Birdwatching ივრის ჭალებში

IMG_20180305_0020 copy

საბუკო არის ორგანიზაცია ბუნების კონსერვაციისთვის, რომელიც  ფრინველოლოგიით დაინტერესებული პირებისგანაა დაკომპლექტებული და სამეცნიერო სამუშაოებთან ერთად საველე გასვლებითაც გამოირჩევიან. პერიოდულად საზოგადოების ჩასაბმელად ღია ტურებს გეგმავენ და ლაშქრობას სემინარის ფორმას აძლევენ. როგორც ვიცი, სამეცნიერო გასვლები იშვიათად ეწყობა ქართველი ტურისტებისთვის, მითუმეტეს, ფრინველებზე დასაკვირვებელი ტურები მხოლოდ ერთ სააგენტოში შემხვედრია. ამიტომ შევუერთდი საბუკოს ბექობის (საიმპერატორო) არწივის საბუდარი ლოკაციების გადამოწმების ან დადგენის ღონისძიებაში. ისედაც, ყოველ კვირა სადღაც დავხეტიალობ და ბარემ წვლილის შემომტანი ყოფილიყოს ხეტიალი ჩემი ქვეყნისთვის მეთქი. მეორე ქვეცნობიერული მიზეზიც მქონდა, იქნებ კლდოვან კახეთში ზღაპრული ფასკუნჯისთვისაც მომეკრა თვალი. კაი, ამჯერად მაინც.

პირველად ბექობის არწივი რომ დავინახეთ, ჯერ კიდევ ამოდიოდა მზე და ზეცა მოწითალო ფერის იყო. გადმოვხტით მანქანიდან დურბინდებით, ტელესკოპებით და კამერებით, ვიღაცა მანქანაზე შეხტა, გამოუძინებელ “ბოტანებს” ეგრევე დრაივი მოგვიტანა წითელ ცაზე ბექობების ნავარდმა. ერთ არწივს ფეხებში ტოტი ეჭირა ანუ საბუდარი ადგილისკენ წაგვიყვანდა. შევახტით მანქანებს და ადგილობრივ მწყემსს მივადექით. ზღაპრებში მწყემსის სიმბოლო რაღაც ქარონის ტიპის მძღოლია, საიდანაც პირველადი ინფორმაცია მოედინება. ასეა ქრისტიანობაშიც, მუჰამედიანებშიც და სხვ. მწყემსმა ძაღლები გაგვიქშია და გაგვიმხილა რომ კლდეებში ინდაურისებრი არწივები იყვნენ. ეგრევე ყურები ვცქვიტე, რადგან ვიცოდი: ა) არწივები ხეებზე ბუდობენ და არა კლდეებში; ბ) ფასკუნჯები ბუდობენ კლდეებში და ინდაურებსაც ეგენი გვანან.  იმ დღეს კლდეებში ვერ ვილაშქრებდით, თან რა უნდაო მარტში ფასკუნჯებს და გზა ტყიან ადგილებში გავაგრძელეთ.

img_20180305_0007-copy.jpgბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, გზად უამრავი ფრინველი შეგვხვდა. უფრო სწორედ, მე ბეღურები მხვდებოდნენ, ბიჭებს კი ხვდებოდნენ ტოროლები, კულუმბურები, გრატაები, ვოლქრიფერები, სოიკები, დურაჯები და ათასი. გიდს ვეკითხები, როგორ ხვდება რომ კულუმბურია. მიხსნის, რომ ყვითელი სახე, თეთრი კისერი, ყავისფერი ბეჭები… გავიხედე კამერით და ჩიტი მთლიანად ხისფერია. გავიხედე დურბინდით და ჩიტი მთლიანად ხისფერია. გავიხედე ტელესკოპით და ჩიტი მთლიანად ხისფერია. სანამ კამერის დისფლეიზე არ მაჩვენეს ჭრელი კულუმბური, მეგონა რომ კარგი მხედველობა მქონდა, მეგონა რომ სექსისტი არ ვიყავი. მაგრამ ბიჭებმა ფერების აღქმაში როგორ უნდა მაჯობენ მეთქი. ეს იყო ჩემი მართლა პირველი გასვლა, სადაც გოგოთა სქესი მხოლობითში ვიყავი.

განტვირთვისთვის სხვა ფრინველებსაც ვაკვირდებოდით. მაგალითად, ხევში ხოხბების მოსაზიდი აუდიო აპპი ჩავრთეთ; ავედით კლდეზე, რომელზეც ფრესკები იყო გამოსახული სხვადასხვა შარავანდედიანი წმინდანების. ბიჭებმა კლდეზე ტელესკოპები ამოიტანეს და ვოლქრიფერი შეამჩნიეს, თურმე დიდი ხანია სურდათ ენახათ. მე ლეშიჭამიები შევამჩნიე, რაღაც ორბის მსგავსი წყვილი, რომლებზეც დავიჟინე, რომ ფასკუნჯები იყვნენ. ბიჭები მიყვებოდნენ კურიოზებს, როგორ ჩამოიტანეს ლეშები თბილისში მანქანით, რაშიც ახლა ვიჯექი. თავგადასავლებს, როგორ აძვრნენ ელექტრო ბოძებზე და ჯპს ნავიგატორები ჩაუმონტაჟეს მართვებს. ათი მართვედან 8 ელექტრო ბოძზე დაიღუპა, ორი კი ახლაც აგრძელებს ცხოვრებას არაბეთსა და ირანში. სამომავლო გეგმებზე ვკითხე. თურმე მაისში საერთაშორისო ორკვიანი ექსპედიცია ეწყობა ფასკუნჯების პრობლემების გასარკვევად და მათ გადასაჭრელად საქართველოში. საექსპედიციო ლაშქრობა მოიცავს სამცხე-ჯავახეთს, კახეთსა და ყაზბეგს. ფრინველოლოგიურ ფესტივალებზე აჭარაში, რომელიც შემოდგომობით უამრავ ტურისტს მასპინძლობს ყოველწლიურად.

IMG_20180305_0021 copy

იმის მიუხედავად, რომ ბექობის არწივები ახლოდან ვნახეთ, მაინც იმედგაცრუებულები ვიყავით, რადგან არ გვეყო. საქართველოში საკმარისი პირობების არქონის გამო მხოლოდ გადამფრენია და აქ ფეხს არ იკიდებს, ბუდეს არ იკეთებს. ამიტომ საბუკო ცდილობს არწივებს თავი მოაწონონ, ბუდე ხელოვნურად აუშენონ, ზიანის შემთხვევაში ელექტრო სადგურებს სანქციები დაუწესონ და სხვა. როცა მოსაღამოვდა და ხელოვნურ ბუდეს ჩავუარეთ, ანძაზე ბექობის წყვილი შევნიშნეთ. ისე გაგვიხარდა, დაღლილობა და უძილობა აღარ გვახსოვდა, ავვარდით გორაზე, თითქოს ახალი სული შთაგვბერეს.

ხომ არსებობს კადრები, რომლებიც არ დაფიქსირებულა, მაგრამ ნანობ და თვლი, რომ შენი საუკეთესო ფოტო იქნებოდა რომ გადაგეღო. აქამდე ხორბალში ჩაფლული გოგო მახსოვს, ხორბლისფერ თმიანი და კანიანი, ოქროსფერ ველოსიპედს რომ უჩხიკინებდა და ხორბლისფერი მზე დაჰნათოდა ჯავახეთში. აწი ვინანებ, რომ ვერ გადავიღე ივრის ჭალებში პატარა გოგო დედასთან ერთად. მზე ჩადიოდა. დედას ურიკით მიჰქონდა სარეცხი ხევისკენ, გოგონას კი სანადირო თოფი ეჭირა, ტანით მასზე დიდი, ხერხემალში რომ ხრიდა და ქარი თვალებს აჭუტვინებდა. და იცით? ყველაზე საინტერესო ფოტოები კადრს მიღმა რჩება. საბუკოს პროექტების მენეჯერი იყო მძღოლად. უკანა გზაზე საუცხოო თემებზე მესაუბრა. ალპინისტია, ცოცვა ზამთარში მიყვარსო. მიყვებოდა ჰალუცინაციებზე შვიდი ათას რაღაც მეტრზე ან მთაში ოთხ დღიან შიმშილობაზე, ამინდმა რომ ჩატოვა ოთხიათასზე. ცისარტყელა ახსენა ღრუბლებში, ნისლში წრიული იცისო და ახლოს. ფოტო რომ ჰქონოდა, რა ლამაზი კადრი იქნებოდა. შემშურდა. თქვენ მაინც თუ გეცლებათ მაისში ორი კვირით, წადით ზღაპრულ ექსპედიციაზე, ფასკუნჯებს სურათები გადაუღეთ და ინსტაგრამზე დამთაგეთ.

IMG_20180305_0008 copy

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s