დანა-ჩანგლის როლი მარტოობისთვის

წიგნები უფლისწულისა და გლეხი გოგოს მელოდრამული ურთიერთობის შესახებ შეიძლება რომანტიკულია, მაგრამ კლასთა შორის განმასხვავებელ ფაქტორებს მალავს. მაგალითად, იმას, რომ გლეხი ჭამისას დანა-ჩანგალს არ იყენებს, საჭმელზე აცემინებს და შეუძლია საწოლშივე დაანერწყვოს. როცა უფლისწული სუფრასთან ჯდება და თეფშთან სამი სახეობის ჩანგალი ხვდება, მთლად პაზოლინი თუ არ ხარ არ აღწერ, რომ გლეხი გოგო წაკუზულია და წყალს შუა გუბიდან თქვლეფს. თან წარა-მარა საზარდულს იქავებს, რადგან საცვალი არ აქვს და კოკებოვანი დაავადებები სჭირს. როცა უფლისული მიჯნურს ეუბნება რა ლამაზი ღიმილი გაქვსო, გულწრფელობის ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ლამაზი ძაღლის, ვირის და პრუჟინის კბილები გაქვსო. რადგან სტომატოლოგიაში ადამიანური პროტეზი მხოლოდ მაღალი ფენის პრეროგატივა გახლდათ. სამაგიეროდ, ავტორი ხაზს უსვამს, რომ გოგონა კეთილია და პრანჭია სეფე ქალებს არ ჰგავს.

კლასთა შორის განმასხვავებელი ნიშანი, პირველ რიგში ეტიკეტი იყო, მითუმეტეს, სქესთა შორის დისბალანსის გამო, ქალების საზოგადოებისგან მოწყვეტის და განათლების ნაკლებობის გამო კონკიები ელემენტარულ ჰიგიენურ სტანდარტებში დაგვიანებით ჩასხდნენ. ეტიკეტმა მიღწეული სტანდარტი მაშინ დააფიქსირა, როცა სოციალური ცენტრიდან პერიფერიაში გადავიდა. არ იფიქროთ, რომ რომანტიკოსი არ ვარ, მწერალი რომ ვიყო ასეთ მელოდრამას დავწერდი: უფლისწულმა გლეხ გოგოს აკოცა, გლეხ გოგოს უფლისწულის კბილები მოეწონა და მას მერე კაკალი კბილებით აღარ ჩაუმტვრევია. იდიალური happy end.

რარიტეტულ წიგნებში რომ ვიტრიალოთ, როცა ბატალურ წიგნებს ვკითხულობ, სადაც სამამულო ან რომელიმე ომის თავგანწირვებია აღწერილი, სულ მინდა ვკითხულობდე ბიჭებზე, რომლებმაც აბჯარი აისხეს, ავანტგარდში დაეწყვნენ, მაგრამ ომში გრიპის ვირუსით მოკვდნენ ან უბრალოდ იმ დღეს კბილი სტკიოდათ და სუფთა დარიშხანი ჩაიდეს. სტატისტიკურადაც, ომებში ჭირიანობით უფრო იღუპებოდნენ, ვიდრე პირდაპირი შერკინებისას. ესეც იმ ელემენტარული ჰიგიენური ნორმების უცოდინრობით, რაც საზოგადოებამ გვიან გაითავისა. მხატვრულ ლიტერატურას რაღაც კაზუალ თემები აკლია, რის გამოც მთელი ეს მორალური ბატალურობები სადევ-გმირო რომანებად ან სულაც ჰაგიოგრაფიებად მევლინება.

თანამედროვეობაში ომი პირდაპირი შერკინებიდან ირიბ იმანენტურობაში გადავიდა, ბიოლოგიურ თუ კიბერნეტიკულ შერკინებებს მტერთან სხეულებრობრივი კავშირები მინიმუმამდე დაჰყავს. მტერზე ხელის გასვრა არ გვინდა, ხშირად არც მოყვარეზე და ამის დამადასტურებელია ჩანგალი. ჩანგალი პოსეიდონის ჯოხივითაა, ის მფლობელის კუთვნილება უნდა იყოს. დანა-ჩანგლით ჭამა ნიშნავს ადამიანის ინსტინქტურ შიშს, რომ თანამემსუფრე ავად არის. პლუს, შთანერგილი გვაქვს დასვრილობის შიში სისუფთავეზე კულტივირებულ საზოგადოებაში, რაც საკუთარ თავთან გვატისტანცირებს. მაგალითად, გასაგებია რატომ არ ვძიძგნით ხელებით სინაზე დადებულ გოჭს ერთდროულად, მაგრამ თეფშზე გადმოღებულ ულუფასაც ჩანგლით შევექცევით, რადგან არა თუ სხვისი, საკუთარი კიდურებიდანაც კი შეიძლება ავიკიდოთ ჭირი. ჩანგალი, ეს არის პრივატიზებით ლამის კბილის ჯაგრისისთან გათანაბრებული ატრიბუტი, რომელიც სიმბოლოა ადამიანების ნერწყვების განმაცალკევებელი და საკუთარი ნერწყვისგანაც დამაშორებელი. ჩანგლის რეკლამა სტუდიაში.

აღდგომა სვანეთში, ცხენისწყლის ხეობაში გავატარე. ასეთი ტრადიცია აქვთ: დააგდებენ სასაფლაოზე თონეში მთლიანად შემწვარ გოჭს ან ბეკეკას, ხოლო ირგვლივ იმა წლის სამზარეულო მიღწევებს შემოულაგებენ. ერთ კვირიანი კულინარიული დუელი ტარდება. მაგალითად, ჩემი მასპინძლის სუფრაზე სნიკერსის ტორტისა და სუშის როლების შუაში თონეში გამომცხვარი გოჭი გააწვინეს. ტრადიციაა, რომ გოჭი ხელებით გვეძიძგნა დანა-ჩანგლის გამოყენების გარეშე. მაგრამ სვანები ამას მხოლოდ დღესასწაულებზე სჩადიან, აქ შემონახულია წინაპრების ის წესები, რაც კულტურამ დავიწყებას მისცა. თუ ევროპული რენესანსი ჰიგიენის ნორმატიულობის განსამტკიცებლად ლიტერატურას ლიტერატურაზე ქმნიდა, ქართულ კულტურას ჰიგიენის აპოლოგეტი არ შეუქმნია. სუშის ხსენებაზე გამახსენდა, რაც შეეხება ჩინურ სამზარეულოს, აქ დანაა მონოპოლისტი. მე თუ მკითხავთ, ამ კუთხის კულინარიული პოპულარობა ცხოველთა სამყაროსადმი სინდისის ქენჯნით განისაზღვრება. თევზი იქნება, ქათამი თუ ძროხა, ისეთი მონდომებით გვინაწევრებენ ჩინელები საკვებში ბრინჯთან თუ კომბოსტოსთან ერთად, რომ შეგვიძლია სინდისი მოვატყუოთ, მაქსიმალურად დანაწევრებული ცხოველების მიღებით ცხოველურები აღარ ვართ, აი, როგორც სვანები დღესასწაულებზე.

დანა-ჩანგალი, როგორც ლეველური ეგალიტარისტი მიღებულ ცივილიზაციაში შეიძლება დამნაშავეა, რადგან ყველგან ჩვენს ნერწყვებს აღარ ვავრცელებთ, მაგრამ მარტოობაშიც აქვს ბრალი. ჩანგალში ადამიანის იზოლირება გამოიხატება სხვისი ან საკუთარი ნერწყვისადმი, როცა დანაში ილუზიის მორგება სინდისის ქენჯნის გამო. ჰიგიენის ნორმების დაცვისთვის საჭირო ყოფილა გარკვეული სახით იზოლაცია, მაგრამ იზოლაციას თითქოს მუხრუჭი აქვს სუსტი. ოჯახში თითქოს ყველას საკუთარი ჭურჭელი გვაქვს გარეცხვის მერეც კი. თანამედროვეობაში შეიძლება ჭირიანობის რიცხვმა იკლო, მაგრამ ფსიქიკურმა ავადმყოფობებმა იმატა. საუკუნეების მანძილზე ჩადებული სხვებისა და საკუთარი თავის შიში უკვალოდ არ გაქრა. ხანდახან კი ინსტინქტურ ლეველებზე ურთიერთობების დროს ჩვენი ქვეცნობიერი გვახსენებს რომ იყო დრო, როცა კოლექტივიზაციის პერიოდი იდგა, ინდივიდუალურობა გვაკლდა და ძალიან ვგავდით ერთმანეთს. აბა სხვანაირად როგორ ავხსნა, ცოლი რომ ქმარს ბასიანზე გაუშვებს და გულში ყველა რეივერ გოგოზე ეჭვიანობს, თავს სხვებთან აიგივებს და რახან ქმარი თვითონ მოსწონს ყველას უნდა მოეწონოს. უეჭველი კოლექტივიზაციის ნოსტალგიაა მიზეზი, სხვა რა უნდა იყოს.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s