Lingeries და მარინა აბრამოვიჩი

– მომეწონა შენთან ერთად შოპინგი.
– შოპინგი? ჩვენ ხომ მხოლოდ საათნახევარი ვიარეთ..

არა და ორი სავაჭრო ცენტრი მოვატარე ანუკის ჩემთვის ჩულქების ასარჩევად, აი, რეიტუზისდენიანი, მუხლზემაღალი ჩულქების, კაბის ქვეშიდან მხოლოდ მოძრაობის დროს რომ გამოუჩნდებოდა ბოლო.

რაც არ უნდა მომეზომა, ისე დაუღალავად მამხნევებდა, ლინგერიის მაღაზიის გასახდელში ან კაბების სექციაში კი არა, თავი გიფებში მეგონა. აი, წერწეტა გოგოები მოდური ბიუსჰალტერებით როქეთბუქებში რომ წერენ და თან ელებუხარში რომ ცეცხლი სიმეტრიულად გიზგიზებს და ფანჯრიდან ბევრქიმიანი თოვლის ფანტელები მოჩანს.

ლინგერიებით სიარული წიგნებმა შემაყვარეს, ჯერ კიდევ სკოლის მერე ლამპის შუქზე წაკითხულმა ფრანგულმა და გერმანულმა წიგნებმა, ქალებს რომ ანჟელიკები და ნიმფომანიური კორსეტები ეცვათ.

– იცოდე, ამ ბიჭსაც თუ დაკარგავ, არ გაპატიებ! – შეხვედრაზე მიმაცილა ანუკიმ.
ხომ იცი, რომ დავკარგავ მეთქი.

ბიჭუნას უპირატესობა ლამაზი თვალებია, კარგი მახსოვრობა და ანალოგიური ჯიბეა ზეინას კოსტუმზე. საქმე არა ფულშია, საკუთარ თავს თვითონვე მივხედავ, არამედ მის პროდუქტიულ უნარზე გამოირჩეოდეს სხვებისგან.

მოკლედ, არ ვეძებდი ისეთ კავშირს, როგორც მარინა აბრამოვიჩს ექნებოდა ულაისთან, რაიმე პერფორმანსულს, ჭრილობების მიყენება რომ გააესთეტიურა და დაშორებისას არც ჩინეთის დიდ კედელზე მოვაწყობდით ლაშქრობას. ჩვენ უფრო ამ კედელზე შემხვედრი ქვები იყო, მაგრამ ქვების შემჩნევასაც შრომა სჭირდება.

შეხვედრა მეგობრების გარემოცვაში მოაწყო, ეტყობა შინაურული გეგმების დასალინკად. მე ანუკის არჩეული კაბა და წინდები მეცვა. გოგოები ხომ სინამდვილეში ისევ გოგოებს ვეპრანჭებით, თორემ ბიჭები იშვიათად ხვდებიან რეიტუზი გვაცვია თუ ჩულქი, ჩულქი დამჭერზე იქაჩება თუ კანის წებოთი იმაგრება. აი, რაში აინტერესებთ.

სახლში რომ მაცილებდა, უკვე არ მომწონდა, ზედმეტად ექსტრემალური იყო ჩემთვის. ყველა შუქნიშანზე გაზით გაიარა და სავარძლის ქვეშ სანადირო თოფსაც მოვკარი თვალი. ან ვინ იწყებს პირველ პაემანზე ქორწილზე საუბარს?

გზაში თეთრეულზე ვფიქრობდი, თითქოს ქალებმა მეამბოხე ხმები სოციალური წყობიდან გამომდინარე შესაბამისი კაბების ქვეშ თეთრეულებში გადამალეს. მე ვნახე ქალი, ვისაც ზედმეტად ფემინური დეკოლტიანი კაბის ქვეშ ტომბოის ტრუსები ეცვა. დაილოცოს საჯარო საპირფარეშოები.

მარინას პერფორმანსი გამახსენდა ფაშიზმზე, სადაც არტისტი დროის მცირე მონაკვეთში ყველა იმ წამების ფორმას გამოცდიდა საკუთარ ტყავზე, რასაც მესამე რეიხი უტარებდა ტყვეებს. უფრო სწორად, აუდიტორია, სადაც ფილმი გადიოდა. 

მაშინ 22 წლისები ვიქნებოდით, კიდევ უფრო ნაკლებად შეუსწავალილი ნორჩი სხეულებით. წამებისთვის არც ერთ ჯგუფელს არ მოგვიშორებია თვალი. სისასტიკეც კი არ გვაკვირვებდა, ყველას გვაკვირვებდა ჩვენი ნორჩი სხეულების შესაძლებლობები. თითქოს ტანსაცმლის შიგნით ვიყოფდით ხელებს და ვლოცულობდით: – არ აგვტკივდეს! არ აგვტკივდეს!

რა შეიძლება გააკეთო მარინას სიკვდილის თამაშების პირველად ყურების მერე? აი, თქვენ რა გაგიკეთებიათ? ნეტა ვინმეს თუ უსვრია მშვილდისარი საკუთარ გულში საყვარელი კაცის ხელით, იმ ცნობილი ფოტოს გამო, კონცეპტის გარეშე რომ აზიარებდნენ სადღაც 5-6-7.. წლების წინ? აი, ჩვენ რომ გამოვედით სამხატვრო ფილმის ჩვენებიდან, ეტამში წავედით ლინგერიების ასარჩევად, თითქოს სალოცავად: – კვლავ შეგვიყვარდეს საკუთარი სხეული, ამინ!

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s