ვილა დელ ბალბიანელოს ნაპირას ძაღლის რემნებით დაბმულ ნავში წამოვწექი და პირღია იხვის ჭუკებს ნუტელიან კრუასანებს ვაჭმევდი. დამამშვიდეთ, რომ არ მომიწამლავს. ვუყურებდი დაისის დროს როგორ ალდებოდა თოვლიანი ალპები, სადღაც უბუნტუს ფერებში, და ნერდი შეყვარებულები ერთმანეთთან საქორწინო ფიცს დებდნენ. ზუსტად იმ ადგილას, სადაც მწვანე ქამასოკოსებრი ხის ჩრდილში ანაკინ სქაივოლქერმა პირველად აკოცა თავის პოტენციურ მეუღლეს და ჯორჯ ლუკასი ზაფხულობით ისვენებს.
მწყემსებმა ცხვრები მწვანე მინდვრებიდან ჩამორეკეს, მოსახლეობამ ქათმები და მამალი საქათმეში შერეკა, პადრემ ბოლო საქორწინო რიტუალი დაასრულა, ბარმენმა კაპუჩინოს მარაგი ხვალინდელი დღისთვის შეინახა. ეს ნიშნავს, რომ გვიანია და მე ავტობუსზე მაგვიანდება. აბა თუ მაგარი ხარ, ლომბარდიში ნასადილევს კაპუჩინო მოითხოვე, ეგრევე შენზე ჭორაობას დაიწყებენ თან რომ გესმოდეს, ორალურადაც და ჟესტიკულაციით, ამას ახლა კუჭი აეშლებაო, დროშის ფერი სპაგეტი ტყუილად გაგვამზადებინაო, 5 წუთი მომზადებაზე და 20 წუთი გაფორმებაზე დამახარჯვინაო, მზარეულის რეკურსებზე ტყუილად მატარაო. და მოგართმევენ ცხელ ჩაის, თან პომიდვრისაც არა, ჩვეულებრივს, ერთჯერად შავს ან მწვანეს, როგორც დამცირების მეტაფორას. იტალიაში მხოლოდ ავადმყოფებს ასმევენ ჩაის. ჰო და ბარმენმა რძე შეინახა და მე გვერდითა სოფელში უნდა მოვასწრო არბენა ბოლო ავტობუსისთვის.
ბოლო ავტობუსამდე ასასვლელად მომლოცველი ხეების ტყე უნდა გამეარა. ასე ვეძახი წვრილტოტებწაჭრილ ხეებს იტალიაში პარიზული სკოლის ფუძემდებლებმა რომ გამოთალეს, ბუტაფორიის ენაზე რომ ვთქვათ, მაკრატელხელება ედუარდმა ჩახუტების ნაცვლად აკრიჭა. ბიჭებო, აუცილებლად გადააღებინეთ ფოტო იტალიელს და გპირდებით, რომ ფოტოზე დავითებად გამოჩნდებით, სპორტული პოზიციით, მუცელზე კუბიკებით და ისეთივე უსასრულო ნაკვთებით, რამდენი სერიაცაა ჩენტო ვეტრინას შესახებ.
პოზირებაში ისე გავერთე, რომ ბოლო ავტობუსმა გამასწრო და ქალაქში ავტოსტოპით დაბრუნებაზე დავფიქრდი. გიმგზავრიათ მარტოს უცხო ქვეყანაში ავტოსტოპით? მუსლიმურ ქვეყანაში ვიმგზავრე და მილანისკენ რისი უნდა მეშინოდეს მეთქი და ცერა თითი ავიშვირე. ძალიან გამიჭირდა მანქანის გაჩერება, ლომბარდია ხომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაიონია. ველოსიპედის გაჩერება ცოტა მომერიდა, მოტოციკლის – შემეშინდა, და საბოლოოდ, წითელმა ლამბორჯინმა გამიჩერა. ფეხბურთელი ვარო, ინგლისური არ იცოდა, გუგლის თრაინსლეითით მესაუბრა ანუ დამწყები ფეხბურთელი იქნებოდა. ისეთი კლაუსტროფილიური, წვრილი ორმხრივი სამანქანო გზა გავიარეთ, როგორიც თუშეთის გზაა, ოღონდ ასფალტით. ისეთი ხშირი წიწვოვანი გზა გავიარეთ, როგორც ბორჯომ-ბაკურიანის ელმავლის რეისზეა, ოღონდ ალპების ძირში.
ვილაში, სიმეტრიულ ბალახზე წოლისას, უკიდეგანო სიჩუმე იდგა და ვფიქრობდი, რომ უცხო ქვეყანაში ტურისტულმა ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა: მაგალითად, ა) აბაზანაში მინის კაბინა რომ თავზე დამემხო, მხრებიდან ფეხებამდე გამასისხლიანა და პლუს შიშველი ფეხებით მომიწია მეტრანახევარი ნამსხვრევებზე ისე გავლა, რომ სელფი არ გადამიღია. ვინანე, სამახსოვროდ უნდა გადამეღო; ბ) პირველად ვიყავი გიკ კლუბში და ბოარდ გეიმის შექმნაში მივიღე მონაწილეობა. ვორჰამერს თუ ვინმე ითამაშებს, მე გამიხსენოს; გ) პირველად ვიჯექი მოტოციკლზე და ვიდრიფტავე. იმდენად კარგად, რომ შედეგად ახალი სენტავიკები დავიმატე; დ) ვნახე თევზი, რომელიც მანდარინი მეგონა და მანდარინთევზა დავარქვი. თუმცა ექნება სხვა ორიგინალი სახელი; და ბოლოს ე) სილამაზე მართლაც სიმეტრიაა.
ისე ხატოვნად და მიმზიდველად დახატე ყველაფერი, თვალწინ წარმომიდგა ბუნებაც და ყავის სუნიც კი მეცა, დიდი სურვილი გამიჩნდა თავად ვნახო ყველაფერი 🙂
მეც ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები. დამიჯერე, სიტყვები ვერ გადმოსცემს.
ბოლოში ძან ჰორორები იყო, არადა, ისე ტკბილად დაიწყო, რომ ის ტყუილად ნაყიდი იტალიის ბილეთი კინაღამ დამენანა
და რატომ არ წახვედი? დაგენანოს ძაან კაი იყო
ცუდად გავხდი,
ნიკ ქეივის კონცერტზე მივდიოდი. მოკლედ , აირია რაღაცეები.
თან ბილეთის სხვისთვის ჩუქებაც კი ვერ მოვასწარი