უმერცხლო

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა რობოტებმა ადამიანები გამოიგონეს.
ჯერ კიდევ გამათბობელი გაზის ბალონებიდან აორთქლებულ ღრუბლებში,
ასფალტზე ჩრდილებს რომ აკეთებენ, შოშიები ფრინავდნენ დაბლა,
ვიდრე მომავალი შვილი შორეული სტრატოსფეროდან
მიკროსკოპით ხილულ კაფსულაში მაკვირდებოდა, ჩემი ცხოვრებები  ვნახე,
კანში დამალული და ძველი.


უმერცხლო

ბევრი ცხოვრების წინ ვამბობ, ერთი გახვრეტილი სკამის ქვეშ ცეცხლი დამინთეს და ისე დამსვეს, რომ საშვილეში ბოლი შესულიყო და ცეცხლი პირიდან ამომსვლოდა. მოვუყევი, რომ ნიორშედებულმა დავიძინე, მაგრამ მეორე დღისით სუნი პირიდან არ ამომსვლია. იმან კი თავი დამიქნია და მითხრა, რომ მისი მზისა და ჩემი ხარის ქედის მადლმა, უმერცხლო ვიყავი და მალე შვილი მეყოლებოდა. თქვა: ვხედავ ან ძეს, რომელიც მიწაზე ძევს თუ ვხედავ ასულს, ზეცაში ასულს. სულთა მხარეში გარდაიცვალა ამქვეყნად მომავალი შვილიო.

მე დაძარღვული ყვითელი ფოთლის კაბა ჩამოვიწიე და სირას ნაჩუქარი ბეჭედი ვკოცნე, ოდნავ ოვალური მავთულებისგან, ბოლოებხსნილი, თავჩაბრუნებული მახათი, მთელი ქონების სანაცვლოდ რომ დევებს გამოაჭდევინა დაბალმა, ჭინკასტანიანმა კაცმა, ჩემმა ქმარმა სირამ. ვითომ საკმაული უნდოდა, ხაფანგში შეიტყუა და იდგა დევი მაწვნის დედით მოთხვრილი ცხვირითა და თითებით, როცა ღვთისშვილმა გიორგიმ შვიდკეცი შვიდი მხარი მათრახი ლურჯას გადაჰკრა, კუპრში ამოვლებული სავარცხლისპირიანი ისრები დაუშინა. ქაჯვეთამდე სდია, სანამ ქვესკნელის შუაგულიდან გრდემლი,  ლუდი, ქვედამიწეთს მდინარეებად რომ ჩამოუდის და ქალი არ ამოიტან-ამოიყვანა, ქალი თორემ კაცის მკერდითა და საშოთი, მთელი მთვარისას კი ქალის მკერდითა და უსაშო.

სოფლის ქალებს რომ ვახარე, ბარი ხელში დამაკავეს, ბავშვი დიდი არ გაგეზარდოს, მშობიარობა გაგიჭირდებაო. ხარებს ნუ ეკარები, რქამ მუცელი არ დაგიზიანოსო. ამ ბოლო დროს ბავშვები მუცელშივე კვდებიან და მერე დანით კაფავენო. აწი მუჭაში დაგუბებული წყალი შესვი, ეგრევე წყაროს ნუ დაეწაფები, არ გადასცდესო. სისხლდენისას ორსულობისას ქალი გაღმაა გასულიო, ქაჯების მხარეშიო. ფუი, ფუი, მჭედელი მოდის და ცოლი მისი, მოძუნძულე მგელიო. ეგ რკინები ქაჯვეთიდან მოაქვთო. ხვთისშვილებს სეტყვებს ეგენი უჭედავენო. ხარიპარია გიორგისო. ქრისტესთვის ლურსმნები მაგათმა გამოჭედესო.

მხოლოდ ჩალა ავიღე ხარების სადგომიდან და მაკრატელი, ქმართან სიამეში შესწრებული დალი რითიც მოვკალი, მიტოვებული ვერძისთავას ქვაბულისკენ დავბრუნდი, სანამ სიარული შემეძლო, ვიარე, გზა ქაჯებს ავურიო და მუცელში ბავშვი შევაწუხო, შობა მალე მოუნდეს მეთქი. მედეას ქოთნები ავაფეთქე, რომელი ქაჯიც ჩემს შვილს მიეკარაბა, შუასკნელში ვაცხოვრებ მეთქი. ქვაბულში დატკეპნილი შავი მიწა ეყარა, ზედ ჩალა დავაფინე, მაკრატელი მასში დავფარე, საშვილე კარაქიანი რძით დავიზილე და დავწექი. წვიმის წვეთებზე ვიოცნებე, თითქოს მხარზე ორიოდე წვეთი დამეცა, მერე გახშირდა და ტანში, როგორც სილაში ისე გაიხსნა. ვხედავდი როგორ მიცემდა თითებში გული და უმძრახად ვსუნთქავდი, ხმას თუ გავიღებდი, ვიცოდი, ქაჯები მომაგნებდნენ. ქაჯები ჰაერის მცველები არიან და ქაჯები ქალებთან უმერცხლობისას მოდიან.

ადრე ვერძისთავას ქვაბული ჭიანჭველის სპირტით იყო სავსე, დედა-ქურუმმა ქილაში ნადები არყით რომ დაალბო და მზეს იქამდე გაუკიდა, სანამ არ დაიმწნა. იქვე შაბი ელაგა, ქაჯვეთიდან ამოსული მომწოვი ძალის მქონე ქვები, ჩირქიან იარებს რომ კურნავდა. ხარის თავიან შაშას ვლოცულობდი, მაგრამ გენაცვალები შენსა მზესა მეთქი, მედეას უმერცხლობის ამბავს ვუმადლოდი. ბავშვობაში დაფლულ კაცებს რომ მანახებდა, ავსულიანები არიან, ხმაურით ამთქნარებენო, სხვადასხვა ხეთა ტოტებისგან ვუნთებდით ცეცხლსა და ჭინჭრებით ვბრუნავდით: უჟმურო, გამოდი მისგანო, უჟმურო, გამოდი მისგანო.

კაცების ნაწოლარ მიწას ვთხრიდით, რადგან ავი თვალი მიწიდან და წყლიდან მოდიოდა ხოლმე და სუფთა ქოთანში ისე გადაგვქონდა, თითქოს ტყის ყვავილის გაშინაურება გვინდოდა. ამ დროს კაცი ღრიალებდა და იხოკდა სახეს, ასოებს, რაც სხეულისგან დარჩა. ღრიალებდა ქარიშხალში გაფრიალებული დროშასავით იქამდე, სანამ ძილი არ წაიღებდა. იმ ჩალისფერი აბრეშუმის ქსოვილისგან შექმნილი დროშასავით, ქარის დაბერვისგან ლომის ღრიალის ხმას რომ გამოსცემდა მტრების შესაშინებლად. მერე ქურუმი ამ ქოთნებს გოგირდით აავსებდა, ასფალტითა და ნავთით, ცეცხლს წაუკიდებდა და ისროდა.

თანდათან ფარშევანგების ქალაქი შეიცვალა, ქალაქი, სადაც ქალებს მიწაში მარხავდნენ, ხოლო კაცებს ხეებზე ჩამოაკონწიალებდნენ ხოლმე. რადგან კაცებმა საიდანღაც მოიგონეს, რომ ქალებში ბავშვებს თავად თესავდნენ და ქურუმებად ქცევა მოუნდათ. აქამდე გვარში მამაჩვენი შაშა გახურებული ქურიდან რკინას შიშველი ხელით აიღებდა, მუხლებზე გაიწვენდა და მუშტებით მოგვჭედავდა ხოლმე: ნაადამიანების ასოებს ერთ ვედრაში ხიკავდა და ერთმანეთს შეადნობდა. რკინის ძაფებით გვიკერავდა ხორცებს და ჭერში გვაწყობდა. არავინ იცოდა საიდან მოჰქონდა ხორცი და ძვალი, ამბობდნენ, ოქროს ვერძებმა მოიტანესო ან ქაჯვეთიდან იპარავსო.

ადრე საშვილეში ქარი რომ მიდგებოდა, სოფლის ქალები იღლიებში ხელებს შემაბჯენდნენ და წელში მხსნიდნენ. საღამოობით მდინარესთან გავდიოდით, ლუდითა და ხარისძირით ვბრუვდებოდით, წყაროსთავიდან სანადიროდ გასაშვებ ქმრებს ვეკეკლუცებოდით, მკერდზე თიხას წავისვამდით ფორმის მისაცემად და ქაჯვეთიდან ამოყვანილ ქალ-კაცას სხეულს ვუთვალიერებდით ქალური კითხვებით: ამირანი შენთან რომელი მთვარისას იყოო; მართალია, რომ ქაჯეთში ჩასულებს თავი ისევ შუამიწეთში ჰგონიათო.

გინდა, შვილო, მუცელში კაცისგან დანერგილო, გიამბო ამბავი, როგორ მიღალატა მამაშენმა,  ნაღალატევმა ქალებმა უკანასკნელი დედამთავრები როგორ დავხოცეთ ანუ ამბავი მანამდე არ არსებული მშობიარობის ჭინთვებისა, შურისძიების გამო შაშვის პირიდან დიდმა ხარებმა რომ დაგვაწყევლეს?! მისმინე:

მე და მამაშენი ვიყავით თუ არ ვიყავით, ლურჯაზე ამხედრებულ გიორგის გველეშაპთან საბრძოლველად ხმალი გამოვუჭედეთ. ვერაფერს გახდებოდა ხვთისშვილი ვერც ოქროს საცრიან და ცხრაძლიან ფანდურიან ქაჯევეთს უჩვენოდ. ქაჯვეთს, საიდანაც ამოვიღეთ მჭედლობისთვის ახალი გრდემლი. ვერაფერს, მაგრამ ისტორიას თაყვანსაცემად მოოქროვილი რძის საღებავით დაწერილი მზა ხატები უნდოდა, თაყვანისცემისას ვგულისხმობთ გამოთაყვანებას.

დიახ, ის გველი ჩვენ დავუმარცხეთ, ხახაში მიცემული ბასრი ლითონით მეტასტაზებივით რომ წაუვიდა თავები და როცა წყეული ამირანი ცხოვრების ხეს ისევე მიაჯაჭვა, როგორც ლობიო სარებს, ზემოდან ციცაბო გორა დაახურა. რომ არ აეწყვიტა, ყოველ დიდ ხუთშაბათს რამდენიმე ცხოვრება მორიგეობით მამიდან შვილი გრდემლზე უროს ვარტყამდით. მერე იმ გორაზე თქვენ ადიოდით და წრეებს არტყამდით. იმ გორაზე, საიდანაც ხვთისშვილები იყვნენ. იმ გრდემლზე, ნამდვილ ქაჯევეთს, ნაყოფიერების შემწე ქვეყანაში მცოდველები რომ მოჰყავდათ დასასჯელად ცოდვის შვილს ვაბამდით: იმ ამირანს, რომელიც ოქროსთმიანმა ტყიურმა დალიმ ჩემი ქმრისგან შვა დედამთავრულ წყობაში და ჩვენივე გამოჭედილი ხმლით ბაყბაყ დევებს კლავდა, მუცელში უჯდებოდა და კლავდა.

მამაშენმა ჯერ ჩემთან წოლის მარხვა შეინახა, ხმაც არ გაუცია, ისევე, როგორც გრდემლზე უროს დარტყმისას უმძრახად იყო. ვნებაჩახვეული ტყიური ქალი, ყურშასავით რომ გადაიხარა, ჩემმა ქმარმა კოჭებამდე დალალები უკანალიდან გვერდზე უმძრახად გადაუწია და შეუდო. მთიელებს ბილწი ენა გვაქვს, ხვნისას ნასწავლი, მიწა სიბილწით უფრო ნაყოფიერდებაო. იმ ყურშასავით გადახრილა, ჩემი ქმარი დალს ტყეში რომ გადაჰყარა: გაქცეული ძაღლი, დადევნებული სირა და ლეკვთან მოთამაშე დალი, ყურშასგან დანერწყვული ტუჩებით. დალის ყვირილზე ნედლი ხეები გამხმარან, ხოლო კლდეზე ცოცვისთვის გამოჭედილი სირას ეკლიანი ფეხსაცმელები მიწაში ჩაწეულა.

ვაი, მაშინ ჩვენ, ამირანმა რომ აიწყვიტოს. და ვაი ქალებსაც, – თავს თუ ვიხსნი, მდედრებს ამოვწყვეტო. ზედმეტად დედამთავრული ვიყავიო. და უფრო ვაი მჭედლის ქალებსო, ჩემზე გამოწეულა ამირანი. მაგრამ სიკვდილი ცელით იმიტომაც დადის, რომ ხალხი ფესვიდან კი არ ამოგლიჯოს, მოთიბოს. ასე უმძრახად მოვესწარით მამამთავრულში გადასვლას, კაცებს იარაღი გამოვუჭედეთ და სანადიროდ გავუშვით. მონადირეებმა რომ შექმნეს მამათმთავრობა, მჭედლებმა ხელით გამოვჭედეთ მათთვის იარაღები. მჭედლის ცოლებმა კი უკანასკნელ დედამთავრულ ქალებზე ვიეჭვიანეთ და დავხოცეთ. ცოტა ხანში სოფელში ატყდა ხმაური, რომ ქალები კაცებისგან მშობიარობდნენ. ჯერ ცოდვის შვილმა ქაჯვეთის ასული შეგვიცდინა, მერე ქალებმა თქვეს, იმის გამოა, რომ კაცები ამ ბოლო დროს ხახვებს ჭამენ და თესლი უდგებათო. მაშინ, როცა ქურუმიც კი უცხოეთში გადაიკარგა, ქალები შვილების გაჩენისგან გაწყდნენ,  ქაჯებს მიჰყავთო.

ახლა კი საბერტყელას ვიცემ მუცელზე, რომ ჩამომებერტყო, საყვარელო შვილო. მოვიკაკვე სხეული ოთხგზის, რათა შევიწროვდე და გამოხვიდე, როგორც ქურუმის გვამი უნდა მოიკაკვოს დასაფლავებისას. გახსოვდეს, რომ გვამი იმარხება, როგორც მუცელში დატეული ჩანასახი, მხარზე დაწოლილი და ოთხკეცი. სხვანაირად დაწოლის, შვილო, ძილის დროსაც გეშინოდეს ხოლმე. იმედია, ძეო, რომ არასდროს იმშობიარო. გამოდი, ძმები თივის დევებს აგიშენებენ და ზედ კუნტრუშით დაახტები. მოგატარებენ მეფის ვაზებში დანერგილ სისხლებს, რომლის ძირში რძის, ღვინის და სურნელოვანი ზეთის შადრევნები მოჩუხჩუხებს და მაინც იტყვი, რომ რკინის საწურე ქურის სითბოში ლუდი გირჩევნია.

ქაჯები დავინახე კარისმაგიერ აყუდებული შეშიდან მითვალთვალებდნენ როგორ გამისერი შიგნიდან სხეული და სისხლიანი ფეხები გამოყავი. რძეს მოყოლილი ნაღებივით შეგისრუტე, ოღონდაც უკნიდან არ დაიბადო მეთქი. ხელების დახმარებით ფეხები თაროებზე შემოვაწყე და ზურგზე გავწექი, იქნება თავით ამოტრიალდე მეთქი. ვიგრძენი როგორ გადატრიალდი მუცელში და მუხლის ჩოქვით დავდექი. გავიჭინთე, თითქოს ყელში ღვიძლი ბოღმა დავიტოვე და გულქვევითა ნაწილი მოგიშორე. შიშველ მუცელზე გამომესახა შენი სახე და ჩემიდან ხვლიკივით გამოსრიალდი, ბუკითა და ყვირილით. ორი თითის სიგრძეზე გადავჭერი ჭიპლარი და ვიგრძენი მომყოლი როგორ შემეჩურთა. ვიყვირე, როგორც თითეული ჩვენგან ნაწამები კაცი ღრიალებდა დანაკუწებისას და მივხვდი, რომ ქვაბულის ნაცვლად ქაჯვეთში ვიყავი.

ჩემი პატარა სხეული მომწონს. ჩამოდენილი ლუდის მდინარეებში ვაბანავებ ფეხებს, შაბზე მოვიკუნტები ხოლმე, მგონია, რომ შეწოვილი სითხე გამოაქვს. დედა მეუბნება, რომ ეს მდინარე ადრე იყო განიერი და სქელი, მერე კი ხვთისშვილმა გიორგიმ შეისრუტა, მამა მოუკლა, მისი და გაიტაცა. იმასაც მეუბნება, რომ ულევი ხანიდან მიტაცებული გვამებისთვის შურისძიება უნდა, შუასკნელში ავა, ადამიანებს ბეგარას გამოართმევს და მოვა. ვიციო სადაა მამაჩემი, შენხელა არისო, ვიღაცა წყეულისგან ქვაბულში დაბადებულიო, წამოსაყვანად მივდიოდით, ვერ მივუსწარითო. ტირილით მხრებზე შემოდგომის ფოთოლივით ვეკონწიალები და ლოდინში ვწყდები. როცა პირველად წამომივიდა თვიური სისხლი, დედა დაბრუნდა, ცხვრებითა და ძროხებით, მაწვნის დედებით, სავარცხელი მოგიტანეო, ხის ხშირი ტოტებისგან გამოთლილი და ჭრილობა მელაკუდით ამომივსეს. იმ ღამეს გრდემლზე დაკვრის ხმა ჩამესმა და ჩვენი ტანისხელა კაცი მომელანდა, ცოლი დამიძახა და შემეშინდა.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s