TRUE FRIENDSHIP: Walking into a persons house and your wifi connects automatically.
ერთხელ წამოსცდა, ნეტა, ოდესმე ვინმეს ისე თუ შევუყვარდები, რომ ჩემთან ერთად სიარული მოუნდესო. მე კიდევ პირველად ვნახე გეოგრაფიული კრეტინიზმით დაავადებული პირი ამდენს მოგზაურობდეს ეულად. მოიკიდებს ხოლმე ჩემოდანს და თვეობით ქრება ქვეყნიდან და ჰენგაუთიდან.
აი, ისეთი მეგობარია, ვისი ჩანთიდანაც შემიძლია ფოტო მოვიპარო, რომ მერე ჩუმად დავუბრუნო. “წერილის” კონცერტზეც კი მხიარული ვიჯდე თუ გვერდით მყავს. შეუძლია უეცრად სამსახურში მომაკითხოს და ოთხნაირი კერძი მომიტანოს სადილად და მერე ხორციანები თვითონ შემიჭამოს. დავემუქრო, რომ მის საიდუმლოებებს გავცემ თუ სურვილებს არ შემისრულებს და აკურატულად მიმანიშნოს, რომ თვითონაც იცის ჩემზე კანფეტები, და საერთოდაც, ჩემი ბლოგის მისამართს მიაგნო. როგორ მახსოვს შემთხვევით მის მონიტორზე რომ მოვკარი მერც ანნას საიტს თვალი. ამიტომ სხვა გზა არ დაგვრჩა, უნდა ვიმეგობროთ საიდუმლო ამბების ხათრით. მაგრამ მეგობრობის მე კიდევ ერთი მიზეზი მაქვს.
შარშან აღდგომა მის ოჯახში გავატარე შემთხვევით. შემთხვევით რა, ზრდილობის ხათრით დაპატიჟებულზე დავთანხმდი. პასკები და ნამცხვრები ერთმანეთს ენაცვლებოდა, კარტი ვითამაშეთ, დილით ცხელი კაკაოთი გამიმასპინძლდა, კვერცხები დავამტვრიეთ. თავი ნამდვილ აღდგომაში მეგონა, აი, ამერიკულ ფილმებში როა, სადღესასწაულოდ ოჯახი რომ ერთად იკრიბება და ვიღაც ურჯულო რომ შეუერთდება გარედან. მისთვის არასდროს მითქვამს რომ გამათბო იმ ორმა დღემ.
მომწონს რომ გარემოს შეცვლა საკუთარი ტრანსფორმაციით დაიწყო. ამით მენიშნა, რომ თავს საზოგადოებრივი კოლექტივის ნაწილად გრძნობს და გამოყოფის ამბიცია არ აქვს. მომწონს მის მაღალ ხუმრობებს სეკულარიზმსა და კაპიტალიზმზე შავი სექსისტური ხუმრობები რომ ენაცვლება. წიპა, How many economists does it take to change a light bulb? None. The darkness will cause the light bulb to change by itself. და ის იცი? Behind every angry woman is a man who has absolutely no idea what he did wrong. რაღაც ასეთები.
და როგორ უიმედოდ ცდილობს აბსტრაქტული რჩევის გაცემაში რომ გამომწვრთნას. მაგრამ ყველაზე მეტად მისი სახე მომწონს საერთო ნაცნობებთან რომ ეკლებით მტოვებს, შემთხვევით მასზე რამე არ წამომცდეს. ბლოგს რომ შიშით სტუმრობდა მასზე კომენტარში რამე ზედმეტი არ წამომცდენოდა. არ უთხრათ, რომ მორიელს მიყვარს ეს მერწყული და მის ამბებს (თფუ-თფუ, კაკ-კუკ) დაშორების მერეც გავუფრთხილდები, იყოს, მემეგობროს.