დათვების და მგლების გაკვალული გომის მთა

_MG_2929ზამთარში გომის მთის დალაშქვრაზე მოლაშქრეთა კლუბებიც ისევე ირონიით საუბრობდნენ, როგორც ერთი ბათუმელი დამსვენებელი ავტოსტოპით რომ დავემგზავრე: “გომი და ბახმარო? ზამთარში? გეშლება რაღაცა, სხვა კურორტში გერევა”.
ზამთარში ბახმაროს უცხოელი ტურისტები მაინც სტუმრობენ, თუმცა გომის მთა ზამთარში სრულად უკაცრიელი იყო. ამიტომ მივესალმე ერთმა ძირძველმა კლუბმა ზამთარში გომის ტრეკინგი რომ დააანონსა და გავყევი. კრახის შემთხვევაში გეგმა ბე-დ ოზურგეთში მეგობართან დარჩენა მოისაზრებოდა.
– არაფერი ნაციონალური კერძი არა აქვთ გურულებს ღვეზელის გარდა.
– საცივია გურული კერძი, – გაიხუმრა ვიღაცამ, რადგან ოზუგეთიდან გომის მთისკენ მიმავალ შესახვევს ვახტანგის საცივი ჰქვია, აი, როგორც ღრუიანი წიფელა და სხვა სასაცილო ტოპონიმები. მერე გავიგეთ, რომ საცივი გურულად წყაროს ნიშნავს. არ ვიცი ვახტანგი ვინ იყო, მაგრამ ლოკაციაზე ცივი წყალი კი მოდიოდა.
გურიაზე ჩხავერის ღვინო მახსენდება, აი, ის ვარდისფერ ტანინიანი ელექსირი უღვთო-უღვინო მუსლიმების გაჩეხვისგან რომ გადაარჩინა სტალინმა. ასე რომ თუ ვინმე შეგეკითხებათ, სტალინს საქართველოსთვის რა გაუკეთებიაო, თამამად შეგიძლიათ ამ უიშვიათესი ყურძნის ჯიშზე მიუთითოთ. თუ ამას გადარჩენა ჰქვია, ორი სოფლის ფერდობზე-ღაა დათესილი.
ოზურგეთში ისე გავიარ-გამოვიარეთ ბახვში არ გაგვივლია ამ ხვთიური სასმლისთვის, მაგრამ თავი ოლიმპოს ღმერთები გვეგონა ფაფუკ ღრუბლებს რომ ზემოდან დავყურებდით წიპა “ჰაჰაჰა, ადამიანებო, თქვენთვის ცა ღრუბლიანია, ჩვენთვის კი მზიანი, ჰაჰა”. ან “თქვენ მიწასა და ტალახში დადიხართ, ჩვენ კი ფეხებქვეშ სამმეტრიანი თოვლი გვაქვს, ჰაჰა”.
“მოკლეზე ხომ არ მოგვეჭრა?” – დიახ, ფილმებში ასეთი ფრაზა თავგადასავლით გრძელდება. ასეც მოხდა. ფეხსაცმლის წვერებით თოვლის ჭრა შემომესწავლა, თითქოს კაი წრიაპები ყოფილიყოს ჩემი ნაღდი ვიეტნამკები. თან ისე, რომ უკან მცოცავისთვის ზვავი არ გამომეწვია. ჰო, კაი, მაინც ვერ ვისწავლე. როცა კილომეტრის რადიუსში ისეთ გამწვანებულ და ეკლიან ჯუნგლებში ვიხტუნე და ვიბობღე, ნაკაწრები ტანსაცმლით დაფარულ კანზეც მოვიპოვე.
გომზე ასვლა შემდეგ კვირაში თქვენც შეგიძლიათ, შორი გზიდან მოივლიან, აწი სამანქანო გზებით ივლიან, ჩვენ მაინც ბლინების პირველი პარტია ვიყავით. წადით და მერე თქვენ მომიყევით, როგორ მოგეწონებათ მზის ჩასვლა ღრუბლებში, თოვლში ჩაფლული, ორსართულიანი კოტეჯების სახურავებზე სიარული და ფეჩზე გახუხული გორტექსის წინდები. ვუწევ რეკომენდაციას.
ბლინებზე გამახსენდა, საფეხმავლო გამყოლმა დილაუთენია რომ ნუტელიანად დაგვიცხო, ის პირველი დასხმაც კი ისეთი გემრიელი მომეჩვენა, უძილო ღამის მერე, რომ მარტო სუფთა ჰაერზე გურმანობისთვის ღირდა წამოსვლა. ან მარტო იმისთვის, რომ დათვების გაკვალულზე მეარა, მერე მგლების ნაკვალევზე გადავსულიყავი და ბოლოს ბაჭია გაგვსხლეტოდა თვალთახედვიდან.
ღამე კი გომზე უძილოდ უნდა გაათენო. ჩემი ხის ოთახის ფანჯრიდან, დვიჟოკის დენი რომ გამოვრთეთ და საძილე ტომრებში ხუთგზის ჩავიკუჭე, თერმული ხმაურისგან შედარებით გაწმენდილი გალაქტიკები გამოჩნდა, აი, ისეთი ასტროფოტოგრაფები რომ ასახავენ ნამუშევრებში. მიწვევდა რომ გადამეღო, ჰაბლის პალიტრა დამედო, სხვებმა გადაიღეს.
მირიანი ყვებოდა, რომ ყველაზე ლამაზი რაც გომზე ენახა შეყვარებულთან ერთად, მზის ჩასვლისას გადაფანტული ღრუბლებიდან გამოჩენილი ზღვა და ამ ზღვაში მოლივლივე ნავი იყო. ჩემთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მკვეთრად რა მახსოვდა ამ უქმეებიდან, გიპასუხებდით, რომ მყუდროება, თეთრი თოვლისა და ღრუბლების მიღმა ყოფნის შეგრძნება, ალიასკურ ფილმებში ნანახი თოვლის კიბეები, ლაფატკით თოვლის მაგიდის აშენების ნატვრა და თბილი ჩახუტებები იყო. თუმცა პოლიტიკაზე მაინც ვიკამათეთ და აიფონი მოერევა თუ ანდროიდი.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s