მარტოობას უპირატესობა არ აქვს

67746204

წელს პაპაჩემს ორგანოებში წყალი ჩაუდგა, ინფაქტი გადაიტანა და საავადმყოფოში წევს. ჭის წყალი მომიტანეთო, აიკვიატა, არა და მხოლოდ მშრალი საკვები უნდა მიიღოს. მისი თანაპალატელები მალევე გავიცანი. ერთი კაცი ამტკიცებს, რომ მთავრობას მისი მოწამლა უნდა. ასე ხსნის მედდისგან მიწოდებულ წამლებს. ექიმის ასისტენტობა წავითამაშე და მოვიტყუე, რომ მისმა შვილმა დარეკა, კლინიკის მთლა უფროსები შეაწუხა, რომ ამ კაცს მხოლოდ კარგი წამლები მიეღო. მე არ ვიცი თუ მართლა ჰყავს შვილი, მაგრამ მოლბა, წამალი ჩემი ხელიდანვე მოსვა და ჩაეძინა. პაპაჩემი დასცინოდა ამ კაცს. გინახავთ ოდესმე მოხუცების ბულინგი? საბჭოთა ფილმებში პიონერები რომ ერთმანეთს დასცინოდნენ ოღონდ მშობლებზე დაცინვა შვილებისათი შეიცვალა. იმის მიუხედავად, რომ ამ კაცს პაპაჩემის ჩათვლით ყველა დასცინოდა, წამლების მიღების ყველას ეშინოდა. პალატაში ეჭვები სუფევდა და მარტოობა.

ჩემი აზრით, ადამიანს სამოთხე და ჯოჯოხეთი სამოცი წლის მერე უდგება. პაპაჩემის ღალატები დაჯამდა და ეჭვებმა უწია. ცოდვები ტბის წყალივით დაუგროვდა, ტყუილები ქვეყნის წინაშე თუ ქალების. “პაპჩიკ, ცოდვიან ტბაზე მომიყევი რა, ინტერნეტში მასალები არ დევს.” “მერამდენედ უნდა მოგიყვე, ცირკული ტბაა, სუბალპურ ზონაში”, – მიხსნის და მერე მამაჩემს ჩემზე უჩურჩულებს რომ ალცჰეიმერი მაქვს, ერთიდაიმავე ტბაზე მაყოლინებსო. ბოლო წელია ცოდვიანი ტბის დალაშქვრა ავიკვიატე, მაგრამ ჯერ არავინ მომყვება. პ.ს. მიხდებოდა იმ დღეს ექიმის ასისტენტობა, მაგრამ კლინიკაში ახალგაზრდა არავინ იყო რომ შეეფასა.

საღამოს პაბში შევედი ღვინის დასალევად. ბარმენად ახალგაზრდა, ლიტველი გოგონა დამხვდა ფერადი კიკინებით. საქართველოში სასწავლო გრანტით ჩამოსულა, თან ხელნაკეთობებს ყიდის ონლაინ. ისე აღტაცებით საუბრობდა საკუთარ თავზე, და ქვეყნებზე, სადაც უწევს დარჩენა, მისით მოხიბლულ საზოგადოებასთან, რომ მე ძალიან მომინდა მქონოდა რამე სატრიპაჩო საქმიანობა. მაგალითად, გამომეძერწა თიხისგან რამე ეგზოტიკური ფრინველების ფრთები და თმის სამკაულებად გამეყიდა. ან რამე არაპოპულარულ ქვეყანაში, მაგალითად, ნამიბიაში წავსულიყავი სტუდენტად და საღამოობით ბარმენად სამუშაოდ. თორემ პირველ პაემანზე, როცა ყმაწვილი ღვინოზე დამპატიჟებს და მკითხავს, როგორ გავატარე დღე, უბრალოდ უხერხულია რომ ვუთხრა: ჯერ კრემაციურ სხეულს ვუღებდი ფოტოებს პოლიციის განყოფილებაში და მერე პროსტატიანი კაცი მიამბობდა თავის ჩივილებს ველოსიპედის მიმართ.

“ანდროიდის დამტენი ხომ არ გაქვს?” – ფიქრებიდან გამომაფხიზლა გიკური ღიპის მქონე ბიჭმა რატომღაც. “არა, არ მაქვს”. “არაუშავს, მაინც მარტოობა მხიბლავს, ხანდახან მობილური სამი დღე არ მაქვს ჩართული. და რომ ვრთავ ვფეთქდები ხოლმე შემომავალი ზარებით”, – არ ვიცი რატომ ეგონა რომ წაიტრიპაჩა, მაგრამ მინდოდა მეყვირა, რომ მარტოობა ისაა, როცა სამ დღიანი გათიშულობის მერე რთავ ტელეფონს და ელიტ ელექტრონიქსს სპამებს თუ ახსენდები. როცა იმდენად მარტოსული ხარ, რომ გინდება პიროვნულად გაიხლიჩო, გაიყო, გაორდე. მაგრამ გავიღიმე. შეიძლება სმიტის საუნდტრეკების მოსმენის ფონზე მარტოობას რომანტიკული ელფერი აქვს. შეიძლება ცოდვიან ტბაზე რომ მარტო წავიდე, ვიღაცისთვის გაბედული ვიყო.

პაბიდან კლინიკამდე გზაში ერთი მათხოვარი ქალი გავიცანი. სკვერში მარტო იჯდა და ტუჩებს ოდნავ აცმაცუნებდა. ეტყობა ხალხისთვის ამბის მოყოლას გეგმავდა. რამდენჯერ დამიჭერია თავი მსგავს უხერხულობაში, როცა ტუჩები თავისით იცმუცნება და ამ დროს ნაცნობი შემხვედრია. მარტოობას რა უპირატესობა აქვს მეთქი და,  შეგიძლია არ დაიბანოო. მეო ფიზიკოსის ქვრივი ვარო, მეტრომშენელი კაცისო, ციურიხში ჰქონდა სამუშაოო. კოლაიდერის ამბები მომიყვა. მე კიდევ მოვუყევი ჩემი ხელნაკეთი თმისამაგრების შესახებ, რომლებსაც მანჯურიული წეროს ფორმა აქვთ. კლინიკაში რომ მივედი, პაპაჩემს მივუწექი, მაჯაზე წვეთოვანი ჰქონდა შეერთებული და ლამის გამოვუძრე. “პაპჩიკ, ცოდვიან ტბაზე ასულხარ?” “დაეტიე სახლში”.

3 responses to “მარტოობას უპირატესობა არ აქვს

  1. შენს ხელნაკეთ თმისამაგრს დიდი სიამოვნებით შევიძენდი… ეს ისტორია რომ გამახსენოს. მარტოობაზე რასაც ფიქრობ სრულიად გეთანხმები 💛

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s