გაექეცი პიკადეროს ქვეყნიდან

IMG_20180403_185704_815.jpg

იმ ტიპაჟის გოგო ვარ, ხალხმრავლობაში კლაუსტრობოფიული შეტევა რომ ეწყება, კვირაობით წირვაზე რომ გული მისდის და რიგში საშუალო ასაკის მამაკაცებიც ასწრებენ, ორსულებსა და მოხუცებზე რომ არაფერი ვთქვათ. სამაგიეროდ, ნაკურთხი წყალი თქვენზე ხშირად უპკურებიათ ჩემს საანიჰალაციურ ჰაბიტუსზე.

მაგრამ კლაუსტროფობიული პრელუდია აეროპორტში ცოტა არ იყოს დისპუტური ყოფილა, მითუმეტეს, რა-ღა ამჟამად მოვინდომე უცხო ქვეყანაში როლური თამაში და ირანელი ქალის დისფლეითი წარვდექი. სამოგზაურო ახირებები მაქვს, ხან საშუალო ასაკის მარტოხელა დედა ვარ, ვისაც შვილები მობეზრდა და გულის გადასაყოლებლად სახეტიალოდ გამოვიდა, ხან მოგზაური მწერალი ალპინური ქვეყნიდან. თავად ქალაქი გიკარნახებს რა სთორილაინი უნდა მოხარშო.

ასე რომ წარმოიდგინეთ, ევროპის აეროპორტში ჩხრეკის რიგში მუსლიმურ კოსტუმში ჩამალული ქალი ფითრდება, ხელები უკანკალებს, ოფლიანდება და წრიალებს. შენიშვნა: მგონია, წრიალისას მეტ ჰაერს ვუჭამ ხალხს. ხალხს კი თავიდან იმისთვის ვეზიზღები, რომ შეიძლება ისინი მოვკლა, მოგვიანებით კი იმისთვის ვეზიზღები, რომ შემოწმებაზე გაცილებით მეტ დროს მითმობენ და რიგი იწელება. საკუთარი თავი კი იმისთვის მეზიზღება, რომ თავშალი თავზე გავიკეთე და არა ყელზე კაშნივით და არ დავაგვიანო რეისზე.

რეისი სამი საათით გადაიდო. მიზეზი არ ყოფილა უამინდობა, ოფიციალური ცნობით უადამიანობა იყო. ქართველებს უკანა გზის ბილეთები უყიდიათ, მაგრამ აეროპორტში აღარ გამოცხადებულან. ბაქანზე თითო-ოროლა მგზავრი ავედით, მოვყევით ისტორიები ემიგრაციაზე, გავიცანი ცოლები long distance relationship-ებში, შვილები, რომლებმაც მშობლები ბოლოჯერ ნახეს, რადგან თავად ამერიკაზე ოცნებობდნენ. საქართველო დისტანციური ურთიერთობების ქვეყანაა.

არა და წინა გზაზე უბილეთო მგზავრიც კი გვყავდა. თხრობას მეტად რომანტიკული ელფერი რომ შევძინო, გავიხსენებ ფაროსანას, როგორც უბილეთო მგზავრს. აეროპორტის ფანჯარაზე რომ იჯდა და იტალიაში მიფრინავდა. ღრუბლების ქვეშ იტალიურ ვენახებს რომ ვგულისხმობდი, ბორტზე შემოპარულმა ფაროსანამ აკლიმატიზაცია მარტივად გაიარა და ხედებით ტკბებოდა.

სათაური 2015 წლის ესპანური ფილმიდან ავიღე, გორკასა და ანეს მოწონების, თითქმის სიყვარულის შესახებ ეკონომიურ კრიზისში. გორკა საქორწინო ასაკს თითქმის გადაცილებული კაცია და სადღაც ორ ოთახიან სახლში მეხუთე სულად ცხოვრობს მშობლებთან, მშობლების მშობლებთან. ნათესავები ეკითხებიან: “ცოლი რატომ არ მოგყავს?” ბაბუამისი ეუბნება, ულვაში მოუშვი, იქნებ გოგოებმა შემოგხედონო. მაგრამ გორკას ანე უნდა, მისხელა ქალი, ვინც ასევე მშობლებთან ერთად ცხოვრობს. შესაბამისად, სექსი არა აქვთ.

პიკადერო არის საჯაროდ მოფარებული ადგილი, სადაც წყვილები სექსისთვის მანქანებით ადიან. მაგრამ გორკას და ანეს მანქანაც არ აქვთ. ვნებიან წყვილს ხან თავზე პოლიცია ადგებათ და ხან საჯარო საპირფარეშოში ქურდი პარავს ტანსაცმელს. როცა გორკა ძლივს რაღაც მანქანას ინათხოვრებს თანამშრომლისგან, როცა იმას კიდევ სხვისგან ჰქონდა ნათხოვარი, მიხვდება, რომ მთელი რომანტიკა ეკონომიურმა ფაქტორებმა გაუნადგურა და ერთმანეთზე აღარ უდგებათ.

ფილმის დასასრულს ანე ემიგრაციაში მიდის, იქიდან წერილს იწერება, რომ მოეწყო, სასტუმროში დამლაგებლად მუშაობს და ხანდახან მასთან ერთად გატარებული დრო ახსენდება. გორკას, როცა ამ წერილს კითხულობს, ულვაში აქვს. ჩემი აზრით, ეს ყველაზე სევდიანი კადრია ფილმში.

ჩამოვდივარ საქართველოში, თავსახვევს ყელსახვევად ვაქცევ და ვფიქრობ ჩემს შეთხელებულ სამშობლოზე მინუს ერთი ფაროსანით და მომრავლებული მაღალჭერიანი მანქანებით. თუ ყველა ნაციას თავისი დამახასიათებელი სუნი აქვს, ქართველებს ალბათ ტყვიის სუნი გვაქვს.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s