როცა შეყვარებული ხარ, სანაცვლოდ ყოველთვის უნდა გძულდეს რამე არამისნაირი, რადგან შეგრძნება შედარებებში უკეთ ვლინდება. მე მზესა და პაპანაქება სიცხეზე ვარ შეყვარებული, შესაბამისად, საზამთრო ამინდები, მითუმეტეს, ნესტიანი თბილისის კვალობაზე, ჩემთვის მარგინალურია, ანტიქრისტე და ზღვარს გადასული ამორალურობა. ოღონდ თეორიულ ჭრილში, რადგან პრაქტიკულად არასდროს მიგუნდავია თოვლში, ბავშვობაშიც კი, როდესაც თბილისში ჟანგბადი ნაკლებად ნესტიანი და ტყვიით ნაკლებად კომბინირებული გახლდათ, თანაც გზებს მარილით არავინ წმენდდა. შეიძლება შვიდთაობიანი თბილისელი დედის ბრალია, ვისაც კურორტებზე არასდროს დავყავდი, რადგან პროვინციებში სიარული თავად არ უყვარდა და, მითუმეტეს, ზამთარში სახლიდან მაღაზიაში თუ გავიდოდა. ან პოლკოვნიკ-გამომძიებელი მამის, რომელიც არასდროს იღიმოდა მეკობრესავით შრამიანი თვალით, ბავშვობაში ბულდოგს რომ შეებრძოლა და მოუგო. ამბობდა: “იგუნდავებ, გაცივდები და მოგკლავ!” ნელ-ნელა მეც შემზიზღდა თოვლი და ყინვა, რადგან გრიპთან ასოცირდებოდა. არ დაიწყოთ ახლა მორალი, გრიპი ვირუსებისგან ჩნდება, სიცივისგან კი არაო. გრიპის ვირუსები სიცივეში ცოცხლობს, სიცხეში იხარშება. ხალხი მეუბნებოდა, რომ ჩემი შურდათ, პირველი თოვლისადმი აღფრთოვანება წინ რომ მქონდა, თითქოს თოვლი რამე ბესტსელერი წიგნი ყოფილიყოს. ამიტომ წელს მოვიფიქრე, რომ თუ თოვლის მტრობა მინდა, უნდა ვიცოდე მაინც რა არ მიყვარს ასე გამალებით.
“დიდუბეში იყავი ერთ საათში ჩვენს ადგილზე”, – შეტყობინება დავუტოვე მეგობარს, ვისაც თოვლი და ზამთარი ძალიან უყვარს. სიურპრიზი გავუკეთე და გუდაურში წავიყვანე. სიხარულისგან თოვლზე გაწვა, კოცნა, მეხუტებოდა, ყვიროდა, რაც ჩემთვის სრულად გაუგებარი იყო. მითუმეტეს, ბოლოსკენ, ავტოსტოპით მოვიფიქრეთ გვიან წამოსვლა და მლეთამდე არავინ გვიჩერებდა, შეიძლება იმიტომ, რომ ზედა უღელტეხილი გადაკეტილი იყო და მანქანები არ მოძრაობდნენ, ან იმიტომ რომ რაც მოძრაობდა იმას, ყინულიან გზაზე დამუხრუჭება უჭირდა ან უბრალოდ დათოვლილები ვიყავით. ბნელდებოდა და აქა-იქ მგლების ლაპარაკი მელანდებოდა უკვე, “აუუუმ”, – კაი ვედური ბერებივით რომ ყმუოდნენ. და მე უნდა მეპასუხა: “ჰარე კრიშნა, ჩარი რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე”. სათვალე არ მეკეთა და თვალები მეწვოდა. ღამდებოდა და ვბრმავდებოდი, რა უნდა ყოფილიყო ამაზე კარგი. მლეთის პოლიციასთან გაგვიჩერა დელიკამ და ჩაგვსვა. ვიფიქრეთ, რომ გადავრჩით, მაგრამ ანანურის გადასახვევთან ზედ მანქანას მიაცურდა, მიასრიალა, შეასკდა. აი, ხომ ხვდებით რატომ არ მიყვარს თოვლი.
“წამო ბაკურიანში 3 დღით, ვისრიალოთ”, – ახლა მეორე მეგობარს მივწერე და გავეშურეთ გირჩის მურაბებისა და მარხილების მხარეში. გარეგნობით ბაკურიანი უფრო მომეწონა ვიდრე გუდაური, თუმცა გზებზე თოვლი არ იდო, მხოლოდ სასრიალო ქედები იყო მოყინული, თითქოს ხელოვნურად გააციესო. შევდექი 25-იანების ტრასაზე თხილამურებით და პირველივე ჯერზე ჩამოვსრიალდი წაუქცევლად უბრალოდ იმიტომ, რომ მეხმარებოდნენ. არა და დამოუკიდებლად მხოლოდ დგომაც კი გამიჭირდა. ჩემი გამოცდილებით, შეცდომაა სრიალის სწავლა 25-იანების ტრასით დიდველთან შედარებით, რადგან 25-იანები იმდენად მოკლე და ხალხმრავალი ტრასაა, ტარაკნებივით ფეხებში გეჩხირებიან, და ამიტომ გრძელი, მაგრამ დაუბრკოლებელი დიდველი სჯობს. ბაკურიანიდან ბორჯომში გადავედით ელ.მავლით. იმდენად არ მომწონდა ბუნება, რომ ფირი ვერ დავხარჯე. 1,5 პორტრა მეყო სამი დღე. აი, თითქოს მრაველფეროვანი ნახატი აიღეს და ლოკაციებში პასტის თეთრი საშლელით გადახაზეს. ხო მაინტერესებს რა იმალება თეთრი საშლელის ქვეშ? რატომ უნდა მოსწონდეს ვინმეს ორგანული იდუმალება. აი, მე-19 საუკუნიდან რომ მოდაშია თხრობის გაუგებრად დასრულება, ვისაც რა უნდა – იგულისხმოს.
მესამე უქმეებზე ჯავახეთში წავედი და თოვლი მომეწონა. არ შემყვარებია, მაგრამ მომეწონა. ბარდნიდა, ნამქერი სახეში მეყრებოდა, თეთრი ნისლი და ბინდი თეთრ მიწას აწვებოდა. უზარმაზარი მინდვრები თეთრი საშლელით იყო გადახაზული. მაგრამ მე უბრალოდ ჯავახეთი მიყვარს და შესაბამისად, ყველაფერი მომწონს რაც მას ემართება. იქამდე მაინც, სანამ ნაყარ ქვებზე დადებულ თოვლზე ფეხი არ ჩავდგი და ჩავვარდი. გამოვფხიზლდი რომანტიკისგან და ვფიქრობ, განა მშობლების აღზრდის გამო, ან ჩემი პაპანაქება მზის რელიგიის გამო არ მიყვარს თოვლი, უბრალოდ არაპრაქტიკულია. ჩამოვწერე 8 მიზეზი რატომ არ მიყვარს თოვლი.
- ჰაერს წმენდსო, იტყვით. კი, განსაკუთრებით ბოლოსკენ, როცა ატალახდება და ჟანგბადი ძალიან ბინძურდება. მე კიდევ ყოველ ჯერზე რომ ვცივდები, ვფიქრობ, “და აი, დადგა ჟამი აღსასრულისა”.
- ვიზუალურად ლამაზი ეს უკიდეგანო თეთრი ჯავახეთის ტრიალი მინდვრები მხოლოდ რამდენიმე წუთია. შემდეგ ფერების ლომკა მეწყება.
- თოვლი ადამიანს ინფანტილურობისკენ ლინკავს, გართობის ხასიათზე მოყავს, ძილბურანს რევს, აზარმაცებს. მე კიდევ არ მომწონს ამჩატებული ჩემი თავი. თან სულ ენდორფინები მაკლია და ზამთარში მითუმეტეს. ჰო მოვიკალი თავი დეპრესიით.
- თოვლისა და წვიმის დროს საცობები იქმნება და სამსახურში მაგვიანდება. ამიტომ ისედაც ზარმაც ხასიათზე გაღვიძებულს სამსახურისთვის სწრაფად გამზადება მიწევს.
- ყოველდღიური, და მითუმეტეს, სალაშქრო ტანსაცმელი უფრო ძვირი ღირს და დამატებითი ხარჯის გაწევა ჩემი ბიუჯეტიდან ასევე ინფანტილური ქმედებაა. ეს როცა ზამთრის კვების რაციონიც კი ძვირადღირებულია.
- თოვლის დროს პანიკურად მშია, რადგან გამხდარ ორგანიზმს ცხიმი სჭირდება გასათბობად. შესაბამისად, დიეტას ვერ დავიცავ ჯანმრთელობის ხარჯზე და მერე საკუთარი წონა არ მომწონს.
- ზოგადად, დაუგეგმავია თოვლიანი დღეები, არასტაბილურია, მე კიდევ სიურპრიზების ატანა არ მაქვს.
- იდეა მაქვს რომ სილამაზის კონკურსებში დაამატონ კატეგორია “კონკურსანტი ყინვაში”. და თუ სილამაზემ ტემპერატურას გაუძლო, ის ნამდვილი სილამაზეა, ხომ ვიცით.