თუ გიყვარს, ნიშნავს უღალატო.
იმდენად გავსებს, სხვა სხეულშიც გინდა დაატიო.
ჩახუტება ნიშნავს დაემალო,
სახე მის უკან დამალო.
დაბადება ნიშნავს გააჩინო
სამოთხეში გარდაცვლილი ბავშვი.
Category Archives: ჩემი ლექსები
დასასრულს
ჯ. ტაკამი:
ცარიელია ჩემი თვალები,
ვერ ვიყურები,
თუმცა იმათშიც აღწევს სხივები.
მე:
ერთი დიდი სანადირო თოფი მაქვს სათამაშო ტყვიებით და რამდენიმე გატეხილი ბოთლი.
კარგად ვარ.
ძირგავარდნილი ბათინკები და წყნეთი.
დიდი ბენგის პრაქტიკა.
ჯ. მორისონი:
თავისუფლების ის წამი,
როცა მზე პატიმარს
სახეზე უელავს
როგორც ხვრელიდან ამოწეულ
პატარა თხუნელას.
როდესაც ბავშვი პირველად წვალობს
თავისით გავლას,
თავისუფლების იმ წამზე ვამბობ.
მამალი:
ყიყლიყოო
მე:
შეხედე, გვირაბის ბოლოს როგორ ბნელა,
ინაღვლე.
შეხედე, გვირაბიდან გამოდის ხალხი და ჩემზე ამბობს:
ნახე, სინათლე.
მამალი:
,…,
ჯ. ტაკამი:
ფოთლები რბილია,
მაგარია ტოტები.
მაგარ ტოტებზე იზრდებიან
რბილი ფოთლები.
მე:
თარგმნაში მე, დორსი და ტაკამი შემოვედით თბილისში. გათენდა.
ჯ. ტაკამი:
და დღეს მე ისევ შემძულდა ხალხი,
შუა ზაფხულის კაშკაშა შუქზე.
ისე მკაფიოდ გარს მიბრიალებს.
ნუთუ ცხოვრობდე, ნიშნავს რომ გძულდეს.
დამაბრმავებლად კაშკაშა შუქზე
ეს სიძულვილი მასევდიანებს.
ომი
წლების წინ დაწერილი ორი ლექსი ვიპოვნე, ჰაიკუსავით პატარა და ვიწრო.
სახეზე ხაზები აღმოვაჩინე, წიგნის სანიშნესავით ნაოჭებში ჩაკეცილი ომი.
მანიშნებს, საიდან გავაგრძელო.
ვიპოვნე და ვაანალიზებ:
“1. ირგვლივ ღრუბელი ომისფერია.
მე კიდევ ვფიქრობ ეგოისტურად, –
მშია”.
მახსოვს სამ დღეში გაჭაღარავებული მამა.
ფიცი:
– არ ვთვლი გმირებად და არ ვუყურებ ტელევიზორს.
“2. გამოიღე ყურებიდან ბამბა
და თვალებზე ხელი აიფარე, –
დამთავრდა ომი”.
მაგრამ, ცოი, ნაოჭები მაინც გამიჩნდა.
მოკვლა
თავიდან დრო,
მერე ბუზი,
შეიძლება თაგვიც,
მერე რაც შეიძლება მეტი ხალხი,
მერე ისევ დრო.
კაფკა
ალენ გინზბერგის ორი ლექსი
ქოხი კლდეში
(თარგმანი)
ნახევრად სავსე ჩაის ჭიქით მორზე ვზივარ.
მზე ჩადის მთაში, რადგან
მეტი საქმე არ აქვს.
ხმა არ ამოიღო! არა აქვს აზრი.
ჩემს სათქმელს ამბობს ბუზი, –
რაღაცას ამატებს ქარი.
ცხვირზე დამაჯდა ბუზი.
მე არ ვარ ბუდა.
აქ ვერ განათლდები.
წითელი ტყავის წინ
ბუზის აჩრდილი
ფიჭვის ტოტის ჩრდილს აზის.
თეთრი მზე ფიჭვის მიღმა არის.
ყავისფერი შეშის ხროვას
ფარვანამ ჩაუქროლა.
საათი გავიდოდა,
რაც ბუდა არ მახსოვდა.
დავუბრუნდი მოცილებულ სახლს.
11ნოემბერი,1976
(თარგმანი)
ხეთა სახურავიდან
მოღწეულ შუქში მჯდომი ვუსმენ
ასეული ხალხის
ჯდომის,
ქშენის, ხველის, ნახველის ამოღების,
ცემინების, ამოსუნთქვის,
ცხვირში სუნთქვის,
ბალიშზე, ტანსაცმელში ცრის,
ნერწყვის გადაყლაპვის
ხმას.
რენ ოტოს ”ჯვაროსნები”
2pac-ის ლირიკული ლექსები
ჩემი შვილი
იქ, სადღაც გარეთ,
ცისქვეშეთში
გველის მშფოთვარედ.
რადგან დალოცოს
სიყვარული,
ერთმანეთში რომ გავიზიარეთ
სიყვარულმა კი
არდაბადებული ჩემი შვილი
უნდა დაიცვას.
ვოცნებობ ხოლმე,
როგორია ერთად ჩვენ ორნი
და სათანადოდ როგორ დავიცავ.
მაშინაც, როცა მე არ ვიცი რა არის სწორი.
დაიბადება მდიდრად – ღარიბად
სიყვარული არ დააკლდება.
მივიღებ, როგორც ცისქვეშეთში
ღმერთის წყალობად.
=0=
მაშინ, როდესაც გარდავიცვლები,
როდესაც გულის ძგერას მოვრჩები,
იმედია, რომ პრინციპებისთვის,
რწმენის დაცვისთვის
მაინც მოვკვდები,
იქამდე, სანამ ჩემი დრო მოვა,
რადგან დამყვება ბნელი აჩრდილი.
რამდენი რამის მოსწრება მინდა,
სანამ შემხვდება გზაზე სიკვდილი.
მე ალბათობებს ვებღაუჭები,
და უკანასკნელ ცრემლებს ვამშრალებ.
სიკვდილის დროს კი ყველას ვიყვარებ
ვისაც სიკვდილი ჩემი ახარებს.
=0=
ხანდახან როცა მარტო ვრჩები, ვტირივარ ხოლმე.
ეს იმიტომ, რომ პრობლემებთან სულ მარტო ვრჩები.
ჩემი ცრემლები იკბინება, სახეს აცხელებს.
ცხოვრებიანად მოედინება,
ფორმას არ ეძებს.
ვტირივარ ხოლმე, იმიტომ, რომ გული დამეხა.
ეს ამბავი კი მე ამდენად მაფორიაქებს.
მე ვისურვებდი მეგობარი, მსმენელი მყავდეს,
არავის ვიცნობ ტირილისას რომ გამიჩერდეს.
ჩემი ცხოვრების აზიდვაში მეხმარებოდეს.
წუთისოფელი საკმარისად სწრაფად ტრიალებს.
იმისათვის, რომ გაჩერდე და იკითხო: რატომ
ტირის ვიღაცა მტკივნეულად და სევდიანად?!
ხანდახან როცა ვტირივარ ხოლმე
სულაც არავის აღელვებს: რატომ.
როცა ბრმა ტირის
ამ სიმღერის ხასიათზე ვარ
გაიხურე კარი გასვლისას, უკვე არავის ველოდები.
აი, იატაკზე ვწევარ მოთქმისას, ცოცხლებში არ ვითვლები.
ან უბრალოდ ძლიერ მთვრალი ვარ.
მე ბრმა ვარ.
ფერკმრთალია ჩემი სამყარო.
იმაზე მეტად სევდიანი რაღა არის,
ღმერთმა თუ იცის, როცა ბრმა ტირის.
მეგობარი რომ ოთახში მყავდა, უდარდელი გვქონდა დროება.
მაგრამ ერთხელაც ცივ ამინდში იმ ოთახშივე დასრულდა ლხენა.
ერთობლივად რაც უნდა გვექნა,მე მიზეზების დავიწყე ძებნა.
მე ბრმა ვარ.
ახლა ოთახი ცივი არის.
ცრემლები კი სულიდან მოდის,
ღმერთმა კი იცის, როცა ბრმა ტირის.
მე ბრმა ვარ.
ახლა სამყარო ცივი არის. და ცრემლები სულიდან მოდის,
ღმერთმა კი იცის, როცა ბრმა ტირის.
ფუძიამა
სასტუმროდ
ქარი ხმაურობს და გექაჩება გარეთ სხეულიდან საბანში რომ გიწევს.
მრგვალი ფანჯრიდან გადახტომას გითხოვს.
კონიაკს წრუპავ და ამბობ:
მე ისედაც გადამხტარი ვარ.
გიკვირს:
როგორ თუ არ ვტირივარ, –
და ყვირი მორთულ ნაძვის ხეებზე
ფანჯრიდან რომ მოჩანს,
დაკიდებულ მორიგ მოგონებას.
მორიგ დაკიდებულ მოგონებას.
სასტუმროში. სასტუმროდ.
ფრიიიიიიი ფრიიიიიიიიიიიიიიიიიი ფრიიიიიიიიიიიიიიიიიიი ფრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ფრიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ფრიიიიიიიიიიიიიიიიიიი ფრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ფრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ფრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ფრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი ფრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ფრრრიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ვატყობ, კონიაკთან ერთად ხმა რომ ილევა.
ვატყობ, რომ სიტყვები უხმოდ მთავრდება.
ყოველი სიტყვის მერე იწელება პაუზა.
უყურებ ოცნებებს, რომლებსაც აფუჭებდი და ყვირი:
არა, მე სუიციდი არ მაქვს,
ვაღებ ფანჯარას,
ვკვდები იმისთვის, რომ დავიბადო.
მუსიკალური სიჩუმე გესმის: