალში გახსნით, ბოლო-ბოლო ტერაფლუში ვხსნიდით არაყს. პირადად მე, ვერ ვსვამდი მისატანი წვენის გარეშე ღვინოსაც კი. მერე მიკვირდა ნაბახუსევი არ ვიცი მეთქი. და ჩემს ასაკში არავინ იცოდა ნაბახუსევი. ასაკი ალბათ თავისას შვრება, მაგრამ არავინ კვდება სიბერით, ხომ? სიბერეშიც ავადმყოფობებით ვკვდებით. უბრალოდ ახლა როცა ვისკის ვსვამთ, ხშირად ყინულებსაც არ ვუშვრებით, ტეკილას დროს მარილიან ლიმონს თუ მივადებთ ენას, მაგრამ წვენებს აღარ ვაყოლებთ. ნაბახუსევი კი სითხის ნაკლებობაა ორგანიზმში, სპირტისგან აორთქლებული სითხის მონატრება.  და როცა მეგობარმა შუადღის სტუმრობისას ოთახში ლიმონები შემოიტანა, არა თუ ჩაიზე არ მიფიქრია, იცით რა ვიფიქრე? რა საჭირო იყო მისატანებელი მეთქი.

ო და დაკარგული გასაღების ძებნაში

img_20170214_0024-copy

არის ამერიკული ტვ შოუ, სადაც შუა ხნის კრიზისიანი მარტოხელა დედა შვილის კოლეჯში გასაშვებად უშედეგოდ ეძებს სამსახურს ბრუკლინში. საგამომცემლო ბიზნესში თავს ახალგაზრდა ქალად გაასაღებს და მუშაობას იწყებს ისეთ ავტორთან, როგორიცაა ჯორჯ მარტინის კარიკატურული პერსონაჟი. როგორც ხვდებით, შოუ მარადიულ ახალგაზრდობაზეა და როცა ბებერი ავტორი ბალზაკის ასაკში გადავა, ახალგაზრდა ქალის ფსევდონიმით ეროტიკულ დეტექტივს დაწერს იდეალურ ო-ზე ანუ იდეალური ორგაზმის ძიებაზე. მისი პერსონაჟი ქალი მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან კავდება სექსით, სხვადასხვა რელიგია სხვადასხვა სუნთქვით ვარჯიშებს და მედიტაციებს სთავაზობს. თუმცა იდეალურ ო-ს იგი საკუთარ თავთან, მასტურბაციის დროს მიაღწევს. 1 მხრივ, ამ ქალს თავიდანვე ჰქონდა ის, რასაც ეძებდა. II მხრივ, უნდა განვითარებულიყო პოვნისთვის. აი, სულ მიკვირს ზრდასრული ადამიანების წუწუნი, რომ სინათლეში ვერ იძინებენ, ხმაურში ვერ მუშაობენ. იგივეს გრძნობს ქალიც როცა ორგაზმს ვერ იღებს, ანუ პრობლემა კონცენტრაციაშია. ასეთი პრობლემები, ძირითადად, პატარა ასაკში გვაქვს, მერე ვსწავლობთ მედიტაციას და ჭრელ ნახატებში ვცდილობთ თვალი რომელიმე აკვიატებულ ფერს გავაყოლოთ, ისე, რომ კონცენტრაცია არ შეგვიწყდეს და საბოლოოდ, სინათლეშიც ვიძინებთ. ან მრავალინსტრუმენტიან ჯაზში რომელიმე სუსტ ინსტრუმენტს გამოვარჩევთ და მხოლოდ მისი მელოდიის ხმას ვიღიღინებთ. ამის მერე ხმაურშიც დავიძინებთ. ორგაზმიც ხომ კონცენტრაციაზეა დამოკიდებული, ეროგენული ზონების ერთ წერტილში გაერთიანება.

დავფიქრდი და დაკარგული გასაღების ძებნაც ასეა. გასაღების არაფროიდული გაგებით, უბრალოდ გასაღების. რადგან ჩემს ცხოვრებაში იშვიათია დღე, როცა ზუსტად ვიცი სად დავდე იგი. იმისთვის, რომ შარვალის ჯიბეში აღმოვაჩინო, მთელი სახლი უნდა გადავქექო და ორიოდე ადგილას დავრეკო. ამიტომ მგონია, რომ ერთგვარი time loop ფუნქცია აქვს ჩემთვის გასაღებს. ვერ გამიგია, პირველად იყო დაკარგვა თუ პოვნა. დღეს კი ამ გასაღების ძებნაში საბუთების ქვეშ ძველი რენტგენის სურათები აღმოვაჩინე. ალბათ ათასჯერ მაქვს ნანახი სხვადასხვა დროს პოზირებული ჩემი ჩონჩხი, მაგრამ ამჯერად დავფიქრდი: “ჰოო, თურმე ასეთი ვიქნები როცა მოვკვდები”. ვილჰელმ რენტგენისგან წოდებულმა იქს სხივებმა მომავალზე დამაფიქრა, როგორ ვიწვები კუბოში ტყავს მოცილებული ძვალი, ხოლო მანამდე მაცივარში პანაშვიდის დროს როგორ ვგავარ საკუთარ აიდი ფოტოს. აიდი ფოტოებიც ხომ სტრუქტურის გამო არ მოგვწონს, რადგან ჩვენს დეპროპორციულობას ავლენს, სილამაზე კი პროპორციაშია. ამიტომ ვმანჭავთ სახეებს ფოტოგადაღებებისას კოცნის თუ სიცილის იმიტაციების, სათანადო რაკურსების დაჭერებით, რადგან ჩვენს იმ აიდი ფოტოებს სპეციალურად უპროპორციულობით გავექცეთ, რომლებიც ბუნებრივ უპროპორციულობას გვიფარავს ანუ თავებს მკვდარ მდგომარეობებში გვაჩვენებს. სად წავიდა წყეული გასაღები?!

მომხმარებლის თვალით დანახული შრომითი დისფუნქცია

თავი ძალიან რობოტული ტიპაჟი მგონია, როცა ვკითხულობ პოპულაციის დიდი ნაწილის წუწუნს შრომით უფლებებზე და მე კიდევ ღიმილს მგვრის ფრაზები უკანონოდ ჩამოჭრილ ხელფასებზე მაღაზიებში დანაკლისების აღმოჩენის შემთხვევაში. რადგან ჩემ ირგვლივ ყველა კონსულტანტს უღიარებია მოპარვის ფაქტი, შედარებით იაფიანი პროდუქტის ძვირიანი აიდით გატარება, – ქურდობა მომხმარებლის წინაშე, ან თაროდან ნივთის პირდაპირი გზით აღება – ქურდობა დამსაქმებლის წინაშე. ხელმძღვანელს ზედმეტი ხარჯის გამო არ აწყობს ჩაატაროს დანაშაულის გამოძიება, პლუს კოლექტიური დასჯა აპრობირებული თემაა საქმის გახსნისთვის. მომხმარებელი კი ხშირად დაკვირვებული არ არის და როცა მე შემიმჩნევია ჩემდამი ჩადენილი ირიბული ქურდობა, გავჩუმებულვარ. დამსაქმებლები მაინც აინაზღაურებენ ამ დანაკლისს, დასაქმებულები მაინც გადაიხდიან თავიანთ ნაქურდალს თვის ბოლოს, მაგრამ მომხმარებლები მეტ პრობლემაში ვართ, – ჩვენ არ აგვენაზღაურება დანაკლისი, მხოლოდ დამსაქმებელს.

ცალკე თემაა, რომ დამსაქმებელი, მე, როგორც მომხმარებელს ირიბი გზით მაიძულებს ვუხადო კომპენსაცია სალაროში დატოვებული ზედმეტი თანხით. ე.წ. ჩაის დატოვების ინსტიტუტი სხვა არაფერია თუ არა დამსაქმებლების ხერხი თავიანთი მოვალეობა მარტივად გადააბარონ მომხმარებლებს. მიმუშავია მომსახურეობის სფეროში, მიწარმოებია გამოკითხვა და არავინ არსად უხდის მომსახურე პერსონალს მომსახურეობის რამე პროცენტს, რისი პირობაც ქვითრებზეა მოცემული. მითითებული პროცენტი, წესით, მიდის კომუნალურ გადასახადებში, ახალ სერვიზებში/სერვისებში, რეკლამებში და სხვა. თან ეს ისეთი თემაა, ვერც ჩაის დატოვებას შეწყვეტ ჰუმანური მოსაზრების გამო. თან რესტორნის იდეაც ისაა, თავი ნამსახურებად იგრძნო, მეფედ და დედოფლად, არა მხოლოდ ათ წუთში ერთხელ გამოცვლილი საფერფლის გამო, დამსაქმებლის წყალობით ფულის დატოვების უპირატესობა გაქვს, რაც მოჩვენებითი ძალაუფლების, იერარქიის შეგრძნებას ატოვებინებს მომხმარებელს.

იმის თქმა მინდა, რომ შრომითი დისფუნქცია ეხება ყველას, თუნდაც პირდაპირი გზით არ შემეხოს, რესტორანში შესვლისას, მე მიწევს გადავიხადო სხვისი დასაქმების ფული ან მარკეტში შესვლისას მიწევს გადავიხადო კონსულტანტის სადილის ფული. იმის მიუხედავად, რომ Tipping დისკრიმინაციულია და შრომით მორალსაც არღვევს, მარკეტებში კი ქურდობებზე თვალის დახუჭვა მიწევს, ტრადიციებს ლოკალური ჰუმანური მოსაზრების გამო დავყვები პრინციპების ჩაკვლის ფასად და ეს საკითხი ძალიან მადარდებს.

პირველად იყო უარი

75687.jpgერთხელ პაპაჩემმა მიამბო, როგორ დასაჯა ბავშვობაში მამამ საქონლისთვის წყლის დასხმა რომ დაავიწყდა: ყელზე ზაქის კირკარი წაუჭირა და ცხელ მინდორში წყლის მიუწოდებლად დააბა, იგივე უნდა განეცადა, რომ საქონლისთვის გაეგო. მამა-შვილობაზე საუბარს შევყევით და მეზობლის შთამომავლობით ცოდვაზე მომიყვა. შვილებმა ამ ოჯახში მამა შეკამათების ნიადაგზე მოკლეს. ამ მამამ კი, თავის მხრივ, ახალგაზრდობაში თავისი მამა დაღუპა. დავალებული იყო, ქალაქიდან წამალი წამოეღო, ამან კი გატანებული ფული ნარდში წააგო და რა ექნა, ქალაქიდან ცემენტი ჩაუტანა, წამლად გაასაღა, დღეში სამჯერ ჭამის შემდეგო.
მორალი: წინაპრების ისტორიები ბევრ ჰორორ ფილმზე ბრუტალურია.
ბიბლიის ერთ ინტერპრეტაციაში წავიკითხე უარზე, როგორც შთამომავლობით ვირუსზე. ცნობიერების ნაყოფის აკრძალვით ადამ და ევას პირველად ჩაეტვირთა უარყოფის ნაყოფი და ამ უარყოფის უარყოფით ადამმა უარი ვირუსივით აიკიდა. პირველი რაც გააკეთა, ღმერთისგან დამალვით საკუთარი თავი უარყო. თანაც იმდენად, რომ თავის უარყოფის შიში შთამომავლობას გადასდო. კაენისგან ადამის უარყოფაც შურისძიებაა ღვთის მიმართ, რომელმაც მისი ძღვენი უარყო. ბიბლიის ყველა პასაჟი ასახავს რომ ნებისმიერი ცოდვის მიზეზი უარყოფის შიშია და რომ კაცობრიობა პანიკაშია პირველყოფილი უარის უარყოფის გამო. კაცობრიობის ისტორია არის უარი საზოგადოებისგან, ოჯახისგან, სულიერი თუ ფიზიკური მეგობრისგან და სხვ. ყოველი ფობია უარყოფის შიშისგან იღებს სათავეს. თვით სიკვდილის შიშიც. განსხვავება მხოლოდ ობიექტშია.
ვუყურებ პაპაჩემის ეზოში მდგარ საფრთხობელას და პერსონალურ უარებს ვიხსენებ, ქრონოლოგიურად და დიალოგის სისტემით შეძლებისდაგვარად. ყველაზე მეტი უარი ვისთვისაც მითქვამს მისგანვე მიმიღია და პირიქით. თან წარმოვიდგენ ზაქის კირკარისგან წაჭერილ პაპაჩემს, ცხელ ზაფხულში დახვეული ბუზებით. ალბათ სადღაც, უნარების დონეზე რომ მახსოვს სისხლით. ვიხსენებ იმ გარდამავალ ეტაპებს, როცა უარმყვეს: დედამ მეორე შვილის გაჩენის მერე, მეგობარმა – სკოლაში, კაცმა – სხვა ქალში, გასაუბრებაზე სასურველ სამსახურში. მომინდა ამერბინა უახლოესი გორაკი და მეყვირა: “დიახ!” – ექსჰიბიციონისტური ცოდვების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ დამეზარა და ისტორიების მოსმენა გავნაგრძე, დავტვიტე.