ადამიანებს, ვისაც უარის თქმა არ შეუძლიათ, ფსიქოანალიტიკა განიხილავს როგორც დროის მარყუჟში (Time Loop) მცხოვრებებს, ავხსნი: ისინი იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, საყოველთაო სიმპატიის დამსახურება რომ სურთ. მიზეზი: წარსულში გადატანილი სირცხვილი თუ უარყოფა. უარის თქმის სწავლის სავარჯიშოს პირველი ამოცანა: ა) გავიხსენოთ როდის შევრცხვით პირველად და გაგვიჩნდა უარყოფის განცდა. სავარაუდოდ, ბავშვობაში ასე 2 წლის ასაკის მერე, სავარაუდოდ, ოჯახის წევრისგან; ბ) წარმოვიდგინოთ სრული სიუჟეტი და ხელახლა განვიცადოთ ის; გ) წარმოვიდგინოთ რომ მივედით ახლანდელი სხეულითა და მენტალობით ჩვენი ბავშვობის მესთან; დ) როგორ ვანუგეშებდით?
სენტიმენტალური სავარჯიშო მგონია, თვითონ კადრიც, როგორ ვდგავარ მუხლამდე დატოლებულ მესთან და ვეუბნები რომ მიყვარს. კი, წაიქცა შუა ხევში დაჭერობანას თამაშის დროს, ყველაზე ტლანქადაც ის დარბოდა და არც ქორწილამდე მოურჩება მუხლები, ქორწილი არც ექნება, მაგრამ ნუ რცხვენია, ოჯახის წევრებს მაინც უყვართ. ის ალბათ ტირილს იწყებს და გარბის სისხლიანი მუხლებით და ჩემი ძალიან ეშინია. ისე ძალიან რომ ჩემს ჯიბრზე ყველას უარს ეუბნება. ისეთ უარს, აი, ჰოდორივით რუტინაში რომ გადაეზარდა. როგორი იქნებოდა სავარჯიშოს იდეალური დასასრული? ალბათ რომ მეპასუხა: არ გავაკეთებ.
მე ჩემებურად მოვერიე მაგ ამბავს: ბიძაჩემი იყო კაცი, რომელიც ყველაფერზე არას ამბობდა. წინააღმდეგობის სენით იყო შეპყრობილი და ეს მუდმივად მაგიჟებდა. ისე ვბრაზდებოდი მაგაზე, მინდოდა ჩამერტყა რამე, ოღონდ მაშინ ვერ ვაცნობიერებდი რატომ. მოგვიანებით, როცა გავიზარდე და საკუთარ თავსაც შევამჩნიე მსგავსი რამ, იმწუთას ბიძაჩემი დამიდგა თვალწინ…
ოჰ ეს რადიკალიზმი