იყო დრო, როცა დეითებზე დავდიოდი. ადრე ტინდერში ბიჭი გავიცანი, აი, ისეთი, ჯერ ცოლი რომ არ ჰყოლია და თან რომ საყვარელია. ერთმანეთს საკმაოდ ნორმატიულად შევხვდით, საბურთალოს “4სეზონში”, პოსტსამსახურეობრივი გარეგნობებით. იქვე ვმუშაობო, თან ჩემს კოლეგებს გაგაცნობო. დეითის ბოლოს ანგარიშის გადახდა თავად მოითხოვა, ქალებს ისედაც მცირე ხელფასები გაქვთო. გჯერა? და ფაქ? ჯერ ერთი: იმ ქალებს, რომლებიც თან დედები არიან და თან მუშაობენ, აქვთ მცირე ხელფასი კარიერული ზრდის ტემპის გამო. მაგრამ მათ სტატისტიკაში უშვილო ქალებიც ვხვდებით და ყველას ჰგონია რომ მენსტრუაციის საკომისიოს გვაჭრიან. მეორე რიგში გამახსენდა, სტენდაფერის ხუმრობა, რომ კაცებს ქალებთან შედარებით მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეთ, რადგან უსამართლობაა თანაბარი შემოსავალი იმ პირობებში, სადაც ყოველთვის კაცები იხდიან ანგარიშს. მახსოვს, რაღაც პერიოდი ხშირად წერდნენ სტატიებს, თუ რამდენი უჯდებათ კაცებს ურთიერთობები. დაიწერა სადმე იმ ირიბ ხარჯზე, რასაც საშუალო სტატისტიკური ქალები იხდიან ურთიერთობებისთვის? თუნდაც სვუპზე ნაყიდი ეპილაციის ვაუჩერი, ვარცხნილობა, შილაკი უბნის სალონიდან და წიწაკის სპრეი ტანის გასაპრიალებელ-გასამკვრივებლად კოლმეურნეობის მიწისქვეშიდან – 200ლარამდე ადის. არა და კაცმა “4სეზონში” შეიძლება მაგის მესამედი დატოვოს.
ამიტომ გვაქვს ქართველებს მეგობრული დეითები. ქართული დეითები უბრალოდ შემოერთებაა ახალი ადამიანის იმ სივრცეში სადაც ისედაც ვართ. “გამო, მეგობრები მონოპოლიას ვთამაშობთ”, ან “გამო ამბავში და იქიდან ჩემი და მშობიარობს ჩაჩავაში”, ვთფ? მაგრამ შინაურულია, ნაცადია. არა ისეთი, როგორიც ჰოლივუდურ ფილმებშია, სადღაც ბილტმორის რესტორანში რომ უნდა შევხვდეთ 4 დღის მერე და ამ 4 დღის განმავლობაში რომ ვნერვიულობთ და განვიცდით და მეგობრებს შემოვიხვევთ ცალ-ცალკე და ისინი რომ თავიანთ ტანსაცმელს გვაზომებენ კომედიური მუსიკის ფონზე ან საშოპინგოდ დავდივართ, პეპლები მუცელში ფრიალებენ და რომ ვმეცადინეობთ უნარებში, ისტორიაში, კომიქსებში, ნერდოლოგიასა თუ ნიუსფიდიზმში, რავი, ცხოვრებაში, რომ სასაუბრო თემა იმ 40 წუთში არ დაგველიოს ანუ დეითამდე მისასვლელი გზა რომ უნდა ავიაროთ, მანდ მთელი რიტუალია. თან მობილურებში რომ სფიჩებს ვალაგებთ: “რა პროფესიის ხარ? აა, ფინანსისტი? ფინანსისტებზე ის ხუმრობა იცი? სიყვარულის ახსნა სხვადასხვა ენაზე. რა იქნება შემდეგი? ალიმენტები სხვადასხვა ვალუტაში? ჰიჰიჰი”. ან “ვა, პროგრამისტი ხარ? ბარში რომ შემოხვედი და 2 ლუდი შეუკვეთე, ბარმენს რამდენი თითი აჩვენე? ჰიჰი”. და ასე წინასწარ რეპეტიცია ყველა შესაძლო პროფესიაზე, რადგან მხოლოდ ჭკვიანები კი არა, მხიარულებიც უნდა გამოვჩნდეთ. კი, ვიცით, რომ ამ დეითისთვის მთელი თავისუფალი დრო, ენერგია და ფული დავხარჯეთ, მაგრამ არაუშავს, არა იმიტომ, რომ ერთმანეთი მოგვეწონება, არა, შეიძლება რომელიმე ჩვენგანი მოძალადეც აღმოჩნდეს ან დამაბულინგოს რომ ღარიბი ვარ, უბრალოდ ტრადიციაა ასეთი, უნდა დაგვეხარჯა.