ანუკის ლუთერანულ ტაძარში ლიტურგიის სინქრონული თარგმნა შესთავაზეს გერმანულიდან ქართულ ენაზე. ბევრი ვიმსჯელეთ თუ რამდენადაა საკმარისი მართლმადიდებლური ტაძრისთვის ეკლესიიდან განკვეთა თუ სხვა აღმსარებლობის ეპისკოპოსთან ერთად ფაქტობრივად ლიტურგიას აღავლენ. ვიმსჯელეთ მსგავსებებსა და განსხვავებებზეც. ჩემი აზრით, ქართულსა და გერმანულ ტაძარ შორის პირველი განსხვავება, რაც ზედაპირზევე გხვდება, კვირა დილის წირვის აღსრულების დროა, – ქართველები წირვაზე იმაზე ერთი საათით ადრე უნდა გამოვცხადდეთ, ვიდრე სამსახური გვეწყება სხვა კვირის დღეებში, ანუ ათზე არა და ცხრაზე. მაგრამ გერმანელები წირვას სამსახურის სასტარტო საათიდან ერთი საათის მერე ანუ 11-ზე იწყებენ. მენიშნა.
გვენიშნა ისიც, რომ გერმანული ღმერთი ტიპური კაცია, – იგავის თანახმად, 99 ბატკნის მიტოვება შეუძლია თუ ერთი დაკარგული ბატკნის საძიებლად წავა. ან რა მაგალითს აძლევს ამ 99 ბატკანს, რომლებსაც მწყემსის ყურადღება უნდათ და დამჯერად ძოვენ ბალახს, იწველებიან, ქოჩორს აკრიჭინებენ? დავფიქრდი და ეს ისტორია უკვე კინოა. არავის აინტერესებს მწყემსის პერსონაჟი, რომელიც 99 ბატკანთან დარჩება, რადგან თუ ერთ ბატკანს გაეკიდები, სათავგადასავლო სიუჟეტის პერსპექტივაა. ან რას ფიქრობდა ერთი ბატკანი რომელიც გაიქცა? სავარაუდოდ არაფერს, მწვანე ტრამალს გაყვა და ხრამში გადავარდა. მაგრამ იქნებ მწყემსის ყურადღების მოპყრობა უნდოდა? გამორჩეულად უყვარდეს მაინც იმ ღმერთს ეს ცალი ბატკანი, მაგრამ ღმერთისთვის ხომ ყველა ბატკანი ერთნაირია, სიყვარულის კუთხით თანასწორი. რა დაემართათ იმ 99 ბატკანს, რომლებიც მწყემსის გარეშე დარჩნენ? იქნება გაიფანტნენ, მგლებმა დაგლიჯეს, თავიდან ჯერ გარიყულა ბატკნები დაძიძგნეს და ღამეში მთელი ფარა გაწყვიტეს? ხომ ვამბობდი უკვე კინოა.
ამიტომ ლიტურგიის მერე წავედით ფაბრიკაში უგემური პროსეკოს დასალევად, ვინილების გასამიქსად და ცოლიან გერმანელ ბიჭუნებზე საოცნებოდ. იქნება ღმერთი გამოგვკიდებოდა, ჩემგან მარტო ლიტურგია გინდათო. იქნება ჩვენი ცოდვებიც ღმერთთან ფლირტია, პლატონური, ადამიანურ-ღვთიური? მიმოვიხედეთ და წირვაზე მყოფი მთელი 99 გერმანელი არ დაგვადგა ფაბრიკაში? ამ ქალაქში ხომ ვერსად გაიქცევი. და მაშინ მივხვდით რომ ურბანული პაბები ღმერთის მოფიქრებაა, გაქცეული ბატკნები რომ ერთად შეგვყაროს.
იქნება ჩვენი ცოდვებიც ღმერთთან ფლირტია, პლატონური, ადამიანურ-ღვთიური?___ვახ . ასეა, ვფიქრობ.
ღმერთსაც კი ვერ ვეფლირტავები, რა უბედურებაა.
გამარჯობა, წმინდანო. მერე მიტოვებულად არ გრძნობ თავს?:)
წმინდანების მეტი რა მყავს გარშემო ^^