აზრიანი და უაზრო ბილიკები

ალბათ ვიღაცამ, თავის დროზე, მდინარეზე გადასასვლელად რომელიმე სარწეველა ხიდი მთიდან მთაზე რომ გასდო, ის ღამე ხიდზე მწოლიარემ გაათენა. გადაიფარებდა რამე ცხვრის ტყავის ადიალას, უყურებდა ნისლიან მთებსა და ვარსკვლავიან ცას, ხოლო თუ პირქვე გადაბრუნდებოდა, თვალწინ მდინარე ჩაუქროლებდა. დილით ცოლთან და წვრილშვილებთან წავიდოდა, დაჭრიდა ცხვრის ტყავის ადიალას, ორ ხეს შორის გადებდა და ჰამაკს ასე გამოიგონებდა. პრეჰამაკში ჩაყრიდა ამ წვრილშვილებს ერთიანად, ცოლი კი იდარდებდა რომ ადიალა აღარ აქვთ.

მე მძინებია მდინარის თავზე აჭარაში თამარასთან და მაქსისთან ერთად. სიცივე ძვლებში გვატანდა და არც მდინარის ხმაური გვაძინებდა. ეს მოხდა აჭარაში. ახლაც მახსოვს დილით გადაკრული თაფლის არყის გემო და საზაკუსკო ნიგოზი, ნერვები რომ მომილბო. ერთხელ ვუღალატე თამარას და კარავში სხვასთან ერთად დავრჩი. წვიმას კარავში რომ შევასწარი და კარს შიგნიდან ვლუქავდი, ქარიშხალი მიძალიანდებოდა და ელვა გაგვიფუჭდა. არც თვითონ კარავი ვარგოდა, წვიმას არ აჩერებდა და დილით გუბეში გავიღვიძე, ტივტივებდა ჩემი თმა და ტელეფონი. არც მეწყვილე მივარგოდა, რადგან თავისი კარვით კმაყოფილი იყო. მე კიდევ ნერვები მეშლებოდა: არა, კარგი კარავი წვეთსაც არ უნდა ატანდეს მეთქი. მაგრამ ისეთი კმაყოფილი იყო რომ არ დაიხრჩო. მე არ ვიცი როგორ უნდა გავხდე უპრეტენზიო. ეს მოხდა თრიალეთზე.

გუდამაყარი არ გინახავთ, თუ ფეხსაცმლით გივლიათ. მოკლედ, გუდამაყარში ვარ, სადღაც დევების გამოქვაბულში, აქაურ რაპუნცელებს სადაც გამოამწყვდევდნენ ხოლმე. შეუსწავლელი მღვიმეა, რადგან მაგნიტური ველია და ტექნიკა სათანადოდ ვერ მუშაობს. აქაურებს კი სჯერათ, რომ ვინც მიუახლოვდება, დაიწყევლება. მაგალითად, მე დაშვებისას ცალი ბათინკი გამძვრა. შიშველი ფეხით ჩამოვედი ქვებზე, ხევზე, ეკლებსა და ჭინჭრებზე. მარტო პირველი წუთი იყო მტკივნეული. ბოლო კილომეტრზე ბიჭებმა დახეული ბათინკიდან ქოში შემიკერეს. თავი მოლაშქრე კონკია მეგონა. დანარჩენი არაფერი მომეწონა გუ&მაყრიდან. საღამოს მკერავი ბიჭი ვიღაცა გოგოსთვის გიტარაზე უკრავდა: ვერაფრით ვიპოვნე მიწა, სადაც დამავიწყდებიო.

თამარას ალპური ზონა უყვარს, ნაყარ ქვებზე ძრომიალი და კამკამა ტბები, დღისით არეკლილ ღრუბლებში რომ იცურავებს და ღამით – არეკლილ ვარსკვლავებში. ტბას, ცალ მხარეს გადასაჩეხი კალთა რომ აქვს, როგორც ამ ფოტოზე, თამარამ ტობაზე რომ გადაიღო. მე კი ჭაობები მიყვარს, ნაყოფიერი ჭაობები. ტანსაცმლიანად რომ შევალ ერთმანეთზე გადახლართულ მცენარეებში, ისეთი ტბები, საიდანაც ხეები იზრდება. რუკაზე ვცდილობდი ასეთი ადგილები შემენახა და მერე თავად დამეზვერა. მარიამჯვარის ტბაა მეთქი ასეთი. თან ჩემი სისუსტეა, ინტერნეტში ფოტოსურათებით დაკმაყოფილება. მაგრამ მარიამჯვრის მხოლოდ ორიოდე ფოტო ვიპოვნე და დავინტრიგდი დაუკმაყოფილებლობისგან. დღედაღამე მარიამჯვარზე ვფიქრობდი. მოვიკიდე გუდა-ნაბადი და წავედი. თამარა გამომყვა. არასდროს მყვარებია ეს გოგო ასე ძალიან როგორც მაშინ. ეკლიან ტყეში ვიარეთ, მდინარის ხრეშზე ვიარეთ, ნაყიდი წყალი დაგვიმთავრდა და წყალს მიწიდან ვწუწნიდით. ტიპური კახური გვალვა იდგა. თამარას მაშინ პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სიარულმა საკმაოდ გაახალისა. კოღოებმა დაგვკბინეს, ჭაობი ვაპოზიორეთ და წამოვედით. უკანა გზაზე თამარამ ისევ მოიწყინა, ტელეფონიდან სახე არ ამოუღია. ნეტა, რამე ადგილი თუ არის მიწაზე, რომელიც პრობლემებს დაგვავიწყებსო.

ავდექი და ხევში სალაშქროდ მარტო წავედი, მთის ყველაზე მკვეთრ ბილიკს გავუყევი. გაწყდა. მიმიყვანა ჭინჭრებამდე და ეკლებამდე. სახემდე მწვდებოდნენ და ვერ ვიგერიებდი. დამესერა კანი და დამესუსხა. დაუსუსხიხართ ჭინჭარს ჭრილობაში? არშემდგარი კაქტუსი ხარ მეთქი, ეკლებს ვაჯავრებდი. ჭინჭრები და ეკლები რომ გადავიარე, რომელ ბილიკს გავყვე მეთქი და ისევ ყველაზე მკვეთრი ბილიკი ავირჩიე. გაწყდა. გადასაჩეხთან მიმიყვანა. ჩავბობღდი. დასუსხვისგან და შიშისგან ფეხების კანკალით. არწივებმა გადამიფრინეს და თავბრუ დამეხვა. როცა ჩავბობღდი რამდენიმე ბილიკი გამოჩნდა. მათ შორის შედარებით სუსტი ავირჩიე და სოფლამდე მიმიყვანა. ალბათ ძველად მებილიკეს პროფესია არსებობდა. დადიოდნენ წინ და უკან და მცდარ, უაზრო ბილიკებს ტკეპნიდნენ მეზობელ მტერს რომ გზა აბნეოდა. ბილიკები შუაში გაწყვეტილიყვნენ და მტერი დაეღალათ. ნამდვილ ბილიკს კი მხოლოდ ოჯახის წევრებს ეუბნებოდნენ. ან უბრალოდ ბოლთას სცემდნენ ყოველგვარი მიზეზგარეშე. ამიტომ ამდენი უაზრო ბილიკი გვაქვს.                                                                        

IMG-20180728-WA0002.jpg

2 responses to “აზრიანი და უაზრო ბილიკები

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s